სამშაბათი, ივლისი 21, 2026
21 ივლისი, სამშაბათი, 2026

სტრესის წყარო ბავშვებსა და მოზარდებში

როდის ხდება დაბალი თვითშეფასება მოსწავლისთვის სტრესის წყარო?

სკოლის ყოველდღიურ ცხოვრებაში ხშირად ვხვდებით ბავშვებს, რომლებსაც საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვს მაშინაც კი ეპარებათ, როდესაც ამის რეალური საფუძველი არ არსებობს. თვითშეფასება ბავშვის პიროვნული და აკადემიური განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფუძველია. მისი საშუალებით ბავშვს უყალიბდება წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე, ძლიერ მხარეებსა და იმაზე, რამდენად შეუძლია სხვადასხვა გამოწვევასთან გამკლავება. ყოველდღიურ სასწავლო პროცესში მოსწავლე მუდმივად აფასებს საკუთარ თავს, როგორ შეასრულა დავალება, რამდენად სწორად უპასუხა კითხვას, რა შედეგი მიიღო და როგორია მისი შესაძლებლობები თანატოლებთან შედარებით. სანტროკის (Santrock, 2018) მიხედვით, სწორედ ეს გამოცდილება ახდენს მნიშვნელოვან გავლენას ბავშვის მოტივაციაზე, სწავლისადმი დამოკიდებულებასა და აკადემიურ განვითარებაზე.

თუმცა საკუთარი შესაძლებლობების შეფასება ყოველთვის რეალისტური არ არის. ზოგიერთ მოსწავლეს საკუთარი ძლიერი მხარეების დანახვა უჭირს, ხშირად ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში და წარმატების შემთხვევაშიც კი ფიქრობს, რომ ეს მხოლოდ შემთხვევითობა იყო. თუ მსგავსი განცდა ხშირად მეორდება, დროთა განმავლობაში ასეთი დამოკიდებულება შესაძლოა, გადაიზარდოს დაბალ თვითშეფასებაში, რაც გავლენას ახდენს როგორც ემოციურ მდგომარეობაზე, ისე სასწავლო საქმიანობაზე.

ალბათ ბევრ მასწავლებელსა და მშობელს შეუნიშნავს ბავშვი, რომელიც დავალების დაწყებამდე ამბობს: „მე ამას ვერ გავაკეთებ“, „მე მაინც არ გამომივა“, „სხვები ჩემზე უკეთესები არიან“, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ამის რეალური საფუძველი არც არსებობს. მსგავსი ფრაზები ხშირად მხოლოდ დროებით დაურწმუნებლობას არ გამოხატავს, ისინი შესაძლოა საკუთარი შესაძლებლობებისადმი დამოკიდებულების გამოხატულებაც იყოს. ამიტომ მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, როდის არის ასეთი განცდა ბუნებრივი და დროებითი, და როდის იქცევა იგი დაბალი თვითშეფასების ნიშნად, რომელიც გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ მდგომარეობასა და სასწავლო საქმიანობაზე.

ბავშვის წარმოდგენა საკუთარ შესაძლებლობებზე ერთ დღეში არ ყალიბდება. იგი თანდათან იქმნება ყოველდღიური გამოცდილების, უფროსების შეფასებისა და საკუთარი წარმატება-წარუმატებლობის საფუძველზე. ზოგი დროებით დაურწმუნებლობას მალევე უმკლავდება და გამოხატავს მზაობას ახალი მცდელობისთვის, ზოგისთვის კი საკუთარი შესაძლებლობებისადმი უნდობლობა თანდათან მყარდება და ყოველდღიური გამოცდილების ნაწილად იქცევა. ამ განსხვავებას ხშირად განსაზღვრავს არა მხოლოდ ბავშვის ინდივიდუალური თავისებურებები, არამედ ოჯახსა და სკოლაში მიღებული გამოცდილება, უფროსების უკუკავშირი და ის, თუ როგორ ყალიბდებოდა მისი წარმოდგენა საკუთარ თავზე (Harter, 2012).

