პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ნაბიჯები შემაჯამებელი დავალებისკენ

ამ სტატიაში მინდა გაგიზიაროთ იმ გაკვეთილის  მრავალფეროვანი, სახალისო აქტივობები, რომელიც  დამეხმარა  მოსწავლეები შემემზადებინა შემაჯამებელი  დავალებისათვის.

სახელმძღვანელოში მოცემულმა თავმა  ,, ძალა  ერთობაშია’’  შემოგვთავაზა  ნინო ბეზარაშვილის მოთხრობა   ,, ერთი გემი’’, რომლის მკვიდრი წარმოდგენების მიხედვით  მოსწავლემ უნდა გააცნობიეროს, რომ ტექსტის დახმარებით ავტორი გვიზიარებს თავის სათქმელს, რომელიც ჩვენს ცხოვრებას უკავშირდება და ტექსტში მოცემული მინიშნებების საფუძველზე შესაძლებელია მისი სიღრმისეულად გააზრება და ახალი კუთხით წარმოჩენა.

სამიზნე ცნების, ქვეცნების და მკვიდრი წარმოდგენების გაცნობის შემდეგ დავგეგმე  გაკვეთილი, რომელიც მიზნად ისახავდა ტექსტის მოსმენას, გაგება-გააზრებას და პირადი დამოკიდებულების გამოხატვას პერსონაჟების, მათი საქციელის და მოთხრობაში განვითარებული მოვლენების მიმართ.

გაკვეთილის თემა მოსწავლეებს საშუალებას მისცემდა, საკუთარი  ცოდნა და გამოცდილება  დაეკავშირებინათ  ერთმანეთთან და საკითხი მრავალ ჭრილში  გაეაზრებინათ. მოსწავლეები შეფასდებოდნენ გაკვეთილზე აქტიურობის, ჯგუფში მუშაობის ( თანამშრომლობის )  და მსჯელობის უნარის მიხედვით.

საშინაო დავალების შემოწმების და მოსწავლეთათვის უკუკავშირის დაბრუნების  შემდეგ,  მოსწავლეებს  გავაცანი გაკვეთილის მიზანი და შეფასების რუბრიკა, თემა კი უცნობი დავტოვე, რადგან გამოწვევის ფაზაზე მჭირდებოდა გარკვეული დროით თემა დაფარული ყოფილიყო.

საილუსტრაციოდ აქვე წარმოგიდგენთ შეფასების რუბრიკას:

 

 

დაბალი

 

 

საშუალო

 

 

 

 

მაღალი

 

გაკვეთილზე აქტიურობა

 

მოსწავლე უმეტესად პასიურია და არ ერთვება აქტივობებში

 

მოსწავლე   აქტიურია, ხანდახან ერთვება აქტივობებში და იჩენს ინიციატივას

მოსწავლე  ყოველთვის აქტიურია.  ნაყოფიერად  ერთვება ყველა აქტივობაში და ყოველთვის იჩენს ინიციატივას
 

ჯგუფებში  მუშაობა

 

(თანამშრომლობა)

 

 

მოსწავლე პასიურია,  არ იჩენს ინიციატივას  ჯგუფში დავალების  შესრულებისას, არ ეხმარება ჯგუფის წევრებს მოსწავლე ზოგჯერ ეხმარება ჯგუფის წევრებს და ცდილობს  წვლილი შეიტანოს დავალების შესრულებაში მოსწავლე ყოველთვის  თანამშრომლობს ჯგუფის  სხვა წევრებთან და   წვლილი შეაქვს დავალების შესრულებაში
 

მსჯელობის უნარი

 

მოსწავლე არგუმენტირებულად ვერ ასაბუთებს  მოსაზრებას

.

 

მოსწავლე ხანდახან ასაბუთებს მოსაზრებას და მოჰყავს არგუმენტები

 

მოსწავლე ყოველთვის ასაბუთებს მოსაზრებას  და მოჰყავს შესაბამისი არგუმენტები

 

 

მოსწავლეებში  გაკვეთილის თემის მიმართ ინტერესის გაზრდისათვის გამოვიყენე  “იდუმალი ყუთი’’, რომელიც წარმოადგენდა ლამაზად შეფუთულ ყუთს. ყუთში მოვათავსე ხის სათამაშო გემი და მოსწავლეებს ვკითხე, რა შეიძლება ყოფილიყო  მოთავსებული შიგნით. ვერსიები  მრავალფეროვანი იყო, თუმცა მათ შორის სწორი პასუხი რადგან  არ გაჟღერდა,  გადავწყვიტე სენსორული უნარების განვითარებისათვის  ერთი მოსწავლე თვალდახუჭული შეხებოდა სათამაშოს და აღეწერა ბავშვებისათვის, მისი აზრით, რა  ნივთი “იმალებოდა” ყუთში.

ამ ქმედებამ უფრო გაზარდა ბავშვების ინტერესი და  ჩართულობა. მოსწავლეთა ვარაუდების გაჟღერების შემდეგ, ვაჩვენე მოსწავლეებს გემი და მის ნაწილებზეც ვესაუბრე. ამ აქტივობამ საშუალება  მისცა  ბავშვებს,თვითონ გამოეცნოთ შემდეგი დავალება – ,, დღის სიტყვა ‘’.  დაფაზე  დავწერე  სიტყვა ,, გემი’’ და მოსწავლეებმა გაიხსენეს, რა იცოდნენ ამ სიტყვის შესახებ, დაახასიათეს სიტყვა ასოების, ხმოვნების, თანხმოვნების, მარცვლების მიხედვით და შეადგინეს განსხვავებული შინაარსის წინადადებები.

ინტერესის გამოწვევისა და  დღის სიტყვის დახასიათების შემდეგ, გადავედით დავალებაზე – ,, ყველაზე მნიშვნელოვანი’’. აღნიშნული აქტივობა მოსწავლეებმა შეასრულეს ჯგუფებში   (მოსწავლეთა ჯგუფებად განაწილება  მოვახდინე გამოსაძახებელი ჩხირების დახმარებით). ეპიზოდებად დაყოფილი ტექსტის წაკითხვის შემდეგ, მოსწავლეთა ერთმა ჯგუფმა ნაწყვეტი შეაჯამა ერთი წინადადებით, მეორე  ჯგუფმა კი ამოარჩია 4 მნიშვნელოვანი სიტყვა და დაასაბუთა, რატომ იყო ეს სიტყვები მნიშვნელოვანი ტექსტში.

აქტივობის დასრულების შემდეგ მივიღეთ 3 შემაჯამებელი წინადადება და 12 მნიშვნელოვანი სიტყვა, რომელიც დაეხმარა მოსწავლეებს ტექსტის გაგება-გააზრებაში. დავალების დასრულების შემდეგ ჯგუფის წევრებმა რიგ-რიგობით წარადგინეს დავალებები,  გაუზიარეს და დაასაბუთეს  თავიანთი მოსაზრებები კლასელებს.

იმის შესამოწმებლად, როგორ მისმენდნენ მოსწავლეები კითხვის დროს და მიაქციეს თუ არა  ყურადღება ტექსტში გამოყენებულ უცხო სიტყვებს, გამოთქმებს, პერსონაჟთა მრავალფეროვნებას და ა. შ.,  მივმართე სახალისო აქტივობას – ,, კითხვების ბურთები’’. ამ აქტივობისათვის დამჭირდა ფერადი ფურცლები და სხვადასხვა დონის სააზროვნო კითხვების მომზადება ტექსტიდან :

  • რა ნივთები გამოიყენეს ბავშვებმა გემის ასაგებად?
  • რატომ უბრაზდებოდა მეეზოვე ბავშვებს, რა იყო პრობლემა?
  • რა მოილაპარაკეს ბავშვებმა?
  • ვინ შეკერა ალამი გემისთვის?
  • რა გამოიყენეს ბავშვებმა საკვამლე მილად?
  • ვის დაავალა მეეზოვემ აუზის სისუფთავეზე ზრუნვა?
  • რა მოილაპარაკეს ბავშვებმა ? და  ა.შ

( ამ აქტივობისათვის დაგვჭირდება იმდენი კითხვის მომზადება, რამდენი მოსწავლეცაა კლასში ) .

ფერად ფურცლებზე დაწერილ კითხვებს მივეცი  ბურთების ფორმა და ავყარე ჰაერში.  მოსწავლეები წამოხტნენ ადგილებიდან და დაუწყეს ძებნა კლასში მიმოფანტულ ,, ბურთებს’’. ირჩევდნენ არა ახლოს მდებარე , არამედ მათთვის საყვარელი ფერის ბურთს.

 

მოსწავლეებმა ხალისით უპასუხეს კითხვებს და საჭიროების შემთხვევაში, ეხმარებოდნენ კიდეც ერთმანეთს.  ტექსტის გაგება-გააზრების შემდეგ გადავედით  ,, რეაქციის ბარათების ‘’  დახმარებით პირადი დამოკიდებულების გამოხატვაზე პერსონაჟების, მათი საქციელის და მოთხრობაში განვითარებული მოვლენების მიმართ.  ამ აქტივობისათვის მომზადებული მქონდა მყარი მუყაოსგან შექმნილი ბარათები სიტყვებით  ,, მე ვფიქრობ’’ ,  ,, მე არ მინდოდა”,  ,, მე მომეწონა ‘’,  ,, მე არ მომეწონა ‘’,  ,, მე აღმოვაჩინე  რომ..’’,   ,, მე გამიხარდა’’, მე დავფიქრდი’’ ,   ,, მე შევცვლიდი’’,  ,, მე რომ…ვყოფილიყავი’’,   ,,მაინტერესებს, რატომ’’ და ა. შ.  შემთხვევითობის პრინციპით შეხვედრილი ბარათებით მოსწავლეებმა გამოთქვეს და დაასაბუთეს  თავიანთი  მოსაზრებები.   ( აღნიშნულ ბარათებს ვიყენებთ დღის შესაჯამებლადაც და ძალიან მნიშვნელოვან ინფორმაციას ვიღებ მათგან , რაც მეხმარება შემდეგი აქტივობების  დაგეგმვაში ).

 

ძირითადი აქტივობების დასრულების შემდეგ დადგა დრო შეგვეჯამებინა გაკვეთილი და გაგვერკვია, მივაღწიეთ თუ არა მიზანს, რომელიც დასაწყისში  დავისახეთ. მოსწავლეების დახმარებით  გავიხსენეთ გაკვეთილის მიზანი და ყველა აქტივობა, რომელიც შევასრულეთ მისი მიმდინარეობის დროს.  ერთობლივი მსჯელობით მივედით იმ აზრამდე, რომ გაკვეთილმა წარმატებით ჩაიარა და მიზანი მიღწეულია. თვითშეფასების დროც დადგა.

მოსწავლეებს ვაჩვენე დაფაზე გაკრული პლაკატი, რომელიც თემასთან შესაბამის  კომპოზიციას წარმოადგენდა, კერძოდ, აუზში, რომლის შუაგულში შადრევანი ჩქეფდა, ,,დაცურავდნენ’’  1 აფრიანი, 2 აფრიანი და 3 აფრიანი გემები.  პლაკატის დაბლა სტიკერებზე ეწერა  თითოეული  მოსწავლის  სახელი.

თუ მოსწავლე ჩათვლიდა, რომ შეფასების რუბრიკაში ჩამოთვლილ კრიტერიუმებს ძალიან კარგად გაართვა თავი,  ირჩევდა 3 აფრიან გემს და იქ მიაკრავდა თავის სახელს, თუ საშუალო შედეგი ჰქონდა 2აფრიანს და თუ დაბალი შედეგი-1 აფრიანს. ყველა მოსწავლემ მოახდინა თვითშეფასება, რასაც მოჰყვა შემდგომ მასწავლებლის განმავითარებელი კომენტარები მათი შესრულებული დავალებების  შესახებ. შეფასების შემდეგ დადგა იმ აქტივობის დრო, რომელიც ჩემს მოსწავლეებს ძალიან უყვართ.  ერთ-ერთი ტრენინგის დასრულების შემდეგ, რომელზეც დიფერენცირებასთან დაკავშირებულ საკითხებს გავეცანი, გამიჩნდა იდეა მომემზადებინა პოსტერი ქართულ ენაში, რაც მოსწავლეებს საშუალებას მისცემდა, თვითონ  აერჩიათ სასურველი დავალება ინტერესის და შესაძლებლობების მიხედვით.

პოსტერი აერთიანებს  შემდეგ დავალებებს  –  ,, დიორამა’’,   ,, აფიშა’’ , ,,მისწერე წერილი პერსონაჟს’’,   ,, პერსონაჟთა გალერეა’’,  ,, პოსტერი’’,   “კომიქსი’’,  ‘’ აღწერე პერსონაჟი’’,  ,, გააგრძელე მოთხრობა ან ზღაპარი ‘’ და ა.შ.  მოსწავლეებმა ამოირჩიეს მათთვის სასურველი დავალება,  რომელიც შემდეგ გაკვეთილზე უნდა წარმოედგინათ კლასში. აღნიშნული აქტივობა გათვლილია სხვადასხვა მოდალობის,  ინტელექტის და მზაობის მქონე მოსწავლეებისთვის და მათ თავისუფლად შეუძლიათ შექმნან მათთვის სასურველი პროდუქტი და იყონ აქტიურები.

ეს თანმიმდევრული ნაბიჯები  ძალიან დაეხმარა ჩემს მოსწავლეებს  შემაჯამებელი დავალების წარმატებით განხორციელებაში.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი