ორშაბათი, აპრილი 28, 2025
28 აპრილი, ორშაბათი, 2025

უფლისწულების სამყარო

ჩემს ოთხ მოსწავლესთან ერთად წიგნების სამყაროში მოგზაურობა განსაკუთრებულ თავგადასავლად მექცა. ისე მოხდა, რომ ჯერ ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა პრინცი“ წავიკითხეთ, მერე კი ასტრიდ ლინდგრენის „მიო, ჩემო მიო“. ორივე წიგნი კაშკაშა მნათობია ჩემი ლიტერატურული ცის კაბადონზე, ამიტომ მათი შერჩევაც მათივე შუქმა მანიშნა – ჯერ ერთი ამონათდა და მერე მეორე.

ფურცელ-ფურცელ, ნახატ-ნახატ, დაყოვნებით და თანმდევი ფიქრებით ვკითხულობდით ერთსაც და მეორესაც და ამ ჩვენი ერთობლივი გზის შუაში მივხვდი, რამდენად ახლოსაა ეს ორი წიგნი ერთმანეთთან, უფრო კი იმ საერთო ვარსკვლავთან, რომლის გარშემოც თანამგზავრობენ. მივხვდი, რომ ხშირად ჩვენ კი არ ვირჩევთ წასაკითხ წიგნებს, არამედ რაღაც იდუმალი კავშირებით, ისინი თავად გვეძლევიან და გვირჩევენ ჩვენ, რათა გავყვეთ მათ მანათობელ ნაფეხურებს და ჩვენც ვიხეტიალოთ იმ კოსმოსურ სამყაროში, სიტყვა-ვარსკვლავების ოქროსფერი მტვრითა და ჩაუქრობელი ნაპერწკლებით როა სავსე.

მომინდა, ამ ჩვენი ხეტიალის გამოცდილება თქვენთვისაც მეამბა, მით უფრო, რომ წიგნების თანმიმდევრულ კითხვას არანაკლებ დიდი მნიშვნელობა აქვს. ის ფიქრისა და მსჯელობის უნარს გვიძლიერებს, პარალელებსა და საერთო თუ განსხვავებულ ატმოსფეროებს აღმოგვაჩენინებს. ბოლოს და ბოლოს, ცხოვრების ჰარმონიასა და წესრიგსაც გვაჩვევს, ძვალსა და რბილში გვინაწილებს, როგორც საჭირო ცოდნასა და შესაძლებლობას…

ანტუან დე სენტ ეგზიუპერის „პატარა პრინცი“ (ჩემს ბავშვობაში „პატარა უფლისწულის“ სახელით ვიცნობდი, მოგვიანებით კი, გიორგი ეკიზაშვილის თარგმანმა ახალი სახელი დაუმკვიდრა) მთელს მსოფლიოში პოპულარული წიგნია, რომელსაც „უასაკო“ მკითხველი ჰყავს – ის თანაბრად მიმზიდველი და ზღაპრულია ბავშვისთვისაც და უფროსისთვისაც. ეს რომ მწერლის უმთავრესი ამოცანა იყო, წიგნს წამძღვარებულ მიძღვნაშიც ჩანს:

„ლეონ ვერტს,

როდესაც ის პატარა ბიჭი იყო“.

ლეონ ვერტი მწერლის საუკეთესო (ასაკოვანი) მეგობარია, რომელსაც განსაკუთრებული ნიჭი ჰქონია – „მას ყველაფრის გაგება ძალუძს, მათ შორის საბავშვო წიგნისაც კი“. და რაც მთავარია, თავად ეგზიუპერია ის „უასაკო“ ავტორი, ვინც უსაზღვროდ ნატიფი ბავშვური სამყაროს შექმნით უკიდეგანოდ ღრმა, მარადიული და ზოგადკაცობრიული ტკივილი გააცოცხლა. ამ ტკივილს, როგორც „ტკივილთა დამთრგუნველს“, ისე ეწაფებიან დღემდე ადამიანები, ამიტომაცაა ეს წიგნი თარგმნილი მსოფლიოს უამრავ ენაზე, და ალბათ ამიტომაც ჰგონია ყველას პატარა პრინცი თავისი პირადი მეგობარი, მისი ბავშვობის და ზრდასრულობის სევდიანი, ერთგული თანამგზავრი…

ასტრიდ ლინდგრენის „მიო, ჩემო მიო“ პირველად 1954 წელს დაიბეჭდა. თითქმის ათი წელი იყო გასული მას შემდეგ, რაც „პატარა პრინცი“ ინგლისურ ენაზე, ნიუ-იორკში გამოქვეყნდა (1943 წელს). ეს მეორე მსოფლიო ომის პერიოდია, ათწლიანი დროც არაა საკმარისი იმისათვის, რომ ევროპის კონტინენტზე გაჩენილი უზარმაზარი საომარი ხანძრის ჭრილობები ბოლომდე მოშუშდეს. ეს ჭრილობები კი, ყველაზე მეტად ხომ მწერლებს სტკივათ!.. ალბათ, ესეცაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ როგორ გაჩნდა ორი სრულად განსხვავებული ხელწერის მქონე ავტორის შემოქმედებაში ასეთი ზღაპრული ამბები – ამბები უფლისწულებზე, დედამიწაზე მისიით დაშვებულ ანგელოზებზე, პაწია მხსნელებზე, რომლებიც ადამიანთა სამყაროში, საკუთარი სიცოცხლის ფასად, თავიანთ წონა სინათლეს ტოვებენ…

„უდაბნოს ის ალამაზებს, რომ მის სიღრმეში ჭა იმალება“ – ეტყვის პატარა პრინცი უდაბნოში ჩამოვარდნილი თვითმფრინავის მფრინავს და ამით მთელი წიგნის საიდუმლოს გააცხადებს. რა არის ეს საიდუმლო? ან ვინაა პატარა პრინცი – ოქროსთმიანი, ლაღი, მომხიბვლელი სიცილითა და წკრიალა ხმით, რომელიც დაჟინებით ითხოვს ფურცელზე დახატული ბატკნისათვის ალიკაპს, რათა ამ უკანასკნელმა, თავის პაწაწინა პლანეტაზე აღმოცენებული ვარდი არ შეუჭამოს?.. „პატარა პრინცის“ ატმოსფერო ჩამთრევად მისტიკურია, უცნაურად გრძნეული, თითქოს მთელი ეს ტექსტიც რომელიღაც უძველესი ლოცვის ტექსტია; ყველა ეპიზოდი ერთმანეთს კრიალოსნის თვლებივით ებმის, თავბრუდამხვევად გაჯადოებს სამყაროს მირიადი პლანეტის პერსონაჟთა ამბები – ლოთისა თუ ბიზნესმენის, მეფისა თუ გეოგრაფის, მეფარნის თუ მეისრის. ეს „წუთისოფლის“ მოზაიკაა, ის ადამიანური ისტორიებია, რომელთაგანაც ჩვენი ვნებათაღელვიანი ცხოვრება შედგება, თავის მარტოობით, სიძულვილით, სიხარბით, სიყვარულით… ხოლო ამ მოზაიკის მიღმა, ყველაზე შორს, პატარა პრინცის მშობლიური პლანეტაა, სადაც ერთადერთი და მარადიული სიყვარული – ვარდი დატოვა. მათი განშორების მიზეზი ძალიან ბუნებრივი ადამიანური ეკალი – ეგოიზმი იყო. მათი პატარა გაუგებრობა – ამპარტავნება და სიჯიუტე. ამ ეგოიზმმა პატარა პრინცი გალაქტიკიდან გამოტყორცნა, რათა სიყვარული თავიდან აღმოეჩინა, ვარდი მონატრებოდა, მის ღვთაებრიობაში დარწმუნებულიყო და მასთან დასაბრუნებელი გზა ეპოვა – „ჩვენ პასუხს ვაგებთ მათზე, ვინც მოვიშინაურეთ“

ასტრიდ ლინდგრენის მიოსაც, თავდაპირველად, ყოფითი ადამიანური სამყაროდან ვეცნობით – ის სტოკჰოლმის ერთ-ერთ ქუჩაზე ცხოვრობს, ბრაზიანი და პირქუში ცოლ-ქმარი ზრდის და ერთადერთი მეგობარი ჰყავს. ამ სამყაროში მას ბოსე ულსონი ჰქვია. თუმცა, ბოსე მთელი არსებით გრძნობს, რომ სადღაც სულ სხვა ცხოვრება ელოდება, მისთვის ბედის სხვა ვარსკვლავია ჩაფიქრებული. სწორედ ეს ვარსკვლავი მიიზიდავს თავისთან ბოსეს, პატარა ობოლ ბიჭს და ნამდვილ, მშობლიურ სამყაროს აღმოაჩენინებს. აქ მას მამაც ჰყავს, თანაც არა უბრალო მოკვდავი, არამედ მამა-მეფე, რომელიც პირველ რიგში, ბოსეს ახალი სახელით ნათლავს – „მიო, ჩემო მიო“.

ასტრიდ ლინდგრენი, თავისი შემოქმედებით, თავად იყო დედამიწაზე სიკეთისთვის დაშვებული ანგელოზი. მისი ყველა წიგნი ხომ წარმოუდგენელი სინათლით და სიყვარულითაა სავსე, თუმცა „მიო, ჩემო მიო“ ამ მხრივაც ერთგვარად იკონოგრაფიული ნაწარმოებია – მასში ყველაზე მკაფიოდ და დაუფარავადაა გასიმბოლოებული ქრისტიანული სულისკვეთება. სწორედ ქრისტეა მიოს არქეტიპი (გნებავთ, პროტოტიპი), დაწყებული უფლისწულობიდან, დამთავრებული ყოვლად ყოფითი დეტალებით (მოსასხამი, კოვზი და ა.შ.) – მიო ქრისტეს გზას იმეორებს, მისი არსებობის დამმოწმებელია, მისი მეტაფორაა…

ნაომარ, გულში დაჭრილ სამყაროში, სადაც უფროსების ბოროტი ვნებებისა და ამბიციების გამო ატეხილ ბრძოლებს უამრავი ბავშვი შეეწირა, უამრავი ფსიქიკა დასახიჩრდა, ნუგეში წარიკვეთა და ცრემლი გაქვავდა – დიდი მწერლის წიგნში ოქროსფერი ნაკვალევით ეშვება უფლისწული, რომელმაც სიბნელეზე გამარჯვების იმედი უნდა შთაუნერგოს ბავშვებს, სიკეთის უძლეველობაში დაარწმუნოს და გულში სიყვარული აღმოუცენოს…

მიოს ახალი სამშობლო – მწვანე მდელოთა კუნძული – სამოთხის ალეგორიაა, თუმცა სადაც სამოთხეა, იქვეა ჯოჯოხეთის ხსოვნაც. ამ წალკოტს, მხედარ კიტოს სახით, ბოროტება ემუქრება. ეს – კაცად განხორციელებული სიბნელეა, ყველაზე მრუმე და საშიში, რომელმაც უკვე შთანთქა უამრავი სიცოცხლე… მიოს სამშობლოში დაბრუნებაც ნაწინასწარმეტყველებია, ისევე, როგორც ქრისტეს მოსვლა იყო წინასწარ გაცხადებული, მიოსაც კონკრეტული მისია აქვს – მხედარი კიტო უნდა დაამარცხოს, ამიტომ ყველა და ყველაფერი ამ მისიის სამსახურშია, ყველას თავისი როლი და ფუნქცია აქვს, ზუსტად ისე, როგორც სამყაროს დიდ წიგნში – სახარებაში. ყველაზე მეტი კი, ცხადია, მამა-მეფემ იცის, რომელიც სევდიანი, თუმცა რწმენით სავსე აცილებს პირმშოს კიტოსთან საბრძოლველად.

ეგზიუპერის პატარა პრინციც ჰგავს ქრისტეს – უფლისწულთა უფლისწულს. ჰგავს, უპირველესად, საიდუმლოს განცდით, იმ ენით უთქმელისა და ხელუხლებლისკენ მხურვალე ლტოლვით, როგორიც ქრისტესგან იმემკვიდრა ადამიანმა. „დასანახს მხოლოდ გულით დაინახავ. მთავარი თვალისთვის უხილავია“ – ეს პატარა პრინცის სიტყვებია. შეუძლებელია, არ ირწმუნო მათი. არ გაჰყვე მათ.

ასტრიდ ლინდგრენის პერსონაჟი მიო, მეგობარ იუმ-იუმთან ერთად, ყველაზე ბნელ და საშიშ სკნელებს გაივლის, სიკვდილიც ფეხდაფეხ მიჰყვება მას, წიგნის ბოლომდე სუნთქვაშეკრული და დაძაბული ელოდები, რა მოჰყვება მიოს გმირულ თავგანწირვას, მას ხომ ერთხელ, ერთადერთხელ, საყვედურიც წამოსცდა ძვირფასი მამის მიმართ – ამ რთული გზისთვის რატომ გამიმეტე, ამ დიდ ომში რატომ გამიშვიო…

გეთსიმანიის ბაღში, მთვარის შუქდამდგარ ლოდზე იდაყვებჩამოყრდნობილი იესოს ლოცვა გვაგონდება ამ დროს, ამ ლოდზე დაწვეთებული მისი სისხლიანი ცრემლი და გულის უფსკრულებიდან დაძრული თხოვნა მამის მიმართ: „თუ შეგიძლია, ამარიდე ეს სასმელი…“. მიოს პატარა გულშიც ისადგურებს შიში, სევდა და სინანული მშობლიური სამოთხისგან განშორების გამო, თუმცა ეს გული ახლა არა სტოკჰოლმელ ბოსეს, არამედ უფლისწულს ეკუთვნის, უფლისწულის ვალი კი სამეფოს ხსნაა!..

პატარა პრინცი თავისი საიდუმლოს ერთგული რჩება, თავისი დიდი და სამუდამო სიყვარულის – სურნელოვანი ვარდის, პაწია პლანეტაზე რომ მიატოვა… ვარდიც ხომ სამეუფო ყვავილია, ქრისტიანულ სარწმუნოებაში ის ღვთისმშობლის სიმბოლოცაა, სამოთხის წალკოტის მშვენებაა. ვარდი მგზნებარე სულიერი ლტოლვის მეტაფორაა, იდეაა, რომელიც, ყველა ხილულ არსზე მაღლაა. პატარა პრინცი მის გამო უნდა მოკვდეს, სიკვდილი კი მხოლოდ „ვარდისფერი გზაა“ – მშობლიურ პლანეტაზე დასაბრუნებლად.

დედამიწაზე მფრინავი რჩება, პატარა პრინცის ოქროსფერი კულულების სურნელით და მისი ჩვილი სიბრძნით გაბრუებული. და რჩება მისი ამბავი, როგორც გაცხადებული სიტყვა, ამოხსნილი საიდუმლო, უფლისწულთა უფლისწულის სულით შთაბერილი…

მიოც ამარცხებს სიკვდილს – სხვაგვარად ხომ შეუძლებელია! მხედარ კიტოს დამარცხებით მთელი სამყაროსთვის მოაქვს დაკარგული სინათლე და სიკეთე. ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება – შვილები მშობლებს, კვირტები – ხეს, მდინარეები – ხევთა ნაპირებს…

კიდევ ბევრ უფლისწულს იცნობს საბავშვო ლიტერატურა და ცხადია, ყველა მათგანი უაღრესად საინტერესოა. უფლისწულები „სადიდო“ მწერლობასაც ჰყავს და ყველაზე მკაფიო და მარადიული მათ შორის, დანიის პრინცია – სევდიანი მოაზროვნე ჰამლეტი, რომელმაც კაცობრიული ფიქრი ახალ სიმაღლეზე აზიდა. თუმცა, ეს სხვა საუბრის ამბავია, სხვა განცდების წყაროა.

მე და ჩემმა მოსწავლეებმა პატარა პრინცთან და მიოსთან ერთად თითქმის ორი თვე ვიცხოვრეთ. დეტალურად განვიხილავდით ყველა მსგავსებას, სიმბოლოს, ყველა აქცენტსა და ნიუანსს. ვსვამდით კითხვებს, ვმსჯელობდით და ვკამათობდით კიდეც. ორივე წიგნი დაგვეხმარა, ჩვენს რწმენაში განვმტკიცებულიყავით, ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვების რწმენაში! დღესაც ომის ხანძრებია მსოფლიოში, დღესაც ბევრი ბავშვი იტანჯება და იჩაგრება, დღესაც დაეძებენ ერთმანეთს მშობლები და შვილები, მეგობრები და შეყვარებულები… სამყაროს კი ნუგეში სჭირდება. ის მსოფლიოს დიდ წიგნებშიცაა გაბნეული, ხოლო ამ წიგნებს დღემდე შეუძლიათ, ცისკენ აგახედონ.

იქ, სადაც უფლისწულები ცხოვრობენ. უფლისწულთა უფლისწული კი ოქროსფერი ღიმილით ყველას ერთად დაგვყურებს და ხარობს, როცა მის ცქერაში ერთმანეთს ვპოულობთ ადამიანები…

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“