ამ განსხვავებების უკეთ გასაგებად, მნიშვნელოვანია გავარკვიოთ, რა პირობებში რჩება საკუთარი შესაძლებლობებისადმი უნდობლობა დროებით განცდად და როდის გადაიქცევა იგი სტრესის წყაროდ.

 

დაბალი თვითშეფასება – ბუნებრივი დაურწმუნებლობა თუ სტრესის წყარო?

საკუთარი შესაძლებლობებისადმი უნდობლობა ბავშვის განვითარებისთვის უცხო არ არის. ახალი ცოდნის შეძენის, რთული დავალებების შესრულების ან უცნობ გარემოში მოხვედრის დროს თითქმის ყველა მოსწავლეს შეიძლება გაუჩნდეს განცდა, რომ რაღაც არ გამოუვა. მსგავსი დაურწმუნებლობა დროებითი და ბუნებრივი მოვლენაა, რომელიც ხშირად ახალი გამოცდილების მიღებასთან ერთად მცირდება.

თუმცა მდგომარეობა იცვლება მაშინ, როდესაც საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი მუდმივ ხასიათს იძენს. ასეთ დროს მოსწავლე საკუთარ თავს არა კონკრეტული დავალების, არამედ მთლიანად საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით აფასებს. იგი წარმატების შემთხვევაშიც კი ფიქრობს, რომ უბრალოდ გაუმართლა, ხოლო მცირე შეცდომას საკუთარი არასაკმარისი უნარების მტკიცებულებად აღიქვამს. ჰარტერის (Harter, 2012) მიხედვით, სწორედ ასეთი უარყოფითი თვითაღქმა შეიძლება გახდეს ბავშვის ემოციური კეთილდღეობისა და სასწავლო მოტივაციის მნიშვნელოვანი ხელის შემშლელი ფაქტორი.

ალბათ ბევრ მასწავლებელს შეუნიშნავს მოსწავლე, რომელმაც აშკარად იცის პასუხი, მაგრამ ხელის აწევას ერიდება; ან ბავშვი, რომელიც დავალების შესრულებას საერთოდ არ იწყებს, რადგან დარწმუნებულია, რომ მაინც ვერ შეძლებს. ასეთ შემთხვევებში პრობლემა ხშირად არა ცოდნის ნაკლებობა, არამედ საკუთარი შესაძლებლობების მიმართ უნდობლობაა.

 

რატომ უჭირს ზოგიერთ ბავშვს საკუთარი შესაძლებლობების დაჯერება?

ხშირად ჩნდება კითხვა: რატომ ინარჩუნებს ერთი მოსწავლე თავდაჯერებულობას წარუმატებლობის შემდეგაც, ხოლო მეორეს – მცირე შეცდომის გამოც კი საკუთარი შესაძლებლობებისადმი უნდობლობა ეუფლება?

ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ბავშვის წინა გამოცდილებაა. როდესაც მოსწავლე ხშირად იღებს მხარდაჭერას, ხედავს საკუთარ პროგრესს და შეცდომა სწავლის ბუნებრივ ნაწილად აღიქმება, მას უფრო მეტად სჯერა, რომ სირთულეების დაძლევა შეუძლია. და პირიქით, თუ ბავშვი ხშირად ისმენს კრიტიკას, მუდმივად სხვებს ადარებენ ან მხოლოდ საბოლოო შედეგით აფასებენ, დროთა განმავლობაში მას შეიძლება ჩამოუყალიბდეს წარმოდგენა, რომ წარმატება მხოლოდ მაღალ შედეგზეა დამოკიდებული (Woolfolk A., Usher E. L., 2023).

მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ოჯახის დამოკიდებულებაც. როდესაც უფროსები ბავშვის ძალისხმევას ამჩნევენ, რეალისტურ მოლოდინებს უყალიბებენ და შეცდომის გამო არ აკრიტიკებენ, იგი უფრო მშვიდად იღებს ახალ გამოწვევებს; და პირიქით, მუდმივი კრიტიკა, გადაჭარბებული მოლოდინები ან თანატოლებთან ხშირი შედარება დაბალი თვითშეფასების ჩამოყალიბების რისკს ზრდის (უზნაძე, 2003). არანაკლებ მნიშვნელოვანია, რას ეუბნება მოსწავლე საკუთარ თავს წარუმატებლობის შემდეგ. ზოგიერთი ბავშვი ასეთ დროს ფიქრობს: „ჯერ ვერ შევძელი, მაგრამ შემდეგ გამომივა“, ზოგი კი საკუთარ თავს ეუბნება: „მე არაფრის უნარი არ მაქვს“. სწორედ ასეთი შინაგანი დიალოგი ხშირად განსაზღვრავს, გადაიქცევა თუ არა დროებითი სირთულე სტრესის წყაროდ (Rosenberg, 1965).

ერთი და იგივე გამოცდილება ყველა მოსწავლეზე ერთნაირად არ მოქმედებს. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს იმას, როგორ აღიქვამს ბავშვი საკუთარ შესაძლებლობებს, რა გამოცდილება აქვს მიღებული წარსულში და რამდენად გრძნობს უფროსების მხარდაჭერას. სწორედ ეს განსაზღვრავს, იქნება საკუთარი შესაძლებლობებისადმი უნდობლობა დროებითი გამოცდილება თუ ბავშვისთვის სტრესის მუდმივი წყარო.

 

როდის ხდება დაბალი თვითშეფასება მოსწავლისთვის სტრესის წყარო?

დაბალი თვითშეფასება ყოველთვის თვალში საცემი არ არის. ზოგიერთი მოსწავლე საკუთარ დაურწმუნებლობას ღიად გამოხატავს, ზოგი კი ცდილობს ეს სხვებს არ დაანახოს. ამიტომ ხშირად გვგონია, რომ დაბალი თვითშეფასება მხოლოდ ჩუმ, მორცხვ ან საკუთარ თავში დაურწმუნებელ ბავშვებს ახასიათებთ. სინამდვილეში იგი სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოვლინდეს.

ზოგი მოსწავლე უარს ამბობს ახალი დავალების შესრულებაზე, რადგან წინასწარ დარწმუნებულია, რომ ვერ შეძლებს. ზოგი ზედმეტად განიცდის მცირე შეცდომას და საკუთარ თავს მკაცრად აკრიტიკებს. არიან ბავშვებიც, რომლებიც პირიქით, ცდილობენ, ყოველთვის საუკეთესოები იყვნენ, რადგან ფიქრობენ, რომ მხოლოდ მაღალი შედეგი ადასტურებს მათ ღირებულებას. ასეთ შემთხვევაში ნებისმიერი წარუმატებლობა მათთვის მხოლოდ შეცდომა აღარ არის, იგი საკუთარი შესაძლებლობების უარყოფით შეფასებად აღიქმება (Rosenberg, 1965).

საკუთარი შესაძლებლობებისადმი მუდმივი უნდობლობა თანდათან გავლენას ახდენს სასწავლო მოტივაციაზეც. მოსწავლე ნაკლებად ერთვება ახალ აქტივობებში, ერიდება რთულ დავალებებს, იშვიათად სვამს კითხვებს და ხშირად მხოლოდ იმ საქმიანობას ირჩევს, რომელშიც შეცდომის დაშვების ალბათობა ნაკლებია (Woolfolk A., Usher E. L., 2023). შედეგად, იგი კარგავს იმ გამოცდილებას, რომელიც აუცილებელია პიროვნული და აკადემიური განვითარებისთვის.

 

როგორ ამოვიცნოთ, რომ პრობლემა მხოლოდ თავდაჯერებულობის ნაკლებობა აღარ არის?

ყველა მოსწავლეს შეიძლება ჰქონდეს თუნდაც ერთი შემთხვევა, როდესაც საკუთარ შესაძლებლობებში ეჭვი შეეპარება. ეს ბუნებრივი გამოცდილებაა. თუმცა არსებობს ნიშნები, რომლებიც მიუთითებს, რომ დაბალი თვითშეფასება უკვე ბავშვის სასწავლო და ემოციურ მდგომარეობაზე მოქმედებს.

საყურადღებოა, თუ მოსწავლე ხშირად ამბობს: „არ გამომივა“, „მე ამას ვერ შევძლებ“, „სხვები ჩემზე უკეთესები არიან“, მიუხედავად იმისა, რომ მისი შესაძლებლობები ამის საპირისპიროს აჩვენებს. დაბალი თვითშეფასების ერთ-ერთი შესაძლო ნიშანია ასევე, როდესაც ბავშვი ცდილობს, თავი აარიდოს პასუხის გაცემას, აღარ მონაწილეობს აქტივობებში, უარს ამბობს ახალი დავალების შესრულებაზე ან პირველივე სირთულის შემდეგ წყვეტს მუშაობას.

ზოგჯერ დაბალი თვითშეფასება გარეგნულად საერთოდ არ ჩანს. მოსწავლე ასრულებს ყველა დავალებას, იღებს მაღალ შეფასებებს, თუმცა მცირე შეცდომის გამოც ძლიერ შფოთავს, საკუთარ თავს ზედმეტად აკრიტიკებს და მუდმივად ცდილობს, ყველას მოლოდინები გაამართლოს. ასეთ შემთხვევებში ბავშვის ემოციური დაძაბულობა შეიძლება დიდხანს დარჩეს შეუმჩნეველი.

სწორედ ამიტომ მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ყურადღება მიაქციოს არა მხოლოდ აკადემიურ შედეგებს, არამედ ბავშვის დამოკიდებულებას საკუთარი შესაძლებლობების მიმართ. ხშირად სწორედ ეს დამოკიდებულება გვაძლევს ყველაზე მნიშვნელოვან ინფორმაციას იმის შესახებ, თუ როგორ გრძნობს თავს მოსწავლე სასწავლო გარემოში (Harter, 2012).

როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლის ჯანსაღი თვითშეფასების განვითარებას?

ჯანსაღი თვითშეფასება არ ნიშნავს, რომ ბავშვი საკუთარ შესაძლებლობებს ყოველთვის იდეალურად აფასებს ან საკუთარ თავს არასოდეს აკრიტიკებს. იგი ნიშნავს რეალისტურ წარმოდგენას საკუთარ ძლიერ და სუსტ მხარეებზე, საკუთარი შესაძლებლობების რწმენას და იმის განცდას, რომ შეცდომა განვითარების ბუნებრივი ნაწილია.

უპირველესად, მნიშვნელოვანია, ბავშვის შეფასებისას ყურადღება გავამახვილოთ არა მხოლოდ შედეგზე, არამედ იმ ძალისხმევაზეც, რომელიც მან მიზნის მისაღწევად გაიღო. როდესაც მოსწავლე ხედავს, რომ ფასდება მისი მონდომება, იგი ნაკლებად უკავშირებს საკუთარ ღირებულებას მხოლოდ მიღებულ ქულას და უფრო თამამად ეკიდება ახალ გამოწვევებს (Woolfolk A., Usher E. L., 2023).

არანაკლებ მნიშვნელოვანია, თავი ავარიდოთ იარლიყების გამოყენებას. ფრაზები, როგორებიცაა – „შენ ზარმაცი ხარ“, „შენ მათემატიკა არ გამოგდის“ ან „შენ ყოველთვის ასე იქცევი“, ბავშვს საკუთარ წარუმატებლობაში არწმუნებს. ბევრად უფრო ეფექტურია ვისაუბროთ კონკრეტულ მოქმედებაზე და არა თავად ბავშვზე.

სასარგებლოა, მოსწავლეს რეგულარულად დავანახოთ საკუთარი პროგრესი. ზოგჯერ მას თავად აღარ ახსოვს, უკვე რა ისწავლა და რამდენად განვითარდა. მცირე წარმატებების შეხსენება აძლიერებს საკუთარი შესაძლებლობების რწმენას და ზრდის მოტივაციას.

ასევე მნიშვნელოვანია, ბავშვებს ვასწავლოთ საკუთარ თავთან მხარდამჭერი საუბარი. ნაცვლად იმისა, რომ თქვან „მე ამას ვერასოდეს ვისწავლი“, შეგვიძლია შევთავაზოთ სხვა ფორმულირება: „ჯერ არ გამომდის, მაგრამ ვცდილობ და ნელ-ნელა ვისწავლი“. ასეთი დამოკიდებულება ეხმარება მოსწავლეს, დროებითი სირთულე პირად მარცხად არ აღიქვას.

მასწავლებლის ყოველდღიური უკუკავშირიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს თვითშეფასების ჩამოყალიბებაზე (ქურციკიძე, 2024). ერთი გულწრფელი ფრაზა – „შევამჩნიე, რამდენი იშრომე“, „დღეს წინა კვირასთან შედარებით ბევრად უკეთ გამოგივიდა“ ან „შეცდომა ნიშნავს, რომ სწავლობ“ – ხშირად ბევრად მეტ გავლენას ახდენს, ვიდრე მხოლოდ საბოლოო შეფასება.

 

დასკვნა

დაბალი თვითშეფასება არ ნიშნავს, რომ ბავშვს ნაკლები შესაძლებლობები აქვს. ხშირად იგი იმ გამოცდილებისა და დამოკიდებულებების შედეგია, რომლებიც დროთა განმავლობაში ყალიბდება ოჯახსა და სკოლაში. ამიტომ მასწავლებელსა და მშობელს შეუძლიათ მნიშვნელოვანი როლი შეასრულონ ბავშვის ჯანსაღი თვითშეფასების ჩამოყალიბებაში. ყველა ბავშვს სჭირდება ადამიანი, რომელიც მას საკუთარ შესაძლებლობებში დაარწმუნებს მაშინაც კი, როდესაც თავად აღარ სჯერა საკუთარი თავის. სწორედ ასეთი მხარდაჭერა, რეალისტური მოლოდინები, ძალისხმევის დაფასება და შეცდომის ბუნებრივ ნაწილად აღქმა ეხმარება მოსწავლეს, რეალისტურად შეაფასოს საკუთარი შესაძლებლობები, შეინარჩუნოს საკუთარი თავის რწმენა და სწავლასთან დაკავშირებული სირთულეები პიროვნული და აკადემიური განვითარების ბუნებრივ ნაწილად აღიქვას.

 

სერიის მომდევნო სტატია დაეთმობა უარყოფით კომუნიკაციას, როგორც სტრესის ერთ-ერთ გავრცელებულ წყაროს. მასში განვიხილავთ, როგორ მოქმედებს ბავშვის ემოციურ მდგომარეობაზე უფროსებისა და თანატოლების სიტყვები, დამოკიდებულება და ყოველდღიური კომუნიკაცია, რატომ შეიძლება იქცეს ერთი შეხედვით უმნიშვნელო კომენტარიც კი სტრესის წყაროდ და როგორ შეუძლია მასწავლებელსა და მშობელს, კომუნიკაცია მხარდაჭერისა და განვითარების საშუალებად აქციოს.

 

გამოყენებული ლიტერატურა

უზნაძე, დ. (2003). ბავშვის ფსიქოლოგია, სასკოლო ასაკის ფსიქოლოგია. თბილისი.

Harter, S. (2012). The Construction of the Self: Developmental and Sociocultural Foundations (2nd ed.). New York: Guilford Press.

Rosenberg, M. (1965). Society and the Adolescent Self-Image. Princeton, NJ: Princeton University Press.

Santrock, J. W. (2018). Educational psychology. New York: McGraw-Hill Education.

Woolfolk A., Usher E. L. (2023). Educational Psychology: Active Learning Edition (15th Edition)‎. Pearson.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

Passive Voice-ის სწავლება  

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“