სასკოლო ექსკურსიები ბავშვების ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი და მნიშვნელოვანი მოვლენაა. ექსკურსია სცდება უბრალოდ გართობას და ბავშვებისთვის მნიშვნელოვან, ღირებულ საგანმანათლებლო და სოციალურ გამოცდილებას წარმოადგენს, რომელიც მათ განვითარებაში დიდ როლს თამაშობს. ზოგადად ექსკურსიები ბავშვებს უყვართ, რადგან ექსკურსიაზე წასვლა ასოცირდება სიახლესთან, განტვირთვასთან, მგზავრობასთან, გართობასთან, თამაშთან და თავგადასავლებთან. ექსკურსიაზე ბავშვებს არაჩვეულებრივი საშუალება აქვთ, ერთმანეთი ხელახლა აღმოაჩინონ, საკუთარი შესაძლებლობები უფრო თავისუფლად გამოხატონ, თუმცა მაისის შუა რიცხვებში მაინც მიწევს ჩემი ორი მოსწავლე შვილის დარწმუნება, რომ ექსკურსიაზე წასვლა კარგია და თავიანთ კლასელებთან ერთად იქ აუცილებლად უნდა წავიდნენ.
მარტის დასაწყისში მშობელთა სასაუბრო „ჩატები“ განსაკუთრებით ხმაურიანია – განუწყვეტელი წკაპუნი, ჩარიცხვების „სქრინების“ ჩაგდება, აზრთა გაცვლა-გამოცვლა… უფროსი შვილის კლასში ექსკურსიის მარშრუტი მალე დაიგეგმა, შევაგროვეთ საჭირო თანხა და დავჯავშნეთ ტრანსპორტი, რადგან თუ დაგვიანების შემთხვევაში, თავისუფალი ავტობუსების პოვნაც რთულდება და თითქმის შეუძლებელი ხდება.
რატომ არის ასე მნიშვნელოვანი სასკოლო ექსკურსია? ხომ არ დაფიქრებულხართ იმაზე, რამდენად ახლოსაა ჩვენი სასკოლო ექსკურსიები ექსკურსიის მთავარ მიზანთან? ან როგორ და საერთოდ ახერხებენ თუ არა მძიმე ეკონომიკურ პირობებში მყოფი ოჯახების ბავშვები მასში მონაწილეობას? ან იმაზეც ხომ არ დაფიქრებულხართ რატომ „ვერ“ ახერხებს ზოგიერთი ბავშვი ექსკურსიაზე წასვლას და ამით ხომ არ ირღვევა თანასწორობის პრინციპი?
როგორია ექსკურსიის შემოქმედებითი მხარე? ექსკურსიისთვის მზადება სასწავლო პროცესის ნაწილია, მოსწავლეს ნათელი წარმოდგენა უნდა ჰქონდეს იმაზე, თუ სად მიდის, რას ნახავს და რით არის გამორჩეული საექსკურსიო ადგილი. ასეთ შემთხვევაში ექსკურსიაც შთამბეჭდავი, შთამაგონებელი და სამახსოვრო გამოვა. თუმცა, ექსკურსიების უმეტესობა, სადაც ჩემს შვილებთან ერთად ვყოფილვარ, არ ყოფილა ისე დაგეგმილი, რომ ბავშვებისთვის სიახლე ყოფილიყო და რაიმე ახალი და ღირებული ცოდნა მიეღოთ. ბავშვები მოინახულებენ რომელიმე კულტურულ ძეგლს, დაანთებენ სანთელს და სულ ეს არის – შემდეგ კი იწყება მზადება მოსწავლეების დასაპურებლად. ერთ-ერთ ექსკურსიაზე, ერთ-ერთ მონასტერში ყოფნის დროს, ჩემი შვილის თანაკლასელი წუხდა, – „აღარ მინდა ამდენი „ძვლების“ დათვალიერებაო“. რთული მოსასმენი სიმართლე იყო. ბავშვების დაინტერესება რთულია, თუმცა ბავშვებს ზოგჯერ მოსაწყენი და მათთვის უინტერესო თემების გაგებაც შეუძლიათ, თუ მათ საინტერესო ფორმით მივაწვდით და ამაზე კარგად ვიმუშავებთ.
როგორი უნდა იყოს კარგი სასკოლო ექსკურსია?
კარგი სასკოლო ექსკურსია უნდა იყოს განათლებაზე და შემეცნებაზე ორიენტირებული, მაგრამ ამავდროულად უნდა იყოს ბავშვებისთვის საინტერესო და ინტერაქციული. კარგ ექსკურსიას უნდა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული მიზანი – მაგალითად, ისტორიული ძეგლების გაცნობა, ბუნებაზე დაკვირვება, მუზეუმში ვიზიტი ან კონკრეტული თემის პრაქტიკულად შესწავლა.
კარგ ექსკურსიაზე ბავშვებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა, იყვნენ არა მხოლოდ მსმენელები, არამედ პროცესში ჩართული აქტიური მონაწილეებიც, – სვამდნენ კითხვებს, იღებდნენ მონაწილეობას აქტივობებში და აზროვნებდნენ კრიტიკულად.
როგორ უნდა იყოს მომზადებული ექსკურსია?
ექსკურსია უნდა იყოს სათანადოდ ორგანიზებული და უსაფრთხო – წინასწარ შეთანხმებული გეგმით, ტრანსპორტით, კვებითა და სამედიცინო მზაობით.
თუ ექსკურსიის შემოქმედებითი და ორგანიზაციული მხარე არ არის კარგად დაგეგმილი, ის შეიძლება ბავშვისთვის მოსაწყენი, უინტერესო და სახიფათოც კი გამოდგეს. მაგალითად, თუ საექსკურსიო ადგილი არ შეესაბამება ბავშვების ინტერესებს, მათი ასაკობრივი ჯგუფის გამოწვევებსა და საჭიროებებს, ან არ არსებობს გეგმა და ზედამხედველობა ბავშვების სახლებში უვნებლად დაბრუნებისთვის, მაშინ ექსკურსია კარგავს საგანმანათლებლო მნიშვნელობას და ბავშვების საერთო გამოცდილებაც შეიძლება დაზარალდეს.
ექსკურსიის დაგეგმვისას, უმნიშვნელოვანესია ვიხელმძღვანელოთ სოციალური თანასწორობის პრინციპით და დავფიქრდეთ იმაზეც, იქნება თუ არა საექსკურსიო ხარჯი ყველა ბავშვის ოჯახისთვის ხელმისაწვდომი. მნიშვნელოვანია, ექსკურსიაში მონაწილეობა შეძლოს ყველა ბავშვმა, რათა არ დაირღვეს სოციალური თანასწორობა, არ გახდეს ექსკურსია მშობლებისთვის ზედმეტი ფინანსური ტვირთი და არ გააღრმაოს სოციალური უთანასწორობა.
რა არის სასკოლო ექსკურსიის მიზანი?
სასკოლო ექსკურსიის ძირითადი მიზანი ბავშვების შემოქმედებითი განვითარება, პრაქტიკული ცოდნის მიღება და არაფორმალურ გარემოში სოციალური უნარების განმტკიცება და მუშაობაა. საკლასო ოთახის გარეთ ბავშვები უფრო მხიარული, ლაღი, კომუნიკაბელური ხდებიან და ცდილობენ, უფრო თავდაჯერებულად გამოხატონ საკუთარი თავი და შესაძლებლობები. არაფორმალურ გარემოში კლასთან, თანატოლებთან მოსწავლე ცდილობს, საკუთარი ინდივიდუალურობაც გამოხატოს და ასევე გაუჩნდეს მიკუთვნებულობის განცდა საკუთარ ჯგუფთან. ექსკურსიები ბავშვის ემოციურ განვითარებაზეც დადებითად მოქმედებს – ახალი მეგობრების გაჩენა, გუნდურობის განცდა, საკუთარი თავის აღმოჩენა – კარგ ექსკურსიაზე მოსწავლე აუცილებლად იპოვის მისთვის სასიხარულო მხარეს და კმაყოფილიც დაბრუნდება სახლში.
როგორ იგეგმება სასკოლო ექსკურსია?
სასკოლო ექსკურსიის დაგეგმვა რამდენიმე რგოლის მონაწილეობით ხორციელდება. მასწავლებელი, მშობელი და ადმინისტრაცია თანხმდებიან ექსკურსიის დაგეგმვაზე და ათანხმებენ ექსკურსიის ისეთ ასპექტებს, როგორებიცაა:
- საგანმანათლებლო მიზნის განსაზღვრა – რა უნდა ისწავლონ ბავშვებმა ექსკურსიის დროს;
- ადგილმდებარეობის სწორად შერჩევა – ასაკთან შესაბამისი, უსაფრთხო და ხელმისაწვდომი ადგილი;
- ფინანსური საკითხების გათვალისწინება – ექსკურსია არ უნდა გამორიცხავდეს იმ ბავშვებს, ვისაც შესაძლოა ნაკლები ფინანსური რესურსი ჰქონდეთ. სკოლამ უნდა იზრუნოს თანასწორობაზე;
- ლოჯისტიკა და უსაფრთხოება – ტრანსპორტი, კვება, სამედიცინო დახმარების შესაძლებლობა.
ყველას, ვინც ექსკურსიებს გეგმავს, მნიშვნელოვანია, გაითვალისწინოს, რომ ექსკურსია არ იყოს პრივილეგირებული ღონისძიება მხოლოდ ფინანსურად უზრუნველყოფილი ოჯახებისთვის და კლასის თითოეულ მოსწავლეს ჰქონდეს თანაბარი შესაძლებლობა მონაწილეობისთვის, კვლევისთვის და სასიამოვნო შთაბეჭდილებებისთვის და თითოეულ ბავშვს ჰქონდეს განცდა, რომ ეს გამოცდილება მისთვისაც არის და ისიც იმსახურებს სასიამოვნო მოგონებებს.
ჩემთვის კარგი ექსკურსია ისეთია, სადაც ყველა მოსწავლეს შეუძლია წასვლა და ის არ უკავშირდება ისეთ ხარჯებს, სადაც შეიძლება რომელიმე ბავშვი ამის გამო გამოაკლდეს და დაიჩაგროს. ექსკურსია შეიძლება იყოს მცირე ბიუჯეტით ორგანიზებული, მაგრამ საინტერესოდ მოფიქრებული მარშრუტით, მკაფიო გეგმით და ისეთი მენიუთი, რომელიც შეიძლება ბავშვების ოჯახებისთვის არ იქცეს ტვირთად. არაერთხელ გვინახავს ექსკურსიაზე წაღებული საკვები როგორ რჩება აუთვისებელი მაშინ, როდესაც სკოლებში ბავშვების უმეტესობა პირდაპირი მნიშვნელობით მშიერია და ბევრ მოსწავლეს არ აქვს თანხა იმისთვის, რომ ბუფეტში საკვები შეიძინოს. რესტორნის დაჯავშნა, მწვადების შეწვა და ბუნებაში ქეიფი, რა თქმა უნდა, ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ ბევრ ოჯახს ჩვენს ქვეყანაში დღეს ამის შესაძლებლობა არ აქვს. შეიძლება ვინმეს ჰქონდეს ამის საწინააღმდეგო არგუმენტი, რომ ჩვენი შვილების „ერთი დღისთვის ყველაფერი უნდა გავიმეტოთ“, თუმცა, თავიდანვე ვიტყვი მცდარი არგუმენტი იქნება, რადგან ბავშვებს არა ერთჯერადად და არა წელიწადში ერთხელ, არამედ ხანგრძლივად სჭირდებათ ზრუნვა, მრავალფეროვანი კვება და უსაფრთხოება.
ვფიქრობ, ამ საკითხებზე მასწავლებლებმაც და მშობლებმაც თანაბრად უნდა ვიფიქროთ, ვიმსჯელოთ, რადგან ყველა ბავშვი იმსახურებს თანასწორ გარემოში ცხოვრებას, თანაბარ შესაძლებლობებს და თანაბარ სიკეთეებს.