ნდობა და სხვა წამლები

კადრი, რომლის გახსენებასაც ხშირად ვცდილობ, ძალიან ბუნდოვანია. 1992 წლის ზაფხულია. მზე ანათებს. ჩემი სკოლის წინ ვდგავარ დედაჩემსა და საშუალო ასაკის კაცს შორის, რომელიც, ვიცი, სკოლის დირექტორია.

 

– დამიტოვეთ საბუთები, ქალბატონო, – ეუბნება დირექტორი დედაჩემს, – სხვა სკოლა რომ ასახელოს ამ ბავშვმა, მერე უნდა ვინანო, რომ არ მივიღე.

6 წლის ნოემბერში ვხდებოდი. ბაღი არ მიყვარდა, როგორც ამბობენ, სწავლისთვისაც მზად ვიყავი, ამიტომ ოჯახში გადაწყდა, წელი არ დამეკარგა და სკოლაში წავსულიყავი. ერთგან ასაკის გამო არ მიმიღეს და დედაჩემმა გადაწყვიტა, ბედი ქუთაისში ცნობილ მესამე სკოლაში ეცადა. თავიდან იქაც უარი გვითხრეს, მერე კი, გაწბილებულებს და დასევდიანებულებს, დირექტორი წამოგვეწია და საბუთები დაგვატოვებინა. ასე გავხდი მოსწავლე.

ჩემს სიცოცხლეში პირველად ალბათ მაშინ მენდნენ, მენდნენ ხუთი წლისას, როცა კარგად ვერც ვაცნობიერებდი, როგორ უნდა მესახელებინა სკოლა ამ პატარა გოგოს, რა უნდა შემემატებინა სასწავლებლისთვის, რომელიც იმდენმა სახელოვანმა ადამიანმა დაამთავრა, რომ ხუთი წლის ბავშვის თითები და გონება მათ ჩამოთვლას ნამდვილად ვერ გასწვდებოდა.

დირექტორი, რომელმაც სკოლაში მიმიღო, მანამდე გარდაიცვალა, სანამ მე და ჩემი კლასელები სტუდენტები გავხდებოდით. მას ჩემი მნიშვნელოვანი წარმატებები არ უნახავს. ვერც იმას ხედავს, როგორ ვცდილობთ მე და ჩემი ბავშვობის მეგობრები, ბოლოს და ბოლოს, თავი მოვაბათ სკოლის შესასვლელთან დაფის განთავსებას ცნობილი კურსდამთავრებულების სახელებითა და გვარებით, ვერ ხედავს, რომ ყოველთვის, როცა ჩემს სკოლაზე ვლაპარაკობ, ხმა და თვალები უჩვეულო სიამაყით მევსება. არც ის იცის, რომ ეს სწორედ იმ ნდობის შედეგი მგონია, რომელიც ოდესღაც მან გამოიჩინა ჩემს მიმართ.

*

მეორე კადრი 2008 წლის ზაფხულისაა. საბერძნეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის თესალონიკის ბიუროს დერეფანში ვზივარ და ველოდები, როდის მიმიღებს საინფორმაციო სამსახურის უფროსი. საბუთები ამჯერად უკვე თავად მიჭირავს. არც დედა მახლავს. მაგისტრატურაში ვსწავლობ. ექვსთვიანი პრაქტიკის გავლა აუცილებელია. ჩემი ბერძნული უნივერსიტეტი დიდად არ ითვალისწინებს სტუდენტების სურვილებს პრაქტიკის გასავლელად ორგანიზაციების შერჩევისას, მე კი ტელევიზიაში მინდა, ძალიან მინდა. ამიტომ თავხედობა მყოფნის, აქ ვიჯდე და მთელი ძალით ვუჭერდე თითებს ფაილში სათუთად ჩადებულ სივის.

საბერძნეთში ქართველებს ნამდვილად არ გვაქვს შესაშური რეპუტაცია, ამიტომ ტელევიზიისკენ მიმავალი უარს უფრო ველოდი. კაცმა, რომელსაც დაბალი წვერი და კეთილი თვალები ჰქონდა, ჩემს სივის ყურადღებით გადახედა, რამდენიმე კითხვა დამისვა და ბოლოს მითხრა:

– შეგიძლიათ, ხვალიდან მოხვიდეთ.

მე მისი სახეც მახსოვს, სახელიც და გვარიც. არც არასოდეს დამავიწყდება. უფრო მეტიც – მის ხელმოწერასაც გამოვარჩევ ათას სხვაში. ადამიანმა, რომელსაც კოლეგები გაკვირვებით ეკითხებოდნენ, როგორ აიყვანა პრაქტიკანტად „ქუჩიდან მისული” ქართველი სტუდენტი, ჩემ წინ სრულიად ახალი კარი გააღო. ასეთი ნდობა ზოგჯერ სიყვარულზე მნიშვნელოვანია.

*

შარშანდელი ზაფხულის ერთ მშვენიერ დღეს ჩემთან მოსულ მეგობრებს თან თავიანთი მეგობრები მოჰყვნენ. სანამ მე სამზარეულოში ოლადებს ვაცხობდი (როგორც იშვიათი მოვლენა, ეს აუცილებლად უნდა აღმენიშნა), სტუმრები იმ ოთახში ისხდნენ, სადაც ვმუშაობ. პატარა ოთახია, მაგრამ წიგნების მთელ გორებს იტევს, წიგნებისას, რომლებსაც ვკითხულობ, ვთარგმნი, ტრენინგების ჩასატარებლად ვიყენებ და ასე შემდეგ. იქვეა ჩემი ერთგული ლეპტოპი, მეგობრების ნაჩუქარი განუყრელი ნივთები – საბეჭდი მანქანა და ყვითელი სანათი – და პატარა თარო, სადაც რამდენიმე სუვენირთან ერთად ძალიან სასხვათაშორისოდ დევს ჩემი სადებიუტო წიგნისთვის მიღებული „საბას” სიმბოლოც. ოლადების შიშხინში შორიდან მოისმა ერთ-ერთი სტუმრის შეკითხვა:

– ეს ნამდვილია?

„საბაზე” კითხულობდა. მე ჯერ გამეცინა, მერე კი მივხვდი, რომ ურიგო არ იქნება, ზოგჯერ თვითონაც ვეკითხებოდე საკუთარ თავს: ეს ჯილდოები, წიგნები, რომლებსაც ჩემი სახელი და გვარი აწერია ავტორის ან მთარგმნელის რანგში, ვიზებითა და ბეჭდებით სავსე პასპორტები ნამდვილია? ხომ არ მესიზმრება? წარმოვიდგენი კი ამ ყველაფერს ათი წლის წინ? როგორ მოვედი აქამდე?

კარგად მახსოვს ის დღე, როცა ზვიად კვარაცხელიამ დამირეკა და მითხრა, რომ გამომცემლობა „ინტელექტს” ჩემი ლექსების კრებულის გამოცემა სურდა. დავიბენი. ალაგ-ალაგ ვაქვეყნებდი დიდი პაუზის შემდეგ ხელახლა დაწყებული წერის შედეგად თავმობმულ ლექსებს და მათ წიგნად აკინძვაზე არ ვფიქრობდი. ვერც წარმომედგინა, თუ რომელიმე გამომცემლობას დავაინტერესებდი. პოეზიის გამოცემა დღეს საქართველოში მომგებიან საქმედ არ მიიჩნევა, მით უმეტეს, თუ ავტორი დებიუტანტია და მისი სახელი ბევრს არაფერს ამბობს. მაშინ მივხვდი, რომ მენდნენ, ახლა კი ვხვდები, რომ სწორედ ამ ნდობამ მოიტანა ჩემს ცხოვრებაში ბევრი ცვლილება, ბევრი კარგი დღე, სრულიად ახალი, საუკეთესო ადამიანებიც კი მოიყვანა.

არ ვიცი, ადამიანის ბუნების ბრალია თუ ეპოქის, რომელშიც ვცხოვრობთ, მაგრამ ფაქტია, რომ ერთმანეთის ნდობა, როგორც წვრილმანებში, ასევე დიდი და მნიშვნელოვანი საქმის კეთებისას, იშვიათობადაა ქცეული. ჩვენ კი ისე გვჭირდება ერთმანეთი, ისე გვჭირდება სიხარულისა და ტკივილის გაზიარება, ისე გვჭირდება, დაძაბულობისგან დაცლა და და მეტი ღიმილი, რომ ვერც წარმოგვიდგენია.

როცა პატარა ვიყავი, დედაჩემი ხშირად ამბობდა, რომ შვილთან ურთიერთობისას მისი დევიზია „ენდე და შეამოწმე”. შემოწმებას წინ არაფერი უდგას, მაგრამ მანამდე მთავარია, ძალა გამოვძებნოთ და ერთმანეთს ვენდოთ.

კომენტარები

comments