დაწყებით საფეხურზე – ბუნებისმეტყველება, ჩვენი საქართველო, ხელოვნება
თანამედროვე განათლების გამოწვევაა – დაანახოს მოსწავლეს კავშირი საკლასო ოთახსა და რეალურ სამყაროს შორის; ინფორმაცია მიაწოდოს არა აბსტრაქტულად, არამედ ყოველდღიური ცხოვრებისეული სცენარების გამოყენებით; აქცენტი გააკეთოს არა მხოლოდ ფაქტების დამახსოვრებაზე, არამედ იმ უნარების განვითარებაზე, რომლებიც აუცილებელია სოციალური თუ პროფესიული ადაპტაციისთვის.
სამყაროს მთლიანობითი აღქმის ინტეგრირებული მიდგომა სწორედ ამ კავშირის აღმოჩენას ემსახურება. იგი არ გვთავაზობს იზოლირებულ ფაქტებს, არამედ გვიჩვენებს სამყაროს, როგორც ერთიან სისტემას.
ამ მიდგომისას ამოსავალ წერტილად ვიღებთ რეალურ, კომპლექსურ მოვლენას, რომელიც გვთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას გლობალური მასშტაბის გამოწვევები ჰოლისტურად, რამდენიმე დისციპლინის გადაკვეთაზე ლოკალურ დონეზე ვიკვლიოთ. ამის თვალსაჩინო მაგალითია ჟან ჟიონოს ნაწარმოები „კაცი, რომელიც ხეებს რგავდა“. მოცემული ცხოვრებისეული კონტექსტი საშუალებას იძლევა, სასწავლო პროცესი გასცდეს ერთი საგნის ფარგლებს და საკითხი კომპლექსურად გაანალიზდეს.
საკვანძო შეკითხვა: როგორ მოქმედებს ერთი ადამიანის ქმედება გარემოსა და საზოგადოების კეთილდღეობაზე?
საგანი – ბუნებისმეტყველება; სამიზნე ცნება – ორგანიზმი, საარსებო გარემო. მოსწავლე გვევლინება როგორც მკვლევარი. ის იკვლევს როგორ სუნთქავს ხე? რატომ არ ირეცხება ნიადაგი იქ, სადაც ფესვებია? საიდან ჩნდება წყალი გამშრალ კალაპოტში? კვლევის პროცესი ფოკუსირებულია ორგანიზმისა და გარემოს ურთიერთქმედებაზე.
საგანი – ჩვენი საქართველო; სამიზნე ცნება – საზოგადოება. აქცენტი კეთდება მოსწავლის, როგორც აქტიური მოქალაქის ფორმირებაზე. ამ პროცესში მოსწავლე პასიური დამკვირვებლიდან სამოქალაქო აქტივისტად იქცევა. ის კრიტიკულად აფასებს ერთი ადამიანის მიზანმიმართული ინიციატივის გავლენას საერთო საზოგადოებრივ სიკეთეზე. იგი აანალიზებს, თუ როგორ ქმნის ჯანსაღი გარემო ახალ შესაძლებლობებს საზოგადოებრივი განვითარებისთვის, სოციალური კავშირების გამყარებისა და ცხოვრების ხარისხის ამაღლებისთვის.
საგანი – ხელოვნება; სამიზნე ცნება – სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება. მოსწავლე გვევლინება როგორც შემოქმედი და ვიზუალური ანალიტიკოსი. ხელოვნება ამ პროცესში გარემოს ცვლილების აღქმისა და დოკუმენტირების საშუალებაა.
მოსწავლე ახდენს გარემოს დროში ცვალებადობის პროექტირებას, პეიზაჟის ტრანსფორმაციას. იგი ხატავს პეიზაჟის ევოლუციას უსიცოცხლო უდაბნოდან აყვავებულ ეკოსისტემამდე. ეს არის გზა, რომლითაც მოსწავლე საკუთარ ემოციურ დამოკიდებულებას გარემოსადმი ვიზუალურ ენაზე თარგმნის. საბოლოოდ იგი ქმნის მომავლის ბაღის/სკვერის მაკეტს ან ნახატს, რითაც ვიზუალურად გამოხატავს თავის სამოქალაქო პოზიციას.
