ადრეული ბავშვობა ადამიანის განვითარების ის გადამწყვეტი ეტაპია, როდესაც საფუძველი ეყრება კოგნიტიურ, სოციალურ და ემოციურ უნარებს. თანამედროვე პედაგოგიკა აღიარებს, რომ სწავლა ემოციების, მოტივაციისა და შემეცნების დინამიკური ურთიერთქმედების შედეგია, სადაც ემოციური მდგომარეობა განსაზღვრავს ინფორმაციის გადამუშავების ეფექტურობას.
რა არის ემოციური რეგულაცია და რატომ არის ის პრიორიტეტული?
ემოციური რეგულაცია არის ბავშვის უნარი, ამოიცნოს საკუთარი ემოციები, მართოს მათი ინტენსივობა და აირჩიოს გარემოსთვის შესაფერისი ქცევა. კვლევები ადასტურებს, რომ ეს უნარი კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორც სოციალური ურთიერთობებისთვის, ასევე მომავალი აკადემიური წარმატებისთვის. ბავშვები, რომლებიც უკეთესად არეგულირებენ საკუთარ ქცევას, უფრო პროსოციალური არიან და თანატოლებს შორის პოპულარობით სარგებლობენ.
3-დან 6 წლამდე ასაკში ბავშვის თვითრეგულაციის უნარი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია, ამიტომ იგი დიდწილად დამოკიდებულია უფროსის მხარდაჭერაზე, რასაც კო-რეგულაცია ეწოდება. ბავშვები ემოციების მართვას უფროსებზე დაკვირვებით სწავლობენ. აღმზრდელ-პედაგოგის ქცევა, ემოციების გამოხატვის ფორმა და კომუნიკაციის სტილი ბავშვისთვის სოციალური ქცევის მოდელად იქცევა და ბავშვიც თანდათან ითვისებს მსგავს ქცევით მოდელებს. მაგალითად, უფროსისგან ასეთი ფრაზის მოსმენა – „ახლა ცოტა გავბრაზდი, ამიტომ რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა მჭირდება“ – ბავშვს აჩვენებს, რომ ძლიერი ემოციების მართვა შესაძლებელია.
მნიშვნელოვანია სოციალური უნარების განვითარება თამაშით ისწავლებოდეს. თამაში სკოლამდელი ასაკის ბავშვის წამყვანი ქცევაა. სოციალური კომპეტენციების გასავითარებლად რეკომენდებულია შემდეგი თამაშები:
- თამაში „იპოვე ემოცია“: მასწავლებელი აღწერს სიტუაციას (მაგ: „გატყდა შენი საყვარელი სათამაშო“), ბავშვები კი ირჩევენ შესაბამის ბარათს;
- სარკის თამაში: ბავშვები წყვილებში იმეორებენ ერთმანეთის სახის გამომეტყველებას, რაც ემპათიის განვითარებას უწყობს ხელს;
- როლური თამაშები: პერსონაჟების ემოციების განსახიერება ეხმარება ბავშვს სხვისი პერსპექტივის გაგებაში.
მნიშვნელოვანია აღმზრდელ-პედაგოგებმა გამოიყენონ პრაქტიკული სტრატეგიები და ტექნიკები ბავშვებში ბრაზის მართვისა და თვითრეგულაციის უნარების გასავითარებლად. გთავაზობთ პრაქტიკულ სტრატეგიებს ბრაზის მართვისა და თვითრეგულაციისთვის:
- ემოციის სახელდება („მე ვხედავ, რომ…“): როდესაც ბავშვი აღელვებულია, მასწავლებელი უნდა შეეცადოს მისი მდგომარეობის ვერბალიზებას. მაგალითად: „ვხედავ, რომ გაბრაზებული ხარ, რადგან სათამაშო წაგართვეს“. ეს ზრდის თვითცნობიერებას, რის შედეგადაც ვტომატურად მცირდება ემოციის ინტენსივობა.
- ვიზუალური ინსტრუმენტი — „ემოციური თერმომეტრი“: ეს ეხმარება ბავშვს საკუთარი მდგომარეობის განსაზღვრაში ფერების მიხედვით:
მწვანე ან ლურჯი: მშვიდი – მზად არის სათამაშოდ;
ყვითელი: აღელვებული – სჭირდება პაუზა ან ღრმა სუნთქვა;
წითელი: გაბრაზებული – სჭირდება „დამშვიდების კუთხე“.
- „კუს ტექნიკა“ (Turtle Technique): ბრაზის მართვის ეფექტური მეთოდი, რომელიც ასწავლის ბავშვს შეჩერებას, საკუთარ თავში ჩაღრმავებას („ბაკანში“ დამალვას), ღრმად სუნთქვას და პრობლემის გადაჭრის გზებზე ფიქრს.
- დამშვიდების კუთხე (Calm Corner): სპეციალურად მოწყობილი სივრცე ბალიშებით, რბილი სათამაშოებით, სენსორული ბოთლებითა და სუნთქვის ბარათებით, სადაც ბავშვს შეუძლია განმარტოება თვითრეგულაციისთვის.
- „მოლაპარაკების ჯოხი“ – ეს ტექნიკა ეხმარება ბავშვებს დიალოგის მართვაში, მოთმინებით ლოდინსა და სხვისი აზრის მოსმენაში. სპეციალური ნივთი (ჯოხი, სათამაშო ან სხვა ნივთი) ნიშნავს „სპიკერის უფლებას“. საუბრობს მხოლოდ ის, ვისაც ეს ნივთი უჭირავს, სხვები კი ყურადღებით უსმენენ.
ნაბიჯები:
იდენტიფიცირება: კონფლიქტის დროს ბავშვები იღებენ მოლაპარაკების ჯოხს.
მონაცვლეობა: პირველი ბავშვი საუბრობს თავის განცდებზე ან ხედვაზე, ხოლო მეორე უსმენს. საუბრის დასრულების შემდეგ ჯოხი გადაეცემა მეორეს.
მოსმენის მოდელირება: მასწავლებელი თავად ახდენს მოდელირებას, თუ როგორ უნდა დაველოდოთ ჯოხის გადმოცემას.
შეთანხმება: ჯოხის მონაცვლეობითი გამოყენება გრძელდება მანამ, სანამ ბავშვები საერთო გამოსავალს არ იპოვიან.
- „პაუზის ღილაკის“ ტექნიკა (შეჩერდი და დაფიქრდი)
ეს მეთოდი მიმართულია იმპულსის კონტროლისა და რეფლექსური აზროვნების განვითარებისკენ. ბავშვები იყენებენ წარმოსახვით ან ფიზიკურ (მაგალითად, მუყაოსგან დამზადებულ) პულტს, რომელზეც გამოსახულია პაუზის სიმბოლო.
ნაბიჯები:
შეჩერება (Pause): როდესაც ბავშვი გრძნობს, რომ სურვილი აქვს, ჩაიდინოს არასწორი ქმედება (მაგალითად, დარტყმა), ის წარმოსახვით „აჭერს“ პაუზის ღილაკს.
დაფიქრება: ბავშვი სვამს კითხვას – რა მოჰყვება მის ამ გადაწყვეტილებას?
უკან გადახვევა (Rewind): თუ ბავშვმა უკვე ჩაიდინა არასწორი ქმედება, მასწავლებელი სთავაზობს „უკან გადახვევის“ ღილაკის გამოყენებას და ფიქრს იმაზე, თუ როგორ შეიძლებოდა სხვანაირად მოქცეულიყო.
სწორი არჩევანი: პაუზის შემდეგ ბავშვი იღებს უფრო გააზრებულ გადაწყვეტილებას.
- 7. ემოციების სიტყვებით გამოხატვა (ვერბალიზაცია)
კონფლიქტის მოსაგვარებლად კრიტიკულად მნიშვნელოვანია, ბავშვმა ისწავლოს გრძნობების სიტყვებად ქცევა.
სტრატეგიები:
ემოციის სახელდება („მე ვხედავ, რომ…“): მასწავლებელი ეხმარება ბავშვს მდგომარეობის ვერბალიზებაში: „ვხედავ, რომ გაბრაზებული ხარ, რადგან სათამაშო წაგართვეს“.
„მე–შეტყობინებები“: ბავშვს ვასწავლით საკუთარ თავზე საუბარს: „მე მწყინს, როცა ხელს მკრავ“, ან „მე აღელვებული ვარ, რადგან მინდა, რომ ეს მე მქონდეს“.
ემოციების ლექსიკონი: ბავშვებს ვასწავლით ისეთ სიტყვებს, როგორებიცაა: „იმედგაცრუებული“, „აღტაცებული“, „დაღონებული“.
მასწავლებელი როგორც „თარჯიმანი“: მასწავლებელი განმარტავს ბავშვის ნათქვამს ისე, რომ მეგობარმა მისი ემოცია გაიგოს: „ანა, ლუკას დავეხმარები, აგიხსნას, რატომ ფიქრობს, რომ ეს არ არის სამართლიანი“.
- კონფლიქტის მოგვარების სივრცე: „მოლაპარაკების მაგიდა“
ჯგუფში უნდა არსებობდეს სპეციალურად მოწყობილი მოლაპარაკების სივრცე, სადაც ზემოაღნიშნული ტექნიკები ერთიანდება. არსებობს მოლაპარაკების მაგიდასთან მოქმედებს 5 ძირითადი წესი:
- ყურადღებით და მოთმინებით ვუსმენთ სხვას და ველოდებით ჩვენს ჯერს;
- პატივისცემით ვეპყრობით ერთმანეთის აზრს;
- აზრს გამოვთქვამთ გარკვევით, თუმცა ხმადაბლა;
- მონდომებით ვფიქრობთ პრობლემის გადაჭრის გზებზე;
- ვდგებით მხოლოდ მორიგების შემდეგ.
აღმზრდელ-პედაგოგის როლი ამ პროცესში არის არა მზა პასუხების გაცემა, არამედ ფასილიტაცია, რათა ბავშვებმა თავად იპოვონ სამართლიანი გამოსავალი. ბრაზის მართვისა და კონფლიქტების მოგვარებისას სკოლამდელ ასაკში მნიშვნელოვანია დავფიქრდეთ, როგორ მივმართავთ ბავშვებს, რა ფრაზებს ვიყენებთ, რომ სწორი მინიშნება მივცეთ მათ. აღნიშნული საკითხის სწორად გადაჭრაში უფროსებს ყველაზე მეტად შესაბამისი ფრაზების გამოყენება ეხმარება. განვიხილოთ აღმზრდელ-პედაგოგის მიერ გამოსაყენებელი ფრაზები:
- ფრაზები ბრაზის ან ძლიერი ემოციის დროს
ემოციის აღიარება
ბავშვს პირველ რიგში სჭირდება განცდა, რომ მისი ემოცია დანახული და მიღებულია.
- „ვხედავ, რომ ძალიან გაბრაზდი“;
- „როგორც ჩანს, გეწყინა“;
- „ვხვდები, რომ ახლა რთული მომენტია შენთვის“;
- „შენი გაბრაზება ნორმალურია“;
- „ხანდახან მეც ვბრაზობ“.
დამშვიდების მხარდაჭერა
- „მოდი, ერთად ღრმად ჩავისუნთქოთ“;
- „როცა მზად იქნები, მომიყვები“;
- „შეგიძლია ცოტა ხნით აქ დაისვენო“;
- „მოდი, წყნარად დავსხდეთ“;
- „მე შენთან ვარ“.
ქცევის საზღვრების მშვიდად დაფიქსირება
მნიშვნელოვანია, ბავშვმა გაიგოს, რომ ყველა ემოცია მისაღებია, თუმცა – არა ყველა ქცევა.
- „შეგიძლია გაბრაზდე, მაგრამ დარტყმა არ შეიძლება“;
- „ბრაზი ნორმალურია, სხვას ვუყვიროთ — არა“;
- „სიტყვებით მითხარი, რა გაბრაზებს“;
- „ვერ დაგრთავ ნებას, ვინმეს ატკინო“;
- „მოდი ვიპოვოთ უსაფრთხო გზა ბრაზის გამოსახატად“.
- ფრაზები კონფლიქტის მოგვარებისას
ორივე მხარის მოსმენა
- „მინდა ორივეს მოგისმინოთ“;
- „ჯერ შენ მოყევი, მერე შენი მეგობარი მოჰყვება“;
- „ერთად გავარკვიოთ, რა მოხდა“;
- „მოდი, ერთმანეთის საუბარს მოვუსმინოთ“.
ემპათიის განვითარება
- „როგორ ფიქრობ, შენმა მეგობარმა როგორ იგრძნო თავი?“;
- „რას იგრძნობდი შენ მის ადგილას?“;
- „შეგვიძლია ისეთი გამოსავალი ვიპოვოთ, რომ ორივე მშვიდად იყოთ?“;
- „მეგობრის გრძნობებიც მნიშვნელოვანია “.
პრობლემის ერთობლივი გადაჭრა
- „რა შეგვიძლია ახლა გავაკეთოთ?“;
- „როგორ მოვაგვაროთ ეს ერთად?“;
- „მოდი, გამოსავალი ერთად მოვიფიქროთ“;
- „რა დაგეხმარებათ ორივეს, უკეთ რომ იგრძნოთ თავი?“
- პოზიტიური ქცევის გაძლიერების ფრაზები
- „მომეწონა, როგორ გამოიყენე სიტყვები“;
- „შენ შეძლებ დამშვიდებას — ეს ძალიან მნიშვნელოვანია“;
- „მადლობა, რომ მეგობარს მოუსმინე“;
- „ვამაყობ, რომ მშვიდად მოაგვარე პრობლემა“;
- „შენ კარგად გამოხატე შენი გრძნობები“.
- ფრაზები თვითრეგულაციის სწავლებისთვის
- „შევჩერდეთ და ვიფიქროთ“;
- „რა დაგეხმარება ახლა დამშვიდებაში?“;
- „შეგიძლია ნელა ისუნთქო“;
- „როცა მზად იქნები, ერთად ვისაუბრებთ“;
- „შენ ემოციების მართვა შეგიძლია“.
5.ფრაზები, რომელთა თავიდან აცილებაც სასურველია
არაეფექტური და დამთრგუნველი კომუნიკაცია ხშირად ზრდის ბავშვის შფოთვასა და აგრესიას.
სასურველია არ გამოვიყენოთ:
- „ნუ ტირი!“;
- „ცუდი ბავშვი ხარ“;
- „არაფერია სანერვიულო“;
- „შეწყვიტე ახლავე!“;
- „შენ ყოველთვის ასე იქცევი“;
- „თუ არ გაჩერდები, დაგსჯი“.
ამ ფრაზების ნაცვლად მნიშვნელოვანია ემპათიური და მხარდამჭერი ფორმულირებების გამოყენება. მაგალითად: ორი ბავშვი კამათობს სათამაშოზე. ერთმა მეორეს ხელი ჰკრა. აღმზრდელ-პედაგოგის შესაძლო რეაგირება:
„ვხედავ, რომ ორივეს გინდოდათ ეს სათამაშო და გაბრაზდით.
ხელი არ უნდა ვკრათ ერთმანეთს. ახლა ერთად მოვიფიქროთ, როგორ ვითამაშოთ ისე, რომ ორივე მშვიდად იყოთ“.
ასეთი მიდგომა ამშვიდებს სიტუაციას და ბავშვს ასწავლის პრობლემის გადაჭრას მშვიდობიანი გზით. სწორედ ამიტომ, აღმზრდელ-პედაგოგის საუბრის ტონი, შერჩეული სიტყვები და რეაგირების ფორმა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ბავშვის ემოციურ მდგომარეობასა და ქცევაზე. პოზიტიური, ემპათიური და მხარდამჭერი კომუნიკაცია ხელს უწყობს ბავშვის დამშვიდებას, უსაფრთხოების განცდის შექმნას, ემოციების სიტყვიერად გამოხატვის სწავლას და კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას, რაც ბავშვებში ემოციების რეგულაციის უნარების განვითარებას უწყობს ხელს.
გამოყენებული ლიტერატურა:
- დოლიძე ხ., ბაქრაძე თ., ჯიჯავაძე ნ. (2020). ადრეული განათლების კურიკულუმი — თამაში (ნაწილი I)
- ქურციკიძე ლ. (2024). სოციალური და ემოციური კომპეტენციების განვითარება სკოლაში — მხარდამჭერი მიდგომები
- Harrington, E. et al. (2020). Emotion regulation in early childhood
- ჯიჯავაძე ნ., კუხალეიშვილი თ. (2019). ადრეული და სკოლამდელი განათლების ხარისხის სტანდარტის გზამკვლევი. გაეროს ბავშვთა ფონდი
- CASEL ჩარჩო. (2022). სოციალური და ემოციური სწავლა
Gross & Thompson (2007). ემოციური რეგულაციის




