პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

     ხ ა ლ დ ე

  „ხალდედ შუანს თვეთნე, ფაყუ ესგე“

ხალდე ზემო სვანეთის სოფელია, მთებს შორის, კლდოვან ფერდობებზე პირიმზესავით მანათობელი. არასდროს მინახავს, მაგრამ მისი ისტორიის მოსმენის შემდეგ, მგონია, რომ ყველა კენჭი და ლოდოვანი ზეპირად ვიცი, ყველა კოშკშიც ვარ ნამყოფი და ყოველი მხრიდან გადაშლილი სამზერისთვის თვალიც გამიყოლებია, ცის ულურჯესი ნაპირებისკენ.

სწორედ ეს ისტორია ანიჭებს ხალდეს ყოველ კუნჭულს, ყველა დეტალს წარუშლელ მნიშვნელობას და მის თანაგანმცდელად გაქცევს შენც, ვინც მოისმენ მას, ვინც ამ ამბავს საკუთარ გულს შეახებ.

თავისუფალი სვანეთის სახელით ცნობილ ამ მხარეში ვაჟკაცობის, ღირსების, თავისუფლებისთვის ბრძოლის მაგალითები არავის უკვირს. თუმცა, ხალდეს ისტორია ამ მხრივაც გამორჩეულია. ეს ზოგადქართული ეპოსის ნაწილია, ჩვენი მარადიული მეხსიერებაა.

ყველაფერი კი, მე-19 საუკუნის 70-იან წლებში დაიწყო, როცა დანარჩენ ქართულ სამთავროთა გაუქმების შემდეგ რუსეთის იმპერიამ თავისუფალი სვანეთის დაჩოქებაც გადაწყვიტა. სვანეთი უკანასკნელ ბასტიონად იდგა იმპერიასთან ბრძოლაში სისხლდაწრეტილ, სახელმწიფოებრიობამოშლილ საქართველოში.

1859 წელს რუსეთმა სვანეთის სამთავრო გააუქმა, თუმცა თავისუფალი სვანეთის მართვა-გამგებლობა ადვილი სულაც არ აღმოჩნდა. სვანეთი თავისი ადათით ცხოვრობდა, თვითმმართველობის ავთენტური სისტემა ჰქონდა – მახვშებით და უხუცესებით, წინაპართაგან ნამემკვიდრევი ტრადიციების ერთგული იყო და ამ ყველაფერს სისხლის ფასად იცავდა. გარეგნულად პირქუში, მშობლიური მთებივით გოროზი და მკაცრი ადამიანური ბუნების მიღმა, თითოეულ სვანში საოცარი ბავშვური გულუბრყვილობა, უზადო პატიოსნება და სიფაქიზე იმალებოდა, რასაც მზაკვრულმა რუსულმა იმპერიალიზმმა მაშინვე აუღო ალღო და ძალით რომ ვერაფერს გახდა, სვანების გატეხვა-მოთაფლვით და მოსყიდვით გადაწყვიტა.

თუმცა, არც ეს გზა აღმოჩნდა წარმატებული და სამთავროს გაუქმებიდან მთელი ოცი წელი რუსეთი იძულებული იყო, აეტანა ის, რომ სვანეთი მაინც საკუთარი მამაპაპისეული ადათ-წესებით განაგრძობდა ცხოვრებას.

რუსეთი უხვ დაპირებებს გასცემდა – განათლებას, საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, ინფრასტრუქტურის განვითარებას. დროთა განმავლობაში კი, აღმოჩნდა, რომ ეს დაპირებები არათუ არ შესრულდა, არამედ, ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების პირობები დღითიდღე უარესდებოდა. კულმინაციამდე ერთ-ერთი ნაბიჯი რუსეთის მხრიდან ადმინისტრაციის შესანახი ხარჯების დასაფარად დაწესებული გადასახადები აღმოჩნდა. 1871 წელს მეფის მთავრობამ თითო კომლზე გადასახადი შემოიღო; 1873 წელს გადასახადი არაყსა და თამბაქოზე დაწესდა; 1875 წელს კი მიწების აზომვას შეუდგნენ, რაც ასევე მიწის გადასახადის შემოღების წინაპირობად აღიქმებოდა. ამ ყველაფერს დაემატა გავრცელებული ხმები ახალგაზრდების რუსის ჯარში გაწვევისა და კოშკების დანგრევის შესახებ.

ეს კი უკანასკნელი წვეთი აღმოჩნდა სვანების მოთმინების ფიალაში. 1875 წლის ივნისში აგორებულმა საპროტესტო ტალღამ წმინდა კვირიკეს ეკლესიაში შემოიკრიბა 2000-ზე მეტი სვანი,  რომლებმაც ფიცი დადეს, რომ არ დაუშვებდნენ მიწის დაბეგვრას. ამ რიტუალის შესრულებისას, ამბოხებულ სვანებს სიტყვით მიმართეს მთელ სვანეთში ცნობილმა ორატორებმა – ყასბულათ შერვაშიძემ და გინადრუყვ ფარჯიანმა. მათ გონიერი, დინჯი და შორსმჭვრეტი ნაბიჯებისკენ მოუწოდეს ყველას.

ეს ამბავი რუსებმა აჯანყების საფრთხედ მიიჩნიეს და ზომებიც დაუყოვნებლივ მიიღეს. თავდაპირველად, მათსა და ამბოხებულებს შორის მოლაპარაკებაც შედგა. ამ საქმეში იმპერიის მხრიდან მაზრის უფროსი გრინევსკი აქტიურობდა. მან სვანებთან შუამავლად ახალგაზრდა კაცი – ბესარიონ ნიჟარაძე დანიშნა, რომელიც, ასევე თარჯიმნობას ითავსებდა. აქვე ვთქვათ, რომ ბესარიონ ნიჟარაძეს განსაკუთრებული როლი აქვს ხალდეს აჯანყების ისტორიაში. ეს ისტორია მან თავის მოგონებებში დაწვრილებითაც აღწერა.

აჯანყების პირველი ეპიზოდი იმით დასრულდა, რომ საბოლოოდ, მოტყუებით და ვერაგობით, გრინევსკიმ მოსალაპარაკებლად მისული 12 სვანი (აჯანყების მოთავეები) დაატყვევა და ჯარით ლატფარის უღელტეხილისკენ დაიძრა.  რუსებმა მოტყუებით, მშვიდობის ცრუ დაპირებით შეაღწიეს ბეჩომდე და ჯარიც ჩააყენეს. აქ მათ თენგიზ დადეშქელიანი დახვდათ – ხალდეს ეპიზოდის და საერთოდ, თავისუფალი სვანეთის ანტიგმირი, კაცი, რომელიც საკუთარი ლოკალური ძალაუფლებისთვის არც დამპყრობლებთან კოლაბორაციას მოერიდა და არც საკუთარი ხალხის გაწირვას.

რუსული აგრესიის მორიგი და გადამწყვეტი ეპიზოდის საბაბი კი ორი ხალდელი მეამბოხის – ჩარგაზ ჯოხაძის და გურმაჩ გასვიანის საკითხი გახდა. ისე მოხდა, რომ დატყვევებულ სვანებს შორის ეს ორი არ აღმოჩნდა, რაც გადაულახავი ბრაზის საგანი იყო გრინევსკისათვის. სწორედ მათი დაპატიმრების საბაბით მიადგა რუსული არმია ხალდეს. სინამდვილეში კი ორ ამბოხებულზე მეტად მათ სვანეთის საბოლოოდ გატეხვა და უშგულამდე ჯარის ჩაყენება სურდათ.

იდგა 1876 წლის აგვისტო. მარიამობის წინა დღეები. ხალდეს თერთმეტ (ზოგიერთ წყაროში სხვა ციფრს ასახელებენ) კოშკში იყო გამაგრებული მთელი სოფელი, რომელიც ბოლომდე ერთგული დარჩა წმინდა კვირიკეს ტაძარში დადებული ფიცისა. ბესარიონ ნიჟარაძე აქაც შუამავლის და თარჯიმნის როლს ასრულებდა. მოლაპარაკებები ფორმალური იყო, რადგან ხალდე საკუთარი თანასოფლელების რუსებისთვის გადაცემაზე სასტიკ უარს აცხადებდა, რუსული მმართველობა კი მათი დაპატიმრების საბაბით ზემო სვანეთში პოზიციების განმტკიცებას ეშურებოდა.

ამაღელვებელი და მტკივნეულია ბესარიონ ნიჟარაძის ჩანაწერები, ამ მოლაპარაკებების ამბავს როცა იხსენებს. მან, გონიერმა და განათლებულმა ახალგაზრდამ, კარგად იცოდა რუსული ვერაგობა, იცოდა, განწირული რომ იყო ხალდე და საკუთარი უმწეობა უკლავდა გულს. სამწუხაროდ, მას არც თავისი თანამემამულეების გადარწმუნება შეეძლო და ვერც რუსულ აგრესიას შეაჩერებდა. ერთადერთი, რაც შეეძლო – ამ ბრძოლის დამახსოვრება და აღწერა იყო, ისტორიისთვის შემონახვა ამ ერთი სისხლიანი, მაგრამ თავდადებით და ღირსებით სავსე ფურცლისა…

ერთადერთი თანამოაზრე ჰყავდა ბესარიონ ნიჟარაძეს, რუსული მხრიდან – ეს იყო ექიმი ბელსკი, რომელიც თან ახლდა იმპერატორის მიერ სვანეთში მოვლინებულ სამხედრო ექსპედიციას. ისტორიამ ექიმი ბელსკის დღიურებიც შემოინახა – სავსე სვანეთის ბუნების, სვანური ხასიათის, ადათების მიმართ აღფრთოვანებით და პატივისცემით. ამ დღიურებმა შემოინახა საინტერესო პიროვნული პორტრეტები, სვანებისაც და დამპყრობლებისაც, საგულისხმო ეთნოგრაფიული დეტალები, პირუთვნელი სიმართლით აღწერილი ეპიზოდები. ერთ-ერთი ასეთია ექიმის დიალოგი გრინევსკისთან, სადაც ეს უკანასკნელი დაუფარავი ზიზღით საუბრობს სვანებზე და სვანეთზე, გამოხატავს ამ მხარის (ლანდშაფტურ-ეთნოგრაფიული კონტექსტის) მიმართ სრულ მიუღებლობას, და რაც ყველაზე მთავარია – ახმოვანებს იმპერიის მთავარ იდეას – გააქრონ ამ ოღროჩოღრო მწვერვალებზე შეფენილი პატარა ხალხები, სულ ბრძოლაზე რომ უჭირავთ თვალი, თავისუფლების პრეტენზიები რომ აქვთ და მყუდროებას რომ ურღვევენ ძალაუფლების ოკეანეში მყვინთავ დიდ იმპერიებს… როგორც ამ ჩანაწერებში ვკითხულობთ, თვითონ სვანები ამბობდნენ თურმე გრინევსკიზე, ჩვენი წერა გახდება, ისე ვძულვართო.

ასეც მოხდა. გრინევსკი აჯანყებულმა ხალდელებმა მოკლეს. სამწუხაროდ, ამ ბრძოლას შეეწირა ექიმი ბელსკიც.

19-კომლიან, ერთი მერცხლის ბუდისხელა სოფლის წინააღმდეგ 1500-კაციანი რაზმი გამოიყვანა რუსულმა იმპერიამ. ერთი კვირა ზარბაზნებით ბომბავდნენ ალყაში მოქცეულ სოფელს. კოშკებს ვერაფერი დააკლო ზარბაზნის ნაღმებმა. გააოგნა რუსები ამ სანახაობამ – განა რით ჰქონდათ ეს კოშკები ნაგები სვანებს?!..

ოთხი გვარი ცხოვრობდა ამ სოფელში – ჩეგიანები, გასვიანები, ჯოხაძეები და ჩოფლიანები. ოთხივე გვარის ქალ-კაცი ერთიანად შეუპოვრად იბრძოდა. კოშკების სათოფურებიდან გადმომდგარმა ხალდელმა სნაიპერებმა რამდენიმე მეზარბაზნეც მოუკლეს რუსებს, ამიტომ რუსულ ჯარშიც დიდი არეულობა ატყდა.

თუმცა, ბოლოს, უკვე ძალიან ახლოს რომ მოვიდა დამპყრობელთა რაზმი და მთელი სოფლის დედაბუდიანად ამოწყვეტის რეალური საფრთხე დადგა, უხუცესებმა გასცეს ბრძანება – ქალები და ბავშვები ღამით გაეხიზნათ, კაცები კი უშგულის კლდეებს შეხიზნოდნენ და იქიდან გაეგრძელებინათ ბრძოლა. ღამის ლანდებად შეერივნენ კლდეებს ხალდელი აჯანყებულები, ბოღმით ზრინავდნენ ვერცხლისფერ ეხებში და დროდადრო ერთმანეთს აგულიანებდნენ – „გავალ, გავხედავ, თუ ჩანს სოფელი“… ამ ფრაზით დაიბადა სიმღერა, რომელსაც დღესაც მღერიან და რომელიც თავისუფალი სვანეთის ჰიმნია სვანებისათვის – „გაულ გავხე“ („გაველ, გავხედე“).

უხუცესებმა კი ფეხი არ მოიცვალეს სოფლიდან. როცა რუსის ჯარი ხალდეში შემოვიდა, პირველი რაც გააკეთეს – კოშკებს ქვემოდან ნაღმები დაუდეს და ისე ააფეთქეს. აი ამ კოშკებთან ერთად ჩაწვნენ მშობლიურ მიწაში უხუცესები, მათთან ერთად გადაიქცნენ, როგორც ძირში მოჭრილი ბერმუხები, როგორც მწვერვალს მოწყვეტილი ლოდები…

გახიზნული ქალ-ბავშვი მძევლად აიყვანეს რუსებმა და ასე ჩამოიტყუეს კლდეებს შეხიზნული აჯანყებულები.

ქუთაისის ციხეში გაამწესეს ხალდელი ვაჟკაცები. თვითმხილველნი ჰყვებოდნენ, თურმე ითხოვეს სვანებმა – იარაღი არ აგვყაროთ, ხელები შეგვიბორკეთ, მაგრამ წელზე იარაღი გვერტყასო. ეს თხოვნა შეუსრულეს, ალბათ ეგონათ, რომ დაბორკილი იარაღიანი ტყვეების დანახვა უფრო ეფექტიანი იქნებოდა, ტრაგიკომიკურად შთამბეჭდავი, თუმცა რა იცოდნენ დამპყრობლებმა, რამხელა სევდა გაამხილეს ამით ხალდელებმა, ღირსების და ვაჟკაცობის თანმდევი, მეომრის სევდა – ყველა ბორკილის დამამსხვრეველი.

იმასაც ჰყვებიან თვითმხილველები, როგორ აღმოხდათ ქუთაისში შესულ ტყვეებს საერთო სიმღერა, როგორი მძაფრი გვრინით მიაბიჯებდნენ საპატიმროსკენ; ჰყვებოდნენ, როგორ დაზაფრა მთელი ქალაქი ამ უცნაურმა სანახაობამ – ამ წვერგაბურძგნული, მზეჩამკვდარი, მითოსური იერის მქონე, იარაღიანი და ბორკილებიანი კაცების სიმღერამ, ამ განწირულმა ძახილმა, ამ ეპიკურმა ადამიანურმა ხმებმა, რომლებმაც, აგერ, აქამდე მოაღწია და ვიდრე სიტყვა „თავისუფლება“ თავის შინაარსს შეინარჩუნებს, იქამდე გაისმება დროის დარანებში…

ხალდეს ისტორიის ერთი განსაკუთრებული, ფინალური ეპიზოდი სასამართლო პროცესია – რუსული იმპერიის მიერ გასამართლებული და სიკვდილმისჯილი მეამბოხეების უფლებები, ისტორიულ პროცესზე, თვით აკაკი წერეთელმა დაიცვა! სწორედ ამ დიდი პოეტის, მისი მგზნებარე  და სამართლიანი სიტყვის დამსახურებაა, რომ ხალდელებს სიკვდილის სასჯელი გადასახლებით შეუცვალეს.

ყველა მათგანი გადაასახლეს. მათგან მხოლოდ ორი თუ სამი, მრავალი წლის შემდეგ, ისევ დაბრუნდა მშობლიურ სოფელში.

რუსული იმპერიალისტური პოლიტიკა მთელი ეს წლები დიდი ძალისხმევით ცდილობდა, ისტორიიდან გაექრო ხალდეს აჯანყების ფურცელი. ისტორიის ამგვარ წაშლას ემსახურებოდა ხალდელთა მუდმივი აყრა და სხვადასხვა რეგიონში გადასახლება. ერთ-ერთი ასეთი, გასული საუკუნის 50-იან წლებში მოხდა – მშობლიურ მიწაზე ძლივს ფეხმოკიდებული სოფელი ისევ აყარეს და აფხაზეთში, გუდაუთაში გადაასახლეს. და როგორი ტრაგიკული ბედისწერაა, რომ 90-იან წლებში, აფხაზეთის კონფლიქტის დროს, აფხაზეთიდან დაძრულ დევნილთა უზარმაზარ ტალღაში, სწორედ გუდაუთელი ხალდელებიც იყვნენ – ამჯერად უკვე მეორედ დევნილნი საკუთარ სამშობლოში!..

დღეს ხალდეს ისტორია მეტ-ნაკლებად ყველასთვის ცნობილია, თუმცა ეს არაა საკმარისი. ასეთი მაგალითებით მხოლოდ სამშობლოს სიყვარული არ ისწავლება, ასეთი მაგალითებით ღირსებისა და თავისუფლების განცდა იბადება და მძაფრდება, მეხსიერება იმუხტება და სიცოცხლის ახალი ენერგია ღვივდება.

„ხალდედ შუანს თვეთნე, ფაყუ ესგე“ – ამბობენ სვანეთში – „ხალდემ სვანეთს თეთრი ქუდი დაახურა!“.

მარტო სვანეთს კი არა, მთელ საქართველოს.

 

 

*გამოყენებული ლიტერატურა: ვახტანგ გასვიანი – „მოგზაურობა ხალდედან ხალდეში“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი