პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

რატომ ებრძვიან „მემორიალს“?

1985 წელს საბჭოთა კავშირის ისტორიაში გარდამტეხი მომენტი დაიწყო. ახლად არჩეულმა გენერალურმა მდივანმა – მიხეილ გორბაჩოვმა ქვეყნის პოლიტიკური და ეკონომიკური სისტემის გარდაქმნის დაპირება გასცა. პირველმა პირმა თავისი სიტყვა შეასრულა და ხალხს თავისუფალი დისკუსიების უფლება მისცა. საბჭოთა მოქალაქეებმა ნელ-ნელა შეიგრძნეს სიტყვის, გამოხატვისა და შეკრების თავისუფლების ფასი. პარალელურად, რეფორმისტმა კომუნისტებმა ხელი შეუწყვეს წარსულში გასაიდუმლოებული დოკუმენტებისა და არქივების გასაჯაროებას, რათა ადამიანებს ზუსტად სცოდნოდათ მეოცე საუკუნის განმავლობაში დატრიალებული ტრაგედიების მასშტაბი. შედეგად, ხალხისთვის სტალინური რეპრესიებისა და მათი სისასტიკის თაობაზე უამრავი ახალი ამბავი გახდა ცნობილი. დღის შუქი იხილეს ალექსანდრ სოლჟენიცინისა და ვარლამ შალამოვის ნაწარმოებებმა.

აქამდე უცხო საზოგადოებრივ-პოლიტიკური პროცესების განვითარების კვალდაკვალ, მოსკოველმა ინტელიგენტებმა კლუბ „პერესტროიკის“ დაფუძნება გადაწყვიტეს. კლუბის წევრები კვირაში რამდენჯერმე იკრიბებოდნენ და თავისუფლად მსჯელობდნენ მათთვის მნიშვნელოვან პრობლემებზე. მათ ხშირად უწევდათ ახლად გახსნილი არქივებისა და უკანასკნელ პერიოდამდე უცნობი რეპრესირებულების ბედის შესახებ ფიქრი და აზრთა გაცვლა-გამოცვლა. ყველას აშფოთებდა და გულს უკლავდა წამების, არაადამიანური მოპყრობისა და ხოცვა-ჟლეტის მაგალითები, რომელთა თაობაზეც ოფიციალური დოკუმენტები იუწყებოდნენ. სტალინის ეპოქის მსხვერპლთა უკვდავსაყოფად, დაკარგული სახელებისა და ისტორიების ხალხისთვის შეხსენების მიზნით კლუბის წევრთა ნაწილმა თვითორგანიზებული, არაფორმალური ჯგუფი „მემორიალი“ დააარსეს. „მემორიალის“ აქტივისტთა უმთავრესი ამოცანა დედაქალაქში პიროვნების კულტის დამკვიდრების პერიოდში რეპრესირებულთა მონუმენტის აღმართვა გახლდათ.

მონუმენტის აღმართვის უფლების მოსაპოვებლად  „მემორიალის“ დამაარსებლებმა მაშინდელი საზოგადოებისათვის ნაკლებად ნაცნობ, უპრეცენდენტო გზას მიმართეს. ისინი ქუჩებსა და მეტროს სადგურებთან გამოვიდნენ და ხალხში ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს. დაბნეული მილიციელები თავზეხელაღებულ მოქალაქეებს საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის მუხლით აპატიმრებდნენ, მაგრამ მალევე უწევდათ მათი გათავისუფლება. გათავისუფლებულები კი ფარ-ხმალს არ ყრიდნენ და გაორმაგებული ენთუზიაზმით აგრძელებდნენ საქმეს. „მემორიალის“ წევრთა ექსცენტრიულ და თანმიმდევრულ მოქმედებებს შედეგი მოჰყვა. 1988 წლისთვის მათ რეპრესირებულთა მემორიალის მოწყობის მოთხოვნით ნახევარ მილიონამდე ხელმოწერა მოაგროვეს და პარტიის მმართველ ორგანოებს წარუდგინეს. მიუხედავად ამისა, ქალაქის აღმასკომი ხალხის მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ ჩქარობდა, ამიტომ „მემორიალის“ ინიციატივით მოსკოვის ცენტრში გრანდიოზული დემონსტრაცია მოიწვიეს. ეს იყო პირველი ლეგალური მასობრივი საპროტესტო აქცია დედაქალაქის ქუჩებში, რომელიც თითქმის სამოცდააწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმართა. მიტინგზე უამრავი ადამიანი მოვიდა, ხალხში პირველად გამოჩნდა შეკრების ერთ-ერთი მთავარი ორატორი, ნობელის პრემიის ლაურეატი ანდრეი სახაროვი, რომელიც აქციამდე ცოტა ხნით ადრე დაბრუნდა გადასახლებიდან.