აღნიშნული მიდგომა უზრუნველყოფს მოსწავლის მიერ იმის გააზრებას, რომ საზოგადოება და გარემო ურთიერთდამოკიდებული სისტემებია. ლოკალურ დონეზე განხორციელებული ნებისმიერი პოზიტიური ქმედება მაგალითად, გამწვანების აქცია არის სამოქალაქო მონაწილეობის რეალური პრაქტიკა, რომელიც მიმართულია გლობალური გარემოსდაცვითი შედეგებისკენ.
იმისათვის, რომ მთლიანობითი-ჰოლისტური სწავლების პროცესი იყოს ეფექტური, იგი უნდა ეყრდნობოდეს შემდეგ პრინციპებს:
ჰოლისტურობა, ანუ მრავალმხრივი ხედვა – დაანახეთ მოსწავლეებს კავშირი ბუნებასა და საზოგადოებას შორის. დასვით კითხვა – როგორ შეცვალა ტყემ სოფლის ცხოვრება (ეკონომიკური, სოციალური და ემოციური ასპექტები)? აქ ბავშვებს უნდა დავანახოთ, რომ ბუნება ადამიანს ფიზიკურ გადარჩენაში ეხმარება. როგორ ფიქრობთ, მას შემდეგ, რაც ბუფიეს ტყე გაიზარდა და წყალი დაბრუნდა, რატომ დაიწყეს ადამიანებმა სოფელში დაბრუნება? რის გაკეთება შეძლეს მათ, რაც მანამდე, უდაბნოში შეუძლებელი იყო? მაგ: ბაღების გაშენება, საქონლის მოშენება, მოსავლის გაყიდვა. ტყე ნიშნავს შემოსავალსა და საკვებს. სწორედ ამით მარტივად გაცოცხლდება ეკონომიკური ასპექტები.
შემდეგ ბავშვებს ვუხსნით, რომ ჯანსაღი გარემო ადამიანებს შორის ურთიერთობებს აუმჯობესებს. როცა სოფელი უდაბნო იყო, ადამიანები გარბოდნენ. როცა ტყე გაჩნდა, ხალხმა ერთად დაიწყო დღესასწაულების აღნიშვნა. რატომ და როგორ აერთიანებს მწვანე გარემო ადამიანებს? სადაც ბუნება ცოცხლობს, იქ საზოგადოებაც ბედნიერია. აქ უკვე სოციალური ასპექტი ცოცხლდება.
განსაკუთრებით სენსიტიურია ემოციური ასპექტი – ესაა სწორედ ბავშვის შინაგანი განცდა. მოსწავლეებს ვუსვამთ კითხვებს – როგორ გრძნობთ თავს, როცა მზისგან გადამწვარ, მტვრიან ქუჩაზე დგახართ? როგორ იცვლება თქვენი გუნება-განწყობა, როცა ხის ჩრდილში, ჩიტების ჭიკჭიკს უსმენთ? რას გრძნობდა ბუფიე, როცა თავის გაზრდილ ტყეს უყურებდა? ბუნება გვაძლევს სიმშვიდეს, სიხარულსა და იმედს, რომ ჩვენს შრომას აზრი აქვს. როდესაც ამ სამი კუთხით ვსვამთ კითხვას, მოსწავლე ხვდება, რომ ტყე-ნიადაგი-წყალი – ეს ყველაფერი არის სიცოცხლე.
ეს არის ჰოლისტურობა პრაქტიკაში. მისი აქტუალურობა ის გახლავთ, რომ თანამედროვე სამყაროში იზოლირებული, მშრალი ფაქტების სწავლებამ აზრი დაკარგა. ინფორმაცია ყველასთვის ხელმისაწვდომია. ჩვენი მიზანია, მოსწავლეს ვასწავლოთ არა ცალკეული საგნობრივი საკითხები, არამედ ცხოვრების წესი და მდგრადი აზროვნება, როდესაც ბავშვი ხედავს კავშირს ბუნებას, ეკონომიკასა და სოციალურ კეთილდღეობას შორის, ის იძენს არა უბრალოდ ქულისთვის საჭირო ცოდნას, არამედ რეალურ ცხოვრებაში გადასარჩენად და სამოქალაქო თანაცხოვრებისთვის აუცილებელ, სასიცოცხლო უნარებსა და კომპეტენციებს.
რეკომენდაციები მასწავლებელს ინტეგრირებული სწავლების გასააქტიურებლად:
| პრინციპი | რეკომენდაცია
რა გავაკეთოთ? |
პრაქტიკული მაგალითი / კითხვა |
| ავთენტურობა
გაკვეთილი ფანჯრიდან
|
პრობლემა დაუკავშირეთ მოსწავლის ყოველდღიურობას. | გლობალური მასშტაბის თემები მაგალითად, ამაზონის ტყეები დაუკავშირეთ ადგილობრივ კონტექსტს. დასვით კითხვა: რა სჭირდება ჩვენი სკოლის ეზოს? |
| ღია კითხვები | დასვით კითხვები, რომელთა ირგვლივაც მოსწავლეები იმსჯელებენ. | როგორ შეძლო ერთმა ადამიანმა უდაბნოს ტყედ გადაქცევა?
ან რა მოხდება, თუ ჩვენს ეზოში ხეებს არ დავრგავთ? |
| სწავლა შემთხვევის ადგილზე
|
ჩაატარეთ გაკვეთილი გარეთ, სადაც სასწავლო მოვლენა რეალურად არსებობს. | ეკოსისტემის სწავლა სკოლის ეზოში უფრო ეფექტურია, ვიდრე წიგნში.
(რატომ ეკოსისტემა? იგი მოიცავს ნიადაგსაც, რომელსაც ბავშვები იკვლევენ; იგი მოიცავს ტყესაც; იგი მოიცავს ადამიანსაც როგორც ამ სისტემის ნაწილს). |
| კვლევასა და აღმოჩენებზე დაფუძნებული სწავლება
გამოცდილებით სწავლება
|
წაახალისეთ მოსწავლეების ცნობისმოყვარეობა, რათა პასუხები სახელმძღვანელოში კი არ ამოიკითხონ, არამედ ეზოში უშუალო დაკვირვებითა და მსჯელობით თავად აღმოაჩინონ. | გაკვეთილი დაიწყეთ კითხვით:
დადექით ჯერ მზისგულზე, შემდეგ კი ეზოს ხის ჩრდილში და შეადარეთ შეგრძნებები. როგორ ფიქრობთ, რატომ არის ხის ჩრდილში მეტი სიგრილე, ვიდრე ხელოვნური ქოლგის ქვეშ? როგორ ფიქრობთ, შეიცვლებოდა თუ არა ჩვენი სკოლის ეზოში ჰაერი, აქ 100 ხე რომ გვქონდეს? მიმოიხედეთ გარშემო რატომ გვესმის ჩიტების ჭიკჭიკი და მწერების ბზუილი მხოლოდ იქ, სადაც ხეები და ბუჩქებია? |
| კონსტრუქტივიზმი პრაქტიკაში | მიეცით მოსწავლეებს შესაძლებლობა ცოდნა თავად, პრაქტიკული კვლევით შექმნან.
|
მოსწავლეები ირგებენ ლანდშაფტის ეკოდიზაინერების როლს. ჯგუფებში მუშაობისას ისინი ჯერ ათვალიერებენ სკოლის ეზოს, ზომავენ სივრცეს, აკვირდებიან მზისა და ჩრდილის მხარეებს და შემდეგ ერთად გეგმავენ და ქმნიან ეზოს გამწვანების მაკეტს ან ეზოს ლანდშაფტურ ესკიზს. ზუსტად სად და რა ტიპის მცენარეები ხეები, ყვავილები, ბუჩქები უნდა დაირგოს ეზოში, რათა დაზიანებული ეკოსისტემა აღდგეს; ü როგორ შექმნან იდეალური გარემო იმისთვის, რომ სკოლის ეზოში ჩიტები და სასარგებლო მწერები დაბრუნდნენ. |
საგნების ინტეგრაცია სამყაროს მთლიანობითი აღქმის მოდელით გვაძლევს საშუალებას, აღვზარდოთ არა მხოლოდ ინფორმირებული მოსწავლე, არამედ აქტიური მოქალაქე, რომელსაც აქვს უნარი და სურვილი, საკუთარი ცოდნა გარემოს გასაუმჯობესებლად გამოიყენოს, როდესაც მოსწავლე ელზეარ ბუფიეს მსგავსად იკვლევს ლოკალურ გარემოს და ცდილობს მის გაჯანსაღებას, ის ხვდება, რომ გარემოს გაუმჯობესება არა მხოლოდ სახელმწიფო ინსტიტუციების, არამედ თითოეული მოქალაქის ვალია.
რეალურ მოვლენებზე დაკვირვებისას, მაგ. ტყის გაჩეხა, მოსწავლე აანალიზებს გადაწყვეტილების მიღების პროცესს. ის სწავლობს, რომ პასუხისმგებლობა გარემოზე არის კოლექტიურიც და ინდივიდუალურიც. მოსწავლე აცნობიერებს საკუთარ როლს საერთო კეთილდღეობის შექმნაში, რაც დემოკრატიული საზოგადოების საფუძველია.
ჯანსაღი გარემო ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. ინტეგრირებული მეთოდით სწავლებისას მოსწავლე ხედავს კავშირს ეკოსისტემასა და ადამიანის ღირსეულ ცხოვრებას შორის. ბუნებაზე ზრუნვა აქ აღქმულია, როგორც სხვისი უფლებების დაცვა სუფთა ჰაერზე, წყალსა და ჯანსაღ მომავალზე. აღნიშნული მეთოდი პირდაპირ ეხმიანება გლობალური მოქალაქეობის კონცეფციას, სადაც ლოკალური პრობლემის გადაჭრა აღქმულია, როგორც წვლილი პლანეტარულ კეთილდღეობაში.
ამ ტიპის სწავლებას აქვს მსგავსება პროექტზე დაფუძნებულ სწავლებასთან, პრობლემაზე დაფუძნებულ სწავლებასთან და კვლევაზე დაფუძნებულ სწავლებასთან. თუმცა, მთავარი განსხვავება ისაა, რომ სამყაროს მთლიანობითი აღქმის მიდგომას ყოველთვის აქვს გლობალური კონტექსტი და ინტერდისციპლინარული მიდგომა. ეს ნიშნავს, რომ თემა უნდა იყოს რეალური სამყაროს საკითხი ან ფენომენი და მოსწავლეებმა უნდა გამოიყენონ სხვადასხვა პერსპექტივები თემის შესასწავლად.
სწორედ ამიტომაც არის დაწყებითი საფეხურის V-VI კლასის მოსწავლეებისთვის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ნაწარმოები ჟან ჟიონოს „კაცი, რომელიც ხეებს რგავდა“. მოთხრობა/ანიმაცია ერთ ადამიანზე, რომელმაც უდაბნო ტყედ აქცია, იდეალურია ინტეგრირებული სწავლების ამ მოდელისთვის, რადგან გვიჩვენებს, როგორ შეუძლია ერთ მოქალაქეს შეცვალოს მთელი ეკოსისტემა.
ფორმალური განათლების ფარგლებში მიღებული თეორიული ცოდნა და არაფორმალური გზით შეძენილი ღირებულებები (ზრუნვა, სამოქალაქო პასუხისმგებლობა, სოლიდარობა) ერთიანდება ერთიან კომპეტენციაში. მოსწავლე აცნობიერებს, რომ მისი დარგული ერთი ნერგი სკოლის ეზოში არის პატარა, მაგრამ მძლავრი ნაბიჯი კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლაში. ეს არის გზა ლოკალური ინიციატივიდან გლობალურ მდგრადობამდე, რაც თანამედროვე განათლების უმთავრეს მისიას წარმოადგენს.
პროექტი პრობლემის მოგვარებაზეა ორიენტირებული, მთლიანობითი მიდგომა კი მოვლენის სიღრმისეულ გაგებაზე.
| მახასიათებლები | პროექტული სწავლება PBL | სამყაროს მთლიანობითი აღქმა |
| ამოსავალი წერტილი | კონკრეტული კითხვა ან პრობლემა, რომელიც გადაჭრას საჭიროებს.
კონკრეტული ამოცანა – როგორ დავრგოთ 100 ნერგი სკოლის ეზოში? |
რეალური სამყაროს მოვლენა, კომპლექსური საკითხი.
(მაგ. კლიმატის ცვლილება, მიგრაცია. სიცოცხლის დაბრუნება უდაბნოში — როგორ ცვლის გარემო ადამიანს და პირიქით).
|
| საგნობრივი საზღვრები | ხშირად ერთი საგნის ფარგლებშია, მაგ: ბიოლოგია და აქცენტია დარგვის ტექნოლოგიაზე. | სავალდებულო ინტერდისციპლინურობა აუქმებს საგნობრივ ბარიერებს.
ერთდროულად ვსწავლობთ შემდეგი სამეცნიერო დისციპლინების საფუძვლებს – ბიოლოგია, ისტორია, ხელოვნება და მოქალაქეობა. |
| სასწავლო პროცესი | ორიენტირებულია კონკრეტული პროდუქტის შექმნაზე,
მაგალითად, გამწვანებული კუთხე ან მოხსენება დარგვის მეთოდებზე. |
ორიენტირებულია მოვლენის ჰოლისტურ, მრავალმხრივ შემეცნებაზე.
(როგორ არის გადაჯაჭვული წყალი, ხე, ადამიანი და სოფლის ეკონომიკა). ორიენტირებულია მოვლენის ჰოლისტურ, მრავალმხრივ შემეცნებაზე. |
| კონტექსტი | შეიძლება იყოს ჰიპოთეზური ან აკადემიური.
მოსწავლეებმა შექმნან გეგმა ფურცელზე, რომელიც შეიძლება არ განხორციელდეს. |
ავთენტურობა და კონტექსტუალურობა ყოველთვის ეხება რეალურ დროსა და სივრცეს.
ეზოში გასვლა იქცევა კვლევად, ნიადაგის ხელით შეხება და თემის პრობლემის კვლევა. |
ეს მიდგომა ამსხვრევს მითს, რომ „მე პატარა ვარ და ვერაფერს შევცვლი“. ბუფიეს ისტორია ამტკიცებს, რომ ერთი ადამიანის თანმიმდევრულობას რევოლუციური ცვლილება მოაქვს. ეს პირდაპირ აისახება ბავშვის თვითშეფასებაზე. სკოლის ეზოში ყვავილის დარგვა ან თემის დასუფთავების აქციის ინიციირება მისთვის აღარ არის ვალდებულება, არამედ საკუთარი ძალის დემონსტრირება. ის სწავლობს ლოდინს, რომ შედეგი მყისიერად არ ჩნდება და მნიშვნელოვანია ყოველდღიური მცირე ნაბიჯები.
სამყაროს მთლიანობითი აღქმის პრინციპით სწავლება ხელს უწყობს მოსწავლის ღირებულებითი სისტემის ჩამოყალიბებას. ეს მიდგომა მოსწავლეებს უბიძგებს, სამყაროს მხოლოდ პირადი ინტერესებიდან გამომდინარე კი არ შეხედონ, არამედ იზრუნონ მთელ ცოცხალ გარემოზე. ეს არის გზა აქტიური მოქალაქეობისკენ, სადაც ბავშვი აცნობიერებს საკუთარ პასუხისმგებლობას მდგრადი განვითარებისა და საერთო სამოქალაქო კეთილდღეობის წინაშე.
გამოყენებული ლიტერატურა:
- ეროვნული სასწავლო გეგმა (2018-2024) დაწყებითი საფეხური (V-VI კლასები ბუნებისმეტყველება). საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო.
- ჟიონო, ჟ. (2018). კაცი, რომელიც ხეებს რგავდა (ლ. ასათიანი, მთარგმნ.). ბ.სულაკაურის გამომცემლობა.
- სტატიები განათლების საკითხებზე. 2024, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი.
- Savin-Baden, M. (2014). Using problem-based learning in diverse educational contexts. Interdisciplinary Journal of Problem-Based Learning, 8(1), 5–19. https://doi.org/10.7771/1541-5015.1438
- Valanne, J., Al Dhaheri, H., King, R., & Sahlberg, P. (2022). Phenomenon-based learning in action: Case studies from Finnish and international schools. International Journal of Educational Research, 112, 101–115. https://doi.org/10.1016/j.ijer.2022.101931


