(კონსტანტინე გამსახურდიას „დიდი იოსებისა“ და
ნუგზარ შატაიძის „ორი მეგობრის“ მიხედვით)
1921 წლის 25 თებერვალი ისეთი თარიღია, ყოველ ქართველს კარგად ესმის ამ ტრაგიკული დღის მნიშვნელობა. ის ასოცირდება სუსხთან, სისხლთან, ცრემლთან, თავისუფალი საქართველოს ოკუპაცია-ანექსიასთან. ამაზე უარესი თავისუფლებისმოყვარე ერისთვის სხვა რა უნდა იყოს? ქართველმა მწერლებმა მრავალი მხატვრული ტექსტი მიუძღვნეს ამ შავბნელ ისტორიულ მოვლენას. ყველაზე პოპულარული ალბათ კოლაუ ნადირაძის ლექსი “25 თებერვალია”, რომელზეც ბევრი დაწერილა. ამჯერად გვინდა ყურადღება შევაჩეროთ გასული საუკუნის დასაწყისსა და დასასრულს შექმნილ ორ მოთხრობაზე. კონსტანტინე გამსახურდიას “დიდი იოსები” და ნუგზარ შატაიძის “ორი მეგობარი” სწორედ ამ საბედისწერო დღის მიერ ქართველი ხალხისთვის მოტანილ უბედურებაზე საოცარი ექსპრესიით გვიყვება.
მოცემული მოთხრობები საუკეთესო მასალაა მოსწავლეებისთვის საშუალო საფეხურზე არა მხოლოდ ამ ისტორიული მოვლენის არსის შესაცნობად, არამედ ტექსტების სინთეზირების უნარების განსავითარებლად.
“დიდი იოსები” კონსტანტინე გამსახურიდამ 1926 წელს შექმნა და 5 წლის წინ ქვეყანაში დატრიალებული ტრაგედია საოცარი დრამატიზმით გააცოცხლა. 24 თებერვლის ღამეს თბილისელები საათს მისჩერებიან, რადგან კოჯრისა და ტაბახმელის გზიდან “წითელ ცხენზე ამხედრებული ეშმა” შემოდიოდა.
“დიდი იოსები” მოცულობით აღემატება ნუგზარ შატაიძის მოთხრობას. კლასიკური გაგებით, პირველი მოთხრობაა, ხოლო მეორე – ნოველა, თუმცა საბჭოთა ოკუპაციის გარემოს აღწერა, ავტორთა სულისკვეთება და პერსონაჟთა განწყობები თითქმის იდენტურია. ავტორები დიდი დროს არ უთმობენ წითელარმიელთა ქვეყანაში შემოსვლისა და დაპყრობის ამბებს, მაგრამ ყოველ ფრაზაში იგრძნობა ქვეყნის ოკუპაციით განპირობებული შემზარავი განწყობა. ორივე მწერალი ცდილობს, რომ კოჯორ-ტაბახმელის ბრძოლებისა და ქალაქის ოკუპაციის სცენების ნაცვლოდ ამ მოვლენებით გამოწვეული პერსონაჟთა ბედისწერა გადმოსცენ. “დიდ იოსებში” მთავრობის მაღალჩინოსანი გარბის ქალაქიდან და მეკურტნე იოსებს სთხოვს ტვირთის გადაზიდვაში დახმარებას. ის უეცრად ქუჩაში შეხვედრილ იუნკრებს გამოელაპარაკება:
– “საიდან, ძმებო?
– სოღანლუღიდან.
– გენერალი მ.. მოიხსნა?
– მოიხსნა. იმ მხარეზე გვარდიელებმა მთლად გააშიშვლეს ფრონტი.
– სროლა რომ ისმოდა მოგვიანებით?
– ეს ჩვენ ვიყავით, იუნკრები, სროლით ვიხევდით უკან!
– წითლები?
– ალბათ ლილოს გზით შემოვლენ ქალაქში…
უცნობი დადუმდა, მუნჯური სალამი გააყოლა მიმავალთ. მისწყდა ზარბაზნების ბორბლების რახრახი. სადღაც კარი მიარახუნეს, კუთხეში ბავშვი ტიროდა, შორიდან მილიციელის სტვენა ისმოდა. ისევ დაყრუვდა ქუჩა. ორი მგზავრის ფეხის ხმაღა ისმოდა დაცარიელებულ ფილაქანზე”.
კაცი მცირეოდენ იმედს ებღაუჭებოდა. ოცნებობდა, რომ სროლის ხმა თეთრგვარდიელთა გამარჯვებისა იქნებოდა, მაგრამ…
სიმბოლურია ნუგზარ შატაიძის მოთხრობაში 1921 წლის თებერვლის ამბების აღწერისას დახატული პეიზაჟი: “წამოვიდა სულ მალე ჩრდილოეთიდან შავი ღრუბელი, ცა შეკრა და ქვეყნიერება კვლავინდებურად ჩამოაბნელა”… ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, 1920 წლის 7 მაისს, ულიანოვ-ლენინმა საქართველოზე თავდაუსხმელობის პაქტს ხელი მოაწერა, მაგრამ… დიახ, “მშობელო დედავ, ისევ გაგყიდეს, ისევ წამების ჯვარი აგკიდეს”… ჩრდილოურ შავ ღრუბელს ვერ გავუმკლავდით.
კონსტანტინე გამსახურდია მხოლოდ მოთხრობის ექსპოზიციაში აღწერს წითელარმიელთა შემოსვლას ქალაქში, ხოლო მოთხრობის სიუჟეტი გვიყვება, რა ბედი ეწევა ამ მოვლენების ფონზე სრულიად გაუგებარ რყევებში მოყოლილ პატარა ადამიანს – დიდ იოსებს. უადგილო ეპითეტი აქ ირონიაა. იოსები დიდი და ზორბა მხოლოდ ფიზიკურად იყო. სხვა ყველაფრით სრულიად უმწეო და მოწყვლადი არსება გახლდათ. დიდი გამბედაობა იყო საჭირო ავტორის მხრიდან, რომ ბოლშევიზმის ეპოქაში ესოდენ დამაჯერებლად მოეთხრო ამბები იმისა, თუ როგორ გაანადგურა საბჭოთა სინამდვილემ ერთი საწყალი ადამიანი, უკეთილშობილესი, უწესიერესი, უბოროტო კაცი როგორ აქცია კრიმინალად. მოთხრობა გვიყვება იოსებ ქველაძის გულისმომკვლელ ისტორიას. პერსონაჟის დაცემა აქ უთუოდ იმის საილუსტრაციოდ სჭირდება ავტორს, რომ აჩვენოს, რამდენად უცხო და უხეშმა ძალამ დაიპყრო ჩვენი ქვეყანა, როგორ განადგურდნენ ათი ათასები და როგორ გადააგვარეს საზოგადოება ბოლშევიკებმა.
ნუგზარ შატაიძის ნოველის შექმნის თარიღი ვერ დავადგინე, თუმცა, სავარაუდოდ, იგი მეოცე საუკუნის დასასრულს ქმნიდა ამ ნაწარმოებს, როცა საბჭოთა ცენზურის საფრთხე უკვე აღარ არსებობდა, თუმცა ამ ეპოქის ქართველებისთვის 1921 წლის ამბების შეხსენება ნამდვილად ძალიან აქტუალური იყო და იქნება მომავალშიც. ნოველაში თებერვალ-მარტის ამბებია მოთხრობილი. მართალია, ნოველისთვის დამახასიათებელი ფრაგმენტული თხრობის მანერით, მხატვრული შტრიხ-კოდებით, თუმცა ვინც ამ ეპოქას კარგად იცნობს ისტორიიდან, მას არ გაუჭირდება თბილისსა და ბათუმში მიმდინარე მოვლენების მთლიანი სურათის კონსტრუირება. ბათუმური პეიზაჟიც სიმბოლურ-ალეგორიულია: “ბათუმშიც უჟმური ამინდი იდგა. ქალაქი სქელ ბურუსში გახვეულიყო. ირგვლივ აღარაფერი ჩანდა. ჩამუქებული ციდან ნაპირზე გამორიყული მკვდარი მედუზის ნაფლეთებივით ცვიოდა თოვლის სველი, მძიმე ფანტელები და ბულვარსა და მის გასწვრივ ჩარიგებულ მაგნოლიებს ზედ ადნებოდა. ზღვა ავის მოლოდინში გატრუნულიყო”.
მოცემულ ეპიზოდში გადმოცემული განწყობა ლეო ქიაჩელის “ჰაკი აძბას” იმ მონაკვეთს გვახსენებს, როცა სოხუმში შემოდიან კრეისერ “შმიდტის” მეზღვაური წითელარმიელები. ქალაქი სრულ გაურკვევლობაშია. ოსმალო ქიაზიმ-ბეის რამდენიმე დღის წინ ართვინი აეღო და ქართველების დახმარების საბაბით ბათუმში დიდძალი ჯარით შემოსულიყო. სრული პოლიტიკური დომხალია. ამ ქაოსში გაძლება და გადარჩენა სათუოა. ქიაზიმ ბეის თავი ბათუმის გუბერნატორად გამოუცხადებია, ხოლო ბოლშევიკები უკვე ფოთში ყოფილან და მალე ბათუმს უნდა სწვეოდნენ. დამარცხებული ქართველების ყოფა შემაძრწუნებელია: “ვისაც ომში დამარცხებული ქართველის ქეიფი არ უნახავს, ამ სურათს ძნელად წარმოიდგენს: სვამდნენ უხმოდ, ხარბად და რაღაცნაირი დაჟინებით”. ასე აღწერს ავტორი სასტუმრო “ორიენტის” რესტორანში თავმოყრილი, უცხოეთში გასაქცევად მომზადებული ქართველი ჯარისკაცების ყოფას.
თუ “დიდ იოსებში” ავტორმა გვაჩვენა პერსონაჟის სრული დემორალიზაცია და მორალური კრახი, ნუგზარ შატაიძე გვიხატავს საოცარ გმირებს, სამხედრო სკოლის კურსანტებს – სანდრო ლომოურსა და ვანიჩკა გოგუაძეს. საოცრად ექსპრესიულია კოჯრის ბრძოლებში ბარძაყში დაჭრილი სანდროს სულიერი მდგომარეობის აღწერა: “სანდრო ლომოური ღვინოს არ სვამდა, ისედაც მაღალი სიცხე ჰქონდა, გაბრუებული იჯდა და ეჩვენებოდა, რომ ყველაფერი წყლის ფსკერზე ხდებოდა, – სუფრასთან მსხდომი მისი ამხანაგები თევზებივით უხმოდ ალამუნებდნენ ტუჩებს, თითქოს თვითონაც რაღაც მღვრიე, ბლანტ სითხეში ჩაძირულიყო და გრძნობდა, როგორ ნელ-ნელა პატარავდებოდა, ილეოდა, ნამცეცდებოდა და ის იყო, უნდა გამქრალიყო, რომ რაღაც სასწაულის ძალით, ისევ იზრდებოდა, თავბრუდამხვევი სისწრაფით დიდდებოდა, ლამის მთელი სამყაროსოდენა ხდებოდა”…
ეს სურათი მთელი მაშინდელი ქართველობის ყოფაა – კოშმარი! სანდროს აგონდება აღა-მაჰმად ხანის შემოსევის დროს ყიზილბაშების მიერ თაბორის მთაზე ალყაშემორტყმული ქართველ მეზარბაზნეთა მცირე რაზმი, რომელსაც მაიორმა გურამიშვილმა ასე მიმართა: “ძმებო, ქართველებო, ცხადად ვხედავთ, აუცილებელი სიკვდილია მოსული ჩვენზედ, მაგრამ ისიც შეგვიძლია, რომ მტერს უნამუსოდ დავნებდეთ. აბა, რომელი გირჩევნიათ, სახელიანი სიკვდილი თუ უნამუსო სიცოცხლე?”
გმირი დროში მოგზაურობს და იქ გადადის, 1795 წლის თბილისის ცხელ ამბებში: “ამ სიტყვებზე სანდრო ქვემოთ ჩაქანდა, გლიცერინივით ბლანტ სითხეში ჩაიძირა, დაპატარავდა, დაპატარავდა და სანამ საბოლოოდ გაქრებოდა, თვალი მოჰკრა, იმ მეზარბაზნეებთან ერთად თვითონაც როგორ დაიჩოქა, რანაირად აიღო სამი თითით მიწა და ზიარების ნიშნად როგორ შეჭამა”.
კოჯრის შეტაკების დროს სანდროს შაშხანის ტყვიამ მუხლს ზემოთ, რბილში გაუარა, მაგრამ სისხლი ბლომად დაკარგა და ვანიჩკა გოგუაძემ გადაარჩინა, მოხალისე სანიტარ გოგონებს გადასცა მეგობარი მოსავლელად. ბარძაყში დაჭრილი გმირი – ღმერთთან მებრძოლი კოჭლი იაკობის ალუზია მგონია. სანდრო არ ნებდება. მას აგონდება ტაბახმელის სანგრები, მტრის ქვემეხებით გაჩენილი უშველებელი ორმო. “ჰაერში სველი მიწის სურნელი რომ იგრძნო, გაახსენდა გაზაფხულზე სოფელში ნანახი: სოსნებითა და გვირილებით მოჩითულ ბალახიან ფერდობზე ხარებშებმული გუთნეული გაბაწრულიყო და ნიავს იქიდან ტკბილი, ძარღვების დამადუნებელი “ოროველა” და ტოროლების გამაბრუებელი წკრიალი მოჰქონდა… “მალე გაზაფხული მოვა,” – გაიფიქრა მაშინ სანდრომ და უცნაური სიმშვიდე იგრძნო”.
საგულისხმოა, რომ მტრის ქვემეხით ამოთხრილი მიწის სურნელი სანდროს ხვნა-თესვის, სოფლური იდილიის სურნელს აგონებს. ეს ომი, ქართველი ხალხის წინააღმდეგობის მოძრაობა სწორედ ხვნა-თესვის, ბარაქის, მშვიდობიანობის, სოფლური იდილიის მოპოვების გარანტიაა.
ვანიჩკა სანდროს ეუბნება, რომ ბოლშევიკები დასახვრეტი ქართველების სიებს ადგენენ და კოჯრისა და ტაბახმელის ბრძოლებში მონაწილეობა მათ ამ სიაში უეჭველად მოახვედრებს. მეგობრები იტალიურ გემ “კირალზე” ორ ბილეთს შოულობენ. მარტის თვეა. გემი მარსელისკენ მიდის. საქართველოს მთავრობაც ამ გზით წავიდა და გაზიდა ეროვნული განძიც. გემზე მოხვედრა სიცოცხლის გარანტიაა, მაგრამ სანდროს წასვლა არ შეუძლია! მორჩა და გათავდა! მან სრულიად მშვიდად უთხრა მეგობარს, რომ აღარ დაეძებდა საფრთხეებს და წასვლას არ აპირებდა. ვანიჩკა მიხვდა, რომ სანდრო არ გადათქვამდა. თავად ავიდა გემზე, ხოლო სანდრომ თავისი ბილეთი ბავშვიან ქალს დაუთმო. როცა გემი ნაპირს მოშორდა, პირველად ერთმა მგზავრმა ისროლა ქუდი ნაპირისკენ, შემდეგ მეორემ და ასე ყველამ, ნიშნად იმისა, რომ გულსა და გონებას სამშობლოში ტოვებდნენ, ქუდები ზღვაში გადაყარა. გემზე მყოფი ვანიჩკა მეგობარს ეძებდა ნაპირზე, შემდეგ კი “Hellados”- ის გმირივით გემბანიდან გადახტა. იანგულიმ ნაპირამდე ცოცხალმა ვერ გამოაღწია. დიდი იმედია, რომ ვანიჩკა გამოცურავს და ისევ ჩაეხუტება თავის უღალატო მეგობარს, მაგრამ ვინ იცის, რა ჯოჯოხეთი ელის სისხლისმსმელი ბოლშევიკებისგან ორ საოცარ ახალგაზრდას?
სანდროს ოჯახში აკაკი წერეთელი დადიოდა სტუმრად. სიკვდილამდე ორი კვირით ადრე ის გამოსამშვიდობებლად მისულა ლომოურების ოჯახში. უთქვამს, რომ სიკვდილის მოახლოებას გრძნობდა, საჩხერეში აპირებდა დაბრუნებას და ენანებოდა, რომ ვერასდროს ნახავდა მათ. როცა მამამ ჰკითხა, კი მაგრამ რამეს იტკიებო? აკაკის უპასუხია: “არა, ჩემო კარგო, არაფერი მტკივა, მაგრამ ეს ბოლო დღეებია მოვსხლტი როგორღაც”…
აბა, რა ღირებულებებით უნდა ყოფილიყო აღზრდილი სანდრო, რომელიც პატარაობისას აკაკისთან ერთად ტრაპეზობდა ოჯახში? სიმბოლურია ამ ამბის მოგონებაც. აკაკის სიკვდილიდან დიდი დრო არ იყო გასული, სულ რაღაც 6 წელი. აკაკის სიკვდილის წინათგრძნობა სანდროსა და ვანიჩკას ბედზე მინიშნებაც არის. ბევრი ასეთი რჩეული ქართველი შეეწირა წითელ რუსულ იმპერიალიზმს, ზოგიც გადარჩა. ქვეყნის ბედიც შეიცვალა და ამ ქვეყნის შვილებისაც. 70 წელი დასჭირდა საქართველოს, რომ საბჭოეთის წყვდიადისთვის თავი დაეღწია. რამდენი სისხლი დავღვარეთ ამ გზაზე? რამდენი დიდებული ქართველი შეიწირა სამშობლოს თავისუფლებისთვის ბრძოლის ეკლიანმა გზამ?
კონსტანტინე გამსახურდია და ნუგზარ შატაიძე საოცარი მთხრობელები არიან. მათ შეუძლიათ მკითხველზე დაუვიწყარი ემოციური ზემოქმედება. სააბიტურო საათებში ამ ორ მოთხრობას უსათუოდ ვაძლევ ჩემს მოსწავლეებს ანალიზისა და სინთეზისთვის. ორივე ნაწარმოები ახალგაზრდების აღტაცებას იწვევს თავისი იდეური სიღრმით, ფსიქოლოგიზმის ხერხებით, პერსონაჟთა პორტრეტების ხატვის ოსტატობით, თხრობის არაჩვეულებრივი, დამატყვევებელი მანერით.