ტექსტის წაკითხვისა და გასწორების, რედაქტირების გამართული პროცესის დაგეგმვა მოსწავლეთა აქილევსის ქუსლია. მიუხედავად იმისა, რომ უკვე რამდენიმე ელექტრონული რედაქტირების გვერდი და აპლიკაცია არსებობს, მათ შორის, ქართულ ენაზე, რედაქტირებული და მოწესრიგებული საშინაო დავალება მაინც იშვიათი სიამოვნებაა.
ციფრული კომუნიკაციის ეპოქამ რედაქტირების სირთულეებს ახალი, ციფრული კვალი დააჩნია, მაგალითად, ჩვენი მოსწავლეები თითქმის აღარ იყენებენ აბზაცებს, პუნქტუაციის ნიშნებს, არ ზრუნავენ ტექსტის ერთგვარ ეკოლოგიაზე, რომელიც მნიშვნელოვანი უნარია, რადგან თვითორგანიზაციისა და დამოუკიდებელი მუშაობის აუცილებელი კომპონენტია.
განსაკუთრებული სირთულე რედაქტირების ნაწილის შესასრულებლად შეიძლება ჰქონდეთ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს, თუმცა, თუ განვაზოგადებთ, სპეციალური და განსაკუთრებული საგანმანათლებლო მიდგომა და საჭიროება ყველა მოსწავლეს აქვს, რედაქტირება ყველასთვის რთული და მოსაბეზრებელი რუტინაა, მაგრამ აუცილებელი.
როგორ უნდა ვასწავლოთ ტექსტის რედაქტირება აუტიზმის მქონე მოსწავლეს? – რასაკვირველია, მისთვის ყველაზე გასაგები და მარტივი – სტრუქტურირებული და თვალსაჩინო რეკომენდაციებით, რომლებიც წინასწარ უნდა მოვამზადოთ.
როგორ უნდა მოვიქცეთ?
წინასწარ შევქმნათ რედაქტირების გეგმა:
მნიშვნელოვანია, რომ სტრატეგიები იყოს სტრუქტურირებული, ვიზუალური და ეტაპობრივად, ნაბიჯ-ნაბიჯ განსახორციელებელი. აუცილებელია, რომ გეგმა ისე იყოს შედგენილი, რომ მოსწავლეს სწავლა დაასწავლოს, პრაქტიკული ჩვევები გამოუმუშაოს.
აუცილებელია, რომ მოსწავლემ იცოდეს, რისთვის სჭირდება რედაქტირება და როგორ უნდა გააკეთოს. ამისათვის: წინასწარ განვსაზღვროთ ეტაპები:
მაგალითად:
- შეცდომების მოძიება,
- გაუმჯობესების ვარიანტების განხილვა,
- საბოლოო რედაქტირება.
- კონკრეტული საკონტროლო სია – ვიზუალური ან წერილობითი სია, რომელიც მოსწავლეს გაახსენებს, რა უნდა გადაამოწმოს. მაგალითად: გასაგებია თუ არა ძირითადი აზრი? სიტყვები სწორად არის გამოყენებული? არის თუ არა გრამატიკული შეცდომები?
- ვიზუალური მხარდაჭერა: ვიზუალური საშუალებები აუტიზმის მქონე მოსწავლეებისთვის ეფექტურია. მაგალითად: ფერადი კოდირება, სადაც მორფოლოგიური შეცდომა მწვანე იქნება, სინტაქსური-წითელი, ლექსიკური – ლურჯი, სტილისტური – იასამნისფერი, აზრობრივი – ყვითელი.
- დაგვჭირდება ტექსტის სტრუქტურის ვიზუალიზაცია, მაგალითად, აბზაცების გაყოფა და ძირითადი აზრის გამოკვეთა. ცვლილებამდელი და შემდგომი ტექსტების თვალსაჩინო შედარება და სხვა.
- წინასწარ მომზადებული ტექნოლოგიური მხარდაჭერა, მაგალითად, ტექსტის მოსმენა ან სხვადასხვა სახის გრამატიკული დამხმარე აპლიკაცია თუ ავტოკორექტორი.
კითხვები დამოუკიდებელი მუშაობისთვის:
- გასაგებია ტექსტის შინაარსი?
- ზედმეტი წინადადებები ხომ არაა?
- ლოგიკური თანმიმდევრობა დაცულია?
- სწორად წერია სიტყვები?
- სწორად წერია წინადადებები?
- აბზაცები გამართულია?
- წინადადებები გრძელია თუ მოკლე (შეგვიძლია თუ არა წინადადებაში სიტყვათა მაქსიმალური რაოდენობა წინასწარ გავწეროთ)?
- ყველა წინადადება მთავრდება წერტილით, კითხვითი ან ძახილის ნიშნით?
- ფრჩხილები, მძიმეები და სხვა სიმბოლოები სწორად არის გამოყენებული?
- გამოყოფილია აბზაცები?
- ტექსტი მარტივად იკითხება?
- თავიდან ბოლომდე წაიკითხე?
- დაუსვი საკუთარ თავს კითხვები ტექსტზე?
- საჭირო ცვლილებები შეიტანე და კიდევ ერთხელ გადაამოწმე?
- რამდენი შეცდომა იპოვე?
- რომელ ნაწილში გაქვს ყველაზე მეტი შეცდომა?
- რა ისწავლე რედაქტირებისას?
- რომელი საკითხია, რომელიც ბოლომდე ვერ გაარკვიე?
- რომელი საკითხია, სადაც მენტორის დახმარება დაგჭირდება?
ასეთი ინსტრუქციები ყველა მოსწავლეს გამოადგება, შეგიძლიათ ცვალოთ მოსწავლის ინდივიდუალური საჭიროების მიხედვით ან ახალი ამოცანები დაუსახოთ.