პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

ხმამაღლა კითხვის აუცილებლობა

ამერიკელ მწერალსა და პედაგოგს დუგ ლემოვს მიაჩნია, რომ წიგნების ხმამაღლა კითხვა არა მხოლოდ ლექსიკას უმდიდრებს ბავშვს, არამედ იმაშიც ეხმარება, რომ უფრო ყურადღებიანი გახდეს. გარდა ამისა, კითხვა ავითარებს კომუნიკაციისა და ინფორმაციის ანალიზის უნარს.

როდესაც მკითხველი ამჩნევს, რომ კითხვის დროს რაღაც გამორჩა ან კარგად ვერ გაიგო, წაკითხულს უბრუნდება და გამორჩენილ პასაჟს ან წინადადებას თავიდან კითხულობს. ზოგს მინდვრებზე კომენტარების გაკეთება ან ფანქრით მისთვის მნიშვნელოვანი წინადადებების ხაზგასმა სჩვევია, ზოგი უცხო სიტყვის განმარტებისთვის ლექსიკონს იშველიებს, ზოგი ძილის წინაც კი ფიქრობს იმ ფარგმენტზე, რომელმაც მასზე შთაბეჭდილება მოახდინა და ცდილობს, წინასწარ ამოიცნოს როგორ განვითარდება მოვლენები მომდევნო თავში.

კითხვისას რთული სისტემების სიმბოლოთა სწრაფი დეკოდირების უნარი ის უნარია, რომელიც ადვილად შეიძლება განვავითაროთ. დუგ ლემოვის აზრით, ამის ერთ-ერთი საუკეთესო გზა წიგნის კლუბის მარტივი ვარიაციის შექმნაა.

„წიგნის კლუბი ნიშნავს წიგნის ერთობლივ და ხმამაღალ კითხვას, რომელშიც მთელი კლასია ჩართული, – ამბობს ის, – კლუბი ხელს უწყობს სწრაფი კითხვის, მეტყველების, კომუნიკაციის უნარის განვითარებას, ლექსიკის გამდიდრებასა და ყურადღების კონცენტრირებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხებია, რომლებსაც ხშირად უგულებელყოფენ“.

გაგაცნობთ სამ პრაქტიკას, რომლებსაც ლემოვი და სხვა პედაგოგები კლასში ხმამაღლა კითხვის დასაწყებად გვირჩევენ:

  1. წიგნის კლუბი – მასწავლებელი ირჩევს საინტერესო წიგნს და მას ხმამაღლა კითხულობს. ის ამბავზე უფრო ამახვილებს ყურადღებას, ვიდრე მის ანალიზზე. ლემოვის თქმით, ეს პრაქტიკა ნებისმიერ სასკოლო საგანს შეეფერება. „რამდენიმე წლის წინ წიგნის კლუბი Rochester Prep-ის სკოლაში დავნერგეთ. კითხვის პროცესში ყველა მასწავლებელი ჩავრთეთ და შევქმენით მცირე ჯგუფები მოსწავლეებისთვის, რომლებსაც სურდათ, მეტი ეკითხათ“.

ხმამაღლა კითხვის დროს მასწავლებელი იყენებს გამომსახველობით საშუალებებს და საავტორო პაუზებს, – ამბობს ლემოვი, – რომლებიც ასე აცოცხლებს წიგნს. შეუძლია, დროდადრო მცირე ხნით შეწყვიტოს კითხვა ცალკეული სიტყვების ასახსნელად. ბევრი ბავშვი სწორედ ასე სწავლობს კითხვის სიყვარულს, ივითარებს სწრაფი აზროვნების, ყურადღების კონცენტრირების უნარს, ივსებს სიტყვების მარაგს.

  1. გუნდური კითხვა – საკლასო ოთახში ერთხმად კითხვა ბავშვებისთვის კითხვას პროცესს უფრო სასიამოვნო და ინკლუზიურ პროცესად აქცევს. ეს მეთოდი წარმატებით ენაცვლება ერთმანეთის მიყოლებით წრეში კითხვის მეთოდს, ასევე – მეთოდს, როდესაც მოსწავლეები თავად ირჩევენ, კითხვა ვინ გააგრძელოს. „ჩემ მიერ წაკითხული ოცდაათზე მეტი სტატიიდან, რომლებიც საკლასო ოთახში კითხვას ეხებოდა, მხოლოდ ერთი მიეძღვნა წრიული კითხვის სარგებლობას და მის ვარიაციებს“, – ამბობს ტომ ფინლი, ინგლისური განათლების პროფესორი.

ნიუ იორკის Concourse Village-ის დაწყებითი სკოლა აქცენტს სვამს სწრაფ კითხვაზე და ხაზს უსვამს ერთი და იმავე ტექსტის განმეორებით წაკითხვის მნიშვნელობას. მოსწავლეები ერთად კითხულობენ ტექსტს და იმეორებენ მას მთელი კვირის განმავლობაში საკლასო ოთახში, წყვილებად ან ცალ-ცალკე. ისინი ყოველდღე მუშაობენ ამა თუ იმ უნარის დახვეწაზე: მთავარი იდეის ხაზგასმაზე, კომენტარის გაკეთებაზე, მნიშვნელოვანი დეტალების გამოვლენაზე, ავტორის ოსტატობის ანალიზსა და დასკვნების ფორმულირებაზე. ვინაიდან ერთ რთულ ტექსტს ხუთი დღის განმავლობაში კითხულობენ, ბავშვები ითვისებენ რთული ტექსტების შესწავლის ძალიან მნიშვნელოვან და საიმედო უნარს.

  1. ბოლო ხუთი წუთი – საშუალო სკოლის ასაკის მოსწავლეთა უმეტესობა წიგნებს ხმამაღლა აღარ კითხულობს, არც სკოლაში, არც შინ, – წერს კეისი შორტი, ენებისა და სოციალური მეცნიერებების მასწავლებელი. მისი აზრით, ეს ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა, რადგან კვლევები აჩვენებს, რომ როდესაც მოზარდები ხმამაღლა წაკითხულს ისმენენ, ტექსტის გაგება და რთული ლიტერატურის გააზრების უნარი ეხვეწებათ, სტრესის დონე კი უმცირდებათ.

კლასში კითხვის სიყვარულის განსავითარებლად შორტი თავის მოსწავლეებს ხმამაღლა უკითხავს წიგნს გაკვეთილის ბოლო ხუთი წუთის განმავლობაში. „ხშირად მეკითხებიან, როგორ ვახერხებ კითხვისთვის ყოველდღიურად დროის გამონახვას, მაგრამ ეს ხუთი წუთი ნამდვილი საჩუქარია მოსწავლეებისთვის, – წერს შორტი, – მე მათ ვუზიარებ კითხვის სიყვარულს, ვხვეწ ენის სწავლების მეთოდებს და ვაცნობ ახალ ავტორებს, ჟანრებსა და თემებს“.

კლასში წასაკითხ წიგნებს მოსწავლეები არჩევენ. წიგნი არა მხოლოდ საინტერესო, რთულიც უნდა იყოს. კითხვის დროს მასწავლებელს შეუძლია, კითხვაც დასვას, უბიძგოს მოსწავლეებს აზრთა გაცვლა-გამოცვლისკენ, ამ და სხვა ტექსტებს შორის კავშირების აღმოჩენისკენ. ხუთწუთიანი კითხვის შემდეგ კლასიდან გამოსული მოსწავლეები აგრძელებენ წიგნზე საუბარს, ხშირად აინტერესებთ, როგორ გაგრძელდება ამბავი.

არავინ დავობს იმაზე, რომ ბავშვებმა ხმამაღლა უნდა იკითხონ და სწავლის ეს მნიშვნელოვანი ეტაპი არ გამოტოვონ, მაგრამ გვჭირდება თუ არა ხმამაღალი კითხვა ზრდასრულებს? თურმე გვჭირდება. ხმამაღალი კითხვა მოზრდილებსაც აძლევს საშუალებას, ნებისმიერ ასაკში განივითარონ გონებრივი და სამეტყველო უნარები.

ხმამაღალ კითხვას უხმოსთან შედარებით აქვს რამდენიმე უპირატესობა, რომლებიც ტვინის მუშაობის მექანიზმებს უკავშირდება: ხმამაღლა კითხვის დროს ადამიანი სხვა რამეზე არ ფიქრობს, მისი ყურადღება ტექსტზეა კონცენტრირებული. თუ ახალი სიტყვები შეხვდა, უნდა გაიგოს მათი მნიშვნელობა და შეამოწმოს წარმოთქმა, ეს კი ზრდის მის აქტიურ ლექსიკონში უცნობი სიტყვების მოხვედრის ალბათობას. გარდა ამისა, წაკითხულ ტექსტს ტვინი სამმაგად ამუშავებს – როგორც ვიზუალურ, ხმოვან და კუნთოვან (ტუჩებისა და ენის მოძრაობები) ინფორმაციას. ტვინის რამდენიმე უბნის (მხედველობითი, სმენითი და მოტორული ქერქის) ერთდროული მუშაობა ბუნებრივად ზრდის წაკითხულის გაგებისა და დამახსოვრების შანსს.

ხუთი წლის წინ მონრეალის უნივერსიტეტის მკვლევრებმა დაადასტურეს კოლეგების დასკვნა მეხსიერებასა და ყურადღებაზე ხმამაღალი კითხვის დადებითი გავლენის შესახებ – სიტყვების დამახსოვრების ექსპერიმენტში ჩართულმა ახალგაზრდებმა, რომლებიც ხმამაღლა უკითხავდნენ ტექსტებს სხვებს, სწავლაში გაცილებით უკეთესი შედეგები აჩვენეს, ვიდრე „თავისთვის“ მკითხველებმა.

ექსპერტები ზრდასრულებს ურჩევენ, იკითხონ ხმამაღლა ისე, როგორც მსახიობები კითხულობენ თავიანთი პროფესიული უნარების დასახვეწად. საკმარისია, დღეში 15 წუთი დავუთმოთ ხმამაღალ კითხვას, რომ რამდენიმე კვირაში შევამჩნევთ, როგორ დაგვეხვეწა მეტყველება.

როდესაც გვესმის ჩვენივე ხმით წაკითხული თუნდაც ლიტერატურული ტექსტი, ვამჩნევთ გამოთქმისა და ინტონაციის იმ თავისებურებებს, რომლებსაც ყოველდღიურ საუბრებში ყურადღებას არ ვაქცევთ და დეფექტების გამოსწორების შანსი გვეძლევა. ხმამაღლა კითხვა კარგი სავარჯიშოა მათთვის, ვისაც საჯაროდ გამოსვლა აშინებს.

ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ერთობლივმა და ხმამაღალმა კითხვამ შესაძლოა ისეთი დაავადებებიც კი შეამსუბუქოს, როგორიცაა შაკიკი, ზურგის ტკივილი ან დემენცია. ლივერპულის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა დაამტკიცა, რომ წიგნის ხმამაღალი კითხვა ქრონიკულ ტკივილს უფრო უკეთესად უმკლავდება, ვიდრე პოპულარული კოგნიტიურ-ქცევითი თერაპია. მათ ჩაატარეს კვლევა, რომლის მონაწილეებიც 6 თვის განმავლობაში განიცდიდნენ ტკივილებს. მეცნიერები ყოველკვირა კრებდნენ ასეთ 10-12 ადამიანს და სთხოვდნენ, ერთად წაეკითხათ წიგნი, დაეკავშირებინათ მისი შინაარსი თავიანთ ცხოვრებისეულ გამოცდილებასთან. „წიგნის საღამოების“ წყალობით ამ ადამიანებმა შეძლეს ყურადღების გადატანა ცხოვრების სასიამოვნო მომენტებზე, მოგონებებზე, ისწავლეს ემოციების მართვა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი