პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ლიდერობა და ლიტერატურა

„ლიდერობა“ – ციფრულ ლექსიკონებში ამ სიტყვის მრავალგვარ განმარტებას იპოვით. ამ ლექსიკურ ერთეულს უმეტესად ძალაუფლების, ავტორიტეტის სინონიმად წარმოგვიდგენენ და ორგანიზაციული კიბის სათავეებისკენ მიგვითითებენ, თუმცა საგანმანათლებლო სისტემა, დიდი ხანია, მას ერთ-ერთ კომპლექსურ, მნიშვნელოვან უნარ-ჩვევად განიხილავს.

საინტერესოა, როგორ იბადება ადამიანში ლიდერობის სურვილი, როგორ გარდაიქმნება იგი ეფექტურ უნარად, შესაძლებელია თუ არა ამ უნარ-ჩვევის გამომუშავება და საჭიროების შემთხვევაში ადეკვატურად გამოყენება?

სანამ მოზარდთა ჯგუფში გამოვლენილ ლიდერებსა და მათი გავლენის მნიშვნელობაზე ვისაუბრებდე, შეგახსენებთ, რომ არსებობენ ფორმალური და არაფორმალური ლიდერები. ლიდერთა ნაწილს სოციალური პოზიცია აძლევს ჯგუფით მანიპულირების უფლებამოსილებას, ზოგი მათგანი კი არაორდინარული თვისებებისა თუ ქარიზმულობის წყალობით მოიპოვებს გავლენას სოციუმზე.

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, შეგვიძლია მივიჩნიოთ, რომ სულაც არ არის საჭირო ფორმალური, პოზიციით განპირობებული ძალაუფლების გამოყენება ადამიანთა ჯგუფებზე გავლენის მოსახდენად. მეტიც, შესაძლოა არაფორმალურმა ლიდერმა ჯგუფი ძალაუფლების ბერკეტის კანონიერი მფლობელის წინააღმდეგაც განაწყოს. მოკლედ რომ ვთქვათ, ძალაუფლების ცნებას გავლენასთან ყოველთვის ვერ დავაკავშირებთ.

სოციალურ ფსიქოლოგიაში გამოყოფენ ძალაუფლების ექვს ძირითად ფორმას:

  • კანონიერი ძალაუფლება ინდივიდს სამსახურებრივ იერარქიაში დაკავებული პოზიციიდან გამომდინარე ეძლევა (მინისტრი, დირექტორი, მთავარი რედაქტორი და ა.შ.).
  • წახალისების ძალაუფლება ჯილდოების (პრემია, პრიზი, დაწინაურება, შექება/კომპლიმენტი და სხვ.) ეფექტურად გაცემის უნარს და ამ გზით ჯგუფზე კონტროლს გულისხმობს.
  • იძულების ძალაუფლება დამსჯელობითი ღონისძიებების (საყვედური, ხელფასის დაქვითვა და სხვა სანქციები) მოყვარული ლიდერების პრეროგატივაა.
  • ექსპერტის ძალაუფლებას სპეციფიკური უნარებისა თუ ცოდნის მატარებელი ინდივიდები ფლობენ.
  • რეფერენტული ძალაუფლების შემთხვევაში ერთგვარ პიროვნულ სიმპათიასთან გვაქვს საქმე. იგი ჯგუფის განწყობას უკავშირდება – თუ მის წევრებს მოსწონხარ/გაღიარებენ, ესე იგი, გარკვეულ ლიდერულ უნარ-ჩვევებს ნამდვილად ფლობ. რეფერენტული ძალაუფლება ასევე შეიძლება ემყარებოდეს ჯგუფში გარკვეული გავლენის მქონე ადამიანთან კავშირს („იმის“ მეგობარია, ნათესავია და ა.შ.).
  • ინფორმაცია რომ ძალაუფლების ერთ-ერთი წყაროა, ამაზე თანამედროვე მედიის გავლენაც მკაფიოდ მეტყველებს. ინფორმაციული ძალაუფლება შესაძლოა არც იყოს დაკავშირებული ინდივიდის პროფესიულ პოზიციასთან, მთავარია, ჯგუფისთვის საჭირო რესურსს ფლობდე და შენ უკვე მისი ლიდერი ხარ.

ლიდერის ამოცნობა არ არის რთული. ჯგუფის ერთგვარი ვექტორის (მიმართულების მიმცემის) ძლიერი მხარეების გრძელი ჩამონათვალიდან გამოვყოფ რამდენიმე თვისებას, რომლებიც გავლენის მქონე ინდივიდებს გამოკვეთს:

სტრატეგიული აზროვნება – კარგი ორგანიზატორული უნარების გარეშე ძნელია ლიდერთა სიაში მოხვედრა.

ორატორული უნარ-ჩვევები – ჯგუფის მიერ ინდივიდისგან წამოსული ინიციატივის მხარდაჭერას ნამდვილად სჭირდება კარგი ორატორისთვის დამახასიათებელი კომპლექსური უნარები (მჭევრმეტყველების, მოლაპარაკება-დარწმუნების, აუდიტორიასთან დიალოგის, სხეულის ენის ეფექტურად გამოყენების და სხვ.), რითაც ლიდერი სამიზნე ჯგუფზე სასურველ გავლენას მოახდენს.

მოსმენის უნარი – მჭევრმეტყველებასთან ერთად, ლიდერს ჯგუფის წევრების მოსმენა, მათი პოზიციის გათვალისწინებაც უნდა შეეძლოს. კომუნიკაციის ზემოაღნიშნული ფორმა ინფორმაციული თვალსაზრისითაც შეაიარაღებს ლიდერს და ჯგუფის განწყობის მართვის სადავეებს ჩაუგდებს ხელში. მოსმენის უნარის მქონე ინდივიდები, წესისამებრ, ასერტიულ ლიდერებად ყალიბდებიან, რაც ორგანიზაციას ეგოცენტრული გადაწყვეტილებების მიღების საფრთხისგან იცავს და ჯანსაღი ორგანიზაციული კულტურის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს.

გარდა ამისა, ლიდერი უნდა გამოირჩეოდეს გამბედაობით (საჭირო დროს რისკის გაწევის უნარი), ადეკვატური თავდაჯერებულობითა და პროფესიული/პიროვნული თვითგანვითარებისკენ სწრაფვით.

ლიდერული მახასიათებლების სია, რა თქმა უნდა, ამით არ ამოიწურება, თუმცა ამჯერად ზემოაღნიშნული თვისებებით შემოვიფარგლები და მათ ერთგვარ გამაერთიანებელ ცნებაზე – მანიპულაციაზე გავამახვილებ ყურადღებას.

მანიპულაციას ვერ განვიხილავთ როგორც ერთმნიშვნელოვნად უარყოფით მოვლენას. მთავარია, რა მიზანი ამოძრავებს მანიპულატორს ინდივიდზე/ჯგუფზე ზემოქმედების მომენტში. ადამიანი ბუნებით მანიპულატორია (მცირეწლოვანსაც შესანიშნავად გამოსდის სასურველი სოციუმით მანიპულირება), გააჩნია, ვინ როგორ და რა მიზნით იყენებს ამ თანდაყოლილ უნარს. არსებობს სხვადასხვა გზა იმისთვის, როგორ განვასხვაოთ საზიანო ქცევა სოციუმისთვის სასარგებლო ინიციატივისგან.

აქტიური მანიპულატორი, წესისამებრ, ნიღბავს საკუთარ უნარებს და მზა შაბლონებით ცდილობს ჯგუფზე ეფექტის მოხდენას, საკუთარი თავის ძლიერ, გამორჩეულ ინდივიდად წარმოჩენას. მისი მიზანი გავლენის მოპოვებაა და არა ამ გავლენის საშუალებით საერთო საქმეზე ზრუნვა. უნდა ერიდოთ ისეთი ტიპის მანიპულატორებს, რომლებიც აქტიურად იყენებენ სიტყვას „შენ“ – ეს პასუხისმგებლობის გადაბარების ყველაზე აშკარა ნიშანია. პასიურ მანიპულატორებს თავიანთი უსუსურობის განცდის სხვებისთვის თავს მოხვევით არანაკლები ზიანის მოტანა შეუძლიათ (საკუთარი ჯანმრთელობით მანიპულირება, სოციუმში დანაშაულის გრძნობის გაღვივება და ამ გზით გარკვეული პასუხისმგებლობის თავიდან არიდება და სხვ.). მებრძოლი მანიპულატორები მუდამ პაექრობით ცდილობენ მიზნის მიღწევას და კონკურენტს პირად მტრად მოიაზრებენ. ბუნებრივია, ამ ტიპის მანიპულატორიც ვერ იქნება ორგანიზაციისთვის სარგებლობის მომტანი პიროვნება. გულგრილი მანიპულატორი კი ძირითადად იზოლირებულია სოციუმისგან, ჯგუფის წევრებს თავს აჩვენებს, თითქოს მისთვის ყველაფერი სულერთია, თუმცა ხშირად ჭირვეულობს, აკრიტიკებს სხვადასხვა ინდივიდსა თუ ინიციატივას, რაც სასურველი მიზნის (სხვისი დამცირებით საკუთარი უპირატესობის წარმოჩენა) მისაღწევ ერთ-ერთ ხერხს წარმოადგენს.

როგორც ზემოთ აღვნიშნე, მანიპულაციის უნარი ლიდერებს სოციუმზე გავლენის მოპოვებაში ეხმარება, თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მანიპულატორებს უნდა ვებრძოლოთ. აქვე ამერიკელი ფსიქოლოგის ევერეტ შოსტრომის ტერმინს მოვიშველიებ და მანიპულატორებს წარმატებულ წინსვლას ვუსურვებ თვითაქტუალიზაციის გზაზე (აქტუალიზატორები გამოირჩევიან თვითეფექტურობით და სოციუმისთვის სარგებლობის მომტანი ლიდერული უნარ-ჩვევებით არიან აღჭურვილნი).

ლიდერებს ნებისმიერი ტიპის სოციუმში შეხვდებით, მათ შორის – საკლასო ოთახშიც. როგორ ამოვიცნოთ კლასის ლიდერი? როგორ ვასწავლოთ მოზარდს სოციუმის გონივრულად „მართვა“? ამ და მსგავს კითხვებზე მასწავლებლებს არაერთხელ გვიფიქრია. მოზარდებს, წესისამებრ, უჭირთ ზომიერების დაცვა და უკონტროლო მანიპულაციას მიმართავენ. მათ რიგებში უმეტესად მებრძოლ მანიპულატორებს ვხვდებით, თუმცა არც სხვა ტიპის მანიპულაციის გამოვლენისგან ვართ დაზღვეული (მაგ., საკლასო ოთახში ხშირად შეხვდებით საკუთარ „უუნარობას“ ამოფარებულ ინდივიდებს, რომელთა ანკესზეც არაერთი მასწავლებელი წამოგებულა).

რამდენიმე წლის წინ ერთ-ერთ კლასში ლიდერობასთან დაკავშირებული სირთულეები შემექმნა. მთელი ძალით ვცდილობდი ჯგუფზე გავლენის მქონე ინდივიდის უფლება-მოვალეობების შეძლებისდაგვარად დაბალანსებას, რადგან რეფერენტული ძალაუფლების მქონე მოზარდები ხშირად აჭარბებენ და სოციუმზე მოპოვებულ გავლენას ბულინგის იარაღად იყენებენ. ე.წ. სოციალური აქტივობების მარაგი რომ ამომეწურა, საშველად ლიტერატურას მივმართე. ახლაც მახსოვს, როგორ დაიწყო ყინულმა დნობა, როცა მოსწავლეები ფურცლების სარკეში ჩავახედე.

პარალელების გავლება ამა თუ იმ პრობლემის დაძლევის ნაცადი გზაა. ამჯერად გადავწყვიტე, ლიდერული უნარ-ჩვევების მქონე პერსონაჟები სამიზნედ გამომეყენებინა და მათ ქცევაზე დაკვირვებით მოსწავლეებისთვის ძალაუფლების დადებითი და უარყოფითი მხარეები მეჩვენებინა (ზიანისა და სარგებლობის მომტანი ქმედებების ჩამონათვალთა რაოდენობრივი შედარებაც საკმარისია შესაბამისი დასკვნის გამოსატანად). ჯერ სამიზნე პერსონაჟებს ვარჩევდი, მერე კი მკითხველთა კლუბის შეხვედრებზე რჩეული გმირების მონაწილეობით ცალკეულ ეპიზოდებს ვკითხულობდით/განვიხილავდით, სიტუაციას/პერსონაჟის ქცევას ვაანალიზებდით და ა.შ. მალე თავადვე დაეტოლნენ წიგნის გმირებს. დისკუსიის დროს გამოვლენილი მახასიათებლებიდან ჯერ მხოლოდ „ბრჭყვიალა“ უნარები მიითვისეს, თუმცა ფიქრისკენ გაქცეული მზერით ვხვდებოდი, რომ მათ შეუვალ პოზიციას ეჭვის ჭია შეეპარა.

ლიტერატურაში ლიდერ პერსონაჟებს მრავლად შეხვდებით. მოზარდებთან ყველაზე მეტად „გიკი გოგო“ (ჰოლი სმეილი) დამეხმარა. ამ წიგნამდე თავად მოსწავლეებმა მიმიყვანეს. წავიკითხეთ და სადისკუსიო შეხვედრაც დავთქვით. ჰარიეტი ძალიან მომხიბლავი პერსონაჟია – ლამაზი, ჭკვიანი, მშრომელი, მიზანდასახული და ორგანიზებული. მოკლედ, ლიდერული უნარ-ჩვევების ნაკლებობას არ უჩივის. ამ წიგნის ყველაზე მნიშვნელოვანი ნიუანსი ის გახლავთ, რომ გოგონას თავის „ორგანაიზერში“ სულაც არ აქვს გათვალისწინებული გარშემო მყოფთა ინტერესები, რის გამოც ხშირად უსიამოვნო სიტუაციის ინიციატორი ხდება. მას ჯგუფზე ძლიერი გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა ცალკეულ ინდივიდებს მაინც ჰყოფნით ძალა, მეგობარს თვალი აუხილონ, რის შემდეგაც ჰარიეტის ლიდერული უნარები სოციუმისთვის გაცილებით სასარგებლო ძალად გარდაიქმნება.

კიდევ ერთი წიგნი, რომელიც ფილმის „თქვენთვის წერილია“ მთავარმა პერსონაჟმა მაპოვნინა, ნოელ სტრიტფილდის „საბალეტო ფეხსაცმელებია“. მასში ლიდერული უნარ-ჩვევებით აღჭურვილ სამ მშვენიერ გოგონას შეხვდებით. დები ფოსილები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, რაც სხვადასხვა ტიპის მოზარდ ლიდერებზე დაკვირვების საშუალებას გვაძლევს და განსახილველად მრავალფეროვან მაგალითებს გვაწვდის.

დაწყებით საფეხურზე პეპისა და კარლსონზე (ასტრიდ ლინდგრენი) უკეთეს „საკვლევ ობიექტს“ სად ნახავთ?! გაიხსენეთ, რა ოსტატურად მანიპულირებს კარლსონი ბიჭუნათი. სახურავის ბინადარ კაცუნას თუ პეპი გრძელწინდას შეადარებთ, ლიდერული უნარების მრავალ დადებით და უარყოფით მხარეს მოუყრით თავს. მათ არც ტომ სოიერი და ჰეკლბერი ფინი (მარკ ტვენი) ჩამორჩებიან. ტომ სოიერის თავგადასავლებიდან მანიპულაციის მაგალითად ღობის შეღებვის სცენაც კმარა. მოკლედ, ლიდერ პერსონაჟებს რა დალევს; მთავარია, ისინი საჭირო დროს შემოვიპატიჟოთ საკლასო ოთახში და ჩვენი მოსწავლეები თავადვე მიაგნებენ პასუხს კითხვაზე: „როგორი ლიდერი ვარ მე?“

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი