თანამედროვე სამყაროს მოსწავლეებისთვის მნიშვნელოვანია, არა მხოლოდ ცოდნის დაგროვება, არამედ იმ უნარ-ჩვევების დაუფლება და განვითარება, რომლებიც მას მთელი ცხოვრება კონკურენტუნარიანსა და წარმატებულს გახდის. სწორედ ამ კონტექსტის გათვალისწინებითაა საინტერესო და მნიშვნელოვანი კვლევაზე დაფუძნებული სწავლება. ეს არის კომპლექსური მიდგომა, რომელიც მოსწავლეს პასიური მსმენელიდან აქტიურ მკვლევრად გადააქცევს.
ფსიქოლოგიაში პრობლემის გადაჭრის პროცესებს ეტაპების საშუალებით აღწერენ, რომელთა რაოდენობას განსაზღვრავს პრობლემის ტიპი და პრობლემის გადამჭრელი მოსწავლის უნარები. მოსწავლემ უნდა შეძლოს:
- პრობლემის გადაჭრის შესაძლო გზების შეფასება სხვადასხვა პერსპექტივიდან;
- თითოეულ სტრატეგიასთან დაკავშირებული რისკების განსაზღვრა;
- უფრო რეალური და მისაღები სტრატეგიების შერჩევა;
- შერჩეული სტრატეგიის დამაჯერებლობის დასაბუთება.
დაბოლოს მოსწავლე აფასებს საკუთარ თავს – თვითშეფასება არის მოსწავლის არსებითი უნარ-ჩვევა, რომელიც მას ეხმარება ეფექტიან, დამოუკიდებელ სწავლაში.
სამეცნიერო უნარების განვითარება მოსწავლეებში დღეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. რადგან ციფრულ ეპოქაში, ინფორმაციის ნაკადი უსასრულოა. სოციალური ქსელები და მედია სავსეა დამახინჯებული სტატისტიკითა და ტენდენციური მონაცემებით. სამეცნიერო უნარების მქონე მოსწავლე ბრმად არ იჯერებს მას. მას უჩნდება ეჭვი, ვინ შეაგროვა ეს მონაცემები, რამდენად სანდოა ის? არის თუ არა შერჩევა რეპრეზენტაციული?
სამეცნიერო უნარები ადამიანს ყოფით ცხოვრებაში ეხმარება, იქნება ეს ბანკის სესხის პირობების შედარება, სამედიცინო კვლევების შედეგების გაგება, თუ ბიზნესის დაწყებისას რისკების გათვლა. მოსწავლე სწავლობს მონაცემების შეგროვებას, ალტერნატივების აწონ-დაწონას და ფაქტებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მიღებას. ეს არის კრიტიკული აზროვნების საფუძველი.
ტრადიციული განათლება, რომელიც ფაქტების დამახსოვრებაზე იყო დაფუძნებული, დღეს აღარ მუშაობს – მოსწავლეს სჭირდება არა ინფორმაციის ფლობა, არამედ მისი გადამუშავების უნარი. დღეს ყველაზე მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი სფეროები (ტექნოლოგიები, მონაცემთა მეცნიერება, ეკონომიკა, მედიცინა) მოითხოვს კვლევით და ანალიტიკურ უნარებს. სკოლაში მიღებული გამოცდილება მოსწავლეს მომავალი კარიერისთვის კონკურენტუნარიანს ხდის. სამეცნიერო მიდგომა ასწავლის, რომ მცდარი ჰიპოთეზა ან არასწორი დასკვნა ტრაგედია კი არ არის, კვლევის ბუნებრივი ნაწილია. ეს ავითარებს მოსწავლეში მდგრადობას, თვითრეფლექსიასა და კვლევის ხელახლა, უკეთესი მეთოდით დაწყების სურვილს.
სტატიაში წარმოდგენილია კონკრეტული სასწავლო-კვლევითი პროექტის დაგეგმვის მეთოდოლოგია და პრაქტიკული ქეისი. ნაჩვენებია, როგორ სწავლობენ მოსწავლეები მონაცემთა შეგროვებას, ჰიპოთეზების შემოწმებას, ცდომილებების იდენტიფიცირებას, ტენდენციური დასკვნების თავიდან არიდებას. სტატიაში შემოთავაზებული მეთოდოლოგიური ჩარჩო და პრაქტიკული რეკომენდაციები დაეხმარება პედაგოგებს კვლევის ეფექტურად დაგეგმვასა და განხორციელებაში:
- პრობლემის ფორმულირება;
- ლიტერატურის მიმოხილვა;
- მონაცემთა შეგროვების მეთოდები (ტრიანგულაცია);
- ინტერვენციის დაგეგმვა;
- ანალიზი და ეთიკა.
ყველაზე მთავარი სასწავლო კვლევის დაგეგმვისას არის კონკრეტული, რეალური და გაზომვადი პრობლემის სწორად იდენტიფიცირება. კვლევა არ უნდა ემსახურებოდეს ზოგად თეორიებს. ის მორგებული უნდა იყოს მოსწავლეთა საჭიროებებზე და მიმართული უნდა იყოს არსებული მკაფიო გამოწვევების გადაჭრისკენ. ამ დროს წახალისებულია მოსწავლის აქტიური აზროვნება (კრიტიკული აზროვნება, პრობლემის გადაჭრა). საბაზისო ფაქტები, ტერმინები და ინფორმაცია მოსწავლეს უბიძგებს ფიქრისკენ. ის აუცილებელია ანალიტიკური აზროვნების განვითარებისთვის.
გიზიარებთ ჩემი მოსწავლეების მიერ განხორციელებულ სასწავლო კვლევას. პროცესმა აჩვენა, როგორ არის შესაძლებელი კანონზომიერებების აღმოჩენა და პრობლემის გადაჭრის გზების დასახვა.
კლასი – IX
საგანი – მათემატიკა
სათაური – „წინადადების სიგრძე“
ხანგრძლივობა – ორი თვე
პრობლემის შინაარსი და აქტუალურობა: მოსწავლეებს უჭირთ გააზრება, რამდენად მნიშვნელოვანია დასკვნების მართებულებისთვის მონაცემთა შეგროვების შესაფერისი საშუალებების გამოყენება, ყოფითი სიტუაციის დამახასიათებელი მონაცემების შეგროვებისთვის საჭირო შესაბამისი მეთოდების შერჩევა.
ცხოვრების დღევანდელ რთულ გარემოში, ადამიანი, მისი ინტელექტი თუ ცოდნა უძლურია, თავი მოუყაროს ერთად ყველა საჭირო ინფორმაციას და მასზე დაყრდნობით მიიღოს ოპტიმალური გადაწყვეტილება. სტატისტიკურ მონაცემთა დამუშავების მეთოდების ცოდნა და მისი პროგრამული უზრუნველყოფა, აუცილებელია მონაცემთა დამუშავების, ანალიზისა და სინთეზის ამოცანებში, რაც უფრო ადრეული ასაკიდან დაეუფლებიან მას მოსწავლეები, მით უფრო მარტივად გადაწყვეტენ პრობლემას, რადგანაც „აზროვნება კი არ მოსდევს ცოდნას, არამედ ცოდნა მოსდევს აზროვნებას“.
მიზანი: ცოდნის გამოყენება და დაკავშირება ცხოვრებაში მიმდინარე პროცესებთან და სხვა სასწავლო დისციპლინებთან. კრიტიკული აზროვნების განვითარება.
ამოცანები: მოსწავლეები მოიპოვებენ დასმული ამოცანის ამოსახსნელად თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს;
თვისებრივ და რაოდენობრივ მონაცემებს წარმოადგენენ სხვადასხვა ხერხით და გააკეთებენ ანალიზს ამოცანის კონტექსტის გათვალისწინებით;
მონაცემებს მოაწესრიგებენ და წარმოადგენენ დასმული ამოცანის ამოსახსნელად ხელსაყრელი ფორმით.
რისკები: მოსწავლეთა დაბალი ინტერესი პროექტის აქტივობებში ჩართვასთან დაკავშირებით
მისაღწევი შედეგები: სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე შეძლებენ გამოთქვან ვარაუდი ტექსტის აღქმასა და წინადადებებს შორის კავშირის შესახებ.
პრობლემის გადასაჭრელად აუცილებელია: მონაცემების მოპოვება, მოწესრიგება და წარმოდგენა ხელსაყრელი ფორმით.
აქტივობა 1: პროექტის იდეის გაცნობა.
მიზანი: საკითხის შესახებ მონაცემების შეგროვება და შესაბამისი ფორმით წარმოდგენა გვეხმარება განსახილველი საკითხის შესახებ სწორი დასკვნების გამოტანაში. ჰისტოგრამის საშუალებით სწრაფად და თვალსაჩინოდ აღიქმება მონაცემების განაწილების კანონზომიერება.
გამოვიყენოთ თეორიული ცოდნა და შევისწავლოთ ისეთი აქტუალური პრობლემა, როგორიცაა – ტექსტის აღქმასა და გააზრებასთან დაკავშირებული სირთულეები.
ყველა არგუმენტს აქვს თავისი კონტრარგუმენტი. არგუმენტაციის ჩამოყალიბებას მტკიცება და დეკლარირება სჭირდება.
აქტივობა 2: მოსწავლეებთან ერთად სამუშაო გეგმის შედგენა და დავალებების განაწილება
ჯგუფი I. სამი ქართველი მწერლის, მაგალითად, დავით გურამიშვილის, მიხეილ ჯავახიშვილისა და კონსტანტინე გამსახურდიას თითო ნაწარმოებიდან თითო ტექსტით შეძლებისდაგვარად თანაბრად დატვირთული ფურცლის შედგენა. ყოველი მათგანისთვის ამ გვერდებზე წინადადებების სიგრძეების სიხშირეთა ცხრილების აგება
ჯგუფი II. ანალოგიური ცხრილების შედგენა სამი სასკოლო სახელმძღვანელოდან შერჩეული თითო გვერდის მიხედვით
ჯგუფი III. ინტერვალებად დაყოფის საკუთარი ხერხის შერჩევა და წინადადებების სიგრძეთა სიხშირეების ცხრილების შედგენა. შესაბამისი ჰისტოგრამების აგება
აქტივობა 3: კვლევის დაგეგმვა და განხორციელება. კონტექსტური კითხვების გამოყენებით დაგეგმეთ კვლევა:
- რას გვიჩვენებს აღნიშნული მაჩვენებლების მიხედვით ტექსტების შედარება?
- ხომ არ არის დაკავშირებული ეს მაჩვენებლები ტექსტის აღქმის საკითხთან?
- რა განსხვავებაა ქართველ მწერალთა ნაწარმოებებსა და სასკოლო სახელმძღვანელოებს შორის აღნიშნული მიმართებით?
- რა დასკვნის გაკეთება შეიძლება?
მიზანი: სოკრატული მეთოდის გამოყენება, დამეხმარება, რომ მოსწავლეები თავად მივიდნენ პრობლემის გადაწყვეტამდე, წავახალისო მათი აზროვნება.
ამ დროს მოსწავლეები თავისუფლად გამოთქვამენ საკუთარ მოსაზრებებს, აანალიზებენ ერთმანეთის არგუმენტებს, სხვადასხვა ელემენტებისგან ქმნიან ახალ სტრუქტურას. ვითარდება კრიტიკული და შემოქმედებითი აზროვნება.
აქტივობა 4: პროექტის პრეზენტაცია
მიზანი: კვლევის შეჯამება. საჯარო გამოსვლის უნარის განვითარება
აქტივობა 5: WEB-გვერდის შექმნა, სტატიების წერა და ნაშრომის გამოქვეყნება:
მიზანი: კვლევის შედეგების ხელმისაწვდომობა საკითხითდდაინტერესებული ნებისმიერი პირისთვის.
აღნიშნული კვლევა გზამკვლევი იქნება ყველა ასაკის მოსწავლეებისთვის და დაეხმარება მათ სამეცნიერო უნარების ჩამოყალიბებაში.
საბოლოოდ შეიძლება დავასკვნათ, რომ კვლევაზე დაფუძნებული სასწავლო გარემო ხელს უწყობს არა მხოლოდ საგნობრივი კომპეტენციების სიღრმისეულ ათვისებას, არამედ აყალიბებს 21-ე საუკუნის მოქალაქისთვის აუცილებელ კრიტიკულ, ანალიტიკურ და შემოქმედებით აზროვნებას. კვლევის პროცესში მიღებული გამოცდილება ავითარებს პრობლემის დამოუკიდებლად გადაჭრის, არგუმენტირებული მსჯელობისა და გუნდური მუშაობის უნარებს, რაც წინაპირობაა თანამედროვე გლობალურ, დინამიკურ სამყაროში თვითრეალიზაციისთვის. ტექნოლოგიური პროგრესის ფონზე, სადაც ბევრი ტრადიციული პროფესია ქრება, სწორედ კვლევაზე დაფუძნებული აზროვნება ანიჭებს ახალგაზრდებს უნივერსალურ მოქნილობას, რათა უპასუხონ მომავალი შრომის ბაზრის არაპროგნოზირებად გამოწვევებს.
მოსწავლეთა ნაშრომის სრული ვერსია:
https://9akiasi52.blogspot.com/2023/05/blog-post.html
გამოყენებული ელექტრონული რესურსები:
- https://library.iliauni.edu.ge/wp-content/uploads/2017/03/kvlevismetodebisociologiurmecnierebebshi.pdf
- https://iset-pi.ge/storage/media/other/2024-03-13/a6bfbc50-e106-11ee-9fd9-e5ddb0d5ee9c.pdf


