ორშაბათი, ნოემბერი 28, 2022
28 ნოემბერი, ორშაბათი, 2022

ჩემსა და ევროპას შორის გამყოფი ხაზი

ეს ის შემთხვევაა, სათაური თავიდანვე რომ ჩამოვაყალიბე, როცა გუგლის საძიებო სისტემა მოვიშველიე, რათა გადამემოწმებინა ჩემი ცოდნა შემდეგი ტერმინების მნიშვნელობებისა: ალიანსი, ინტეგრაცია, ევრო-ატლანტიკური, ატლანტის ოკეანის სანაპირო ზოლის ქვეყნები, ევროპისა და აზიის საზღვარი, კუმა-მანიჩი

ნუ მოიწყენთ, არ ვაპირებ თითოეულის მნიშვნელობა განვიხილო, ზუსტად ისე, თითქოს გაკვეთილს იმეორებდეთ. ეს ხომ ისედაც იცით, შეიძლება ჩემზე უკეთაც.

ემპირიული ცოდნა-მეთქი. ჩემი ბავშვობის გამოცდილება განსხვავებულ გეოპოლიტიკურ არეალში გროვდებოდა. მე ვიყავი „საბჭოთა ბავშვი“ და, შესაბამისად, დიდი „ოქტომბრელი“ და დიადი „პიონერი“…

„ჩემი პატარა სამშობლო საქართველოა, ხოლო ჩემი დიდი სამშობლო – საბჭოთა კავშირი“ – ამ კომუნისტური იდეოლოგიით თავგამოტენილ მოსწავლეებს ევროპა მხოლოდ მსოფლიოს ფიზიკური თუ პოლიტიკური რუკიდან გაგვაცნეს და იქვე დასვეს მსხვილი თვალსაჩინო წერტილი სკოლის სახელმძღვანელოში.

ჩემსა და ევროპას შორის გამყოფი ხაზიც პირველად შევნიშნე გეოგრაფიის გაკვეთილზე, თბილისზე უფრო პატარა ქალაქის, ქუთაისის, საშუალო სკოლაში. მაშინ მე-6 კლასის მოსწავლე გახლდით, ხოლო გეოგრაფიას მასწავლიდა იოსებ მასწავლებელი – თმათეთრი ბუზღუნა პატივცემული ბატონი. სიმკაცრისა და ლმობიერების, ღიმილისა და აგრესიის უწყინრად შემზავებელი, ხალისის მომგვრელი მოქმედებებითა და მიმართვებით გამორჩეული.

იმ კლასის გეოგრაფიის საგნობრივი პროგრამიდან სხვა არაფერი მაგონდება, გარდა პასუხი კითხვაზე: – სად გადის საზღვარი ევროპასა და აზიას შორის?

ბატონი იოსები სიაში ამოკითხული გვარების დასახელებით გაგვიძახებდა, საჩვენებელი ჯოხით კედელზე მიმაგრებული რუკისკენ მიმართულებას გვიჩვენებდა, იმავე ჯოხს გადმოგვცემდა, წარბებს შეჭმუხნიდა და ომახიანად მოითხოვდა ევროპასა და აზიას შორის  ხაზის გავლებას ზუსტად ამ ჯოხით, რომელსაც თვინიერი ცხენივით უკვე დაემახსოვრებინა მონიშნული გზა.

ეს საკითხი იყო ისეთივე საზეპირო გეოგრაფიაში, როგორც გამრავლების ტაბულა – მათემატიკაში და ბრუნვების სახელწოდებები – ქართულ გრამატიკაში. შესაბამისად, აუცილებლად გვკითხავდა ხოლმე.

პროცესი ერთობ სახალისო იყო. ჩვენ სხაპასხუპით უნდა ჩამოგვეთვალა გამყოფი ზოლის წერტილები შემდეგი თანმიმდევრობით – სამხრეთიდან ჩრდილოეთისკენ: დარდანელისა და ბოსფორის სრუტე, შავი ზღვა, კავკასიონის ჩრდილოეთ დაბოლოება, მდინარე მანიჩი, კუმა-მანიჩის ღრმული, მდინარე კუმა, მდინარე ემბა, მდინარე ვოლგა, ურალის მთები და პირიქით – ჩრდილოეთიდან სამხრეთისკენ. – ვინც შეყოვნდებოდა, ან არასწორად მიანიშნებდა, აღმოჩნდებოდა ბატონი იოსების „წყევლის“ მსხვერპლი. – შენ ჩეიხჩვი(იმერულად) მაგ შავ ზღვაში! – შენ წაგიღო ვოლგამ! – შენ ჩავარდი მაგ ღრმულში! – შენ გადმოვარდი მაგ მთიდან! და სხვა მსგავსი.

მასწავლებლის მიერ ამგვარი უკუკავშირი იწვევდა საყოველთაო გაუბედავ სიცილსა თუ დაცინვას.

ამასობაში საჩვენებელი ხის ჯოხი საქართველოს ტერიტორიას გადაკვეთდა და გადმოკვეთდა, გადახაზავდა და გამოხაზავდა ისე, რომ ამ ქვეყნის სახელწოდების ხსენებაც არ იყო. საბჭოთა კავშირის სიცოცხლისუნარიანობის პირობებში გამოკვეთილი, დაკონტურებული, საზღვრებიც არ ჰქონდა საქართველოს იმ რუკაზე.

ასე დამკვიდრდა ჩემს ცნობიერებაში ცნება „ევროპა.“

-რა იყო შემდეგ?!

„ბნელი“ 80-იანი წლებიდან „ნათელი“ 90-იანი წლებისკენ.

რატომ „ბნელი“?! – სიბნელეში თვალს დაკარგული აქვს საგნების შემჩნევის უნარი. ზუსტად ასევე, დახშულ სივრცეში ადამიანის გონება უძლურია, შეამჩნიოს დანარჩენი მსოფლიო.

რატომ „ნათელი“?! – ქართველი კაცის მზერამ გააღწია საზღვრებს მიღმა, ჯერ მხოლოდ მზერამ! და იხილა „სხვა მსოფლიო“ ზუსტად ისე, როგორც საგნები განათებულ ოთახში. თუმცა, იმ მსოფლიოსა და  ჩვენს შორის შორის გამყოფი ზოლი, შესამჩნევად ბაცია.

ევროპისკენ, წინ გრძელი გზაა,  რომელზეც სკოლაში მიღებულმა განათლებამ უნდა გვატაროს, ვერ ვიქნებით გონიერი ცხენის მოიმედე მხედრები.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი