მასწავლებლის ერთი დღე, რომელიც მთელ ცხოვრებას უდრის

კიდევ ერთი ამბავი იმაზე, რომ სიტყვებს სამყაროს შეცვლა შესძლებია

 

შეუკაზმავ მუსტანგზე ამხედრებული, ყველა დაბრკოლებას ვლახავ, ისე მივქრი, რომ ქარიც ვერ მეწევა. ის-ისაა, ცაში უნდა ავიჭრა, ღრუბლები ქვემოთ მოვიტოვო და მოელვარე ცისარტყელას გადავაფრინდე, რომ იოჰანეს ბრამსის Wiegenlied-ის მშვიდი, ზომიერი მელოდია ჩამესმის. მელოდია მეორდება და მეორდება, თითქოს დროის მარყუჟში ჩავრჩი…

მრავალჯერ ნანახ რეკლამასავით ვიცი, რაც მოხდება: ხელის ფათურით ვიპოვი მობილურ ტელეფონს და მაღვიძარას გავთიშავ, ჩემი დროის მარყუჟიც დაიშლება და დილის ჩვეულებრივ რუტინას დავუბრუნდები. ფიქრებიც დაიწყებენ გამოფხიზლებას: იქნებ ჯობდა, მართლა მოვხვედრილყავი დროის მარყუჟში? გამოფხიზლება და ადგომა ისე გამიჭირდება, რომ თანახმა ვიქნები, გამუდმებით აწმყოში ვცხოვრობდე, გამუდმებით დილის 6 საათი იყოს და მუდმივად ჩამესმოდეს სევდიანი, ძალიან მშვიდი მელოდია.

რეკლამა სრულდება და რეალობა მთელი სიცხადით ატყდება თავს ძილ-ბურანით დაბინდულ გონებას: ბავშვები, ბავშვები, მეოთხეკლასელები. დროის მარყუჟი თავისთავად ქრება და წასასვლელად ვემზადები.

დილის ექვსი საათია. ამ დროს, წესით, უკვე ყველა მასწავლებელს ღვიძავს და დილის რუტინის პარალელურად დღეს კიდევ ერთხელ გეგმავს. თუ რაღაც ამოუხსნელი გზით მასწავლებლების გონებაში   ჩაიჭყიტებით, განურჩევლად სპეციალობისა და ეროვნებისა, უამრავ სხვა წვრილ-წვრილ მანტრასთან ერთად ერთი მთავარი მანტრაც დაგხვდებათ: „დღემ მშვიდობიანად ჩაიაროს!“

 

გზა სკოლისკენ

სანამ მეტრომდე მივაღწევ, თბილისის ძველი უბნის ძალიან ძველი ქუჩა უნდა გავიარო. ქუჩა ვიწროა, ტროტუარებიც ვიწრო აქვს, ორი კაცი გვერდს ვერ აუქცევს ერთმანეთს. უნდა გაჩერდე და გაატარო, თითქოს განზრახ გაუკეთებიათ ასეთი, რომ ადამიანებმა ერთი წუთით მაინც ჩავხედოთ თვალებში ერთმანეთს, იქნებ წინა ცხოვრებებსა და რეინკარნაციებში სულაც და-ძმა, ცოლ-ქმარი ან უბრალოდ მეგობრები ვიყავით. იქნებ მოსწავლე -მასწავლებელიც? ასეთი სულელური ფიქრები ზამთრისპირს, ვიწრო ტროტუარსა და თბილისში დილაობით ჩამოწოლილ ბურუსს სცოდნია. ბურუსს, რომელსაც წვიმაც ერთვის, მომაბეზრებლად რომ ცრის.

რეინკარნაციებზე ბოლო დროს დავიწყე კითხვა და მომწონს ეს იდეა, თუმცა ჯერ რწმენამდე არ მივსულვარ. ალბათ ვერც მივალ. შუა გზაში შეწყვეტილი რწმენებით მაქვს გამოტენილი გონება. უჰ, იმდენია ასეთი რწმენა – დაუსრულებელი, მიტოვებული.

ერთი კაცი მხვდება. ვჩერდები. ისიც დგება, თვალს თვალში ვუყრით ერთმანეთს. ნაღვლიანი მზერა აქვს, ამინდივით და საერთოდ ცხოვრებასავით. ამის მასწავლებელი რომ ვყოფილიყავი, – მეცინება გულში და მწვანე, კუბოკრული ბოტებით ჭადრის ხმელი ფოთლების ზღვაში მივცურავ. შხრ, შხრ, შხრ – ფოთლების მტვრევის ხმა ბავშვობაში მაბრუნებს, როცა სკოლიდან მე და ბებია მივუყვებოდით სახლის გზას. ბებია გაფრინდა, მე მოსწავლე მასწავლებლად ვიქეცი.

მეტროში ჩავდივარ, ფანტაზიას ფართოდ ვუღებ კარს, წარმოვიდგენ, რომ ქვესკნელში ჩავდივარ და იქიდან ან დავბრუნდები, ან არა. სწავლების ყოველი დღე რაღაცით მართლაც ჰგავს ქვესკნელში ჩასვლას, დღის დასრულება კი დაბრუნებაა – ხარ ახალი გამოცდილებებით სავსე და კიდევ ერთბრძოლამოგებული.

 

სკოლა

ყველაზე რთული კლასის დამრიგებელი და ქართულის მასწავლებელი ვარ. სულ მეორე წელია, რაც ამ სკოლაში ვმუშაობ. ისეთი კლასი ჩამაბარეს, ჩემამდე რამდენიმე დამრიგებელი რომ ჰყავდა გამოცვლილი. იარლიყების მიკერება ჩვეულებრივი ამბავია სკოლებში, მასწავლებლები ყოველთვის ჩურჩულებენ, რომელი კლასია წყალწაღებული და რომელი – „წყალმოტანილი“. ეს ჩემი კლასი კი უბრალოდ „რთული“ იყო. სხვა მასწავლებლებმა რომ გაიგეს, ამ „რთული კლასის“ დამრიგებელი ვიქნებოდი, თვალები მრავალმნიშვნელოვნად გადაატრიალეს და თავი დანანებით გადაიქნიეს. ვეცოდებოდი, ნამდვილად, გულწრფელად. ჯერ ერთი, ახალგაზრდა და გამოუცდელი ვიყავი, მეორე – ამ კლასის პრობლემებზე უკვე ლეგენდები დადიოდა.

ჰოდა, შევედი პირველად და ოცმა განსხვავებულმა ხასიათმა, ოცმა განსხვავებულმა სამყარომ შემომანათა თვალები. თითოეულს საკუთარი აზრი ჰქონდა აბსოლუტურად ყველაფერზე, ყველა წვრილმანზე, და თითოეული მათგანი თავგამოდებით იცავდა ამ აზრს. თან ეს აზრები არასდროს ემთხვეოდა ერთმანეთს და ყველა გაკვეთილი ხელჩართული ბრძოლით სრულდებოდა. არც შეურაცხმყოფელი ლექსიკა და ფიზიკური შეხება ყოფილა უცხო. ამიტომაც მაქვს ამოჩემებული დილის მანტრა და ამიტომაა სკოლაში წასვლის მეტაფორა ქვესკნელში მოგზაურობა.

ძალიან მიჭირს, ძალიან, ხან მგონია, რომ მორჩა, დავნებდები, დავუსვამ წერტილს, მაგრამ საკმარისია, რომელიმე ბავშვისგან ქაღალდის ნაგლეჯზე გაუმართავი კალიგრაფიით დაწერილი „მიყვარხართ, მას“ და იქვე მიხატული მობრეცილი გული მივიღო, ახალი ენერგიით ვივსები და ისევ ვეკვეთები ხოლმე, ისევ ვგუგლავ, ვეძებ კლასის მართვის საუკეთესო მეთოდებს, „პინტერესტი“ უკვე ავითვისე, უამრავი სამოტივაციაო, წამახალისებელი ბარათი დავამზადე, წინ მივიწევთ, მაგრამ ძალიან ნელა, თითქმის შეუმჩნევლად. ყველაზე დიდ პრობლემად ურთიერთობა რჩება. ჩაგრავენ, ურტყამენ ერთმანეთს, მეორე წუთას კი უყვართ და სიყვარულს ეფიცებიან, უჭირთ გრძნობების გამოხატვა, ემოციების კონტროლი. გაბრაზება იციან ისეთი, თითქოს ამერიკის ყველა ქარიშხალს ამ პატარა კლასში მოეყაროს თავი, ბზრიალებს, ბზრიალებს და ითრევს ყველა ნივთსა და ბავშვს, იქით ვარდისფერი ჩანთები ცვივა, აქეთ მწვანე რვეულები მოფრინავს, იატაკზე წიგნები გმინავენ, ჭაღზე საწყლად კონწიალობს ლურჯი პერანგი… ვიღაც ტირის, ვიღაცას სტკივა, ვიღაც იმუქრება, ვიღაცა საერთოდ გარბის სკოლიდან.

