პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ლურჯ ზოლიანი დროშის ისტორია

უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობის გამოხატვის მიზნით გამართულ დემონსტრაციებზე ახალი, ძალიან უცნაური და ბევრისთვის უცნობი დროშა გამოჩნდა. დროშა თეთრია, მისი ცენტრალური ნაწილი კი ლურჯი ზოლით არის გადაკვეთილი. ლურჯ ზოლიანი ალამი პირველად თბილისში ააფრიალეს, დღეს კი მისი შემჩნევა თითქმის ყველა კონტინენტზეა შესაძლებელი. რუსეთის მიერ გაჩაღებული ომისა და პუტინის რეჟიმის მოწინააღმდეგეთა მრავალათასიან მსვლელობებს უცხო სიმბოლო წინ მიუძღვის ვანკუვერსა და ადელაიდაში, ბუენოს-აირესსა და კიშინოვში, მსოფლიოს სხვა დიდ ქალაქებსა თუ ადმინისტრაციულ ცენტრებში.

აღსანიშნავია, რომ ამ ალამს ძირითადად რუსეთის მოქალაქეების ან რუსეთიდან პოლიტიკურ ემიგრაციაში წასული ადამიანების ხელში თუ შენიშნავთ. მიუხედავად ამისა, ლურჯ ზოლიან დროშას ვერც ერთ სასკოლო ატლასსა თუ სახელმძღვანელოში ვერ მიაკვლევთ. თავად ვექსილოლოგიით გატაცებული მოსწავლე გახლდით. ყოველთვის დიდი ყურადღებით ვაკვირდებოდი წიგნებში აღმოჩენილ ბაირაღებსა და ვიმპელებს. შემდეგ მათ დახატვასაც ვცდილობდი, ხანდახან თავად ვიგონებდი ახალ-ახალ ჰერალდიკურ ნიშნებს. მიხარია, რომ საქართველოს სკოლებში სტუმრად ყოფნის დროს ხშირად ვხვდები ხოლმე მოზარდებს, რომელთაც ჩემზე მეტად უყვართ ფერად-ფერადი ნაჭრებისგან შეკერილი, ნაციონალური თუ სამხედრო სიმბოლოების შესწავლა. აქედან გამომდინარე, შევეცდები, რომ ლურჯ ზოლზე მსჯელობით მათი ცნობისმოყვარეობა დავაკმაყოფილო.

მაშ ასე, საიდან გაჩნდა საერთაშორისო პოლიტიკურ სარბიელზე ახალი, ლურჯ ზოლიანი ალამი?

საქართველოში ხშირად ამტკიცებენ, რომ „ორი რუსეთი“ არ არსებობს და ყველა რუსი ერთნაირია. დასავლეთისგან განსხვავებით ჩვენ ქვეყანაში არაფრად აგდებენ რუსეთის იმ მოქალაქეების ბრძოლას, რომლებიც დემოკრატიისთვის, პოსტ-საბჭოთა ქვეყნებთან მშვიდობიანი და კეთილმეზობლური თანამშრომლობისთვის, თავისუფალი სამოქალაქო საზოგადოების მშენებლობისა და რუსეთის ევროპულ სახლში გაწევრიანებისთვის თავს სწირავენ. მათი წამება, დევნა, უკანონო პატიმრობა ბევრს შეუმჩნეველი რჩება. შეიძლება ასეთი ადამიანები ბევრი არ არიან, მაგრამ ისინი არსებობენ და სიცოცხლის ფასად ცდილობენ უკრაინელი ხალხის დაცვას კრემლის აგრესიისაგან. სწორედ ამგვარი რწმენა-წარმოდგენების მქონე რუსებმა, ანტიპუტინისტმა, ანტიმილიტარისტმა და ანტიიმპერიალისტმა რუსებმა გადაწყვიტეს, რომ შეექმნათ ახალი დროშა, რათა თავიანთი ხმა მიეწვდინათ დანარჩენი სამყაროსთვის და რიგით რუს მოქალაქეში ადამიანობის, ჰუმანურობის გამოღვიძების გაიშვიათებული შემთხვევები წარმოეჩინათ უკრაინის დასაცავად დარაზმული საერთაშორისო საზოგადოებისათვის.

დროშას ერთი კონკრეტული ავტორი არ ჰყავს. ახალი დიზაინი თითქმის ერთდროულად, პარალელურად შექმნეს რუსეთში მცხოვრებმა ანონიმურმა ბლოგერებმა და ემიგრაციაში მყოფმა დიზაინერებმა. თეთრი, ლურჯი და თეთრი ზოლებით გაწყობილ დროშას სოციალური ქსელების მომხმარებლებმა უმალვე მიანიჭეს უპირატესობა. ახალი ბაირაღის გამოყენების მომხრეთა რაოდენობა ერთ კვირაში გეომეტრიული პროგრესიით გაიზარდა. რამ განაპირობა ოპოზიციონერთა სიმბოლოს უპირატესობა? რა შინაარსის ამოკითხვას ცდილობენ ალამში მის ირგვლივ გაერთიანებული ადამიანები.

  1. უკრაინაში ომის მოწინააღმდეგეები აცხადებენ, რომ ლურჯ ზოლიანი დროშა ძალიან მარტივად წარმოიქმნა. ისინი მიანიშნებენ, რომ ახალი სიმბოლო რუსეთის ფედერაციის დღეს მოქმედ დროშაზე უკანასკნელი, წითელი მესამედის წაშლის შედეგად მიიღეს. მათ სურთ, რომ რუსეთის დროშიდან წითელი ზოლის გაქრობას რუსეთის საგარეო პოლიტიკის სტრატეგიიდან სისხლიანი ავანტიურების ორგანიზების გაქრობაც მოჰყვეს. ოპოზიციონერებს რცხვენიათ, რომ რუსეთის ხსენებისას ხალხს ომის, ნგრევის, უდანაშაულო ადამიანთა ხოცვის სცენები წარმოუდგებათ თვალწინ.
  1. თავისი მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში ერთიანი რუსეთი არასდროს ყოფილა დემოკრატიული ან თანამედროვე რესპუბლიკური მმართველობის სახელმწიფო. რუსეთის დაქუცმაცებულობის პერიოდიდან შეგვიძლია გავიხსენოთ რამდენიმე პატარა შემთხვევა, როდესაც ჩრდილოეთის ხალხებმა დეცენტრალიზებული, მოქალაქეების თანამონაწილეობის საფუძველზე მართული პოლიტიკური სისტემის შექმნა გადაწყვიტეს. ერთ-ერთი ასეთი უპრეცედენტო გამონაკლისი შუა საუკუნეების დიდი ნოვგოროდი გახლდათ.

ახალი ეპოქის დაწყებამდე დიდი ნოვგოროდი სავაჭრო ქალაქი და ჩრდილოეთ ევროპის უმნიშვნელოვანესი სატრანსპორტო კვანძი გახლდათ. აქ იყრიდნენ თავს ბალტიის ნაპირებზე მდებარე სახელმწიფოთა სავაჭრო გემები, რუსეთის დიდ მდინარეებზე გადაადგილებით გამდიდრებული კომერსანტები, ცვლიდნენ პროდუქტს, ცოდნას, სარგებლობდნენ ერთმანეთის მომსახურებით, ქმნიდნენ ბლოკებსა და კოალიციებს. ევროპის ქალაქებში განსაკუთრებულად დიდი მოთხოვნა ნოვგოროდის ირგვლივ მდებარე ტყეებში დაჭერილი ცხოველების ბეწვზე ყოფილა.

ნოვგოროდის მდიდარი და შეძლებული, ვაჭრებისგან, მრეწველებისგან, მესაკუთრეებისა და მაღალი რანგის ხელოსნებისგან შემდგარი საზოგადოება ხშირად არ ემორჩილებოდა რუსეთის სხვა კუთხეებში გაბატონებულ დესპოტიას. დამოუკიდებელი პოლიტიკის გასატარებლად მათ ცალკე რესპუბლიკა შექმნეს. რესპუბლიკას ვეჩე, მოქალაქეთა და ბოიართა კრება მართავდა, კრება ირჩევდა ქალაქის თავს, ქალაქის სამხედრო გარნიზონის ხელმძღვანელს, წყვეტდა ომისა და მშვიდობის ბედს, იღებდა კანონებს. ვეჩეს წინაშე ანგარიშვალდებული იყო დიდი ნოვგოროდის თავადიც, მას გადაწყვეტილებების დროს ლეგიტიმაციის მიღება კრებისაგან სჭირდებოდა. 1478 წელს დიდი ნოვგოროდის რესპუბლიკა პუტინისა და იმპერიალისტი რუსებისათვის მისაბაძმა ისტორიულმა ფიგურამ, მოსკოვის მთავარმა ივანე მრისხანემ დაამხო და წერტილი დაუსვა ადრეული რუსული დემოკრატიის ჩამოყალიბების მცდელობას.

გარკვეული პერიოდის განმავლობაში თეთრი, ლურჯ ზოლიანი ქსოვილი დიდი ნოვგოროდის დროშა გახლდათ. შესაბამისად, 2022 წელს დაწყებული ანტისაომარი მოძრაობის წევრები ნოვგოროდის ძველ შტანდარტის გამოყენებით რუსეთის ისტორიაში არსებულ ერთადერთ, მეტ-ნაკლებად თავისუფალ რესპუბლიკასთან იდეური კავშირის დამყარებას ესწრაფვიან.

  1. რუსი ოპოზიციონერების ალამი ტყუპისცალივით ჰგავს თავისუფალი ბელორუსის დროშას, რომლის ცენტრშიც  წითელი ჰორიზონტალური ზოლია გავლებული. აღნიშნული მსგავსებით დემოკრატ აქტივისტებს იმის თქმა სურთ, რომ პუტინისა და ლუკაშენკოს განუყრელ კავშირის წინააღმდეგ თავისუფალი რუსები და ბელორუსებიც აპირებენ ალიანსის შეკვრას, ერთმანეთის გაძლიერებას.

 ვილნიუსში, ბორის ნემცოვის სახელობის სკვერში შეკრებილმა მომიტინგეებმა მოკლედ ამგვარად შეაფასეს ახალი სიმბოლოს მნიშვნელობა: „იგი გვათავისუფლებს კრემლთან კავშირისაგან, ამ დროშის დემონსტრირებით, ჩვენ – რუსები ბრძოლას ვუცხადებთ ომს, დიქტატურასა და ცენზურას, ლურჯ ზოლიანი ალამი არ არის სახელმწიფო ნიშანი, ის ხალხის გაერთიანებას გამოხატავს“.

კაბინეტებსა და სასახლეებში შექმნილი სიმბოლოები დიდ ხანს ვერ ძლებენ. ადამიანთა გულების დაპყრობა მხოლოდ ბრძოლაში გამოცდილ და გამარჯვებულ ნიშნებს შეუძლიათ. იმედია, Z-ით დადაღული ჯარისკაცების ნაცვლად ლურჯ ზოლიანი დროშით ხელში ქუჩებში გამოსული პატიოსანი მოქალაქეები გაიმარჯვებენ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი