სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

სამართლის ქართველი რაინდი

ჩემ ირგვლივ უამრავი იურისტი საქმიანობს. ვიცნობ სამართალმცოდნეობის ფაკულტეტის სტუდენტებსაც და უკვე შემდგარ პროფესიონალებსაც. ბევრი მათგანი უკვე სხვადასხვა სამთავრობო უწყების თანამშრომელია, ზოგიერთი კი ჯერ ისევ სტაჟიორად მუშაობს რომელიღაც საადვოკატო ბიუროში ან ბიზნესორგანიზაციაში. ქართველ იურისტებს იცნობენ და აფასებენ ყველგან, ჩვენს ქვეყანაშიც და მის ფარგლებს მიღმაც. იურიდიული მეცნიერება ლიდერობს მოსწავლეთა რჩეულ სპეციალობათა ჩამონათვალშიც. მაშასადამე, მოსალოდნელია, რომ მომავალში ჩვენი ვექილების, პროკურორებისა და მოსამართლეების რაზმი კიდევ უფრო მრავალრიცხოვანი გახდება.

მეც დიდ პატივს ვცემ ამ მნიშვნელოვანი და  სერიოზული პროფესიის წარმომადგენლებს. თუმცა რამდენიმე დაწინაურებულ იურისტთან საუბარი ყოველთვის მძიმე ფიქრებს მიშლის ხოლმე. ისინი უკიდეგანოდ განათლებულები და ენციკლოპედიური ცოდნის განმკარგველნი არიან, შესანიშნავად ფლობენ ანალიტიკური აზროვნების ყველა მეთოდსა თუ უნარს. მათ შესანიშნავად შეუძლიათ განსხვავებული კატეგორიების ერთმანეთთან შედარებაც და შესაბამისი დასკვნების გამოტანაც. მაგრამ ბევრ ქართველ სამართალმცოდნეს მაინც რაღაც აკლია…

უპირველეს ყოვლისა, ვერასდროს ვერ ვიგებ, რატომ ინტერესდებიან ეს ადამიანები მხოლოდ ცალკეული ფაქტებით და აღარ ფიქრობენ ამ მოვლენების შინაარსზე, ფუნდამენტურ მახასიათებლებსა და მოსალოდნელ ტენდენციებზე, რატომ არიან ყველაზე კონფორმისტები და ძალაუფლების მფლობელთა მიმართ გამორჩეულად ლოიალურები. გაკვირვებული ვარ მაშინაც, როდესაც იურისტებს არ შეუძლიათ სოციოლოგიის, პოლიტიკის მეცნიერებისა და ფილოსოფიის ყველაზე ელემენტარული თეორიების გამოყენება, მათი საშუალებით მსჯელობა. თუმცა, თუ სამართლის ქართველ სპეციალისტთა პირველ სერიოზულ ნაკადს დააკვირდებით სრულიად განსხვავებულ სურათს აღმოაჩენთ. აქედან გამომდინარე, დღეს კიდევ ერთხელ მინდა შეგახსენოთ ლუარსაბ ანდრონიკაშვილის შესახებ, ანუ მოგიყვეთ, როგორი ბრძოლა შეუძლიათ აქტიურ მოქალაქედ დარჩენილ სამართალმცოდნეებს.

ვინ იყო ლუარსაბ ანდრონიკაშვილი? 

ქართული სამართლის რაინდად წოდებულ პროფესიონალს უამრავი კეთილი საქმე აქვს გაკეთებული ჩვენი საზოგადოების განვითარებისათვის. მარტო ის რად ღირს, რომ მან თბილისის უნივერსიტეტში საფუძველი ჩაუყარა იურიდიულ ფაკულტეტს. საქართველოს დედაქალაქში დაბრუნებამდე კი ლუარსაბმა უდიდესი გზა განვლო, რომელიც XIX-XX საუკუნეების რუსეთსა და ცარიზმის რეპრესიებზე გადიოდა. 

ანდრონიკაშვილმა იურიდიული განათლება პეტერბურგში მიიღო. იგი ყოველთვის აცნობიერებდა, რომ მისი პროფესიული სრულყოფისათვის დამატებითი ცოდნის მიღებაც აუცილებელი იყო. აქედან გამომდინარე, სამეცნიერო შესაძლებლობების გასაღრმავებლად ქართველი სამართალმცოდნე სასწავლო ვიზიტებით ევროპულ ქალაქებსაც ხშირად სტუმრობდა ხოლმე. 1894-97 წლებში პეტერბურგელი სტუდენტი ფილოსოფიისა და პოლიტიკის თეორიის ლექციებს ჯერ სტრასბურგში, შემდეგ კი ჰაიდელბერგის უნივერსიტეტში ესწრებოდა. 


სხედან
მარცხნიდან ლუარსაბ ანდრონიკაშვილი, ზურაბ ავალიშვილი, ივანე ჯავახიშვილი, დგანან
(მარცხნიდან) ყაზახაშვილი, ნიჟარაძე, პეტერბურგი, 1901 წ.

ნიჭიერმა ახალგაზრდამ მალევე მოახერხა პრაქტიკული საქმიანობის დაწყება. პირველი ნაბიჯები ყველაზე რთული აღმოჩნდა. ლუარსაბის პირველი პროცესი ე.წ. „კუზიანის საქმე” გახლდათ. წარუმატებლობის შემთხვევაში კურსდამთავრებული ადვოკატი პროფესიას უნდა გამომშვიდობებოდა. ანდრონიკაშვილს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ებრაელი შინამოსამსახურის დაცვა დაევალა, რომელმაც ოჯახის უფროსი შელაპარაკების საფუძველზე დანით გამოასალმა სიცოცხლეს. გარდაცვლილის ელიტური მდგომარეობისა და საყოველთაო რუსული ანტისემიტიზმის გამო გამოუცდელ ვექილს საქმის მოგების მინიმალური შანსიც კი არ ჰქონდა, მაგრამ ანდრონიკაშვილმა სარისკო გადაწყვეტილებით მაინც სცადა წარმატების მოპოვება. სხდომის თავმჯდომარის არაერთი შენიშვნის მიუხედავად,  ახალბედა იურისტმა მშვიდი, აუღელვებელი ტონით, თერთმეტჯერ ზედიზედ მიმართა დამსწრე საზოგადოებას: “პატივცემულო ბატონო მოსამართლე და ნაფიცო მსაჯულებო!” გაბრაზებულმა მოსამართლემ  ადვოკატის უშინაარსო გამოსვლის შეჩერება მხოლოდ ერთი გზით მოახერხა – მან უფლებადამცველს თუჯის ზარი ესროლა. ინციდენტის შემდეგ ანდრონიკაშვილმა თავისი შემაჯამებელი, გამარჯვების მომტანი სიტყვა წარმოთქვა:
“ბატონებო, მე თქვენ მოგმართეთ პატივისცემისა და თქვენი შესაფერისი წოდების შესაბამისად, ჩემი მიზანი არ ყოფილა თქვენი ან სასამართლოს შეურაცხყოფა. თქვენ ხუთი წუთითაც კი ვერ აიტანეთ ჩემი მიმართვა, რომელიც არათუ ლახავდა თქვენს სახელს, არამედ ხაზს უსვამდა მის ღრმად პატივცემულობას, ახლა კი წარმოიდგინეთ იმ ადამიანის მდგომარეობა, ვისაც ფიზიკური ნაკლის გამო გამუდმებით ამცირებდნენ…”
„კუზიანის საქმის” შემდეგ კი დაიწყო ანდრონიკაშვილის მრავალმხრივი პოლიტიკური მოღვაწეობა. უკვე სახელმოხვეჭილი სამართალმცოდნე ვრცელი იმპერიის ყველა კუთხეში მოგზაურობდა. ლუარსაბს უწევდა აკრძალული და არალეგალურად გამოცხადებული მემარხცენე გაზეთების თანამშრომელთა დაცვა, იბრძოდა არშემდგარი ანტიცარისტული აჯანყებების მონაწილეთათვის, სიკვდილმისჯილი პატიმრების სიცოცხლისთვის. იყო შემთხვევები, როდესაც ქართველი იურისტი ერთპიროვნული ბრძანების საფუძველზე დათხოვნილ და დატუსაღებისათვის განწირულ სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატებსაც კი ეხმარებოდა რეპრესიებისაგან თავის დაღწევაში. თუმცა ყველაზე ხშირად მას დასაქმებული ადამიანების ინტერესებისთვის უწევდა ბრძოლა. კერძოდ, ანდრონიკაშვილს მონაწილეობა აქვს მიღებული თბილისელი, ბაქოელი, რიგელი, როსტოველი და ბათუმელი მუშების სასამართლო პროცესებში, რომლებიც მეტწილად დაჩაგრული ადამიანების სასარგებლოდ მთავრდებოდა. საქართველოს ზღვისპირეთში ანდრონიკაშვილმა როტშილდების გიგანტური ფინანსური ინტერესების წინააღმდეგ გალაშქრებაც მოახერხა და მილიონერის ქარხნის ათობით თანამშრომელი მრავალწლიან პატიმრობას გადაარჩინა.
თბილისში დაბრუნებისას, პროფესორობის დროს ანდრონიკაშვილი თეატრის ხშირი სტუმარი იყო. კოტე მარჯანიშვილსა და სანდრო ახმეტელს ყველაზე მეტად პარტერში მისი გამოჩენა აღელვებდათ ხოლმე.
ლუარსაბ ანდრონიკაშვილის შესახებ წაკითხული პირველივე ნარკვევის შემდეგ, ყველგან დავეძებ ხელოვნების, სოციოლოგიისა და ფილოსოფიის მოყვარულ პრინციპულ იურისტს, რომელიც არც ერთ ხელისუფლებას არ დაექვემდებარება და ყველაზე დიდი ფინანსური ინტერესების წინააღმდეგაც კი მოახერხებს მტკიცე ნაბიჯების გადადგმას. დავეძებ სამართალმცოდნეს, რომელიც ყოველთვის ბედისაგან დაჩაგრულ ადამიანებს დაუჭერს მხარს და არ შეუშინდება პოლიტიკური შევიწროვების უდიდეს რისკსაც კი. ამგვარ პროფესიონალს ჯერ ვერ მივაგენი. მიუხედავად ამისა, გუმანით ვგრძნობ, რომ რამდენიმე მათგანი თქვენს საკლასო ოთახში უნდა იჯდეს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი