პარასკევი, აპრილი 19, 2024
19 აპრილი, პარასკევი, 2024

ემოციური წიგნიერება და საბავშვო ლიტერატურა

ემოციების გარეშე ჩვენი ცხოვრება მოსაწყენი, უღიმღამო და უფერული იქნებოდა. შიში, სიძულვილი, სიყვარული, ბრაზი, სირცხვილი, გაკვირვება – ყველა ემოცია ჩვენში ცხოვრობს და ზოგჯერ საჭირო დროს, ზოგჯერ არც ისე საჭირო დროს გადმოიფრქვევა. ვფიქრობ, ეს ნორმალურია, მით უმეტეს, როდესაც საქმე ბავშვებს ეხება. ისინი ხომ ხშირად იმაზე მეტ ემოციას გვაჩვენებენ, ვიდრე ამას სადმე ვნახავთ; ხან სიხარულისგან ცას სწვდებიან, ხან კი ისე ვერ იმორჩილებენ ბრაზსა და ნეგატიურ განცდებს, სასოწარკვეთილებამდეც კი მივყავართ. ასეთ დროს არ ვიცით, როგორ გავუმკლავდეთ არსებულ უსიამოვნებას, როგორ დავამშვიდოთ ისინი – ბოლომდე მივცეთ გამოხატვის საშუალება, რომ სული მოითქვან, სტრესისგან გათავისუფლდნენ თუ ავუკრძალოთ.

 

ხშირად მშობლები უფრო მეტ ყურადღებას ვამახვილებთ ბავშვის ფიზიკურ და კოგნიტურ განვითარებაზე. ეს, რა თქმა უნდა, უმნიშვნელოვანესია, მაგრამ არანაკლებ აუცილებელია სოციო-ემოციური კომპონენტიც და ამ უნარების განვითარებაზე ზრუნვა. კარგი ფიზიკური და კოგნიტური უნარების მიღმა, მნიშვნელოვანია დავაკვირდეთ, როგორ შეიმეცნებს ბავშვი საკუთარ თავს; რა იცის მან საკუთარ პიროვნებაზე, თვისებებზე, განცდებზე; რას ფიქრობს სხვებზე, როდესაც ურთიერთობს მათთან და რას ელის მათგან; რამდენად შეუძლია თანაგანცდა იმ ადამიანებისა, ვისთანაც ურთიერთობა აქვს.

 

ემოციებზე დაკვირვება ადამიანებს ბევრ რამეს გვასწავლის, გვაფიქრებს, გავლენას ახდენს ჩვენს გადაწყვეტილებებზე და ცხოვრების ხარისხზე. თუ საკუთარ ემოციებს დავაკვირდებით, სხვების გაგებაც არ გაგვიჭირდება. გამოვიცნობთ – რა სწყინთ, რა უხარიათ, რა უნდათ – რადგან უკვე გაწაფული ვიქნებით ემოციების წაკითხვაში. საკუთარი და სხვისი ემოციების იდენტიფიცირება – ეს უკვე ემოციური წიგნიერების საფუძველია. როდესაც გესმის საკუთარი თავის, მიჰყვები გულის ხმას, ასევე შეგიძლია გაუგო სხვებსაც და ემოციების მიღმა მათი ნამდვილი გრძნობები დაინახო.

 

რა გავლენას ახდენს ბავშვის ემოციებზე საბავშვო ლიტერატურა და რატომ შეიძლება გამოგვადგეს მხატვრული ლიტერატურა ემოციური წიგნიერების, ამ მნიშვნელოვანი კომპეტენციის განსავითარებლად – ამ საკითხზე კიდევ ერთხელ მაშინ დავფიქრდი, როდესაც ჩემს ექვსი წლის გოგონას ასტრიდ ლინდგრენის არაჩვეულებრივ წიგნს „მადიკენის თავაგადასავალს” ვუკითხავდი.

 

მჯერა, რომ წიგნები ცვლიან ადამიანებს, ამდიდრებენ მათ სულიერ სამყაროს და უფრო შთამბეჭდავს ხდიან მათ ცხოვრებას, განსაკუთრებით ბავშვების ცხოვრებას, რომელიც უსიხარულო – არა, მაგრამ ზოგჯერ მოსაწყენი ნამდვილადაა. კარგი მწერლები კი ამას ისე აკეთებენ, რომ მათ წიგნებს მანამდე ვერ წყდები, სანამ ბოლო თავამდე არ ჩაიკითხავ. ასეთი წიგნები სავსეა მინიშნებებით, რომელიც ბავშვმა მშობელთან ერთად ან მის გარეშე უნდა ამოიცნოს. ეს მინიშნებები მნიშვნელოვანი თემებისკენ, დასაფიქრებელი საკითხებისკენ უკვალავს გზას პატარა ადამიანებს. სწორედ ასეთი წიგნია „მადიკენის თავგადასავალი” და თუ ლინდგრენის შემოქმედება გიყვართ, გეტყვით, რომ ნამდვილად ისიამოვნებთ კითხვით. დაიწყებთ თუ არა კითხვას, აღარ მოგინდება იუნიბაკენიდან წამოსვლა. აღარ მოგინდება, თვალი მოსწყვიტო მადიკენს და სასაცილო ლისაბეტს, გინდა იქ დარჩე მათი იდილიური ცხოვრების მეთვალყურედ.

 

ცელქი, გონიერი და ემპათიური მადიკენი იუნიბაკენში ცხოვრობს პატარა დაიკო ლისაბეტთან, დედ-მამასთან და მოახლე ალმასთან ერთად. ისე ცხოვრობს, ბევრ ბავშვს მოანდომებს იუნიბაკენში „გადაცხოვრებას”. მადიკენი ათას რაღაცას იგონებს, რომ ცხოვრება გაიხალისოს და ხიფათიანი დღეებიც არ აკლია. 6 წლის ანასტასია განუწყვეტლივ ითხოვდა, არ დამესრულებინა კითხვა და იუნიბაკენელ კუდრაჭებთან „მეგობრობის” სიხარული კიდევ დიდხანს გაგვეხანგრძლივებინა.

 

მწერალს ბავშვებისთვის დაწერილ წიგნში სოციალური თემატიკაც შემოაქვს, ვფიქრობ იმ მიზნითაც, რომ გაზარდოს მათი სოციალური ცნობიერება. ამ თემატიკის მკაფიო, ხაზგასმულ ნიუანსებს წიგნში ბევრგან შევხვდებით. ყველასთვის საყვარელი მწერალი, ბავშვებს ისეთ ღირებულებებზე ესაუბრება, რომლებიც მათ სხვების თანაგანცდას ასწავლის. ასტრიდ ლინდგრენი გვიყვება ღარიბ ოჯახებზე და ღარიბ ბავშვებზე, როგორ ართმევთ მათ სიღარიბე სინათლეს თვალებში, როგორ არ ბრწყინავს საშობაოდ სისუფთავისგან და ბედნიერებისგან მათი სახლები; გვიყვება ფსიქოლოგიური პრობლემების მქონე პერსონაჟზე – ლინდკვისტზე; მადიკენის საოცარ მამაზე, რომელიც ყოველთვის მზად არის საყვარელ ქალიშვილს ბოლომდე მოუსმინოს, ელაპარაკოს და მასთან ერთად იმსჯელოს; გვიყვება მადიკენის დედაზე, რომელსაც ზოგჯერ თავი ეცოდება და დილით საწოლიდან არ დგება (ანასტასიამ თქვა, რომ შეიძლება დეპრესია ჰქონდესო); გვიყვება ბავშვების შრომაზე, როცა მათთვის და მათი ოჯახებისთვის განათლება აღარ არის პრიორიტეტი. ყველა ეს ამბავი საოცარი ოსტატობით, ბავშვებისადმი უპირობო პატივისცემითა და სიყვარულით არის დაწერილი.

 

„რას ნიშნავს სიღარიბით გამოწვეული უმწეობა?” – კითხულობს ავტორი და აქაც მადიკენის თვალით და მისი განცდებით გვანახებს სიღარიბით გამოწვეული უმწეობის მაგალითებს. იუნიბაკენელი პატარა, მგრძნობიარე გოგონა მადიკენი ცხოვრებაში პირველად ეჯახება  სიღარიბით გამოწვეული უმწეობის ცოცხალს მაგალითს, მისი მეგობრის, აბე ნილსონის ოჯახის სახით. ნილსონების ოჯახი ღარიბია, სახლის ვალს ვეღარ იხდიან, მამა ნილსონი უპასუხისმგებლოა, სვამს, მათ ოჯახში ბევრი ჩხუბი, დავიდარაბა და უხალისობაა. ავტორი გვიჩვენებს, როგორ კარგავს ადამიანი შინაგან საყრდენებს, როგორ იშლება და ნაწევრდება მისი ფსიქო-ემოციური მდგომარეობა სიღარიბეში და ამის ყურება საშიში, შემზარავი და ზოგჯერ გულისამრევიც კი ხდება.

 

თუ ბავშვების ცხოვრებაში მეტ ლიტერატურას შევიტანთ, ჩვენ შეგვეძლება გავზარდოთ არა მარტო წიგნიერი ადამიანები, არამედ განვავითაროთ მათში სხვადასხვა კომპეტენციები და ეს ნამდვილად შესაძლებელია. პერსონაჟებზე დაკვირვება, მათი ხასიათისა და ემოციის წაკითხვა, მათი გრძნობების განცდა, ახალი თემების წამოჭრა და მასზე მსჯელობა ნამდვილად ზრდის პატარა ადამიანებს როგორც კოგნიტურად, ისე ემოციურად. ასე რომ, ემოციები, დადებითიც და უარყოფითიც მნიშვნელოვანი და ანგარიშგასაწევი ნაწილია ჩვენი ცხოვრების. რომ არა ემოციები, ძნელი იქნებოდა ჩვენი ქცევების, დამოკიდებულებებისა და გარემოს შეცვლა და არც ემპათია გაგვიჩნდებოდა იმ ადამიანების მიმართ, რომლებსაც ჩვენგან ნუგეში და ზრუნვა სჭირდებათ.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი