„ეს წიგნი მე თვითონ წავიკითხე!“
ვფიქრობ, ყველა მასწავლებლისთვის განსაკუთრებულია ის მომენტი, როდესაც მოსწავლე ამ სიტყვებს სიამაყით ამბობს. სწორედ ამიტომ, როდესაც მეოთხე კლასში კლასგარეშე კითხვის პროექტის დაგეგმვა დავიწყე, მთავარი კითხვა იყო: როგორი უნდა იყოს პირველი წიგნი, რომელიც ბავშვებს ინგლისურენოვანი ლიტერატურის სამყაროში შეიყვანს?
ჩემი არჩევანი „სულაკაურის გამომცემლობის“ ადაპტირებულ გამოცემაზე – „Alice’s adventures in Wonderland“ – შეჩერდა. წიგნი მარტივი ენითაა დაწერილი, აქვს მოკლე თავები და ილუსტრაციები, რაც ტექსტს პატარა მკითხველისთვის უფრო ხელმისაწვდომსა და საინტერესოს ხდის.
ასე დაიწყო პროექტი „ვკითხულობთ სულაკაურის გამომცემლობასთან ერთად“, რომელიც 2025-26 სასწავლო წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, თვეში ან ორ თვეში ერთხელ თითო საგაკვეთილო საათის ფარგლებში.
პირველი შეხვედრა – „ფანტაზიის კარიბჭე“
მინდოდა, ბავშვები ტექსტის კითხვამდე ისეთი შეგრძნებებით განმეწყო, როგორიც ამ წიგნს შეუძლია მოიტანოს, ამიტომ გაკვეთილი მუსიკით დავიწყეთ. მოვასმენინე „Alice in Wonderland“-ის საუნდტრეკი, ვთხოვე თვალები დაეხუჭათ და წარმოედგინათ, როგორ სამყაროში მოგზაურობდნენ.
მუსიკის მოსმენის შემდეგ დაფაზე დავწერე სიტყვა Wonderland და მოსწავლეებს ვკითხე, რა ასოციაციებს იწვევდა მათში ეს სიტყვა. პასუხები მრავალფეროვანი იყო: „ჯადოსნური სამყარო“, „მეკობრეები“, „ჰელოუინი“, „უცნაური არსებები“… მათი იდეების საფუძველზე შევადგინეთ გონებრივი რუკა.
შემდეგ ბავშვებს მხოლოდ წიგნის ყდა ვაჩვენე. ისინი დააკვირდნენ ილუსტრაციას, გამოთქვეს ვარაუდები და სცადეს გამოეცნოთ, რის შესახებ შეიძლებოდა ყოფილიყო წიგნი. მხოლოდ ამის შემდეგ გავაცანი სათაური და ავტორი.
კითხვის დასრულების შემდეგ მოსწავლეებს ვთხოვე, დაეხატათ საკუთარი „საოცრებათა ქვეყნის“ კარიბჭე. მიზანი არა ხატვის ტექნიკის შეფასება, არამედ ფანტაზიის განვითარება იყო. ბავშვებს სრული თავისუფლება მივეცი, თავად გადაეწყვიტათ, როგორი იქნებოდა მათი სამყაროს შესასვლელი.
ტექსტის გაგებიდან ვიზუალურ თხრობამდე
მომდევნო შეხვედრაზე პირველი თავი გავიხსენეთ. ტექსტში ნასწავლი ზედსართავი სახელები მათ ანტონიმებთან დავაკავშირეთ, შემდეგ კი მეორე თავის კითხვა დავიწყეთ.
ამჯერად მოსწავლეებს კონკრეტული დავალება ჰქონდათ: კითხვის პროცესში უნდა ჩაენიშნათ ყველა ცხოველი და ფრინველი, რომელსაც ტექსტში შეხვდებოდნენ. ეს აქტივობა მათ ყურადღებასა და დეტალებზე დაკვირვების უნარს ავითარებდა.
გაკვეთილის ბოლოს ბავშვები ჯგუფებად დავყავი. თითოეულ ჯგუფს წიგნის კონკრეტული ეპიზოდი შეხვდა. მათ უნდა დაეხატათ სცენა, რომელიც წაკითხულ ნაწილს ასახავდა. დაფაზე წინასწარ გავაკეთე რამდენიმე „ფანჯარა“ და ბოლოს ნახატები თანმიმდევრობით განვათავსეთ. შედეგად მივიღეთ წიგნის თავის ვიზუალური ვერსია — ამბავი, რომელიც თავად ბავშვებმა მოგვითხრეს ნახატების საშუალებით.
როცა კლასგარეშე ლიტერატურა და სასკოლო სახელმძღვანელო ერთმანეთს ავსებს…
ერთ-ერთ გაკვეთილზე ტექსტის კითხვა ჩაის თემით დავიწყეთ. მოსწავლეები გაეცნენ ჩაის სხვადასხვა სახეობასა და იმ ტრადიციებს, რომლებიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში არსებობს.
ეს აქტივობა შემთხვევითი არ ყოფილა. იმ პერიოდში სახელმძღვანელოში ვმუშაობდით თემაზე English breakfast with tea. ამიტომ გადავწყვიტე, ეს საკითხი „Alice’ Adventures in Wonderland“-ის ცნობილ ჩაის სუფრასთან დამეკავშირებინა.
ბავშვებმა მოკლე კითხვებზე პასუხებით აჩვენეს, რამდენად კარგად გაიგეს წაკითხული ინფორმაცია, შემდეგ კი წიგნის შესაბამისი თავი წავიკითხეთ.
ამავე გაკვეთილზე დაფაზე განვათავსე ალისას წერილი, რომელიც თითქოს თავის დას მისწერა. წერილში გამოტოვებული იყო ზმნები, ზედსართავი სახელები და პირის ნაცვალსახელები. მოსწავლეებს ტექსტის დახმარებით უნდა შეევსოთ ცარიელი ადგილები. ამ გზით მათ არა მხოლოდ წაკითხული მასალა გაიხსენეს, არამედ წერილის სტრუქტურაც შეისწავლეს.
გაკვეთილი პერსონაჟების დახასიათების თამაშით დასრულდა. თითოეული მოსწავლე აღწერდა ერთ-ერთ გმირს, დანარჩენები კი ცდილობდნენ გამოეცნოთ, ვისზე იყო საუბარი.
დასასრულისკენ
წიგნის ბოლო თავების კითხვისას ბავშვები უკვე თითქმის დამოუკიდებლად მუშაობდნენ. კითხვის პროცესში იწერდნენ მათთვის უცნობ სიტყვებს, შემდეგ კი ამ სიტყვებით ზეპირად აგებდნენ წინადადებებს.
დასკვნით ეტაპზე რეფლექსიას განსაკუთრებული ადგილი დავუთმე. მოსწავლეებმა უპასუხეს სამ შეკითხვას:
- The part I liked was…
- The part I didn’t like was…
- The strangest dream I’ve ever had…
ბოლო შეკითხვა წიგნის ერთ-ერთ მთავარ თემას — სიზმარს — უკავშირდებოდა. პასუხების შემდეგ ბავშვებმა საკუთარი უცნაური სიზმრები დახატეს.
სწორედ ამ აქტივობამ ყველაზე ნათლად აჩვენა, რამდენად პირადად აღიქვეს მათ ტექსტი. ისინი უკვე მხოლოდ მკითხველები კი არა — ტექსტის თანამონაწილეები გახდნენ.
რა მასწავლა ამ პროექტმა?
პროექტის განმავლობაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ ადაპტირებული ლიტერატურა მხოლოდ ენის სწავლების რესურსი არ არის. სწორად შერჩეული წიგნი შეიძლება იქცეს ხიდად ბავშვსა და კითხვას შორის.
„Alice’s Adventures in Wonderland“-ზე მუშაობამ მოსწავლეებს არა მხოლოდ ახალი სიტყვები ასწავლა. მათ განივითარეს წარმოსახვა, ისწავლეს მოსაზრების გამოხატვა, ტექსტის ანალიზი, თანამშრომლობა და საკუთარი გამოცდილების ლიტერატურასთან დაკავშირება.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის იყო, რომ წიგნის დასრულების შემდეგ ბევრმა მოსწავლემ თავად დასვა კითხვა:
„მომავალ წელს რომელი წიგნი წავიკითხო?“
ვფიქრობ, სწორედ ამ კითხვაში ჩანს პროექტის მთავარი შედეგი.