საბოლოოდ, საზოგადოების დაუღალავ, მიზანმიმართულ და მრავალთვიან შეტევას შედეგი მოჰყვა. საბჭოთა კავშირის მთავარი ჩეკისტის, ფელიქს ძერჟინსკის სახელობის მოედანზე, სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის მთავარი შენობის წინ უზარმაზარი გრანიტის ქვა განათავსეს. ქვა სპეციალურად ჩამოიტანეს სალავეცკის ბანაკიდან, რომელიც გულაგების სისტემის ერთ-ერთი პირველი შემადგენელი ელემენტი გახლდათ. მემორიალთან დღემდე იკრიბებიან ადამიანები და იხსენებენ საბჭოთა რეპრესიების შედეგად დაღუპულ თანამემამულეებს. უშიშროების მაღალჩინოსნებს კი ოფისში შესვლამდე კვლავ უწევთ მათთვის სისხლიანი წარსულის შესახსენებლად აღმართული მონუმენტისთვის თვალის შევლება.

„მემორიალის“ ინიციატორებმა პირველი წარმატების მოპოვებისთანავე გადაწყვიტეს დამოუკიდებელ საზოგადოებრივ ორგანიზაციად ჩამოყალიბება, რათა რეპრესიების კვლევა გაეგრძელებინათ და რუსული ლიბერალიზმის უმნიშვნელოვანესი ფორპოსტის მშენებლობა გაეგრძელებინათ. გორბაჩობის მმართველობის პერიოდში „მემორიალი“ გახდა პირველი გაერთიანება, რომელმაც ყრილობისა და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება გადაწყვიტა. ქალაქის სადისკუსიო სივრცეებში მრავალი თვის განმავლობაში იმართებოდა წინასაარჩევნო შეხვედრები, სადაც ცნობილი თუ უცნობი კანდიდატები „მემორიალის“ მმართველ საბჭოში მოსახვედრად იბრძოდნენ. მოგვიანებით „მემორიალის“ ყრილობისა და მმართველი საბჭოს არჩევნების მოსამზადებელმა ღონისძიებებმა ქუჩაში გადმოინაცვლეს. კანდიდატები წინასაარჩევნო აქციებზე გამოდიოდნენ სიტყვით, ხალხს „მემორიალში“ გაწევრებისა და არჩევნებში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. 1980-იანი წლების მიწურულის საბჭოთა კავშირისთვის დემოკრატიული კენჭისყრაც სრულიად უცხო ხილი იყო. ადამიანები ძნელად ხვდებოდნენ, რას სთავაზობდნენ მიკროფონთან მისული მჭევრმეტყველები.

1989 წელს „მემორიალის“ დამფუძნებელი ყრილობა და არჩევნები გაიმართა. ორგანიზაციამ ხელმძღვანელი სტრუქტურები დააკომპლექტა, ყველა მოკავშირე რესპუბლიკაში გახსნა თავისი ფილიალები, თავმჯდომარედ კი ანდრეი სახაროვი აირჩია. მიუხედავად ყველა საჭირო წესის დაცვისა, კომუნისტურმა პარტიამ უარი განაცხადა „მემორიალის“ რეგისტრაციაზე. საზოგადოებრივმა მოძრაობამ ორგანიზაციად გარდაქმნა მხოლოდ ანდრეი სახაროვის დაკრძალვის შემდეგ შეძლო. ადამიანის უფლებების დამცველის მეუღლეს, დისიდენტ ელენა ბონერს სახაროვის საფლავთან მდგომი მიხეილ გორბაჩოვი შეჰპირდა, რომ გარდაცვლილის სახელის უკვდავსაყოფად მთავრობა ღონისძიებებს დაგეგმავდა. „არაფერი არ არის საჭირო, დაარეგისტრირეთ „მემორიალი“!“ – ასე უპასუხა ქვრივმა გენერალური მდივნის შემოთავაზებას. გორბაჩოვმა სახაროვისადმი პატივისცემის ნიშნად „მემორიალის“ ოფიციალურად დაფუძნების უფლება გასცა.

„მემორიალის“ საქმიანობა სსრკ-ის დაშლის შემდეგაც გაგრძელდა. სამოქალაქო საზოგადოების უძველესი ინსტიტუტის წევრები მალევე მიხვდნენ, რომ მხოლოდ სისხლიანი წარსულის კვლევა საკმარისი არ იყო, ამიტომ ორგანიზაციაში უფლებადაცვითი ცენტრიც დააარსეს. „მემორიალი“ ყველა იმ ადამიანის ქომაგად იქცა, ვის უფლებებსაც ხელისუფლება არღვევდა. რუსი ლიბერალები ხან ელცინის მიერ გარეკილ პარლამენტს იცავდნენ, ხან რეგიონული კომუნისტი ლიდერების მიერ შევიწროებულ, ცენტრალური ხელისუფლების მომხრე ძალებს. მუქარის, სამშობლოს მოღალატის იარლიყის მიკერების მიუხედავად, „მემორიალი“ ხმალამოღებული იცავდა ჩეჩნეთის ომის დროს დაზარალებულ ადამიანებს, ეძებდა დაკარგულ მშვიდობიან მოსახლეებსა და დახოცილი ჯარისკაცების გვამებს.  ორგანიზაციის ავტორიტეტი მთელ რუსეთშიც და მთელ მსოფლიოშიც ძალიან მაღალი იყო, მას ყველა მხარე ენდობოდა. 1990-იანი წლების მიწურულს, „მემორიალის“ წევრებმა – სერგეი კოვალიოვმა და ოლეგ ორლოვმა ბუდიონოვსკის საავადმყოფოდან გაათავისუფლეს შამილ ბასაევის მიერ დატყვევებული მძევლების ნაწილი და მათ ნაცვლად თავად შევიდნენ ტერორისტების სიმაგრეში. შამილ ბასაევმა მძევლების ჩანაცვლების შესახებ მხოლოდ ძველი და სანდო ორგანიზაციის ინიციატივა მიიღო.

პუტინის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ „მემორიალზე“ ზეწოლა გაიზარდა, მისი რამდენიმე თანამშრომელი ცრუ ბრალდებით დააკავეს, რამდენიმე რეგიონში გააუქმეს ადგილობრივი ფილიალი, ცენტრალურმა მედიამ შეწყვიტა მათი ღონისძიებების გაშუქება. მიუხედავად შევიწროებისა, 2021 წლის ბოლომდე აქტივისტები მონდომებით აგრძელებდნენ რეპრესიების შესახებ წიგნების გამოცემას, მსხვერპლთა ხსოვნის საღამოების ორგანიზებას, ჩაგრული ჯგუფებისთვის სამართლებრივი დახმარების შეთავაზებასა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ დისკუსიებში მონაწილეობას.

დეკემბერში რუსეთის ხელისუფლებამ „მემორიალს“ რეგისტრაცია გაუუქმა. სახაროვის 100 წლის იუბილეზე მის მიერვე დაარსებული ორგანიზაცია დახურეს. ბრალდებები აბსურდულია. უცხოეთის აგენტად გამოცხადებულ ორგანიზაციას თავის წიგნებსა და ვიდეოებზე აგენტობის აღსანიშნავი გრიფის არასწორად დატანაში ადანაშაულებენ. სასამართლოს ექსპერტების მიერ ჩატარებული ლინგვისტური ანალიზის მიხედვით, „მემორიალის“ მასალები ექსტრემიზმის მხარდამჭერ გზავნილებსაც შეიცავს. სასამართლოს გადაწყვეტილება იურისტმა ტატიანა გლიუშაკოვამ ამგვარად შეაფასა: „ეს იგივეა, რომ გზის არასწორად გადაკვეთის გამო, ფეხით მოსიარულეს 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდო“.

პუტინი ქვეყნის უძველეს და ისედაც უკიდურესად დასუსტებულ დემოკრატიულ ინსტიტუტს ანადგურებს. „მემორიალს“ არ შეუძლია საფრთხე შეუქმნას ავტოკრატიას, მაგრამ მას მაინც აუქმებენ, რაც ნიშნავს იმას, რომ რუსეთში დიქტატურა სრულიად არაადეკვატურ, არარაციონალურ და შეშლილ საფეხურზე გადადის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი