შაბათი, აპრილი 27, 2024
27 აპრილი, შაბათი, 2024

ალტერნატივა და “ნიუ პროგი“ ქართულად

ალტერნატივა – ამ სიტყვას ფრანგული წარმოშობა აქვს, ფესვები უფრო ძველია – ლათინური. ყველა ენაზე, მათ შორის ქართულზეც, მას ძალიან საინტერესო მნიშვნელობა აქვს – არჩევნის არსებობა ორ ან მეტ სხვადასხვა შესაძლებლობას შორის. ვფიქრობ, სწორედ ამ სიტყვაშია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანური ღირებულების – თავისუფლების – წინაპირობა.
შეიძლება ითქვას, რომ ალტერნატივა გაჩნდა მაშინვე, როგორც კი სამყარომ დაიწყო ფუნქციონირება. ღმერთმა შექმნა ორი ადამიანი, მისცა მათ „თავისუფალი სული”, ასევე საზრდო და ალტერნატივა – სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხე, რომლის საფრთხეებზეც ადამიანები წინასწარ იყვნენ გაფრთხილებულნი. შემდეგ რა მოხდა – ალბათ ჩემზე უკეთ იცით. ასე რომ, დეტალებს აღარ ჩავუღრმავდები. ერთი რამ ფაქტია – გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად – ედემის ბაღის დატოვება ადამიანის არჩევანი გახლდათ, თუმცა ეს არც ერთ შემთხვევაში არ ნიშნავს, რომ ალტერნატივის არჩევა ცალსახად ცუდი, ან კარგი საქციელია. 

რელიგიურ და ფილოსოფიურ წიაღსვლებს შევეშვები და იმაზე ვისაუბრებ, რაც ბევრად უკეთ მეხერხება – ალტერნატიულ მუსიკაზე, ანუ მუსიკაზე, რომელიც არჩევნის გაკეთების და ამ საშუალებით თავისუფლების უკეთ შეგრძნების საშუალებას გვაძლევს. მუსიკაზე, რომელიც ახალი შესაძლებლობების გასაჩენად შეიქმნა.

ალტერნატიული როკი, რომელიც სათავეებს პანკის, პოსტ-პანკისა და New Wave-ისგან იღებს, 1970-იანების ბოლოს და 1980-იანების დასაწყისში ჩამოყალიბდა და დღემდე საკმაოდ მრავალფეროვანი მუსიკალური სპექტრით მოვიდა, მაგალითად: ბრიტ-პოპი, გრანჟი, პოსტ-როკი, ინდი-პოპი და ა.შ. ამ სტილის ბენდები ცდილობენ განსხვავდებოდნენ 1970-იანების, ასე ვთქვათ, კლასიკური როკ ჯგუფებისგან და დაუკრან შედარებით სპეციფიკური მუსიკა. სწორედ ალტერნატიულ სტილს შეგვიძლია მივაკუთვნოთ ჯგუფები: The Cure, Muse, Radiohead, Prodigy, Gorillaz, Coldplay, Edward Sharpe and the Magnetic Zeros, The Subways და სხვანი. სტაჟიანი მსმენელები დამეთანხმებიან, რომ ამ ბენდების მუსიკა ძალიან განსხვავდება როგორც ძველი როკისგან, ასევე ერთმანეთისგანაც. აქ არის სწორხაზოვანი მუსიკაც, აკუსტიკური მელოდიებიც, ელექტრონული ელემენტებიც, ჰარდქორიც (მძიმე ჟღერადობები) და ასე შემდეგ… სწორედ ეს გახლავთ ალტერნატიული როკის მთელი არსი – მრავალფეროვნება ყველგან და ყოველთვის.
პირადად მე, ალტერნატივასთან ერთად, პროგრესივ როკსაც არანაკლებად ვაფასებ. პროგრესივი, ანუ იგივე „პროგი”, შედარებით უფრო მეტად ჰგავს ფსიქოდელიურ როკს (მაგ: Pink Floyd, The Doors, ჯიმი ჰენდრიქსი და ა.შ.). ამ ორი მიმდინარეობის – პროგრესივისა და ალტერნატივის შერწყმა კი ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო სტილად მიმაჩნია. ამის ყველაზე კარგი მაგალითი, ჩემ მიერ უკვე ნახსენები ბენდია – Muse.
რაც არ უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ქართულ მუსიკალურ სივრცეშიც არსებობს ბენდი, რომელიც ალტერნატიული და ეგრეთ წოდებული „ახალი პროგრესივ როკის” („New Prog”) დაკვრას ცდილობს, და საკმაო წარმატებითაც. ჯგუფი 4 ადამიანისგან შედგება და, როგორც თავად ამბობენ, მათი მთავარი კოზირი, ბენდის წევრების მრავალფეროვანი გემოვნებაა. The Mins – ასე ჰქვია ამ კოლექტივს, რომელმაც, სულ რაღაც 3 წლის არსებობის მიუხედავად, გარკვეულ ლოკალურ წარმატებებს უკვე მიაღწია. რა თქმა უნდა, თბილისიდან უემბლის სტადიონამდე ჯერ კიდევ შორია, მაგრამ, უნდა ითქვას, რომ იდეურად, ტექნიკურად და მუსიკალურადაც ეს ჯგუფი ნამდვილად გამორჩეულია. რაც მთავარია, მათი ძირითადი ორიენტირი მუსიკალური პროდუქტის მაღალი ხარისხი და განვითარებაა, რისთვისაც ბევრს შრომობენ.
მუსიკით რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი დაკავებული და საკუთარ თავზე გამოვცადე, რომ ნებისმიერი პროდუქტის შექმნისას მთავარი ჟანრობრივი, მუსიკალური, იდეური და ინდივიდუალური ბალანსის სწორად დაცვაა. თუკი ეს კარგად ხერხდება, კომპოზიციაც შესაბამისი გამოდის. The Mins-ის წევრები აღნიშნავენ, რომ მათი გემოვნებები ხშირად არ ემთხვევა ერთმანეთს. სწორედ ამიტომაა, რომ ბევრი კომპოზიცია რამდენიმე ჟანრის შერევით იქმნება. ბიჭები ახერხებენ სწორი ბალანსის მონახვას, რის გამოც მათი ტრეკების მუსიკალური ღირებულება ავტომატურად მაღლდება. 

რა თქმა უნდა, ბენდის ცხოვრება სულ რამდენიმე წელს ითვლის და დასკვნების გაკეთება ძალიან ადრეა. ამ ეტაპზე The Mins-ის ანგარიშზე ბევრი ლაივ გამოსვლა (მათ შორის „Alter/Vision Newcommers” 2011 წელს), ერთი სოლო კონცერტი (2014 წლის 26 მაისს, Event Hall-ში), არასრული ალბომი, ანუ EP – ‘‘Blind World’’ (რომელიც 6 კომპოზიციისგან შედგება) და ძალიან დიდი შრომაა, რომელიც ჯგუფის განვითარებაში ჩაიდო. საბოლოო მიზანი ალბათ ევროპული ბაზარია, რომელშიც ალტერნატიულ, ნიუ პროგრესივ მუსიკას ბევრად მეტი მსმენელი ჰყავს, ვიდრე ჩვენთან, საქართველოში, სადაც არათუ ალტერნატივის, თითქმის ნებისმიერი ხარისხიანი მუსიკალური მიმდინარეობის კომერციალიზაცია თითქმის შეუძლებელია. მიუხედავად არაერთგზის მცდელობისა, ალტერნატიული მუსიკა საქართველოში პოპულარული ჯერ-ჯერობით მაინც ვერ გახდა.
რთულია მიზეზების ძებნა – ზოგს მიაჩნია, რომ ქართველი მსმენელი ჯერ კიდევ არაა მზად ასეთი მუსიკისთვის, ზოგი კი ჯგუფების დონეს უჩივის. პირადად მე მგონია, რომ ერთის დეფიციტიცაა და მეორესიც: კარგ მთქმელს კარგი გამგონი უნდა და პირიქით – გამგონს კარგი მუსიკა უნდა მოასმენინო.
ასეა თუ ისე, კარგია, რომ საქართველოში როკმუსიკა უძრავად არ დგას და ავად თუ კარგად, მაინც ვითარდება. ვიმედოვნებ, რომ უახლოეს მომავალში ჩვენს ქვეყანაში ბევრი კარგი ბენდი შეიქმნება, რომელთა მოსმენაშიც მცირედი თანხის გადახდა არც ერთ კარგ მსმენელს არ დაენანება. მისასალმებელია, რომ ასეთი ტენდენცია უკვე შეინიშნება. ბოლოსკენ კი მკითხველს – The Mins-ის ძალიან საინტერესო კომპოზიციას, საკუთარ თავს კი იმედს დავუტოვებ, რომ ქართულ მუსიკალურ ბაზარსაც ოდესმე ყველანი ერთად რაიმეს ვუშველით.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი