პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის

მჯერა, რომ ერთ ადამიანსაც კი შეუძლია მთელი ხალხისთვის ღირსების შენარჩუნება. უახლესი ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე არაერთი ერი აღმოჩენილა პროპაგანდისა და ანტიჰუმანური იდეების ზემოქმედების მსხვერპლი, მაგრამ მათ შორის ყოველთვის გამოჩნდებოდნენ ადამიანები, რომლებიც ირგვლივ გამეფებული სიბნელისა და განუკითხაობის მიუხედავად, დამკვირვებლებს კონკრეტული საზოგადოებისადმი რწმენას უღვივებდნენ. საბჭოთა დისიდენტები თამამად შეგვიძლია მივიჩნიოთ მოქალაქეებად, რომლებიც საქმით ამტკიცებდნენ სინდისისა და თავისუფლების უპირატესობას ძალმომრეობაზე.

რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე იმპერიალისტური, აგრესიული ომის წამოწყების შემდეგ ჩვენი მეზობელი ქვეყნის ქალაქებში ათასობით დემონსტრანტი გამოვიდა, რომელთაც ღიად დაუჭირეს მხარი მშვიდობასა და ოფიციალური კიევის სუვერენიტეტს. ბუნებრივია, პუტინის რეჟიმი სასტიკად გაუსწორდა პროტესტის მონაწილეებს. უსამართლობამ და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთა თავდადებამ ანტისაბჭოთა დისიდენტური მოძრაობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და საყურადღებო ეპიზოდი გამახსენა.

უკრაინის დაპყრობის მცდელობა რიგი ასპექტებით უპირობოდ ჰგავს 1968 წლის „პრაღის გაზაფხულს“. ნახევარი საუკუნის წინაც იგივე ლოზუნგები ისმოდა კრემლიდან. მაშინდელ პრესაში აუცილებლად წაიკითხავდით გოდებას იმის შესახებ, რომ „მოძმე ჩეხოსლოვაკიას“ ფაშიზმის საფრთხე ემუქრებოდა. ბრეჟნევის პოლიტბიურო ფაშიზმად მოიხსენიებდა ჩეხეთისა და სლოვაკეთის ლიდერის – ალექსანდრ დუბჩეკის იდეას „ადამიანური სოციალიზმის“ შესახებ. დუბჩეკს სურდა, რომ ჩეხოსლოვაკია ნაკლებად დამოკიდებული ყოფილიყო საბჭოთა კავშირზე, მოქალაქეებს ჰქონოდათ სიტყვის, გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებით სარგებლობის შესაძლებლობა. მემარცხენე მსოფლმხედველობის ერთგული დუბჩეკი არ ეწინააღმდეგებოდა მრავალპარტიული და სამართლიანი არჩევნების ჩატარების პერსპექტივას. მოსკოვმა სოციალიზმისთვის დემოკრატიული კომპონენტების დამატება ღალატად მიიჩნია და ჯარი შეიყვანა პრაღაში, რასაც ასობით ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ცხადია, რეფორმისტები ხელისუფლებიდან გააძევეს და სამაგალითოდ დასაჯეს.

„პრაღის გაზაფხულის“ თაობაზე ყველამ იცის, მაგრამ ცოტას თუ ახსოვს, რა მოხდა სისხლიანი მოვლენების პარალელურად იმპერიის ცენტრში.

1968  წლის 25 აგვისტოს რვა ანტისაბჭოთა დისიდენტი წითელ მოედანზე შეიკრიბა. მათ ხელთ ეპყრათ ჩეხოსლოვაკიის თვითნაკეთი დროშა და საპროტესტო ტრანსპარანტები. დედაქალაქში, კრემლის წინ ხელისუფლების საწინააღმდეგო აქციის ორგანიზების გამოცდილება სსრკ-ში საერთოდ არ არსებობდა. რვა ადამიანის პროტესტი გახლდათ შოკისმომგვრელი მოულოდნელობა როგორც პარტიისა და მილიციისთვის, ასევე რიგითი გამვლელებისთვის. დისიდენტებმა მთავარ პლაკატს რუსი ფილოსოფოსისა და რევოლუციონერის – ალექსანდრ გერცენის სიტყვები დააწერეს: „ჩვენი და თქვენი თავისუფლებისათვის“. გერცენი აქტიურად უჭერდა მხარს პოლონელთა აჯანყებას რუსეთის წინააღმდეგ და მიაჩნდა, რომ ჩაგრული ხალხი თავისი გამარჯვებით რუსი ხალხის ბორკილებისგან გათავისუფლებაშიც მიიღებდა მონაწილეობას. როგორც ჩანს, 1968 წელს ქუჩაში გამოსული აქტივისტებიც ფიქრობდნენ, რომ ჩეხოსლოვაკიის თავისუფლებას დიდი ძვრების გამოწვევა შეეძლო მთელ „სოციალისტურ ბანაკში“. ცხადია, ისინი არ ცდებოდნენ და ზუსტად შეიგრძნობდნენ დუბჩეკის რეფორმების მნიშვნელობას სამყაროსათვის.

ხელისუფლებას, რომელმაც უცხო ქვეყნის ათასობით მოქალაქე ტანკებით დაარბია, ბუნებრივია, არ გაუჭირდებოდა წითელ მოედანზე შეკრებილი რვა მარგინალის დაკავება და დასჯა. გაუგონარი და გამაოგნებელი მოვლენის ყველა მონაწილე დააპატიმრეს. არ მოერიდნენ მიტინგზე საკუთარ ჩვილთან ერთად მისული მეძუძური დედის, ნატაშა გორბანევსკაიას იზოლატორში გადაყვანასაც, მამაკაცები კი კარგად სცემეს და კბილებიც ჩამოუღეს. მიტინგი სულ რამდენიმე წუთს გაგრძელდა. დისიდენტებს სოლიდარობის რამდენიმე წუთი მთელი ცხოვრების ტანჯვად დაუჯდათ.

საბჭოთა ხელისუფლება ოპოზიციონერთა დასაშოშმინებლად მარტივ მეთოდებს არ იყენებდა. მომიტინგეთა ცემა, დაპატიმრება, სამი-ოთხი წლით ციხეში გამოკეტვა ძალიან ადვილი გახლდათ და პრობლემის გადაწყვეტის უბრალო გზას წარმოადგენდა. აღსანიშნავია ისიც, რომ პატიმრების შესახებ დაუსრულებლად ისაუბრებდნენ დასავლური მედიის წარმომადგენლები და მათ გმირებად წარმოაჩენდნენ. უშიშროების სამსახურის აგენტები შესანიშნავად ხვდებოდნენ, რომ სატუსაღოდან გათავისუფლების შემდეგ დაუმორჩილებელი მოქალაქეები ორმაგი ენერგიითა და ცეცხლოვანი ენთუზიაზმით გააგრძელებდნენ თავიანთ ტრადიციულ საქმიანობას. აქედან გამომდინარე, რაღაც უფრო სასტიკისა და გრძელვადიანის მოგონება იყო საჭირო, ოპოზიციონერები დიდი ხნით ან სამუდამოდ უნდა გაეყუჩებინათ.

10-წუთიანი პროტესტის მონაწილეთა ნაწილი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლეს. ვიქტორ ფაინბერგი და ნატალია გორბანევსკაია ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გაამწესეს. მკურნალობას კოდექსით განსაზღვრული ვადები არ აქვს, შეგიძლია მთავრობისთვის არასასურველი პირი სამუდამოდ გამოამწყვდიო დახურულ დაწესებულებაში. ფსიქიატრიულ კლინიკებში უშიშროების წარმომადგენლებს იმის საშუალებაც ჰქონდათ, რომ შეშლილებად შერაცხილი დემოკრატებისთვის მათი ფსიქიკური ჯანმრთელობისათვის მავნებელი მედიკამენტები მიეცათ. საკუთარ მცირეწლოვან შვილებს ჩამოცილებული გორბანევსკაია წერდა: „მუდამ მტანჯავდა ფიქრი: რამდენ ხანს დავრჩები აქ? პატიმრობას მკაფიოდ გამოკვეთილი დასასრული აქვს, მკურნალობის ბოლო კი ბუნდოვანია. და როდესაც გამოვალ, როგორი ვიქნები? რა მდგომარეობამდე მივალ წამლების წყალობით? თავისუფლებაზე მყოფი მივხვდები, რომ გამათავისუფლეს?“. საბჭოთა კავშირის ერთ-ერთი პირველი თვითგამოცემის (სამიზდატის) – „მიმდინარე მოვლენების ქრონიკის“ რედაქტორმა ქალმა ფსიქიატრიულ კლინიკაში წამებას გაუძლო და 1975 წელს იგი იძულებული გახდა ემიგრაციაში წასულიყო.

ვიქტორ ფაინბერგი კი სიყვარულმა იხსნა, საავადმყოფოში მასზე განსაკუთრებით ზრუნავდა ექიმი მარია ვაიხანსკაია, ცდილობდა წამებისგან გადაერჩინა უმიზეზოდ გამომწყვდეული და პროტესტის ნიშნად მოშიმშილე დისიდენტი. ექიმი საიდუმლოდ სხვა ოპოზიციონერებსაც აწვდიდა ცნობებს ფაინბერგის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. საბოლოოდ „მფარველი ანგელოზის“ მიერ დახურული დაწესებულებიდან გამოტანილი ამბები „ამერიკის ხმისა“ და „რადიო თავისუფლების“ რეპორტაჟებში შუქდებოდა. საერთაშორისო მხარდაჭერის წყალობით ფაინბერგმაც მოახერხა ჯოჯოხეთისგან თავის დაღწევა და უცხოეთში გაქცევა, ბოლოს კი საკუთარ ექიმზეც იქორწინა.

21-ე საუკუნეში წამების, შევიწროების, ღირსების შელახვისა და დამცირების მეთოდები უფრო მეტად გამრავალფეროვნდა. დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინასთან ომის მოწინააღმდეგეთა ნაწილს დისიდენტთა ბედის გაზიარება მოუწევთ, ბევრი მათზე უარეს დღეში ჩაცვივდება. მათი ღვაწლი და გამბედაობა დაფასებას იმსახურებს, სამოქალაქო განათლების გაკვეთილებზე ამგვარი გმირობების შესახებ მსჯელობამ შეიძლება მრავალი მოსწავლე დააფიქროს დემოკრატიული წინააღმდეგობის ფასსა და მნიშვნელობაზე.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი