ეროვნული სასწავლო გეგმის მისიაა, მოსწავლის ჰოლისტური – შემეცნებითი, ფიზიკური და ფსიქო–სოციალური განვითარება. სკოლამ უნდა უზრუნველყოს ფუნდამენტური აკადემიური უნარების, წიგნიერებისა და რაოდენობრივი წიგნიერების განვითარების ხელშეწყობა; სასკოლო გარემოსა და სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულების, პოზიტიური აკადემიური თვითკონცეფციის ჩამოყალიბება; საგანთა სწავლა-სწავლების საფუძველზე მყარი, დინამიკური და ფუნქციური ცოდნის კონსტრუირება; მოზარდის ინტერესებისა და მიდრეკილებების გამოვლენა და მხარდაჭერა; დამოუკიდებელი სასწავლო და შრომითი უნარების განვითარება, და სისტემური ცოდნის კონსტრუირება; საფუძვლების შექმნა განათლების მომდევნო, აკადემიურ საფეხურზე სწავლის გაგრძელებისთვის ან პროფესიული საქმიანობისთვის.
ეროვნული სასწავლო გეგმის მიზანია, მოსწავლემ შეძლოს:
- საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით ინფორმაციის გააზრება. მიზნებისა და აუდიტორიის გათვალისწინებით – აზრის, იდეის ჩამოყალიბება;
- ახალ სიტუაციასთან მიმართებით, კანონზომიერებების აღმოჩენა და მოდელირება. სასწავლო მასალის მეცნიერულ კონტექსტში გააზრება;
- მრავალფეროვანი სტრატეგიებისა და მიდგომების საშუალებებით, სასწავლო და ცხოვრებისეული ამოცანების წარმატებით გადაჭრა;
- მიღებული ცოდნის საფუძველზე, საკუთარი მსოფლმხედველობის რეფლექსია;
- შეძენილი ცოდნის, საკუთარი, საზოგადოებრივი თუ სახელმწიფოებრივი მიზნებისა და საჭიროებებისთვის გამოყენება.
სასწავლო შედეგი უპირველესად გულისხმობს საგნობრივ ცოდნას. ეროვნულ სასწავლო გეგმაში, გრძელვადიანი მიზნები ჩამოყალიბებულია საგნობრივი სამიზნე ცნებებისა და საფეხურის შედეგების სახით. ეროვნული სასწავლო გეგმის თითოეული შედეგი უკავშირდება საგნობრივ სამიზნე ცნებას. ყველა საგნისთვის განსაზღვრულია რამდენიმე სამიზნე ცნება. შედეგებთან ერთად მათი დაუფლება, წარმოადგენს საგნის სწავლა-სწავლების გრძელვადიან მიზანს. გრძელვადიან მიზნებს, შედეგებსა და სამიზნე ცნებებს აზუსტებს და უფრო მკაფიოს ხდის ცნებასთან დაკავშირებული ქვეცნებები, მკვიდრი წარმოდგენები და შესაბამისი დასასწავლი საკითხები.
გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად საჭიროა, სასწავლო პროცესი დაიყოს შუალედურ სასწავლო მიზნებად. გრძელვადიანი მიზნების საფუძველზე შუალედური მიზნების გამოსაყოფად, აუცილებელია სასწავლო თემის, როგორც სტრუქტურული ერთეულის მნიშვნელობის გააზრება. ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით, თემა წარმოადგენს კონტექსტს, რომლის ფარგლებშიც უნდა დამუშავდეს ეროვნული სასწავლო გეგმის ყველა შედეგი და სამიზნე ცნება. მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა სწორად დაინახოს, თემის ფარგლებში რა კონკრეტულ სახეს მიიღებს ეროვნული სასწავლო გეგმის გრძელვადიანი მიზნები – შედეგები და სამიზნე ცნებები.
სასწავლო პროცესში შუალედური სასწავლო მიზანი განისაზღვრება ისეთი დავალების სახით, რომელიც წარმოადგენს შემოქმედებით პროდუქტს და რომლის საშუალებითაც მოსწავლე საგნობრივ საკითხებთან მიმართებით, საკუთარ ცოდნას წარმოაჩენს. შედეგი მიღწეულად მიიჩნევა, როცა მოსწავლეს შეუძლია საგნობრივ საკითხთან დაკავშირებული ფაქტებისა და მოვლენების კრიტიკულად და ურთიერთდაკავშირებულად გააზრება, გაანალიზება და სხვადასხვა სიტუაციაში გამოყენება.
მკვიდრი წარმოდგენები შემოფარგლავს ცნების მოცულობას და განსაზღვრავს, რა უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული მოსწავლეს საფეხურის ბოლოს ამ ცნებასთან მიმართებით. მათი საშუალებით წარმოჩნდება განზოგადებები, რომლებამდეც მოზარდი უნდა მივიდეს ნებისმიერი თემის სწავლა-სწავლების პროცესში. მკვიდრი წარმოდგენები ერთმანეთთან მჭიდროდ არის დაკავშირებული. ისინი განისაზღვრება სასკოლო კურიკულუმის, და არა ეროვნული სასწავლო გეგმის, დონეზე.
მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მოთხოვნების მიხედვით შუალედური მიზანი გულისხმობს სამ აუცილებელ კომპონენტს:
- ძირითადი საკითხი, რომელსაც შეეხება სასწავლო აქტივობა;
- პროდუქტი, რომელსაც ქმნის მოსწავლე (მაგ: კვლევითი ნაშრომი, მოდელი, ვირტუალური მოდელი, ინსტრუქცია, რჩევების კრებული და სხვა);
- შეფასების კრიტერიუმები, რომლებიც მიემართება სამიზნე ცნების მკვიდრ წარმოდგენებს.
შუალედური სასწავლო მიზნების რაოდენობა და მოცულობა დამოკიდებულია კონკრეტული სკოლის, კლასის მოცემულობაზე. მაგალითად, შეიძლება ჩამოყალიბდეს:
- შუალედური მიზანი, რომელიც ერთ საკითხს და ერთ სამიზნე ცნებას შეეხება;
- შუალედური მიზანი, რომელიც ერთი საკითხის გამოყენებით 2-3 სამიზნე ცნების დამუშავებას გულისხმობს;
- შუალედური მიზანი, რომლის საფუძველზეც თემის ფარგლებში ყველა სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული საკითხები ერთობლივად დამუშავდება.
ეროვნული სასწავლო გეგმის შედეგების გასაზომად, გვეხმარება შედეგების მიღწევის შეფასებისა და ფუნქციურ-კოგნიტიურ უნარებზე დაფუძნებული განმავითარებელი შეფასების რუბრიკები. მოსწავლის შეფასების მთავარი მიზანია სასწავლო პროცესის ხარისხის მართვა. შეფასება არის სწავლა–სწავლების განუყოფელი ნაწილი.
მოსწავლის შეფასების პრინციპები, მიზნები და ამოცანები მდგომარეობს შემდეგში:
- მოსწავლის მიღწევების დიაგნოსტირება მისი სწავლის პროცესის გასაუმჯობესებლად;
- მოსწავლის წინსვლის, სწავლის პროგრესის ამსახველი პროფილის შექმნა;
- მონაცემების შექმნა მტკიცებულებებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად სასწავლო პროცესის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით.
ეროვნულ სასწავლო გეგმაში გამოიყენება ორი ტიპის შეფასება: განმსაზღვრელი და განმავითარებელი.
განმსაზღვრელი შეფასება ადგენს მოსწავლის მიღწევის დონეს საგნობრივი სასწავლო გეგმის შედეგებთან მიმართებით. განმსაზღვრელი შეფასება უნდა ემსახურებოდეს მოსწავლის პოზიტიური თვითშეფასების ჩამოყალიბებას. განმსაზღვრელი შეფასების კომპონენტებს ადგენს თავად სკოლა.
განმავითარებელი შეფასება:
- აჩვენებს თითოეული მოსწავლის განვითარების დინამიკას, პროგრესს;
- ქმნის მხარდაჭერის მექანიზმს მოსწავლის პიროვნული პოტენციალის რეალიზებისთვის. მოსწავლე განმავითარებელი შეფასების აქტიური მონაწილეა და ჩართულია შეფასებისთვის რელევანტური ინფორმაციის მოპოვებისა და დამუშავების პროცესში.
მოსწავლე შეიძლება შეფასდეს უშუალოდ სასწავლო პროცესში, სპეციალურად დანიშნული გამოკითხვებისა და საკონტროლო წერების გარეშე. განმავითარებელ შეფასებაში შემფასებელი შეიძლება იყოს როგორც მასწავლებელი, ასევე მოსწავლეც. სასურველია, მოსწავლეებს მიეცეთ საშუალება, თვითშეფასების მიზნით, გასცენ და მიიღონ უკუკავშირი თავიანთი თანაკლასელებისგან და ასევე აქტიურად გამოიყენონ მეტაკოგნიტიური და კოგნიტიური სტრატეგიები. სწავლის პროცესის შეფასებაში ამგვარი ჩართულობა, მოსწავლეს გამოუმუშავებს დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევებს, დაეხმარება სწავლის სტრატეგიების ათვისებაში, საშუალებას მისცემს, გაცნობიერებულად შეუწყოს ხელი საკუთარ წინსვლასა და წარმატებას. მასწავლებელმა შეიძლება გამოიყენოს შემდეგი შინაარსის შეფასების რუბრიკები:
- საშინაო წერითი დავალების შეფასება;
- საგაკვეთილო პროცესში ჩართულობის შეფასება;
- დამოუკიდებელი წერითი სამუშაოს შეფასება;
- საპრეზენტაციო თემის და პრეზენტაციის პროცესის შეფასება;
- ჯგუფური სამუშაოს შეფასება;
- მოსწავლის მიერ კვლევითი სამუშაოს შეფასება;
- სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული განმავითარებელი შეფასების სქემა.
სწავლის ხარისხის გაუმჯობესების ხელშესაწყობად უპირატესობა უნდა მიენიჭოს განმავითარებელ შეფასებას, რომელიც აფასებს მოსწავლეს თავის წინარე შედეგებთან მიმართებით, ზომავს ინდივიდუალურ წინსვლას და აძლევს მოსწავლეს ცოდნის ეტაპობრივად აგებისა და კონსტრუირების საშუალებას. განმავითარებელი შეფასებისას მასწავლებელმა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს განმავითარებელი შეფასების 5 სტრატეგია-ფაქტორი:
- რომელ მიზანზეა (გრძელვადიანი/შუალედური) ორიენტირებული განმავითარებელი შეფასება;
- რამდენად აძლევს სასწავლო პროცესში შესრულებული დავალებები მოსწავლეს ცოდნის, საკუთარი შესაძლებლობების წარმოჩენის საშუალებას და რამდენად შეუწყო ხელი შემოქმედებით დავალებაზე მუშაობის პროცესმა მოსწავლის ფუნქციური უნარების განვითარებას?
- რამდენად ეფექტურად გამოიყენება განმავითარებელი უკუკავშირი მოსწავლის წინსვლისა და განვითარების ხელშესაწყობად?
- რამდენად იყენებენ მოსწავლეები ურთიერთშეფასების სტრატეგიებს?
- რამდენად აქცევს მოსწავლე ყურადღებას მეტაკოგნიტიურ ასპექტებს?
განმავითარებელი შეფასების მნიშვნელოვანი ნაწილია მასწავლებლის თვითრეფლექსია; იმის გასაანალიზებლად, თუ რამდენად მოახდინა მასწავლებლის საქმიანობამ ზეგავლენა მოსწავლის მიღწევებზე; რა უნდა იქნას გათვალისწინებული შემდგომ პერიოდში სასწავლო პროცესის დაგეგმვისას.
განმავითარებელი შეფასების რუბრიკის გამოყენება შესაძლებელია საგაკვეთილო პროცესში, შემოქმედებითი დავალებების შესრულებისა და პროექტებით სწავლებისას. სასწავლო პროცესი გულისხმობს მოკლევადიან და შუალედურ სასწავლო მიზნებზე მუშაობის შედეგად, გრძელვადიანი სასწავლო მიზნების მიღწევას. განმავითარებელი შეფასების რუბრიკის შედგენისას მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ, რომელ სამიზნე ცნებაზე გადის აღნიშნული სასწავლო აქტივობა. მივუთითოთ ქვეცნებები და ის კონკრეტული საკითხები, რომლებსაც მოიცავს მოცემული სამუშაო. ამის შემდეგ კი შესაძლებელია მიღწევის დონე შეფასდეს – როგორც დაბალი, საშუალო და მაღალი.
საკითხის უკეთ გასააზრებლად, წარმოგიდგენთ სასწავლო კვლევითი პროექტის მოკლე გეგმის ნიმუშს ფიზიკაში და განმავითარებელი შეფასების შესაბამის რუბრიკას, რომელიც ფარავს სამიზნე ცნების, ქვეცნებისა და საკითხების ჩამონათვალს. იმავე ფორმატით შესაძლებელია ნებისმიერი საგნის განმავითარებელი შეფასების რუბრიკის შედგენა.
პროექტის სახელწოდება |
კულონის კანონი. მსოფლიო მიზიდულობის კანონი |
პროექტში მონაწილეები | მე-10 კლასის მოსწავლეები;
ასაკობრივი ჯგუფი – 15-16 წელი |
პრობლემის ანალიზი
|
მოსწავლეებს უჭირთ:
· მსოფლიო მიზიდულობის კანონის სიღრმისეული გააზრება (მაგ. რატომ ეცემა ვაშლი დედამიწას და არა პირიქით, დედამიწა ვაშლს); · უხილავ (დამუხტულ) ნაწილაკებზე მსჯელობა, მათი კანონზომიერებების ფიზიკური შინაარსის გააზრება, ლოგიკური და ანალიტიკური მსჯელობა; · საკუთარი აზრის გამოთქმა, წარმოსახვა და შემოქმედებითად აზროვნება. |
პროექტის მიზანი
|
მოსწავლეები:
· გაიღრმავებენ ცოდნას ფიზიკაში. შეძლებენ დაადგინონ მსგავსება გრავიტაციულ და ელექტრულ ურთიერთქმედებებს შორის; · ვირტუალური ექსპერიმენტებით შეისწავლიან მსოფლიო მიზიდულობის და კულონის კანონებს. იმსჯელებენ მათ შორის მსგავსებასა და განსხვავებაზე. |
მოსალოდნელი შედეგები | მოსწავლეებს:
· განუვითარდებათ დაკვირვების, აღწერის, ინფორმაციის მოძიების, პრობლემის დასმისა და მისი გადაჭრის, მონაცემთა ინტერპრეტაციის, ანალიზის, საკუთარი აზრის ჩამოყალიბებისა და გადაცემის უნარები; · გამოუმუშავდებათ უნარ-ჩვევები საინფორმაციო ტექნოლოგიებში – ინტერნეტში ინფორმაციის მოძიება, პრეზენტაციის აწყობა და აუდიტორიის წინაშე წარდგენა; · აუმაღლდებათ წარმოსახვითი, შემოქმედებითი აზროვნების, ვარაუდის ფორმულირების, კომუნიკაციის, თანამშრომლობის, გადაწყვეტილების მიღების უნარ-ჩვევები; · გრძელვადიან პერსპექტივაში ხელი შეეწყობა წიგნიერების, რაოდენობრივი წიგნიერების, ციფრული წიგნიერების, სემიოტიკური წიგნიერების, სწავლის სწავლის, ცოდნის ტრანსფერული უნარების განვითარებას. |
პროექტის ამოცანები
|
მოსწავლეები:
· დაამუშავებენ პროექტით გათვალისწინებულ თეორიულ საკითხებს და ვირტუალური ლაბორატორიის გამოყენებით, ჩაატარებენ შესაბამის ექსპერიმენტებს; · განივითარებენ მოვლენათა და ფაქტების აღქმის სიღრმეს და მრავალმხრივობას. |
სტანდარტთან კავშირი | · ფიზ.საბ. 1.2.3.4.5.6.7.8.9.10.11
· ფიზ.საშ. 1.2.3.4 |
კვლევა,
მოსწავლეები გააცნობიერებენ, რომ: |
· კვლევის მეთოდებია: ცდა (ექსპერიმენტი), ინფორმაციის მოძიება, მონაცემების დამუშავება (ანალიზურად, გრაფიკულად, დიაგრამებით), ვირტუალურ ლაბორატორიაში რეალური მოვლენის მოდელირება და სხვა;
· რეალური მოვლენის მოდელირებისას შესაძლოა უგულებელყოფილ იქნას გარკვეული ფაქტორები, რის გამოც რეალობისაგან აცდენილ შედეგს მივიღებთ. · მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარებისთვის აუცილებელია აღმოჩენები, ხოლო სხვადასხვა პროფესიის დაუფლებისთვის – მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიღწევების ცოდნა და კვლევითი უნარების ჩამოყალიბება. |
ქვეცნება, საკითხები | ძალები. გრავიტაციული და ელექტრული ურთიერთქმედება
· მსოფლიო მიზიდულობის კანონი · მუხტი. სხეულთა დამუხტვა. მუხტების ურთიერთქმედება (კულონის კანონი) |
მდგრადი განვითარების მიზნები | · მიზანი 4 – ხარისხიანი განათლება |
სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები | მოსწავლემ უნდა შეძლოს: მატერია – Ø გრავიტაციული/ელექტრული/მაგნიტური ველის შემქმნელი ობიექტების მახასიათებელი ფიზიკური სიდიდეების (მასა და მუხტი) დაკავშირება მათ მიერ შექმნილ ველებთან; აღნიშნული ველების თვისებების ზოგადი აღწერა; Ø მატერიის სახეების ფიზიკური თვისებების ცოდნის მნიშვნელობის შესახებ საკუთარი მოსაზრებების დასაბუთება და ამ ცოდნის დაკავშირება თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარებასთან; Ø მატერიის სახეების ფიზიკური თვისებების გამოსაკვლევად შესაბამისი საკლასო/საშინაო ექსპერიმენტების ორგანიზება, მოსალოდნელი შედეგების წინასწარ განჭვრეტა და მისი შედარება ექსპერიმენტის შედეგებთან; Ø მატერიის სახეებისა და მათი თვისებების მახასიათებელ ფიზიკურ სიდიდეთა გამოყენებით შესაბამისი სიტუაციური, ცხოვრებისეული და პრობლემაზე ორიენტირებული ამოცანების ამოხსნა/გადაჭრა; Ø ელემენტარული მუხტისა და სხეულის მუხტის შესახებ მსჯელობა მუხტის შენახვის კანონის გასაანალიზებლად; Ø მსჯელობა მუხტებს შორის ელექტრული ურთიერთქმედების აღსაწერად (ანალოგია გრავიტაციული ველის მახასიათებლებთან); ენერგია – Ø სისტემის შიგნით ენერგიის გარდაქმნებისა და სისტემის სრული ენერგიის ცვლილების მოვლენების ახსნა გამომწვევი მიზეზების გათვალისწინებით; Ø ენერგიის სახეების (მექანიკური, ელექტრომაგნიტური) თვისობრივი და რაოდენობრივი დახასიათება. შესაბამისი მახასიათებლების მიხედვით ერთმანეთთან შედარება; ძალა – Ø ურთიერთქმედების სახეების (გრავიტაციული, ელექტრული) თვისობრივი და რაოდენობრივი დახასიათება; ბუნების მოვლენების მიმდინარეობაში ამ ურთიერთქმედებების როლის/მნიშვნელობის შესახებ საკუთარი მოსაზრებების დასაბუთება ადვილად დაკვირვებად მაგალითებზე დაყრდნობით; Ø ადვილად დაკვირვებადი ძალების თვისობრივი და რაოდენობრივი დახასიათება, შედარება მათი წარმოქმნის მექანიზმისა და მოქმედების ხასიათის მიხედვით; Ø ადვილად დაკვირვებადი ძალების გამოსაკვლევად შესაბამისი საკლასო/საშინაო ექსპერიმენტების ორგანიზება, მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება და მისი შედარება ექსპერიმენტის შედეგებთან; Ø წერტილოვან მუხტებს შორის ურთიერთქმედების ძალის რაოდენობრივად დახასიათება (ანალოგია მსოფლიო მიზიდულობის კანონთან) და შესაბამისი მოცემულობების ახსნა პრობლემაზე ორიენტირებული ამოცანების გადასაჭრელად; Ø ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, ექსპერიმენტების დაგეგმვა და მისი უსაფრთხოდ ჩატარება დამუხტული სხეულების ურთიერთქმედების შესასწავლად. ფიზიკური პროცესი – Ø ფიზიკური მოვლენებისა და პროცესების (მაგ: მექანიკური, ელექტრული) თვისობრივი და რაოდენობრივი დახასიათება; Ø ფიზიკურ მოვლენათა/პროცესთა შედარება მათი მახასიათებლების მიხედვით; Ø ბუნების მოვლენების აღმწერი კანონების მნიშვნელობის შესახებ საკუთარი მოსაზრებების დასაბუთება და ამ კანონების გამოყენებით შესაბამისი სიტუაციური, ცხოვრებისეული და პრობლემაზე ორიენტირებული ამოცანების ამოხსნა/გადაჭრა; Ø სხვადასხვა ფიზიკური მოვლენისა და პროცესის სადემონსტრაციო საკლასო/საშინაო ექსპერიმენტების ორგანიზება, მოსალოდნელი შედეგების პროგნოზირება და მისი შედარება ექსპერიმენტის შედეგებთან; Ø ფიზიკური პროცესის გამომწვევი მიზეზებისა და შედეგების ერთმანეთთან დაკავშირება და ამ კავშირების განმაპირობებელი ფაქტორების ახსნა. |
ამოცანების განსახორციელებლად საჭირო აქტივობები | აქტივობა 1. მასწავლებლის მიერ მოსწავლეებისთვის პროექტის იდეის გაცნობა.
აქტივობა 2. მოსწავლეებთან ერთად სამუშაო გეგმის შედგენა და დავალებების განაწილება. პრეზენტაციების მომზადება შემდეგ საკითხებზე: · „მსოფლიო მიზიდულობის კანონი. გრავიტაციული მუდმივას რიცხვითი მნიშვნელობა“; · „დამუხტულ ნაწილაკთა ურთიერთქმედება. კულონის კანონი“; · ამოცანის განხილვა იმის გამოსაანგარიშებლად, რამდენჯერ მეტია ელექტრული ურთიერთქმედების ძალა, გრავიტაციული ურთიერთქმედების ძალაზე; · გრავიტაციული და ელექტრული ურთიერთქმედებების შესწავლა ვირტუალური ლაბორატორიის საშუალებით; https://phet.colorado.edu/en/simulations/coulombs-law https://phet.colorado.edu/en/simulations/gravity-force-lab-basics · ვენის დიაგრამის საშუალებით კულონის კანონსა და მსოფლიო მიზიდულობის კანონს შორის მსგავსება-განსხვავების დადგენა.
აქტივობა 3. მიცემული დავალებების მიხედვით სამუშაო შეხვედრების ჩატარება და მონიტორინგი; აქტივობა 4. პროექტის პრეზენტაცია; აქტივობა 5. პროექტის შეფასება შეფასების რუბრიკის საშუალებით.
|
სამიზნე ცნებებთან დაკავშირებული განმავითარებელი შეფასების რუბრიკა
თემა | საკითხები,
საკითხი |
სამიზნე ცნებასთან მიმართება | შეფასება
|
||
დაბალი – მოსწავლეს განსახილველ საკითხთან მიმართებაში აქვს არასტრუქტუირებული წარმოდგენა.
მოიპოვებს მწირ ინფორმაციას. ვერ ერთვება კვლევის პროცესში. |
საშუალო – მოსწავლეს განსახილველი საკითხის არსი ესმის საშუალო დონეზე. საკითხთან მიმართებაში ხედავს ურთიერთმიმართებებს.
მონაწილეობს კვლევაში და იაზრებს კვლევის შედეგებს. უჭირს ცოდნის ტრანსფერი. |
მაღალი – მოსწავლეს საკითხის არსი გააზრებული აქვს სიღრმისეულად.
შეუძლია ცოდნის განზოგადება და სხვა მსგავს მაგალითებთან შედარება. ატარებს კვლევას და გამოაქვს შესაბამისი დასკვნები. ახდენს ცოდნის ტრანსფერს. |
|||
ძალები
ელექტროსტატიკა
|
მსოფლიო მიზიდულობის კანონი
ელექტრული მუხტი და ელემენტარული ნაწილაკები.
დამუხტული სხეულების ურთიერთქმედება.კულონის კანონი |
მატერია | მოსწავლეს უჭირს გააზრება: რომ ყველაფერი, რაც ბუნებაში არსებობს, არის მატერია. იგი ორი სახისაა: ნივთიერება და ველი;
რომ ყველა ნივთიერება შედგება უმცირესი ნაწილაკებისგან.
|
მოსწავლეს საშუალოდ ესმის: რომ ყველაფერი, რაც ბუნებაში არსებობს, არის მატერია. იგი ორი სახისაა: ნივთიერება და ველი;
რომ ყველა ნივთიერება შედგება უმცირესი ნაწილაკებისგან; რომ ველის ფიზიკური თვისებები დამოკიდებულია – ველის შემქმნელი ობიექტების პარამეტრებზე (მასა, მუხტი) და ამ ობიექტების განლაგებაზე.
|
მოსწავლეს სიღრმისეულად ესმის: რომ ყველაფერი, რაც ბუნებაში არსებობს. არის მატერია. იგი ორი სახისაა: ნივთიერება და ველი;
რომ ყველა ნივთიერება შედგება უმცირესი ნაწილაკებისგან; და ველის ფიზიკური თვისებები დამოკიდებულია – ველის შემქმნელი ობიექტების პარამეტრებზე (მასა, მუხტი) და ამ ობიექტების განლაგებაზე; რომ მატერიის ფიზიკური თვისებები შეიძლება შეიცვალოს შიდა/გარე ფაქტორებით. ეს თვისებები და მათი ცვლილება ხასიათდება ფიზიკური სიდიდეებით, რომლებიც იზომება ექსპერიმენტულად. |
ენერგია
|
მოსწავლეს უჭირს გააზრება: რომ სხეულთა (დამუხტულ ნაწილაკთა) ერთობლიობა ქმნის სისტემას.
რომ სხეულთა (დამუხტულ ნაწილაკთა) სისტემას, მასში შემავალი სხეულების (დამუხტული ნაწილაკების) მოძრაობის ან/და მათი ერთმანეთთან ურთიერთქმედების გამო აქვს ენერგია.
|
მოსწავლეს საშუალოდ ესმის: რომ სხეულთა (დამუხტულ ნაწილაკთა) ერთობლიობა ქმნის სისტემას;
რომ სხეულთა (დამუხტულ ნაწილაკთა) სისტემას, მასში შემავალი სხეულების (დამუხტული ნაწილაკების) მოძრაობის ან/და მათი ერთმანეთთან ურთიერთქმედების გამო აქვს ენერგია; რომ ენერგია სისტემის მდგომარეობის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელია.
|
მოსწავლეს სიღრმისეულად ესმის:
რომ სხეულთა (დამუხტულ ნაწილაკთა) ერთობლიობა ქმნის სისტემას; რომ სხეულთა (დამუხტულ ნაწილაკთა) სისტემას, მასში შემავალი სხეულების (დამუხტული ნაწილაკების) მოძრაობის ან/და მათი ერთმანეთთან ურთიერთქმედების გამო აქვს ენერგია; რომ ენერგია სისტემის მდგომარეობის ერთ-ერთი ძირითადი განმსაზღვრელია; რომ სისტემაში ენერგიის გარდაქმნა განპირობებულია შიდა ფაქტორებით, ხოლო სისტემის სრული ენერგიის ცვლილება – გარე ფაქტორებით.
|
||
ძალა
|
მოსწავლეს უჭირს გააზრება: რომ ბუნებაში მიმდინარე მოვლენების უმრავლესობა სხეულთა ურთიერთქმედებით ხორციელდება;
რომ სხეულებს შორის ურთიერთქმედება ხასიათდება ფიზიკური სიდიდით – ძალით; და ძალის მოქმედების შედეგი დამოკიდებულია ძალის მოდულზე, მიმართულებასა და მოდების წერტილზე. |
მოსწავლეს საშუალოდ ესმის: რომ ბუნებაში მიმდინარე მოვლენების უმრავლესობა სხეულთა ურთიერთქმედებით ხორციელდება;
რომ სხეულებს შორის ურთიერთქმედება ხასიათდება ფიზიკური სიდიდით – ძალით; ძალის (მაგალითად, მსოფლიო მიზიდულობის ძალა, ელექტრული ძალა) მოქმედების შედეგი დამოკიდებულია ძალის მოდულზე, მიმართულებასა და მოდების წერტილზე; წერტილოვან მუხტებს შორის ურთიერთქმედების ძალის რაოდენობრივად დახასიათება შესაძლებელია ანალოგიით მსოფლიო მიზიდულობის კანონთან.
მონაწილეობს ამოცანების ამოხსნის პროცესში.
მონაწილეობს ექსპერიმენტებში სხეულების (დამუხტული სხეულების) ურთიერთქმედების შესასწავლად. |
მოსწავლეს სიღრმისეულად ესმის: რომ ბუნებაში მიმდინარე მოვლენების უმრავლესობა სხეულთა ურთიერთქმედებით ხორციელდება. სხეულებს შორის ურთიერთქმედება ხასიათდება ფიზიკური სიდიდით – ძალით;
ძალის (მაგალითად, მსოფლიო მიზიდულობის ძალა, ელექტრული ძალა) მოქმედება განსაზღვრავს სხეულის მოძრაობის ცვლილებას, შედეგი კი დამოკიდებულია ძალის მოდულზე, მიმართულებასა და მოდების წერტილზე; წერტილოვან მუხტებს შორის ურთიერთქმედების ძალის რაოდენობრივად დახასიათება შესაძლებელია ანალოგით მსოფლიო მიზიდულობის კანონთან; ხსნის შესაბამის პრობლემაზე ორიენტირებულ ამოცანებს; შეუძლია ჰიპოთეზის ჩამოყალიბება, ექსპერიმენტების დაგეგმვა და მისი უსაფრთხოდ ჩატარება. |
||
ფიზიკური
პროცესი
|
მოსწავლეს უჭირს გააზრება: რომ ბუნებაში ყოველდღიურად ვხვდებით უამრავ ცვლილებას, რომელთაც ბუნების მოვლენებს ვუწოდებთ;
და აღნიშნული მოვლენების დასახასიათებლად საჭიროა პროცესების თვისობრივი და რაოდენობრივი დახასიათება. |
მოსწავლეს საშუალოდ ესმის: რომ ბუნებაში ყოველდღიურად ვხვდებით უამრავ ცვლილებას, რომელთაც ბუნების მოვლენებს ვუწოდებთ. აღნიშნული მოვლენების დასახასიათებლად საჭიროა შესაბამისი ფიზიკური პროცესის/პროცესების თვისობრივი და რაოდენობრივი დახასიათება;
და ყველა ფიზიკური მოვლენის დაკავშირება შესაძლებელია ბუნების კანონებთან. |
მოსწავლეს სიღრმისეულად ესმის: რომ ბუნებაში ყოველდღიურად ვხვდებით უამრავ ცვლილებას, რომელთაც ბუნების მოვლენებს ვუწოდებთ;
აღნიშნული მოვლენების დასახასიათებლად საჭიროა შესაბამისი ფიზიკური პროცესის/პროცესების თვისობრივი და რაოდენობრივი დახასიათება; ყველა ფიზიკურ მოვლენას/პროცესს (მაგალითად, სხეულთა (დამუხტულ ნაწილაკთა) ურთიერთქმედებას აქვს მიზეზი და მოჰყვება შედეგი, რომელთა დაკავშირებაც შესაძლებელია ბუნების კანონების გამოყენებით.
|
გამოყენებული ლიტერატურა:
- მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა
- „ფიზიკა, გზამკვლევი მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით“ –
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტი- 2022წ.
- საბაზო და საშუალო საფეხურის ფიზიკის სტანდარტი;
- ქ.ტატიშვილი, ფიზიკა, მე-9 კლასი, მასწავლებლის წიგნი
- ქ.ტატიშვილი, ფიზიკა, მე-10 კლასი, მასწავლებლის წიგნი