როგორც პრაქტიკა გვიჩვენებს, ბევრი მშობელი უჩივის საკუთარი შვილის პასიურობას, უინიციატივობასა და უპასუხისმგებლობას. უნდა ითქვას, რომ მათი შეშფოთება და წუხილი ნამდვილად არ არის უსაფუძვლო, რადგან ბავშვის განვითარების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელი, როგორც სკოლამდელ, ასევე სასკოლო ასაკში არის ის, თუ რამდენად ამჟღავნებს ბავშვი ინიციატივას ამა თუ იმ საქმიანობის, განსაკუთრებით კი თამაშისა და სწავლის დროს. ყველა მშობელს სურს, რომ მისი შვილი იყოს დამოუკიდებელი, ინიციატივიანი და მაქსიმალურად გამოავლინოს საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალი და ნიჭი. თუმცა, სამწუხარო ის არის, რომ ძალიან ხშირად თავად ჩვენ, უფროსები ბავშვთან ჩვენი არასწორი დამოკიდებულებით ვხდებით, რომ ჩვენი აღსაზრდელი მოკლებულია ინიციატიურობასა და დამოუკიდებლობას.
უფროსების ძირითადი შეცდომები, რომლებიც აფერხებს ბავშვის ინიციატიურობის განვითარებას:
- ჰიპერმზრუნველობა და უფროსებზე ზედმეტად დამოკიდებულება. თუ უფროსები ბავშვის ნაცვლად მივიღებთ ყველა გადაწყვეტილებას იმისათვის, რომ შევუმსუბუქოთ მას მდგომარეობა, ეს ბავშვს იქამდე მიიყვანს, რომ მას ექნება შიში არჩევანის გაკეთების აუცილებლობის შემთხვევაში. ის ვერ შეძლებს განსაზღვროს, რა არის სწორი და რა არის არასწორი. როდესაც უფროსები მუდმივად თავს დავტრიალებთ ბავშვს, მის ნაცვლად მომენტალურად ვწყვეტთ ყველა პრობლემას, საეჭვოა, რომ მას გამოუმუშავდეს დამოუკიდებლობა, ინიციატიურობა და საკუთარ თავში დარწმუნებულობა. მომავალში კი ის არ იქნება მზად რეალური ცხოვრებისთვის;
- მკაცრი კრიტიკა, მუდმივი საყვედურები მარცხისა და წარუმატებლობის გამო. თუ მოზარდს ყოველი მარცხის, წარუმატებლობის გამო ვუსაყვედურებთ, ის მივა იმ დასკვნამდე, რომ არ ღირს მცდელობაც კი რაიმეს გასაკეთებლად. ასე ვითარდება დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების შიში. ბავშვი ვერასოდეს გაიგებს წარუმატებლობის, მარცხის მნიშვნელობას, რაც, თავის მხრივ, ბევრს გვასწავლის. ეს შიში ხდება ასევე დაბალი თვითშეფასების ფორმირების და საკუთარ თავში დაურწმუნებლობის მიზეზი;
- ბავშვის ნებისმიერი სურვილის შესრულება. თუ ბავშვის ყველა სურვილი დაკმაყოფილებული იქნება იმ მოტივით, რომ არ მოუწიოს ემოციური დაძაბვა, შფოთვა, ნერვიულობა, ის ძალიან სუსტი იქნება ნებისმიერი რთული ამოცანის წინაშე და საეჭვოა, რომ შეძლოს მისი დამოუკიდებლად გადაჭრა;
- ბავშვის ზედმეტად დამოკიდებულება, მიჯაჭვულობა უფროსებზე. ბევრი მშობელი ბავშვს ყველანაირად მასზე დამოკიდებულს ხდის. ალბათ ყველას შეგვხვედრია ისეთი ბავშვები, რომლებსაც ექვსი-შვიდი წლის ასაკში ჯერ კიდევ მშობლები აცმევენ, უკრავენ ფეხსაცმლის თასმებს, ვარცხნიან თმას. უფროსების ასეთი დამოკიდებულება ნამდვილად ვერ გამოუმუშავებს ბავშვს საკუთარ თავში დარწმუნებულობის გრძნობას და ვერ მიაჩვევს დამოუკიდებლობას. ბავშვი, რომელიც არასოდეს ალაგებს თავის ნივთებს და ამას მის ნაცვლად უფროსები აკეთებენ, ყოველთვის სხვებზე დამოკიდებული იქნება. ამასთან ერთად ეს ხელს შეუწყობს სიზარმაცესა და უინციატივობას;
- კონფლიქტებისა და ურთიერთობების გართულებების თავიდან აცილების სურვილი. გადაღლილი მშობლისთვის, რომელმაც რამდენჯერმე სთხოვა ბავშვს სათამაშოების, ან სასწავლო ნივთების დალაგება, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია, უფრო ადვილი და ნაკლებად დამღლელია „დანებება“. მას ურჩევნია თავად უფრო სწრაფად და ხარისხიანად გააკეთოს ეს ყველაფერი, ვიდრე ერთხელ კიდევ მოსთხოვოს ბავშვს ამის გაკეთება. სამწუხაროდ, უფროსის ასეთი ქცევა ცეცხლზე ნავთის დასხმის ტოლფასია. თუ ბავშვმა იცის, რომ უფროსები ადრე თუ გვიან მივლენ და მის ნაცვლად ყველაფერს გააკეთებენ, ნაკლებ სავარაუდოა, რომ მან ინიციატივა გამოამჟღავნოს და დამოუკიდებლად გააკეთოს ის, რაც მრავალჯერ სთხოვეს.
რეკომენდაციები – როგორ აღვზარდოთ ინიციატიურობა ბავშვში:
- მოვერიდოთ ბავშვისთვის მისი ცხოვრების ყოველი წუთის დაგეგმვას. ნუ შევუდგენთ მას დღის ისეთ განრიგს, რომელშიც არ იქნება ადგილი დასვენებისა და თამაშისთვის. ნუ დავტვირთავთ ბავშვს ზედმეტი აქტივობებით, მაშინაც კი, თუ ეს შემოქმედებითი ან სპორტული აქტივობებია. სხვადასხვა საქმიანობასთან ერთად ბავშვს უნდა ჰქონდეს დრო განმარტოებისა და მისთვის საინტერესო საქმიანობით დაკავებისთვის. აუცილებელია დატვირთვის დოზირება. არცთუ იშვიათად უფროსები ცდილობენ უმცროსკლასელის დღის რეჟიმის ისე ორგანიზებას, რომ მას დარჩეს რაც შეიძლება ნაკლები თავისუფალი დრო „სისულელეებისთვის“. თუმცა, ზედმეტად მკაცრი და დატვირთული განრიგი ბავშვს პასიურს ხდის. მას არ რჩება ძალა და დრო იმ საქმიანობის ასარჩევად, რომელიც მოსწონს;
- მივცეთ ბავშვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უფლება. მას შეუძლია აირჩიოს, რა ფერის ტანსაცმელს ჩაიცვამს, როგორ გაატარებს თავისუფალ დროს, სად წავა არდადეგებზე – მშობლებთან ერთად ზღვაზე, თუ ბებიასთან სოფელში. ბავშვმა უნდა იგრძნოს, რომ მისი ხმა, მისი აზრი მნიშვნელოვანია ერთობლივი ოჯახური საქმიანობის არჩევისა და გადაწყვეტილების მიღებისას;
- შევამციროთ კონტროლი. ნუ გავაკრიტიკებთ ბავშვის ყოველ ნაბიჯს. დაე, დაუშვას შეცდომები და ეძებოს გზები ამ შეცდომების და სირთულეების დასაძლევად. საკუთარ გამოცდილებას და უნარებს უფრო მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია, ვიდრე მზა შაბლონებსა და აღზრდას მკაცრ ჩარჩოებში;
- მხარი დავუჭიროთ ბავშვის ინიციატივას, მის გატაცებას მაშინაც კი, თუ ის დიდად არ მოგვწონს. თუ მოზარდი გადაწყვეტს კარატეზე, ფეხბურთზე ან ჭიდაობაზე სიარულს, ნუ ვიჩქარებთ აკრძალვას, უარის თქმას და ბავშვის დარწმუნებას, რომ მას არაფერი გამოუვა და წარმატებას ვერ მიაღწევს. მაშინაც კი, თუ გამოცდილება წარუმატებელი აღმოჩნდება, ის ბავშვისთვის მაინც მნიშვნელოვანი იქნება;
- ვეცადოთ, რომ ბავშვთან ურთიერთობისას ფოკუსირებული ვიყოთ, აქცენტები გავაკეთოთ მის ძლიერ მხარეებზე და წარმატებულ მოქმედებებზე. მნიშვნელოვანია, დავეხმაროთ ბავშვს იმის დანახვაში, რის ნიჭი და უნარები აქვს და რა თვისებები დაეხმარება მას წარმატების მიღწევაში. ამით ჩვენ გავუზრდით მას საკუთარი ძალების რწმენას და ავუმაღლებთ თვითშეფასებას;
- კრიტიკისა და შეცდომების გაანალიზების დროს თავი შევიკავოთ პიროვნებაზე თავდასხმისაგან, აგრესიისაგან, შეურაცხყოფისა და დამცირებისაგან. გავაკრიტიკოთ ბავშვის არასწორი მოქმედებები, ქცევა და არა მისი პიროვნება;
- ბავშვის წარუმატებლობისა და მარცხის შემთხვევაშიც გამოვიჩინოთ სიყვარული და მხარდაჭერა მის მიმართ. გავაგებინოთ პატარას, რომ ის ჩვენთვის საყვარელია მაშინაც კი, თუ რაიმე დავალებას ვერ გაართვა თავი. გულწრფელი ზრუნვა და მხარდაჭერა დაეხმარება ბავშვს, შეინარჩუნოს განვითარების ხელშემწყობი თვითშეფასება და მაქსიმალურად განავითაროს თავისი ნიჭი. როდესაც უფროსები ვამჟღავნებთ უპირობო სიყვარულს ბავშვის მიმართ, ეს უდიდესი სტიმულია მისთვის ინიციატივის გამოსავლენად და საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებისთვის;
- ვიყოთ მომთმენი, გამოვიჩინოთ მოთმინება სასურველი მიზნის მისაღწევად. ინიციატიურობა ეს არ არის ჩვევა, რომელსაც შეიძლება ბავშვი ერთ დღეში დაეუფლოს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თუ ჩვენ უკმაყოფილება გვიჩნდება იმის გამო, რომ ჩვენი აღსაზრდელი მოკლებულია ინიციატიურობას, დამოუკიდებლობას, კარგი იქნება გადავხედოთ ჩვენი აღზრდის სტილს, აღზრდის მეთოდებს, ბავშვთან ურთიერთობის თავისებურებებს და დროულად შევიტანოთ საჭირო ცვლილებები მათში. ბავშვი დამოუკიდებელ და ინიციატივიან პიროვნებად ვერასოდეს აღიზრდება, თუ მას დამოუკიდებლად მოქმედების საშუალება არ მიეცემა. გავითვალისწინოთ, რომ ბავშვის დასახმარებლად საუკეთესო საშუალებაა არა რაიმეს გაკეთება მისთვის, არამედ იმის ჩვენება, თუ როგორ კეთდება ეს.