ზარი ირეკება. გაკვეთილი იწყება.

 

გაკვეთილზე

ხშირად მიფიქრია, სად არის პრობლემების სათავე, მაგრამ ამ ბრაზისა და ემოციების მდინარეს მხოლოდ ერთი სათავე არ ექნება, ეს სათავეები კომპლექსურია და მათში ლამის მთელი სამყაროა ჩართული. ყველა დამნაშავე ვართ, მეც, შენც, ისიც. ამას ხვდებიან ბავშვებიც და კიდევ უფრო ბრაზობენ, კიდევ უფრო გამეტებით ურტყამენ ერთმანეთს. მეორე წუთას კი ნანობენ და ბოდიშებს იხდიან, პირობას დებენ, იფიცებიან, რომ ეს გაცხარება უკანასკნელი იყო.

გაკვეთილს კლასის წესების შეხსენებით ვიწყებთ (ეს წესებიც თავად მოიფიქრეს; ესაა, რომ დაცვა ავიწყდებათ, ამიტომ უზარმაზარ ფორმატზე ამობეჭდილები დაფის ზემოთ კონწიალობენ).

ფანჯრიდან მთები მოჩანს, წვიმა ისევ ცრის, ეზოში რამდენიმე ბავშვი გუბეებში დააჭყაპუნებს. წამიერად ფიქრი გუშინდელ დღეს უბრუნდება: ბავშვობის მეგობარი მესტუმრა, ნანა, და შვილის პრობლემა შემომჩივლა. 12 წლის ირაკლი რატომღაც აუთვალწუნებიათ რაიონის სკოლაში, დაცინვა და ჩაგვრა დაუწყიათ. ირაკლი ვარჯიშობს, ჭიდაობს, მშვენივრად შეუძლია აბეზარი მჩაგვრელების მოგერიება, მაგრამ ფრთხილობს, არ უნდა, ვინმეს ზიანი მიაყენოს. არადა სიტუაცია დღითი დღე აუტანელი ხდება. დედამისი სხვა სკოლაში გადაყვანაზეც ფიქრობს. იმაზეც ბრაზობს, მისი შვილი მუშტით რომ არ იგერიებს მჩაგვრელებს, ვერ გაუგია, რა სჭირს, ეჭვები ტანჯავს. შევპირდი, რომ ამ საკითხზე ვიფიქრებდი და იქნებ ისეთი გამოსავალი გვეპოვა, რომ ირაკლი არც მოძალადე და არც დაჩაგრული არ გამოსულიყო. სკოლის შეცვლა უკანასკნელ ნაბიჯად მოვიტოვეთ.

ჰოდა, სპონტანურად, ჩემთვისვე მოულოდნელად მინდება, ამ ამბავს ბავშვებს მოვუყვე. დაგეგმილი გაკვეთილი ყირაზე დგება და ვიწყებ.

 

ირაკლის ამბავი

აი, ახლა, როგორც არასდროს, ისე მჭირდება თქვენი რჩევა! (ოცი წყვილი თვალი მომაშტერდა, გაისუსნენ) პირველად ჩემს ცხოვრებაში არ ვიცი, როგორ მოვიქცე, ჩემი მეგობარი გასაჭირშია!

– რა მოხდა, მას, რა მოხდა, დროზე გვითხარი! – ერთმანეთს არ აცდიან. წყვეტენ ჩურჩულსა და ფორიაქს, მოსასმენად ემზადებიან. სიმართლე უნდა ითქვას: ამ ჩემს ბავშვებს ძალიან უყვართ, როცა ამბებს უყვებიან, ინტონაციურად, ემოციურად – მთელი არსებით გისმენენ და ზარის ხმაც კი აღარ ესმით.

ამბავი ასეთი გამოვიდა:

– გუშინ საღამოს ბავშვობის მეგობარი მესტუმრა. ჩემთვის ისეთი ახლობელია, ისე მიყვარს! მთელი ბავშვობა ერთად გვაქვს გატარებული, კლასელები ვიყავით, მეზობლები. მთელი დღე ხომ ერთად ვიყავით სკოლაში, გვერდიგვერდ ვისხედით, საღამოობითაც არ გვეთმობოდა ერთმანეთი. ჩვენი სახლების ფანჯრები პირისპირ, ძალიან ახლოს იყო ერთმანეთთან, თოკი გავჭიმეთ და წერილების გაგზავნა-გამოგზავნით ვიქცევდით თავს. ის წერილები დღესაც შენახული მაქვს.

მაგალითად, ასეთი:

„კიტრის მწნილს ხომ არ ინებებდი? დედამ ახლახან გახსნა სამლიტრიანი ქილა, უფ, ისეთი მჟავეაა…“

„ვინებებდი! ნერწყვი მომადგა, მალე გამომიგზავნე!“

გაბმულ თოკზე პატარა სათამაშო სათლი გვქონდა ჩამოკიდებული, მოვაბამდით აქეთ-იქით მტკიცე აბრეშუმის ძაფებს და მიდიოდა გაწევ-გამოწევა.

ასეთი წერილიც ყოფილა:

„დღეს ხორბალოში ვიყავი (სოფელია), ფოთლები და რკოები მოვაგროვე, გიგზავნი: რკოები შეინახე სამახსოვროდ, ფოთლები კი აბა გამოიცანი რომელი ხისაა?“

ბავშვები ხითხითებენ, რაღაცით – გნებავთ, მესამე თვალი დაარქვით, გნებავთ, მასწავლებლის ინტუიცია – ვგრძნობ, რომ მოეწონათ. გაკვეთილის დასაწყისი შედგა. ეს დიდი რამეა! თუ დასაწყისი გამოვიდა, დანარჩენი პროცესიც აეწყობა – მასწავლებლები დამეთანხმებიან.

– ჰოდა, მე რომ ვერ გამოვიცნობდი, ჩემს მეტყვე პაპას მივადგებოდი ხოლმე, რომელიც შეხედავდა ფოთლებს, ერთს ჩაიღიმებდა და იტყოდა: თელაა! მუხაა, წყალი არ გაუვა! იფანია, რათ უნდა ბევრი ლაპარაკი მაგას! – და ასე დაუსრულებლად.

ზაფხულის დღეები – ბურთის დევნაში, საღამოები – „ამის პატრონმა რა ქნას“ თამაშში (მერე მოგიყვებით და გასწავლით ამ თამაშს, ბევრს იხალისებთ), შემოდგომის დღეები – წვიმაში სირბილში, ზამთრისა კი გუნდაობასა და ციგაობაში გავიდა.

ჰოდა, აბა, რა მოხდა შემდეგ?

– გაზაფხული დადგა! – სხარტად მპასუხობს ანა.

მეღიმება.

– ნამდვილად დადგა გაზაფხული, თანაც არაერთი. ბევრი გაზაფხული, ბევრი შემოდგომა, ბევრი ზამთარი, ბევრი ზაფხული გავიდა და ჩვენ გავიზარდეთ!

სიჩუმე ჩამოვარდა, თითქოს რაღაც ისეთი ვთქვი, თან ჩვეულებრივი, ვითომ არაფერი, მაგრამ ამავე დროს – ძალიან სევდიანი. ასეცაა – გაზრდას რამხელა ნაღველი ახლავს თან… ბავშვობასთან გამოთხოვება ხომ უდარდელობასთან დამშვიდობებაცაა.

– გავიზარდეთ და ჩემს მეგობარს შეუყვარდა! ისე ძალიან, რომ ოჯახი შექმნა და შვილიც ეყოლა.

– რა კარგია! – ტაში შემოკრა გიომ. გიოს მთელი კლასი აჰყვა. ამ დროს დირექტორმა ჩაიარა, ჩვენი მქუხარე ტაში გაიგონა და უზარმაზარ ფანჯარაში, რომელიც დერეფანში გადიოდა, მის გაოცებულ სახეს და აწეულ წარბს მოვკარი თვალი. არა უშავს, მერე ავუხსნი.

დაველოდე, სანამ ემოციები ჩაცხრებოდა და ისევ მოსასმენად განეწყობოდნენ.

– ჰოდა, ეს შვილი ბიჭუნა ძალიან საყვარელი, სასაცილო და კეთილია. ბიჭუნას ირაკლი ჰქვია, ახლა კი 12 წლისაა. თურმე ახალ სკოლაში გადასულა და იქ დიდი პრობლემები დახვედრია!

დაძაბულები ისმენენ. ალბათ ჯობია, შევჩერდე და ვკითხო, მათი აზრით, რა პრობლემები დახვდა ირაკლის, რომ მათი მოლოდინი გავიგო, განწყობა შევქმნა, მაგრამ ვჩქარობ, მინდა, ამბის დასრულება მოვასწრო. საათზე ვიყურები – ათი წუთიღა დამრჩა!

– ირაკლი რატომღაც არ მოეწონათ უფროსკლასელებს, დამცინავ და დამამცირებელ სიტყვებს ეუბნებიან, წიხლებს ურტყამენ, ერთხელ ჩანთა გამოსტაცეს და ამ ჩანთით ბურთაობა გააჩაღეს. ამასობაში ჩანთიდან თბილისელი კლასელის, მეგობრის ნაჩუქარი შუშის ბურთი ამოუვარდა და ნამსხვრევებად იქცა. არადა როგორ უყვარდა! თილისმად მიაჩნდა, იღბლიან ნივთად, სულ თან დაატარებდა. ოთხი წელია, მეგობარი უცხო ქვეყანაში გადასახლდა და მის სახსოვრად ჰქონდა ეს გამჭვირვალე, ცისფერი ბურთი, თითქმის ჯადოსნური – მზეზე რომ გახედავდი, შიგნით აბრჭყვიალდებოდა უამრავი ოქროსფერი ნაწილაკი, წამოვიდოდა ვარსკვლავების წვიმა და ამ დროს ირაკლი ხან რა ამბავს იგონებდა, ხან – რას.

ჰოდა, ეს მშვენიერი ნივთი შუშის ნამსხვრევებად და ოქროსფერ ბრჭყვიალა მძივებად იქცა.

ირაკლიმ თავი ვერ შეიკავა და ცრემლები წამოუვიდა. ამაზე უფრო მეტად დასცინეს, სულ „გოგო, გოგო“ უძახეს.

– რა შუაშია, მას, გოგო, განა ბიჭები არ ტირიან? – ვერ ითმენს ალექსანდრე და მისი დიდი თვალები გაბრაზებას და გაოცებას გამოხატავს.

– რა თქმა უნდა, არ ტირიან! – პასუხობს დემეტრე, მაგრამ ეტყობა, თავისი პასუხის თვითონაც არ სჯერა, სადღაც გაგონილ ფრაზას იმეორებს. დაბნეულია.

ამბავს ცოტა ხნით ვწყვეტ.

– ბიჭებიც ისევე ტირიან, როგორც გოგონები. როგორ გგონიათ, რატომ?

– იმიტომ, რომ გრძნობები და ემოციები ყველას გვაქვს, – დინჯად ხსნის მარიამი.

– დიახ, და მათი გამოხატვა მნიშვნელოვანია, – ვასრულებ. – აი, ამბავი რომ წავიკითხეთ სიყვარულზე და მეგობრობაზე, ხომ გახსოვთ?

ახსოვთ, რა თქმა უნდა. რამდენიმე დღის წინ ახლახან გამოსული „ვეფხისტყაოსნის“ გრაფიკული ვერსია წავუკითხე და ვაჩვენე. ისე მოეწონათ, ისე აღფრთოვანდნენ, რა დაავიწყებთ.

– ჰოდა, იქ რომ იყო, გმირი, მამაცი და ძლიერი ტარიელი, ის სევდასა და დარდს ტირილითაც გამოხატავდა ხოლმე.

გაიხსენეს, დაეთანხმნენ. დემეტრეც კმაყოფილია, უკვე იცის, რა უნდა უპასუხოს იმას, ვინც ეტყვის, გოგო ხომ არა ხარ, რა გატირებსო. ისიც არ დააყოვნებს: ტარიელი რატომ ტიროდაო? გოგო იყოო? აბა, რომელ უფროსს მოუბრუნდება ენა, ასეთ არგუმენტს შეეწინააღმდეგოს?! უფროსებს თავის ენაზე თუ არ დაელაპარაკე, არაფერი გამოვა.

სადაცაა, ზარი დაირეკება. ამბავს ვაგრძელებ:

– რომ იცოდეთ, ირაკლი სულ არ არის სუსტი ბიჭი. პირიქით, ჭიდაობაზეც დადის და დიდი ძალაც აქვს. ირაკლი კარგი მკითხველია, ძალიან ბევრი წიგნი აქვს წაკითხული, ამიტომ მშვენივრად იცის, რომ ძალადობა გამოსავალი არ არის და თუ გადაწყვეტს, ამ უფროსკლასელებს ფიზიკურად გაუსწორდეს, პრობლემა კი არ მოგვარდება, უბრალოდ მიიჩქმალება, იმიტომ რომ ირაკლის ადგილას მათგან ოდნავ განსხვავებული ნებისმიერი სხვა ადამიანი შეიძლება აღმოჩნდეს. მიუხედავად ამისა, ბოლოს ისე გაბრაზებულა, რომ ერთი აბეზარი ბიჭისთვის სილა უთავაზებია. ამან სიტუაცია კიდევ უფრო გაამწვავა, მჩაგვრელები ერთ გუნდად შეიკრნენ და საერთო ძალით დაუწყეს დაცინვა და პანღურები.

როგორ გგონიათ, რატომ ამოიჩემეს ირაკლი?

– იმიტომ, რომ თბილისელია.

– იმიტომ რომ ალბათ განსხვავებულად აცვია.

– განსხვავებული ვარცხნილობა ექნება.

– განსხვავებული ინტერესები აქვს.

– ჯადოსნური რაღაცები მოსწონს.

– შუშის ბურთი ჰქონდა.

– მათზე ძლიერია.

– მათზე მაგარი.

– იმიტომ რომ ემოციების გამოხატვა შეუძლია.

ყველა ცდილობს, რაღაც თქვას. ვატყობ, რომ მათი ინტერესი სულ უფრო იზრდება.

– ირაკლი ფიქრობს, რა ქნას, როგორ მოაგვაროს პრობლემა. სკოლიდან წამოსვლასაც გეგმავს.

ჰოდა, როგორც გაკვეთილის დასაწყისში გითხარით, ხომ არ დამეხმარებოდით და ირაკლის წერილებს ხომ არ მისწერდით? იქნებ თქვენი რჩევები სწორი გადაწყვეტილების მიღებაში დაეხმაროს.

ჰო, მართლა საშინაო დავალებები დღეს არ გექნებათ – წერილების წერას დრო ხომ სჭირდება?!

 

ზარი ირეკება.

ბავშვები კმაყოფილები ჩანან, გაკვეთილი შედგა.

 

წერილები

 

წინასწარ არ მიფიქრია, რა გავლენას მოახდენდა ირაკლის ამბავი ბავშვებზე – როგორც ვთქვი, ამ ამბის მათთვის გაზიარება სპონტანური, დაუგეგმავი გადაწყვეტილება იყო, მაგრამ, მეორე დღეს კლასში რომ შევედი, ბავშვები – რაღაცნაირად გაზრდილები, ხოლო ჩემი მაგიდა თეთრი კონვერტებით გადათეთრებული დამხვდა. ლევანს წერილი ოცივე ბავშვმა მისწერა. რამდენიმე მათგანს, რა თქმა უნდა, ავტორების თანხმობით, თქვენც წაგაკითხებთ:

 

ნია, 11 წლის

„ოჰ, ირაკლი, შენმა ამბავმა ძალიან ჩამაფიქრა! მასწავლებელი რომ მოგვიყვა, ლამის ვიტირე. ასეთი ბურთი მეც მაქვს და რომ გამიტყდეს, ძალიან დავდარდიანდები, თან შენი მეგობრის სახსოვარი ყოფილა. გადავწყვიტე, რომ ჩემი ბურთი გაჩუქო, ინა მასწავლებელს გამოვატან. იქნებ დაგეხმაროს შენი პრობლემის გადაჭრაში“ (ბურთიც გადმომცა).

 

გიო, 12 წლის

„გამარჯობა, ირაკლი! მე ვფიქრობ, რომ ამ ბიჭებს უნდა დაელაპარაკო, მიდი და პირდაპირ კითხე, რა უნდათ შენგან. თუ პასუხი არ გაგცეს და ისევ ისე გააგრძელეს მოქცევა, იქნებ მასწავლებლისთვის მოგეყოლა, ის აუცილებლად დაგეხმარება.

პ.ს. სიამოვნებით ვიქნებოდი შენი მეგობარი“.

 

მარიამი, 12 წლის

„ირაკლი, არ დაარტყა, არა და არა! აბა დაფიქრდი, ბედნიერი ადამიანი სხვას როგორ დაჩაგრავს? მე მგონია, რომ მათ დიდი პრობლემები აქვთ, შეიძლება მათზე ძალადობენ კიდეც. შენ ჭკვიანი ბიჭი ყოფილხარ (ინა მასწავლებელმა ასე გვითხრა), ჰოდა არ გაგიჭირდება ამის მიხვედრა.

იქნებ ერთხელ შევხვდეთ კიდეც?!“

 

ანა, 11 წლის

ირაკლი, შენს ამბავს რომ მოგვიყვა მასწავლებელი, ჩემი თავი გამახსენდა. იგივე პრობლემები მაქვს მეც, ჩემი რამდენიმე კლასელი დამცინის და ჩემი ჩანთაც უბურთავებიათ, ჰოდა გადავწყვიტე, ყურადღება აღარ მივაქციო. იქნებ გაჭრას? აბა, შენც სცადე“.

 

ლაშა, 12 წლის

„ირაკლი, გამარჯობა! გამოგიტყდები, როცა შენი ამბავი მოვისმინე, ძალიან შემრცხვა. მეც ვერთობი ხანდახან ასე, ერთ ბიჭს დავცინი, ოღონდ ეხლა რომ დავფიქრდი, რატომ ვაკეთებ ამას, პასუხი არ მაქვს. არადა კარგი ბიჭია, არაფერს მიშავებს, უფრო მეტიც, რვეულის ფურცლისგან ორიგამების გაკეთება მასწავლა, თვითმფრინავებისაც. მერე ერთად გავუშვით კიდეც ფანჯრიდან. ნეტა სად წავიდოდა, შენ როგორ ფიქრობ? ვინმემ ხომ არ იპოვა? აი, ზღვაში რომ აგდებენ ბოთლებს და შიგ წერილებს დებენ, ასე. მეც რაიმე უნდა დამეწერა ზედ. ალბათ, იმიტომ დავცინი, რომ სხვები დასცინიან და ამ სხვებთან მეგობრობას ვცდილობ. ჰოდა, შენმა ამბავმა გადამაწყვეტინა, რომ ამ ბიჭს დავუმეგობრდე, ქაღალდის თვითმფრინავებს რომ გავუშვებთ, აუცილებლად დავაწერ ზედ ჩემს ტელეფონის ნომერს, ვინც იპოვის, რომ დამიკავშირდეს. იქნებ შენ იპოვო?

უჰ, ბევრი ვიბოდიალე. მოკლედ, მგონია, რომ ამ ბიჭებს უნდა დაუმეგობრდე. კარგი იქნება თუ ასწავლი ქაღალდებისგან რაღაცების დამზადებას. თუ არ იცი, იუთუბზე უამრავი ვიდეო დევს, ნახე, გამოგივა აუცილებლად“.

 

დემეტრე, 12 წლის

„ირაკლი, შენ რომ ცრემლები წამოგივიდა და არ შეგრცხვა ამის, ძალიან გამიკვირდა, რადგან მამა სულ მეუბნება, ბიჭებისთვის ტირილი არ შეიძლება, დიდი სირცხვილიაო. ამაზე ბევრი ვიფიქრე, უძლეველი ტარიელიც კი ტიროდა თურმე! ჰოდა, ახლა უკვე აღარ შემრცხვება ტირილის! არადა როგორ მომინდა მექვითინა, როცა ავგუსტის ამბავს ვკითხულობდი. ახლა იკითხავ, ეს ავგუსტი ვინააო. ის პერსონაჟია, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ რეალურად არსებობს. წიგნს „საოცრება“ ქვია, აუცილებლად წაიკითხე (ინა მასწავლებელმა გვითხრა, რომ კითხვა გიყვარს, ეს საერთო გვქონია). მგონია, ავგუსტის ამბავს რომ გაიგებ, ძალიან დაგეხმარება შენი პრობლემების მოგვარებაში. მიხვდები, რომ მხოლოდ შენ არ გჩაგრავენ. მომწერე აუცილებლად, თუ წაიკითხავ, შენი აზრი. აბა, შეხვედრამდე“.

 

* * *

ნოემბრის შუა რიცხვებია და უკვე მოთოვა. სახლში ვბრუნდები, მივაბიჯებ საღამოს ბინდბუნდში, უზარმაზარ ფიფქებს სახეს ვუშვერ, ავყურებ მოქუფრულ ცას და ისეთი სიმსუბუქის შეგრძნება მეუფლება, ლამის ავფრინდე. ჰო, მასწავლებლები ხანდახან ფრენენ და აფრენენ კიდეც. მეცინება ამ აღმოჩენაზე. რა ცოტა გვჭირდება ბედნიერებისთვის მასწავლებლებს! მაგრამ ეს ცოტა შეიძლება ძალიან ბევრიც კი აღმოჩნდეს.

 

P.S. წერილებმა ირაკლიმდე მიაღწია. საპასუხო წერილებიც დაწერა. კლასშიც მოვიწვიეთ. უამრავი მეგობარი შეიძინა. პრობლემებიც მოაგვარა. რაიონის სკოლაში ძალიან აფასებენ და უყვართ.

როგორ მოაგვარა?

თქვენ როგორ ფიქრობთ?

P.P.S. როგორც იქნა, ჩემს კლასს „რთულის“ იარლიყი მოშორდა. სანაცვლოდ ახალი კი შეიძინა, მაგრამ ეს ახალი მომწონს კიდეც – ახლა „მწერლების“ კლასს ეძახიან და უკვირთ, რა დაემართათ, რამ შეცვალათ ასე. გაიზარდნენ ალბათო. ცხოვრებაში კი არსებობს ისეთი დღეები, ყველაფერს თავდაყირა რომ დააყენებს და ეს თავდაყირა სამყარო ყველაზე ნამდვილი, ყველაზე ხელშესახები აღმოჩნდება ხოლმე.

კომენტარები

comments

8 thoughts on “მასწავლებლის ერთი დღე, რომელიც მთელ ცხოვრებას უდრის

  • 20 ნოემბერი, 2021 at 16:09
    Permalink

    ბრავო, ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე და ბევრ რაღაცაზე დამაფიქრა.
    წარმატებები ♥️

    Reply
  • 20 ნოემბერი, 2021 at 14:29
    Permalink

    როგორ ვისიამოვნე! ბედნიერებაა, იყო მასწავლებელი, რომელიც ” ცოტათი აფრენს”. …მარტო არა ხართ! ❤

    Reply
  • 20 ნოემბერი, 2021 at 12:17
    Permalink

    Ძალიან კარგად და მხატვრულად მოყოლილი ამბავი..

    Reply
  • 20 ნოემბერი, 2021 at 12:16
    Permalink

    დიდებული მასწავლებელი, ლამაზად მოყოლილი Ისტორიით,

    Reply
  • 20 ნოემბერი, 2021 at 09:06
    Permalink

    საინტერესო იყო ზემოთ აღნიშნულის წაკითხვა.ემოციური და დამაფიქრებელი.
    მართლაც რომ ასეა არ არსებობებ “ცუდი “ბავშვები.
    მათ უნდა გაუგოთ მოვიძიოთ გზები რა როგორ რანაირად და რითი შეიძლება მათი სწორი მომავალი განვავითაროთ.
    გმადლობთ

    Reply
  • 19 ნოემბერი, 2021 at 21:45
    Permalink

    ძალიან მომეწონა,ვიფიქრე რამდენი შესაძლებლობები აქვთ ჰუმანიტარებს,როგორ კარგად შეიძლება მოარგო ასეთი მასალა გაკვეთილს.მეც დიდი სიხარულით მივიღებდი ასეთ დისკუსიაში მონაწილეობას.

    Reply
  • 19 ნოემბერი, 2021 at 19:17
    Permalink

    ძალიან საინტერესო და ემოციური წასაკითხია თქვენი სტატია. მით უფრო, რომ თქვენს გამოცდილებას გვიზიარებთ და ასეთ სიტუაციებს ყველა მასწავლებლის ყოველდღიურობაში შეიძლება შევხვდეთ.
    შეიძლება სპონტანურად, დაუგეგმავად, მაგრამ ძალიან საინტერესოდ გადაჭერით ერთდროულად რამდენიმე პრობლემა. პირადი პრობლემის მოსწავლეებისთვის განდობით მათი ნდობაც მოიპოვეთ, წერილზეც იმუშავეთ, საკუთარ ქცევაზეც დააფიქრეთ. მათ აჩვენეთ, რომ თქვენ მათნაირი ადამიანი ხართ, მათი მსგავსი პრობლემებით და რაც ყველაზე მთავარია, მათ იგრძნეს, რომ ენდობით.
    ვფიქრობ პირველ რიგში ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი მოსწავლე-მასწავლებლის ურთიერთობაში. მასწავლებლის ნდობით და სიყვარულით იწყება ხოლმე იმ საგნის შეყვარება, რომელსაც ასწავლით. გილოცავთ, თქვენ პირველი და დიდი ნაბიჯი გადაგიდგამთ მათთვის საგნის შესაყვარებლად! წარმატებებს გისურვებთ! ❤️
    პატივისცემით, მაია მასწავლებელი! ❤️

    Reply
  • 19 ნოემბერი, 2021 at 18:34
    Permalink

    დიდი მადლობა,გულწრფელი და საინტერესო,უბრალოდ ადამიანური ამბის მოყოლისთვის,წარმატებები პატარა ,,მწერლებს”თქვენთან ერთად!ვისიამოვნე!

    Reply

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *