პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

თამაშისა და სათამაშოს როლი ბავშვის განვითარებაში

ვფიქრობ, ყველა თქვენგანი დამეთანხმება, რომ ბავშვის ცხოვრება სათამაშოს გარეშე წარმოუდგენელია. ბავშვი, თამაში და სათამაშო განუყოფელი ცნებებია. შეუძლებელია, ბავშვის განვითარებაზე საუბრისას გვერდი ავუაროთ ამ პროცესში თამაშისა და სათამაშოს როლს.

სკოლამდელ ასაკში ქცევის წამყვანი ფორმა თამაშია, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ასაკში ბავშვის განვითარება სწორედ თამაშის პროცესში ხდება, თამაში კი სათამაშოსაც მოიაზრებს.

სათამაშო, გარდა იმისა, რომ კარგი გასართობია ბავშვისთვის, ფსიქიკური განვითარების უმნიშვნელოვანესი საშუალებაცაა. ის სამყაროს შემეცნების ინსტრუმენტი და, იმავდროულად, ამ სამყაროს არსებითი ნაწილიცაა. ბავშვი გარემოსთან პირველ კონტაქტს სწორედ სათამაშოების მეშვეობით ამყარებს. მანიპულირებს რა მისთვის ხელმისაწვდომი საგნებით, პატარა შეიმეცნებს გარე სამყაროს, აზროვნებს, ვითარდება და იმაზე, სახელდობრ რას შევთავაზებთ ასეთი მანიპულაციებისთვის, დამოკიდებულია, თუ რა მიმართულებით განვითარდება მისი აზროვნება. სწორად, ბავშვის ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით შერჩეული სათამაშო არა მხოლოდ გონებრივ, ინტელექტუალურ, არამედ ფიზიკურ, ემოციურ, პიროვნულ და სოციალურ განვითარებასაც უწყობს ხელს.

სიცოცხლის პირველივე დღეებიდან, უფროსების ძალისხმევით და დახმარებით, ბავშვი, რომელიც ჯერჯერობით მხოლოდ გარემოს ჭვრეტითაა დაკავებული, ეცნობა თავის პირველ სათამაშოებს. უფროსები, როგორც წესი, თავდაპირველად ბრჭყვიალა, ჩხრიალა სათამაშოებს სთავაზობენ. როდესაც ასეთი სათამაშოებით მანიპულაციები განმტკიცებულია მშობლების ალერსიანი სიტყვებით, ღიმილით, პატარას სიხარულს ანიჭებს არა მხოლოდ თავისთავად სათამაშო, არამედ უფროსთან ურთიერთობაც. სათამაშოს ფერი და ხმიანობა ხელს უწყობს ბავშვის უნებლიე ყურადღების განვითარებას. პატარა ათვალიერებს სათამაშოს, უღიმის ადამიანს, რომლის ხელშიც ხედავს მას, მერე კი სათამაშო თავისთავად მიმზიდველი ხდება როგორც საგანი, რომლითაც შეიძლება მოქმედება.

მას შემდეგ, რაც პატარას განუვითარდება ტაცების რეაქცია, ჩამოუყალიბდება მხედველობით-მოტორული კოორდინაცია, ის იწყებს ჩხრიალა სათამაშოთი მანიპულირებას – აქნევს, ანჯღრევს, დაბლა აგდებს,  და აჩერებს მასზე მზერას, ყურს უგდებს მის მიერ გამოცემულ ხმას. ძალიან მნიშვნელოვანია ხელსაყრელი ემოციური ფონის შექმნა, ბავშვისთვის სხვადასხვა ფერისა და ფორმის სათამაშოების გაცნობა.

მას შემდეგ, რაც ბავშვი დაიწყებს დამოუკიდებლად გადაადგილებას და საგნების ფუნქციონალური დანიშნულების ათვისებას, სასურველია, სათამაშოების წრე გავაფართოოთ.

პატარებს განსაკუთრებით მოსწონთ სათამაშოები, რომლებიც უფროსებისთვის განკუთვნილ ნივთებს ჰგავს: სათამაშო ჭურჭელი, ავეჯი, შრომის იარაღები, სამედიცინო ინსტრუმენტები. თამაშის პროცესში ბავშვი იმახსოვრებს თითოეული საგნის სახელწოდებას, ითვისებს მის დანიშნულებას, სწავლობს მის მოხმარებას.

ბავშვებს ასევე იზიდავთ სათამაშოები, რომლებიც რაღაცის შექმნის, აშენების საშუალებას იძლევა: კუბები, პირამიდები, კონსტრუქტორები, ფაზლები… კუბებისგან ბავშვმა შეიძლება ააწყოს კოშკი, მანქანა, გემი… გარდა ამისა, ასეთი სათამაშოები ასწავლის პატარას ფორმის, ზომის, ფერის შეცნობას. ისინი შესანიშნავი ტრენაჟორებია წვრილი მოტორიკის, აზროვნების, წარმოსახვის განვითარებისთვის. სხვადასხვა ზომის, ფორმისა და ფერის ფიგურების ნაკრები სკოლამდელი ასაკის ბავშვისთვის ნებისმიერ სხვა სათამაშოზე ძვირფასია. ფაზლები და კონსტრუქტორები ხელს უწყობს ანალიზის, სინთეზის, განზოგადების, მოზაიკა კი ყურადღების კონცენტრაციის უნარის განვითარებას.

ემოციური განვითარებისთვის აუცილებელია თოჯინა ან რბილი სათამაშო (დათუნია, კურდღელი, ცუგა, ფისო). ამ სათამაშოებს ბავშვი მეგობრად აღიქვამს. მისთვის ის ცოცხალია: უნდა გამოკვებოს, დააძინოს, უმკურნალოს, თუ „ავად გახდა“. ასეთი სათამაშოებით თამაშის პროცესში ვლინდება ემპათიის, ზრუნვის, სიყვარულის პირველი ნიშნები. ის განიცდის, როგორც საკუთარ, ისე ზრდასრულთა ცხოვრების მოვლენებს; იზრდება როგორც ემოციურად, ისე ზნეობრივად. ეს სათამაშოები (თოჯინა, დათუნია, კურდღელი, ცუგა, ფისო) შეიძლება დამხმარედაც იქცეს მშობლისთვის ბავშვის ქცევის რეგულირების პროცესში. ამისთვის უფროსს ამ სათამაშოების მიმართ ისეთივე დამოკიდებულება უნდა ჰქონდეს, როგორიც ბავშვის ცოცხალი მეგობრების მიმართ. ბავშვის დადებითი ემოციური დამოკიდებულება აღმზრდელობითი ზემოქმედების ძალას სძენს ასეთ სათამაშოებს, რისი იგნორირებაც არ შეიძლება. ერთია, როცა დედა ან მამა სთხოვს გაჯიუტებულ პატარას დამშვიდებას და სულ სხვაა, როცა ამ პროცესში ერთვება საყვარელი თოჯინა, რომელსაც „არ მოსწონს“, რომ ბავშვი უფროსებს არ უჯერებს. ის, რომ თოჯინა დამჯერე გოგონასთან წავა და დათუნიასაც თან წაიყვანს, შესაძლოა საკმაოდ მნიშვნელოვანი არგუმენტი აღმოჩნდეს ბავშვის ქცევის დასარეგულირებლად.

გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სათამაშო ბავშვის შინაგანი სამყაროს ერთგვარი სიმბოლური გასაღებია. მისი მეშვეობით პატარა აშენებს თავის სამყაროს, რომელიც მას ექვემდებარება. ზრდასრულთა სამყაროში ბავშვზე არაფერია დამოკიდებული, რადგან ის პატარაა, სათამაშოების სამყაროში კი ის დიდი და ძლიერია, აკეთებს იმას, რაც სურს. შეიძლება ითქვას, რომ სათამაშო ხელს უწყობს ბავშვის პიროვნული ავტონომიის ჩამოყალიბებას, მისი თვითცნობიერების განვითარებას. ამიტომ აუცილებლად პატივისცემით უნდა მოვეპყროთ ბავშვის სათამაშოებს და ყურადღება გამოვიჩინოთ ისეთი სიტუაციების მიმართ, როცა ბავშვი სათამაშოებისადმი გულგრილობას ან სისასტიკეს ამჟღავნებს – ეს შესაძლოა მის შინაგან არაკეთილდღეობაზე მიუთითებდეს.

იმისთვის, რომ პატარას არ მობეზრდეს თავისი სათამაშოები, არ დაკარგოს ინტერესი მათ მიმართ, სასურველია, პერიოდულად მოვაცილოთ ისინი ბავშვის მხედველობის არეს. გავა გარკვეული ხანი და პატარა მათ აღიქვამს როგორც ახალს. ბავშვის წინ გაშლილი არ უნდა იყოს ბევრი სათამაშო – დიდი რაოდენობის ნივთიდან მას გაუჭირდება სასურველის ამორჩევა და მალე შესაძლოა ვეღარც კი შეამჩნიოს ისინი.

დაბოლოს, გავითვალისწინოთ, რომ სათამაშოები, თამაშის პროცესში მათი გამოყენება ეხმარება ბავშვს, განივითაროს შესაძლებლობები და უნარები, რომლებიც მას ზრდასრულთა რთულ სამყაროში საცხოვრებლად დასჭირდება. თუმცა არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ მართალია, სათამაშოს როლი ბავშვის ცხოვრებაში ძალიან დიდია, მაგრამ მისთვის უფრო მნიშვნელოვანია საყვარელი ადამიანების ყურადღება, მზრუნველობა და სიყვარული. მხოლოდ პატარასთან ახლოს ყოფნით, მასთან ურთიერთობით და სწავლებით შევძლებთ ჯანსაღი ფსიქიკის, საჭირო უნარ-ჩვევებით აღჭურვილი, სრულყოფილად განვითარებული ადამიანის აღზრდას.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი