დიდი ტექსტი დიდი სამყაროა. რომანი სიტყვებით ნაშენებ რეალობას ჰგავს და ავტორები იქ შეგვიძღვებიან ხოლმე, ამ თავიანთ სამყაროებში.
ჯონ სტაინბეკის „ედემის აღმოსავლეთით“ დიდი და დიდებული რომანია.
ქართულად თარგმნილი[1] 800 გვერდია და კითხვისას ფურცელ-ფურცელ, ნაბიჯ-ნაბიჯ ვეცნობით ადამიანს.
წიგნი ადამიანებზეა.
ადამიანთა შორის ურთიერთობაზე, ამბივალენტური გრძნობების გაშინაგანებაზე – როგორ შეიძლება იგრძნო ერთდროულად ორი ურთიერთსაპირისპირო განცდა. წიგნი ჩვენთვის ასე ნაცნობ განტოლებაზეც თავის პასუხს გვცემს – მარტო წვრთნა უშველის, თუ ბუნება, გენეტიკა, თანდაყოლილი და ჩაკირული სქემებია ადამიანი?
წიგნი სიკეთესა და ბოროტებაზე, გამარჯვებასა და დამარცხებაზე, სიცოცხლესა და სიკვდილზეცაა. სტაინბეკმა ყველა მთავარ საფიქრალს მოუყარა თითქოს თავი, შექმნა ტექსტის კალაპოტი და მდინარედ აქცია, სალინასივით დაუდგრომელ, ბობოქარ, მშვენიერ, თვალწარმტაც მდინარედ.
ამ წიგნში ვეცნობით მსოფლიო მონსტრებისა და ურჩხულების, არაადამიანებისა და უგულოების გალერეაში ერთ-ერთ გამოსაჩენ ადგილს რომ იკავებს, ისეთ ურჩხულს, ქეთი ეიმსს და ამავე წიგნშია მარადიული განთიადივით მშვენიერი ადამიანი, ვისი აზრებიც მერცხლებივით მსუბუქად და ლამაზად ფრენენ, ვინც აკეთილშობილებს ყველასა და ყველაფერს მის ირგვლივ.
საშუალო საფეხურზე ერთი ზაფხული ჯონ სტაინბეკის ზაფხულად შეიძლება გამოცხადდეს. მაგალითად, მე-11 კლასში თუ მოსწავლეები საზაფხულო არდადეგებს სტაინბეკის ქართულად ნათარგმნ (ან, თუ ენის ცოდნა ხელს აძლევთ, ორიგინალში, ინგლისურად) წიგნებს წაიკითხავენ, დაუგროვდებათ საფიქრალი, სათქმელი, უამრავი არაჩვეულებრივი პერსონაჟით, გმირით შეივსება მათი არსენალი, გული სითბოთი აევსებათ და თვალები, ზოგჯერ, ცრემლებით, მაგრამ სტაინბეკი ის ავტორია, რომელსაც კაცობრიობის სჯერა, სწამს, ადამიანს ხედავს და აღიარებს, იღებს მას ყველანაირ გამოვლინებაში და დარწმუნებულია სიკეთის გამარჯვებაში. ის მაწანწალების, ავაზაკების, ჩათლახების, სუტენიორების, ნაბიჭვრების, ყველანაირი ჯურის ხალხის ქომაგია. მისი მაწანწალები ყველაზე ღირსეული და ღვთისნიერი მაწანწალები არიან. სოციალურ ფსკერზე ბედისწერის განგებით გადასროლილ ადამიანებში ყოველთვის პოულობს ღირსებას, ადამიანურობას. ეს კი ისე ძალიან გვჭირდება ხოლმე სულის სალბუნად, მძიმე ჟამს იმავ სულის მოსათქმელად.
„ედემის აღმოსავლეთით“ ცოტა ხნით ჩასახლება ჩვენთვის, მასწავლებლებისთვის, აღმზრდელებისთვის ბევრის მომცემია. წიგნში ბავშვებსა და აღზრდაზე ბევრია ნათქვამი. ერთ-ერთი გამორჩეული პერსონაჟის, ჩინელი ლის აღზრდის პრინციპებით კი პედაგოგიკის ქრესტომათია შეიძლება შეიქმნას.
ლის აღზრდის პრინციპები
- თავისუფლება კონტროლის ნაცვლად. ეს ნიშნავს, რომ ბავშვს უნდა ჰქონდეს უფლება, დაუშვას შეცდომები. შეცდომების გათავისება, შედეგების წვნევა, დასკვნების დამოუკიდებლად გაკეთება მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილებია. მშობლის (აღმზრდელის) დიდაქტიკა და დიქტატი ამ გამოცდილების სიკეთეს ვერ ჩაანაცვლებს. ტრასკების ტყუპებს ის ამ პრინციპით ზრდის. ქეილისთან ურთიერთობისას ეს განსაკუთრებით ნათლად ვლინდება. ფულის დაწვის ეპიზოდში ქეილი ელის, რომ ლი მას ხელიდან წაგლეჯს ასანთს, ქოქოლას დააყრის, გაუბრაზდება, შეეცდება შეჩერებას ან ჭკუას ასწავლის. ლი „გააწბილებს“ მას და საბოლოოდ „იმარჯვებს“, რადგან ქეილის შინაგანი ხმა, მისი სინდისი და სინდისის ქენჯნა მეტს ასწავლის, ვიდრე ყველაზე ბრძენი ადამიანის დარიგებებს შეეძლო ესწავლებინა.
- მორალი არჩევითია და ადამიანს შესწევს უნარი, გააკეთოს სწორი არჩევანი, გარემო პირობების მიუხედავად. ამაში მას დახმარება სჭირდება. ლი დარწმუნებულია, რომ ადამიანი ყოველთვის სიმართლისა და სიკეთის მხარეს იქნება, თუკი მას ერთხელ მაინც დაანახვეს, რომ ენდობიან. არცერთ მოზარდს არ ანიჭებს ბედნიერებასა და სიამოვნებას დესტრუქცია, არ არსებობს ბავშვი, რომელიც „ტკბება ცუდი საქციელით“ და ილტვის რაც შეიძლება მკაცრი სასჯელის მისაღებად. უბრალოდ, სხვადასხვა მიზეზის გამო ადამიანს შეიძლება ჩამოუყალიბდეს დასწავლილი ქცევა, რომელიც დამანგრეველია მისთვისაც და გარშემომყოფებისთვისაც.
- მე ის იმიტომ მძულს, რომ კარგად მესმის მისი, მას ჩემს თავში ვხედავ“ – ამბობს ქეილი დედამისზე, ქალზე, რომელსაც სტაინბეკიც კი ურჩხულს უწოდებს (არადა, ზევით ვთქვი, ამ მწერალს აქვს გამაოგნებელი უნარი, ეძებოს და იპოვოს სინათლე ყველა ადამიანში, ოღონდ არა ქეთი ეიმსში. მის შემოყვანამდე მწერალი მთელ წინასიტყვაობას სთავაზობს მკითხველს, შემდეგ კი იმასაც თვალსაჩინოდ აჩვენებს, რა შეცდომებს უშვებენ ქეთის აღზრდისას მშობლები და როგორ ყალიბდება ამ ურჩხულად უმშვენიერესი, ანგელოზისსახიანი გოგონა).
- ახლავე გაჩუმდი! – წამოხტა ლი, – ასეთი სისულელეები აღარ გამაგონო, გესმის? რა თქმა უნდა, სრულიად შესაძლებელია, რომ შენშიც იყოს ცუდი, ყველა ადამიანშია უარყოფითი მხარეები. ასწიე თავი! თვალებში შემომხედე!…
- …რა გინდა?
- შენში კარგიც არის, გაიგე?! შემომხედე-მეთქი, რომ გელაპარაკები! ასე რომ არ იყოს, ახლა ასეთი დაღონებული არ იქნებოდი. არ გაბედო იოლი გზის არჩევა. ძალიან ადვილია ყველაფრის მემკვიდრეობისთვის გადაბრალება. აღარ გამაგონო ასეთი სისულელეები! ყურადღებით მისმინე: ყველაფერი, რასაც შენ გააკეთებ, შენი ბრალი იქნება და არა დედაშენის!
- შენ ამის გჯერა?
- მჯერა და გირჩევ, შენც დაიჯერო, თორემ ტყავს გაგაძრობ, იცოდე!
ქეილი რომ ოთახიდან გავიდა, ლი ისევ სავარძელში ჩაეშვა. „სად ჯანდაბაში წავიდა ჩემი აღმოსავლური თავშეკავება? – გაიფიქრა მან.
საინტერესოა, რომ აღმოსავლური თავშეკავება ლის მხოლოდ მაშინ „ღალატობს“ ხოლმე, როდესაც ბიჭები, მისი აღზრდილი ტყუპები, საკუთარ თავში დაურწმუნებელნი და დესტრუქციულნი ხდებიან. ამ დროს მასში უპირობო მხარდამჭერი, გზამკვლევი და აღმზრდელი იღვიძებს ხოლმე.
- აღმზრდელი ბავშვისთვის უფროსი მეგზურია, გზას უკვალავს ცხოვრების სავალ გზებზე, ის არაა დიქტატორი, მოკარნახე, იძულების მექანიზმი ახალგაზრდასთან არ ჭრის და მოთმინება და მოსმენა, საუბრები ყველაფერზე, გულახდილობა, გულწრფელობა ლის მთავარი სამარჯვებია. სხვა ყველა გზა ჩიხში მიდის. ულმობელი სიმართლე და შიშველი გულწრფელობა, როცა ადამიანი ამ სიმართლის მისაღებად მზადაა, უკეთესია, ვიდრე დაშაქრული ტყუილი, ილუზია.
– ნეტა შეიძლებოდეს, რომ ბიჭებს სიმართლე გაუმხილოთ.
– ჰო, მაგრამ არ მინდა, რომ დედაზე ცუდი იფიქრონ.
– სხვა საფრთხეზე არასდროს გიფიქრიათ?
– რას გულისხმობ?
– თვითონ რომ შეიტყონ ყველაფერი? შეიძლება ვინმემ უთხრას.
– რას იზამ? რომ გაიზრდებიან, შეიძლება უფრო ადვილი იყოს მათთვის.
– არა მგონია, – თქვა ლიმ. – თუმცა ეს არ არის ყველაზე მთავარი საფრთხე.
– ვერ ვხვდები, რაზე ლაპარაკობ.
– ტყუილი მაღელვებს ყველაზე მეტად. სიცრუე ყველაფერს აფუჭებს. თუ ისინი ოდესმე შეიტყობენ, რომ ატყუებდით, სიმართლე დაზარალდება. ისინი თქვენ აღარასდროს დაგიჯერებენ.
და მერე ლი ჰყვება თავისი მშობლების ამბავს, რაც დამზაფრავად მძიმე, ტრაგიკული, არაადამიანური ტკივილის დამტევია. ლი ჰყვება ბოლომდე, დაუფარავად და ამ ამბის ფინალი ყველაზე მოულოდნელი რამაა, რაც კი შეიძლება წარმოიდგინო. ლის მშობლების ამბავზე მეორე ვეებერთელა და დიდებული რომანი იწერება მკითხველის წარმოსახვაში და სამუდამოდ რჩება იქ.
სტაინბეკმა ამ რომანისთვის ნობელის პრემია მიიღო. ნობელის პრემიის გადაცემისას ფორმულირებებია ხოლმე ძალიან საინტერესო. სტაინბეკისთვის განკუთვნილი ჯილდო ასეა სიტყვებით გადმოცემული: „რეალისტური და ამავდროულად, გასაოცარი წარმოსახვითი ქმნილებებისთვის, რომლებიც თბილი იუმორითა და სოციალური გამჭრიახობითაა განმსჭვალული“.
პირადად ჩემგან კი სტაინბეკს სამუდამოდ ეკუთვნის მადლობა და ადგილი გულსა და გონებაში ადამიანისა და ადამიანობის ასე დაფასებისთვის, წარმოჩენისთვის, თითოეულ მკითხველში ადამიანის შეღვიძებისთვის.
[1] რამაზ ხატიაშვილის თარგმანი, სულაკაურის გამომცემლობა, 2023წ.