ოთხშაბათი, აპრილი 23, 2025
23 აპრილი, ოთხშაბათი, 2025

ქალები შუა საუკუნეებიდან: ჰილდეგარდ ფონ ბინგენი

2.ბუნებისმეტყველება და მედიცინა

მოხდა ისე, რომ წინამძღვრობამდე ჰილდეგარდი მონასტრის ბაღსა და ლაზარეთში შრომობდა. სწორედ ასე მიიღო პრაქტიკული ცოდნა მცენარეების, მათი სამკურნალო თუ სხვა თვისებების შესახებ. ამ ცოდნას მოუყარა თავი ცხრა წიგნად დაწერილ „Physica-ში“. „Physica“ მოიცავს ცნობებს ცხოველების ხორცის, თევზის, მინერალების სამკურნალო თვისებების შესახებაც.

მეორე წიგნი „Causae et Curae („მიზეზი და კურნება“) უშუალოდ ავადმყოფობებზეა და დეტალური ანატომიური მიმოხილვით იწყება. ჰილდეგარდი, რა თქმა უნდა, იზიარებს ანტიკური დროიდან მომდინარე შეხედულებას, რომლის თანახმადაც ადამიანი ოთხი სითხისაგან შედგება, ეს სითხეები კი სამყაროს ოთხ სტიქიას შეესაბამება: სისხლი – ცეცხლს, ბალღამი (phlegma) – ჰაერს, ზაფრა (Chole) – წყალს, სევდა (Melanchole) – მიწას. ნებისმიერი დაავადება გამოწვეულია ამ სითხეებს შორის ბალანსის დარღვევით.

მიუხედავად იმისა, რომ ჰილდეგარდი მკურნალობის მეთოდიკას ამ ანტიკურ თეორიას აფუძნებს, ადამიანის მისეული ხედვა სცილდება ჰიპოკრატესეულს. ჰილდეგარდისთვის ადამიანი ერთგვარი მიკროკოსმოსია, რომელიც გარემომცველ სამყაროს აირეკლავს. მაგალითად, „ჯანმრთელობის“ აღსანიშნავად შემოაქვს უცნაური სიტყვა Viriditas, რაც ლათინურად „სიმწვანეს“ ნიშნავს. ამრიგად, ჰილდეგარდი პარალელს ავლებს ბუნების სიმწვანესა და ადამიანის ორგანიზმის სიჯანსაღეს, სიცოცხლისუნარიანობას შორის. მეტიც, მისთვის ეს ორი მოვლენა ურთიერთდაკავშირებული და განუყოფელია – მედიცინა, როგორც მებაღეობა.

ადამიანის ორგანიზმზე მსჯელობის შემდეგ ჰილდეგარდი პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს, როგორ ვუშველოთ სხვადასხვა დაავადებას, როგორ შევუწყოთ ხელი ჭრილობის შეხორცებას, დამწვრობის მოშუშებას და რა ვქნათ, თუ ძვალი ამოვარდნილი ან მოტეხილია.

უნდა ითქვას, რომ ჰილდეგარდის ეს ორი წიგნი რომ არა, სრულიად არაფერი გვეცოდინებოდა მეთორმეტე საუკუნის სამედიცინო პრაქტიკაზე, რადგან ქალებმა, რომლებიც ამ ცოდნას ფლობდნენ, არც ლათინური იცოდნენ და ხშირად – არც წერა-კითხვა.

ეს ნაშრომები იმდროინდელი კულინარიის შესახებაც გვიქმნის წარმოდგენას. „Physica“-ში, მაგალითად, ვხვდებით, მელანქოლიის სამკურნალო სიხარულის ხმიადის რეცეპტს:

„აიღე მუსკატის კაკალი, ამავე რაოდენობის დარიჩინი და მიხაკი და დანაყე. შეურიე სპელტის[1] ფქვილი და წყალი. ამით გააკეთე პატარა ორცხობილები. ხშირად ჭამე – გულისა და გონების მთელ სიმწარეს ჩაგიცხრობს, გულსა და დახშულ გრძნობის ორგანოებს გაგიხსნის და გონებას გაგიხალისებს“.

როგორც ჩანს, შუა საუკუნეებში ღვინის შესუნელებაც პოპულარული იყო. ჰილდეგარდსაც ბევრი ასეთ რეცეპტი აქვს. მელანქოლიის საწინააღმდეგოდ კი გვირჩევს, ღვინოში ცოცხალი იები მოხარშეთ, მერე გადაწურეთ, დაუმატეთ კოჭა და ძირტკბილაო. ასე შეკმაზული ღვინო თურმე ფილტვებისთვისაც სასარგებლო ყოფილა.

ჰილდეგარდი არცერთ რეცეპტში პროპორციებს არ უთითებს. ამასთან, საფიქრებელია, რომ ხმიადებს მარილსაც უმატებდნენ – მარილი შუა საუკუნეებში აუცილებელი ინგრედიენტი იყო, მაგრამ რეცეპტებში რატომღაც არასდროს შეჰქონდათ.

თუ სიხარულის ხმიადების მომზადება საკუთრივ ჰილდეგარდის რეცეპტით მოგინდებათ, ეს ვიდეო გამოგადგებათ:

 

ისე კი, არსებობს ამ ორცხობილას ოდნავ სახეცვლილი ვარიანტიც, კარაქითა და თაფლით:

https://www.atlasobscura.com/articles/medieval-cookie-recipe

როგორც ჩანს, ჰილდეგარდის სამკურნალო რეცეპტების უმრავლესობა ეფექტური იყო – მიუხედავად ხშირი ავადმყოფობისა, რასაც არაერთგზის უსვამს ხაზს, ჰილდეგარდმა საკმაოდ დიდ ასაკამდე მიაღწია – 81 წლამდე იცოცხლა და ბოლომდე დაუღალავად შრომობდა.

[1] ხორბლის ჯიშია, საქართველოში არ გვხვდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“