ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კაკო, ბიჭები, კარლო კაჭარავა და აღდგომა დასავლეთ საქართველოში

30 აპრილია, 2012 წელი, კაკო მირეკავს:
– რა იყო, ბიჭო, ამ იონა მეუნარგიაზე გადაყოლილმა კაცმა, ავანგარდისტებად გინდა შვილები გაზარდო?
უცებ ვერ ვხვდები, რას გულისხმობს. კაკო (იგივე აკაკი ჩიქობავა) ნიჭიერი და ენამოსწრებული ბიჭია, მაგრამ ქარაგმებით უყვარს ლაპარაკი.
– კაკო, ვერ გავიგე… – წინა ღამის ემოციებისგან გადაღლილი მხოლოდ ამის თქმას ვახერხებ.
– რა ვერ გაიგე, ბიჭო. უყურე: ნიკოლოზი ხო კარლო კაჭარავას დაბადების დღეს, 7 თებერვალს დაიბადა. და აგერ დემეტრეს დაბადებაც კარლოს „100 ლექსის” პრეზენტაციას დაემთხვა. მეტი რა გინდა, ავანგარდში ხარ, ტო!
მეცინება. რეებს უკვირდება ხოლმე ეს წარსულში მედავითნე და ახლა კი მემარცხენე!
ვერ ვიტყვი, რომ კარლო კაჭარავას სახელი პირველად კაკოსგან გავიგე, მაგრამ კარგად მახსოვს, მან მითხრა, – ის ლექსი, „აღდგომა დასავლეთ საქართველოში” რომ წავიკითხე, ყველაფერი თვალწინ დამიდგაო. სულ ჩვენებური ამბებია, ათასჯერ რომ გინახავს ისეთი, მაგრამ კარლო ახერხებს ამ ნაცნობ სიტუაციებში მაგარი რაღაცეები დაგანახოსო.

მეც ვეცადე მეპოვნა ეს „მაგარი რაღაცეები”:
„სასაფლაოზე გლეხები ღვინოს სვამენ ვიღაცის საფლავთან” – ამის გარეშე ხომ არ არსებობს სასაფლაო, მით უმეტეს, დასავლეთში! ვიღაცამ შეიძლება დასცინოს კიდეც გლეხებს, არ მოუწონოს ეს საქციელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ამ სცენის განსაკუთრებულ კოლორიტს ნიჭიერი ადამიანი გულგრილად ვერ შეხვდება. 
სურათი იშლება და: „სადღაც რკინიგზასთან დაეხეტებიან სველი, მშიერი ძროხები 
მონგრეული შლაგბაუმის გასწვრივ”, იქვე ახლოს კი „ბავშვების ხმამაღალი თამაშია,  მოულოდნელი, თან ბუნებრივი, როგორც ყველა სხვა განურჩევლობა”.
გეცნოთ, არა? მაშინ ნუ შემოვსაზღვრავთ ქრონოლოგიური ჩარჩოთი ლექსში ასახულ სურათს და განწყობას, ტყუილი გარჯა იქნება: რაც თავი მახსოვს, ეს არ შეცვლილა. ულმობელმა 90-იანებმა ჩაიხრიგინა სატვირთო მატარებელივით, ახალი საუკუნის პირველი ათწლეულიც გადაიფურცლა – და ამ გარდაქმნებისა და განახლების ოცწლეულად წოდებულმა პერიოდმა არათუ ადამიანი ვერ შეცვალა, გარემოსაც ვერ დაატყო ხელი. 
ყოველ შემთხვევაში, აღდგომა დღეს, დასავლეთ საქართველოში:
„სოფლის ახალგაზრდა ექიმი არ ჩქარობს საწოლიდან წამოდგომას.
ბოლომდე ვერგამოღვიძებული თვალებით უყურებს
საძინებლის დაკეტილ კარებს:
ქვემოდან რაღაც ხმაური ისმის –
როგორც ყოველთვის, დედა უკვე მუშაობს სამზარეულოში”.
აღდგომა დღეს თითქმის ყოველთვის წვიმს. ისეც ყოფილა, ბავშვობაში, აღდგომა დილას, ნაწვიმარზე, თხელი ნისლით თავმობმული გორაკისკენ გამიხედავს და თუ ძალიან დავაკვირდებოდი, შემეძლო ჩემი სახლიდან გორაკს და საფლავებს შეფენილი ხალხი დამენახა. აქაურებიც იყვნენ, ქალაქიდან ჩამოსულებიც, ყველა, ვისაც არ დაზარებოდა საწოლიდან წამოდგომა.
…7 თებერვალი და 29 აპრილი რომ მოდის – ჩემი ბიჭების დაბადების დღეები – აკაკი ჩიქობავას მოულოდნელი ზარი მახსენდება, და კიდევ ის, 7 თებერვალი რომ ვარო ბებიას გარდაცვალების დღეა. ბოლო წლებია აღდგომას ბებია-ბაბუის საფლავზე ვერ გავდივარ, ვერ ვახერხებ ღვინო, პასქა და წითელი კვერცხები ავუტანო, ახლობლების საფლავებსაც ჩამოვუარო, ჩემი არსებობაც შევახსენო და მეც აღვიდგინო, დავიბეჯითო თითოეული წუთი, რაც მათთან მაკავშირებს, სიტყვა, მათგან და მათ შესახებ რაც მსმენია. კიდევ ერთხელ შევავლო თვალი, კარლო კაჭარავასი არ იყოს, სხვადასხვა დროს ჩამქრალ სანთლებს, მიცვალებულთა მკაცრ ან მომღიმარე სახეებს რომ ამკობენ საფლავთა ქვებზე.
 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი