როდესაც სპორტსმენის წარმატებაზე ვსაუბრობთ, თვალი მხოლოდ ფინალურ სცენებს – თასის აღმართვას, კვარცხლბეკს ან ტრიბუნების ზეიმს – ხედავს. მაგრამ ამ ბრწყინვალე ფასადის მიღმა ყოველთვის იმალება ის „უხილავი გზა“, რომელიც შედეგზე გაცილებით მნიშვნელოვანია. ნამდვილი გამარჯვება სწორედ აქ იბადება: ათასობით უხილავ, დამღლელ ნაბიჯსა და საკუთარ თავთან მუდმივ ბრძოლაში.
შინაგანი მეტოქე – ყველაზე რთული ბარიერი
სპორტში, ისევე როგორც ცხოვრებაში, ადამიანი მუდმივად არჩევანის წინაშე დგას: დანებდეს თუ გზა გააგრძელოს. გამარჯვებულის ხასიათი სწორედ ამ ყოველდღიურ არჩევანში ყალიბდება. ხშირად გვავიწყდება, რომ ყველაზე რთული მეტოქე ჩვენსავე თავში იმალება – ეს არის შიში, სიზარმაცე და ეჭვი. სპორტსმენი, რომელიც ამ შინაგან ბარიერებს გადალახავს, გამარჯვებულია ტაბლოზე ნაჩვენებ შედეგამდე დიდი ხნით ადრე.
ლეგენდარული კალათბურთელი მაიკლ ჯორდანი ამბობდა: „ჩემი კარიერის განმავლობაში 9000-ზე მეტი სროლა ავაცილე. თითქმის 300 თამაში წავაგე. 26-ჯერ მანდეს გადამწყვეტი სროლა და ვერ ჩავაგდე. ცხოვრებაში არაერთხელ დავმარცხდი. სწორედ ამიტომ მივაღწიე წარმატებას“. ამ სიტყვებში ნათლად ჩანს, რომ წარმატების საფუძველი არა მხოლოდ ნიჭი, არამედ მარცხის მიღებისა და მისგან სწავლის უნარია.
სკოლის მოსწავლეებისთვის ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გაკვეთილია. ახალგაზრდობაში გვინდა, წარმატება სწრაფად მოვიდეს, მაგრამ ყოველთვის არ ხდებაასე. სპორტი კი მოთმინებას გვასწავლის. ყოველი ვარჯიში, ყოველი წვეთი ოფლი და ყოველი სირთულე მომავალში დაბანდებული ინვესტიციაა. შესაძლოა, შედეგი დღეს არ ჩანდეს, მაგრამ შრომა არ იკარგება. ის გვცვლის, გვაძლიერებს და გვამზადებს იმ მომენტისთვის, როდესაც შესაძლებლობა კარზე მოგვიკაკუნებს.
ლეგენდარული მოკრივე მუჰამედ ალი ამბობდა: „ვარჯიშის ყოველი წუთი მძულდა, მაგრამ საკუთარ თავს ვეუბნებოდი: არ დანებდე. იტანჯე ახლა, რომ მერე მთელი ცხოვრება ჩემპიონივით იცხოვრო“. ეს სიტყვები არ გულისხმობს მხოლოდ სპორტულ წარმატებას. ისინი გვახსენებენ, რომ დროებითი სირთულეები ხშირად დიდი მიზნების აუცილებელი საფასურია. ფილოსოფოსები საუკუნეების განმავლობაში მსჯელობდნენ ადამიანის შესაძლებლობებზე. მათი აზრით, ადამიანი სწორედ გამოწვევების დაძლევის პროცესში ავლენს თავის ნამდვილ ბუნებას.
სპორტი ამ თეზის ცოცხალი მაგალითია. როდესაც სპორტსმენი, მიუხედავად დაღლილობისა, აგრძელებს ვარჯიშს, როდესაც მარცხის შემდეგ კვლავ მოედანზე ბრუნდება, ის არა მხოლოდ ფიზიკურ ძალას, არამედ შინაგან სიმტკიცესაც ივითარებს. ასეთ დროს გამარჯვება უკვე შედეგზე მეტია – ის ადამიანის ხასიათის ნაწილია.
ცნობილი ჩოგბურთელი რაფაელ ნადალი ხშირად აღნიშნავდა, რომ წარმატების საიდუმლო ყოველდღიურ დისციპლინასა და შრომაშია. მისი კარიერა გვიჩვენებს, რომ ყველაზე დიდი ჩემპიონებიც კი გამუდმებით მუშაობენ საკუთარ თავზე. მათ არ ჰგონიათ, რომ უკვე მიაღწიეს სრულყოფილებას; პირიქით, ისინი ყოველდღე ცდილობენ, უკეთესები გახდნენ. სპორტსმენის გზა იშვიათად არის სწორი და ადვილი. მასზე გვხვდება ტრავმები, იმედგაცრუება, წარუმატებელი გამოსვლები და რთული პერიოდები. მაგრამ სწორედ ეს სირთულეები სძენს გამარჯვებას ნამდვილ ღირებულებას. წარმატება ადვილი მოსაპოვებელი რომ ყოფილიყო, ის ადამიანისთვის ასეთ დიდ მნიშვნელობას ვერ შეიძენდა. გამარჯვების სილამაზე სწორედ იმ ძალისხმევაშია, რომელიც მის მოპოვებას სჭირდება.
უსეინ ბოლტმა ერთხელ თქვა: „ოთხი წელი ვვარჯიშობდი ცხრა წამისთვის, მაგრამ ადამიანები ამბობენ, რომ წარმატება ერთ ღამეში მოვიდა“. ეს სიტყვები შეგვახსენებს, რომ საზოგადოება ხშირად მხოლოდ შედეგს ხედავს, მაშინ როცა ნამდვილი ისტორია შრომაში, მოთმინებასა და თავდადებაში იმალება. მოსწავლეებისთვის გამარჯვების მნიშვნელობა მხოლოდ მედლებითა და თასებით არ უნდა განისაზღვროს.
გამარჯვებაა, როდესაც მოსწავლე საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმუმს ავლენს; როდესაც პასუხისმგებლობას იღებს საკუთარ მიზნებზე; როდესაც პატივს სცემს თანაგუნდელებს, მეტოქეებსა და მწვრთნელებს; როდესაც მარცხის შემდეგაც ინარჩუნებს ღირსებას და ბრძოლის სურვილს. ასეთი თვისებები ადამიანს არა მხოლოდ კარგ სპორტსმენად, არამედ ღირსეულ მოქალაქედაც აყალიბებს.
საბოლოოდ, გამარჯვება არ არის მომენტი, რომელიც შემთხვევით მოდის. ის არის პროცესი, რომელიც ყოველდღიური შრომით, დისციპლინით, მოთმინებითა და რწმენით იქმნება. სწორედ ამიტომ ნამდვილი ჩემპიონი ის კი არ არის, ვინც მხოლოდ ფინალში იმარჯვებს, არამედ ის, ვინც ყოველ დილით იღვიძებს და საკუთარი ოცნებისკენ კიდევ ერთ ნაბიჯს დგამს. გამარჯვებას არ უნდა ველოდოთ, გამარჯვება უნდა შევქმნათ – ყოველდღიურად, ნაბიჯ-ნაბიჯ, შრომით, რადგან სწორედ ამ გზაზე იბადება არა მხოლოდ ჩემპიონი, არამედ ძლიერი და ღირსეული ადამიანი.


