შაბათი, მაისი 21, 2022
21 მაისი, შაბათი, 2022

    ჭონა, ჭიაკოკონა. აღდგომა

 ოთხშაბათ დღეს, სკოლიდან წამოსულმა გორაზე,  ლაშა, გიორგი და ბაჩო დავინახე. უშველებელ საბურავს გორაზე მიაგორებდნენ. წაექცეოდეთ საბურავი, დაუგორდებოდათ დაბლა, გამოეკიდებოდნენ ესენიც, გამოქცეულს უკან აბრუნებდნენ გორაზე. ერთი მხიარულება იყო. გავიფიქრე რომ სამ მშრომელს გორაკის წვერიდან საბურავის დაგორება უნდოდათ.

         სახლში მისულს გამახსენდა რომ ამაღამ ჭიაკოკონობაა, ამიტომაც ეჭიდავებოდნენ საბურავს. საბურავს როცა აიტანდნენ, შემდეგ ნაბაგური თივის ჯერი დადგებოდა, საბურავს ზემოდან დააყრიდნენ და ცეცხლს მოუკიდებდნენ. დაბალ ცეცხლზე გამოქანებით გადახტებოდნენ და ეშმაკს გამოდევნიდნენ თავიანთი პატარა გულებიდან.

        ღამით, კი როცა ცეცხლი ჩანელდებოდა,ბიჭები ჭონაზე წავლენ, პატარ  პატარა კალათებით, სოფლებში. სახლებთან მისულები იმღერებენ:

„ დათვი ხეზე ადიოდა,

თავის ოთხი ფეხითა,

ადე ქალო კვერცხი მომე,

შენი ოქროს ხელითა“

რეპერტუარი მწირი აქვთ ამიტომაც ხშირად გაიმეორებენ,ათჯერ მაინც, თითო სახლთან.ზოგი ყურს მოუყრუებს, ზოგი კი ორ ორ კვერცხს გამოუტანს და კალათში ჩაულაგებს, ჩაუყრიან კანფეტებსაც. ზოგი მარტოხელა მოხუცი ღვინოსაც გამოუტანს გრაფინით. ლაშა კი ამასობაში ყოჩაღია, ოჯახსაც დაულოცავს და ბარაქასაც, ღვინოსაც მოწრუპავს ჯღანვით.

არავინ გამოხედავს და მტრისას, ბავშვები მათი სახლის წინ გაგორდებიან.“ აი ესე გაგიგორდნენ ქათმებიო, ძუნწებოო“.

ასე ივლიან ოთხშაბათიდან შაბათამდე, სანამ არ დაკვირაძლდება. დაცლილ სოფელში მომცრო კალათებს გაავსებენ.

 ვუთხრა მათ სამშაბათს სკოლაში, რომ ნარჩენებისა და საბურავების დაწვა არ შეიძლება, რომ ჰაერში ბევრი შხამი გაიფრქვევა?! ვეტყვი, მაგრამ ძნელია ბავშვებს ისეთი რაღაც დააჯერო, რაც მათ მამებსაც არ სჯერათ…

 აღდგომა

 ბავშვობიდან აღდგომა ყველა დღესასწაულზე მეტად მიყვარს, მარტო იმიტომ არა,

 რომ ამ დღეს ის კაცი აღდგა მკვდრეთით ვინც ეცადა ოდნავ უკეთესები მაინც გავეხადეთ.

    იმიტომაც რომ აღდგომა  ჩემი მკვდრების დღეა.  ხუთშაბათს ავიღებ ფოცხსა და ნაჯახს და  საფლავზე მივდივარ. ჯერ საფლავის ქვას ვწმენდ ტალახის შხეფებისგან, შემდეგ ამოვჭრი საფლავის გულზე ამოსულ ასკილს და მიწიდან ხმელ წიწვებს გამოვფოცხავ. ბალახს ხელს არ ვადებ , მიმაჩნია რომ საფლავზე ბალახის გადავლა აუცილებლობაა, ისევე როგორც წვიმა აღდგომა დღეს.

     სანთელს რომ აუნთებ სულის საოხად მყუდროში,  თითქოს გულიც გიმშვიდდება, თითქოს ახლა შეუსრულე შენს მკვდარს ის, რაც სიცოცხლეში დააკელი.

სხვა ყველაფერი უაზრობაა, სმა-ჭამაცა და ბატკნის სისხლით საფლავის გაწუწვაც, ამ დროს ხვდები რომ ახლაც ისევე გვაკრავდით ნაზარეველი დურგლის შვილს ჯვარზე როგორც ორიათასი წლის წინ.

ქრისტე აღდგა!!

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი