პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

შიშების დაძლევის შესახებ

არ ვიცი, ახლა როგორ არის, მაგრამ ოთხმოცდაათიანებში და, ალბათ, უფრო ადრეც ასე იყო მიღებული – ბავშვს, გარდა საშუალო სკოლისა, მინიმუმ, მუსიკალურ სკოლაში უნდა ევლო, მოსაწყენი გამები ემეცადინა და მოგვიანებით პოპულარულ სიმღერებსაც დაუფლებოდა ოჯახის გულის გასახარად. გამონაკლისი არც მე ვყოფილვარ. უფრო მეტიც – დამატებით სამხატვრო სკოლაშიც დავდიოდი, სკოლის გაზეთსაც ვრედაქტორობდი და კიდევ ბევრ რამეს ვახერხებდი. მაშინ ჯერ კიდევ შემეძლო ოჯახთან ურთიერთობისას კომპრომისზე წასვლა, თუმცა დედაჩემს მაინც დარჩა აუხდენელი ოცნება ჩემთან დაკავშირებით – ცეკვაზე ვერაფრით მატარა.

მე დღემდე იმ ადამიანთა რიცხვს მივეკუთვნები, რომლებიც ღამის კლუბებში წელიწადში ერთხელ დადიან და უახლოესი მეგობრების ქორწილებსაც კი ისე ატარებენ, რომ ერთხელაც არ წამოდგებიან საცეკვაოდ, თუმცა, ამასთანავე, საკუთარ თავს მათ შორისაც მოვიაზრებ, ვისაც არასოდეს ბეზრდება ექსპერიმენტების ჩატარება თავის ცხოვრებაზე, თუკი ამას საჭიროება მოითხოვს.

ჩემი ცხოვრების ყველაზე უცნაური ექსპერიმენტის შესახებ მოყოლას ცოტა შორიდან დავიწყებ:

სულ ცოტა ხნის წინ თბილისის სპორტის სასახლემ კიკბოქსში მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლა, სადაც ქართველი გიგა ჭიკაძე იაპონელ ნაოკი სამუკავას დაუპირისპირდა მსოფლიო ჩემპიონის ქამრის მოსაპოვებლად. გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარებული ღონისძიება ქალთა მიმართ ძალადობასთან ბრძოლას მიეძღვნა.

მე მახარებს, რომ გიგა ჭიკაძე სხვა სპორტსმენებთან ერთად აქტიურად არის ჩართული გაეროს გენერალური მდივნის ბან კი-მუნის კამპანიაში „გავერთიანდეთ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ”. კარგია, როცა ძალადობას მამაკაცები გმობენ და კიდევ უფრო უკეთესია, როცა ძალადობას გმობენ განსაკუთრებული ფიზიკური ძალის მქონე მამაკაცები, მით უფრო მაშინ, როცა მათი თითოეული მოწოდება ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია. იქ, სადაც ვერ აღწევს არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების ხმა, აღწევს გიგას და სხვა სპორტსმენების სახელი და ეს გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს.

სწორედ ამ ღონისძიებისთვის დაგეგმა გაეროს ქალთა ორგანიზაციამ ქორეოგრაფიული ნომრის დადგმა არაპროფესიონალი მოცეკვავეების შესრულებით. ჩანაფიქრის მიხედვით, მასში მონაწილეობა მარჯანიშვილის თეატრის მსახიობებს და ქალთა უფლებების დამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლებს უნდა მიეღოთ, მათ შორის – მეც, როგორც ქალთა საინფორმაციო ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერს.

როცა იდეას მხარს უჭერ, როცა ქალთა უფლებები შენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, როცა მუდმივად ხვდები ქალებს, რომლებიც ძალადობის მსხვერპლნი არიან, როცა წერ მათზე და როცა იცი, რომ, ბევრის გასაკვირად, ძალადობა რეალურზე რეალური პრობლემაა, ძნელია, მსგავს წინადადებაზე უარი თქვა, ძნელია, საკუთარი პოზიციის კიდევ ერთხელ გამოხატვის შანსი ხელიდან გაუშვა. გიყვარს თუ არა ცეკვა, დადიხარ თუ არა დისკოთეკებზე, ასეთ დროს მეასეხარისხოვანია.

სიმართლე გითხრათ, ძალიან ვინერვიულე. აღმოვაჩინე, რომ ცეკვის გამო უხერხულობა კი არ მაწუხებდა, არამედ მეშინოდა. ასე არასოდეს შემშინებია წარუმატებლობის, ჩავარდნისა და შერცხვენის. პერიოდულად საკუთარ თავს ვსაყვედურობდი და ვახსენებდი, რომ შეუძლებელია, ადამიანს ყველაფერი გამოგივიდეს და აჯობებდა, ისევ წერითა და საჯარო გამოსვლებით გამომეხატა ჩემი დამოკიდებულება ძალადობის მიმართ. რამდენიმეჯერ ისიც კი გავიფიქრე, რომ კოლეგებისთვის ბოდიში მომეხადა და რეპეტიციაზე აღარ მივსულიყავი, თუმცა ბოლოს მივხვდი: წერა ჩემთვის კომფორტია, პროტესტის გამოხატვა კი ხშირად კომფორტის ზონიდან გამოსვლას გულისხმობს, შიშის დაძლევას და იმ ნაბიჯების გადადგმას, რომლებიც მანამდე არასოდეს გადაგიდგამს.

ჩემი ექსპერიმენტი წარმატებით დასრულდა. ვერ გეტყვით, რომ ცეკვა შემიყვარდა, მაგრამ საკუთარი თავის უფრო მეტად დავიჯერე, ვიდრე აქამდე მჯეროდა. დავიჯერე, რომ ჯობია, შიშს თვალებში უყურებდე და ისე ებრძოდე, ვიდრე თავზე ბალიშწაფარებული კანკალებდე, თვალებში შესცქეროდე მოძალადე ქმარს, რომელსაც საკუთრება ჰგონიხარ, კოლეგას, რომელსაც მხოლოდ სქესის გამო არ მიაჩნიხარ წინსვლის ღირსად, მეზობელს, რომელიც ოჯახის დანგრევის გამო გკიცხავს, საზოგადოებას, რომელმაც დაბადებიდანვე მოგიჩინა ადგილი და მისი შეცვლის საშუალებას არ გაძლევს. 

შიში თავისით არ გაქრება, არ მობეზრდება შენს ჩრდილში ცხოვრება და არ მიგატოვებს. მისი დამარცხება კი, ისევე, როგორც ძალადობის, შესაძლებელია.

მთავარია, საკუთარი თავის გვჯეროდეს.

მთავარია, გვჯეროდეს რომ ჩვენ, ქალები, მეტს ვიმსახურებთ, რომ ჩვენ, ქალებს, ყველაფერი გამოგვივა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი