ორშაბათი, აპრილი 28, 2025
28 აპრილი, ორშაბათი, 2025

ჭიათურა – შავი ოქროს ქალაქი

ბავშვობის ბევრი ზაფხული ჭიათურაში გავატარე. მამაჩემის დედულეთი ანდამატივით მიზიდავდა – თავისი ულურჯესი საღამოებით, ბზის და ცაცხვის სურნელით, ლაღი იუმორით, შრომისმოყვარე, კეთილშობილი მასპინძლებით, კაკაოსფერი ყვირილათი და მისი მღვრიე ტალღების ფონზე აფრთხიალებული ქათქათა გედებით, ხელოვნური ტბის ზედაპირზე რომ სრიალებდნენ თავდავიწყებით და ამ უცნაურ, მარგანეცით მიმოთხვრილ ქალაქს რაღაც ზღაპრული სისპეტაკის შხეფებს აფრქვევდნენ…

ყველა ოჯახში ერთი წევრი მაინც მუშაობდა მაღაროში. ჩემი ბებია – გაფრინდაშვილის ქალი, კეფაზე აკოსილი ჩალისფერი ნაწნავით და ეშხიანი ხალით, ჭიათურის მაღაროს ერთ-ერთი ბუღალტერი იყო და შესაბამისად, დიდად დაფასებული ქალი მთელ ქალაქში. მიყვარდა მისი ვეებერთელა საანგარიშო, ჩოთქს რო ვეძახდით საყველპუროდ, ორ ბავშვს ერთად გვეჭირა და დაირასავით ვაჩხაკუნებდით; მაშინებდა მაღაროდან ამოსული მუშების ყურება – დამზრალი, მზენაკლული თვალებით, მიწაშემხმარი ნაოჭებით… მაღარო იყო ჩემთვის რაღაც ფანტასტიკური სამყარო, გრძნეული მიწისქვეშეთი, თავისი დრამატული, საშიში და საინტერესო ამბებით. ეს მაშინ, ბავშვობაში, როცა ყველაფერს ჯადოსნური იერი აქვს.

ხოლო მერე კი… მერე სხვა სახელები და ტერმინებია. სხვა ვნებები და ტკივილები.

დღეს ჭიათურას ძალიან უჭირს. ყველას ყურადღება მიიპყრო ძირგამოთხრილი სოფლების, დახურული მაღაროს, პირამოკერილი მაღაროელების ისტორიებმა. ყოველდღე ველოდები, როდის დადგება მათი სამართალი, როდის გახდება მათი საკითხი უმთავრესი სახელმწიფოსთვისაც და საზოგადოებისთვისაც. როდის განთავისუფლდებიან პატიოსანი მშრომელები ნეოლიბერალური კაპიტალიზმის ტყვეობისგან, ან რას ვიღონებთ თითოეული ჩვენგანი იმისათვის, რომ გაგანია 21-ე საუკუნეში, ტექნოკრატიულ, ციფრულ და ტრანსჰუმანისტურ დროში, ეს საოცარი ქალაქი ხელში არ ჩაგვაკვდეს…

ამ ფიქრებმა ჭიათურის ისტორია კიდევ ერთხელ გადამაფურცვლინა. მისი, როგორც ინდუსტრიული ქალაქის თავგადასავალიც, როგორც ყველაფერი ფუნდამენტურად სახელმწიფოებრივი ამ ქვეყანაში, ისევ იმ დიდ სახელებს უკავშირდება.

სახელებს, ვინც მე-19 საუკუნეში, გიგანტური ნაბიჯებითა და ტიტანური ენერგიით გასწია წინ საქართველოს უღელი.

ჭიათურის შავი ქვა (ასე უწოდებდნენ იმ დროს მანგანუმს) შავ ოქროდ აკაკი წერეთელმა აქცია.

რამდენიმე ლეგენდა არსებობს, თუ როგორ გაჩნდა ჭიათურა, და ყველა მათგანში მთავარი ამბავი მადანია.

ეს შავი ოქროა, რაზედაც ინფრასტრუქტურა შემოაშენეს, რის გამოც ქალაქის სტატუსი მიანიჭეს და ჭიათურა ინდუსტრიულ ქალაქთა შორის ჩაწერეს. თორემ, ამ მხარის ისტორია ისეთივე ძველია, როგორიც ზემო იმერეთის მთებისა და მღვიმეების, ზოგან დინოზავრების ნაკვალევი როა შემორჩენილი და ზოგან – პირველმოსახლეთა ბრინჯაოს ხელცულები, კედლის მხატვრობები თუ სელის ძაფის ბოჭკოები. სხვათა შორის, უკვე დადგენილი კვლევების მიხედვით, ჭიათურის ძუძუანას მღვიმეებში აღმოჩენილი ეს ძაფი მსოფლიოში ყველაზე ძველია.

მე-19 საუკუნეში, ამ უცნაურ-რელიეფიან ადგილას გეოლოგ-აკადემიკოსი ჰერმან აბიხი მოვიდა და ადგილობრივი წიაღისეულის – მანგანუმის საბადოების შესწავლა დაიწყო. მისი სამეცნიერო კვლევა კი საქვეყნო საქმედ აკაკი წერეთელმა აქცია. იქ, სადაც დღეს არც გზაა და არც კვალი, რკინიგზა მოვა. ეს უდაბნო, ჭიათურა, გაშენდება. დაიწყება მარგანეცის მრეწველობა – თქვა მან და 1879 წელს, მანგანუმის მოპოვებას საფუძველი ჩაუყარა. ამან მუშახელის საჭიროება წარმოშვა. მუშახელმა – საცხოვრებელი სახლები მოიყოლა. ჭიათურის კლდოვან ტერასებზე ერთმანეთს მიხურხლული პაწია შენობები გაჩნდა.

ქალაქი ჩაისახა.

აკაკი წერეთლის არქივში ნახავთ წერილებს, იმდროინდელი საქმოსნები რომ წერენ – რადგანაც მარგანეცის საქმე ჩვენში თავდაპირველად შენგანაა აძრული და დამთავრებული, პირველი შემოსავლის „ნათაურს“ შენ გწირავთ, როგორც ძველად „იეჰოვას სწირავდენ ყოველს პირველს ნაშობს, პირველ ნამკალს და პირველ ნაკრეფსო“. თუმცა, ამ აღიარებამდე ბევრი ეჭვი და შფოთვაც იყო. ბოლომდე არავის სჯეროდა, ამ უსახური შავი ქვისგან ასეთი ნაყოფი თუ გამოდნებოდა. იმასაც უბედავდნენ – პოეტი „ვარსკვლავებს უნდა შესჭიკჭიკობდეს და რა მისი საქმე იყო, მადნეულს რომ გამოუდგაო“. აკაკი რის აკაკი იქნებოდა, თავისი ბოლომდე არ გაეტანა, სხვებიც არ აეყოლიებინა და მარგანეცის მოპოვება ერთ ყველაზე პროგრესულ საქმედ არ ექცია იმდროინდელ საქართველოში!..

1895 წელს რკინიგზა გაიყვანეს, ჭიათურის სადგური შორაპანს დაუკავშირდა. სარკინიგზო ძარღვზე ერთმანეთის მიყოლებით, როგორც მძივის თვლები, ისე აისხა საქართველოს ქალაქები – ჭიათურა-ზესტაფონი-ქუთაისი-სამტრედია. რკინიგზამ განათლება და კულტურა მოიყოლა, სინათლის ჭავლით შემოგრიალდა ქართულ სინამდვილეში. ჭიათურაში თეატრი აშენდა – ერთ-ერთი უძველესი და ულამაზესი საქართველოს თეატრებს შორის. მას მალევე გაუჩნდა მუდმივმოქმედი დასი. თეატრი ქალაქის ცხოვრების ისეთივე მნიშვნელოვან ნაწილად იქცა, როგორც მაღარო.

მე-20 საუკუნეში ჭიათურაში საბაგიროც აშენდა. მსოფლიო ბაზარზე მანგანუმზე მოთხოვნილების ზრდის გამო, მადნის მოპოვებაც სწრაფად გაფართოვდა. მე-20 საუკუნის დასაწყისამდე ფრანგული და ინგლისური კაპიტალი ჭარბობდა, შემდგომ გერმანული გამოჩნდა. რუსული სამრეწველო კაპიტალი კი ჭიათურაში XIX საუკუნის 80-იანი წლების დამდეგს გაძლიერდა.

1921 წელს ჭიათურას ქალაქის სტატუსი მიენიჭა. შავი ოქრო დღემდე უმთავრესი საარსებო წყაროა საუკუნოვანი ქალაქისათვის. სპეციალისტები ამბობენ, რომ საქართველოში არსებული მანგანუმის საბადოები მადნის მაღალი ხარისხით, დიდი სამრეწველო მარაგითა და მოხერხებული გეოგრაფიული მდებარეობით გამოირჩევა. თუმცა, 1990 წლიდან მანგანუმის მოპოვება მკვეთრად შემცირდა. ეს საქმე კერძო საქმოსანთა და კომპანიათა ხელში გადავიდა. 2006 წლიდან მაღაროში „ჯორჯიან მანგანეზ ჰოლდინგ ლიმითედი“ შევიდა და მისი ცხოვრების ახალი ეტაპიც დაიწყო.

აკაკი წერეთელმა, მარგანეცის მოპოვების საქმე რომ საქვეყნო სიკეთედ აქცია და მადლიერმა საქმოსნებმა პირველი მონაგები თანხა „ჰონორარივით“ გადაუხადეს, იმ ფულით ზემო იმერეთში ზეპირსიტყვიერების შემგროვებელ-შემსწავლელი ჯგუფის საქმიანობა დააფინანსა, ახალგაზრდებსაც სამუშაო გაუჩინა და ქვეყნის კულტურასაც ფოლკლორული განძი შესძინა. აკაკი ერთდროულად ბევრ რამეზე ფიქრობდა, რადგან ყოველივეს სათავეში, მისთვის, საქართველო იყო – მთავარი ხატი დიდ სახატეში. „იმედია, ჩვენში გამოჩნდებიან სხვებიც, რომ თანაუგრძნონ ამ საგანს (მე არ მოგახსენებთ არც მარგანეცის პატრონებზე და არც მის მწარმოებლებზე) და გამოიღონ მცირეოდენი შესაწირი ისე, როგორც სწირავენ ხოლმე სხვა-და-სხვა საზოგადო საქმეს. დიდი შესაწირი აქ საჭირო არ იქნება. თვით გროშებითაც შეიძლება შეგროვდეს ის თანხა, რომელიც საჭიროა ამ საქმისათვის და დამტკიცდეს ანდაზა: „თუ გული გულობს, ქადა ორივე ხელით იჭმებაო“ , – წერს ერთ წერილში აკაკი წერეთელი.

ეს გულისგულობაა სწორედ ჩვენი პირადი მოქალაქეობის ერთ-ერთი ფუნდამენტური მახასიათებელი. სხვისი ჭირის საკუთარ გასაჭირად მიჩნევა და ისევე ზრუნვა მისთვის, როგორც საკუთარი თავისთვის.

მხოლოდ ასე ცოცხლობენ ქალაქები. ადამიანებივით, ჩვენსავით.

აკაკი წერეთელმა პირადულ მოგებასა და ხეირზე აღმატებული საქვეყნო სიკეთის მაგალითი დაგვიტოვა. ასეთ მაგალითებს დღეს დიდი ძალა აქვს.

მათი გახსენება უკვე ერთი ნაბიჯია გადარჩენისკენ.

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“