შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

საპონი თუ სანიტაიზერი – კომპლექსური დავალება

სანიტაიზერი ჩვენი განუყრელი ნივთი გახდა.  თითქმის იშვიათად თუ შეგვხვდება მოსწავლე, რომელსაც ხელის სანიტაიზერთან არ ჰქონდეს შეხება. დღეში იმდენჯერ გვიწევს მისი გამოყენება, ალბათ პანდემია რომ დასრულდება მაშინაც ჩვენ ჩანთებში დაიდებს ბინას.  კომპლექსური დავალება მოსწავლისთვის საინტერესო რომ იყოს, ის მის საქმიანობას, ყოველდღიურ ცხოვრებას უნდა უკავშირდებოდეს. რა შეიძლება იყოს ყველაზე ახლოს მოსწავლის ინტერესთან, თუ არა სანიტაიზერი, რომელსაც ყოველდღიურად ჩანთით ან ჯიბით ატარებს.  ამიტომ  ჩემ მიერ დაგეგმილი დავალება, რომელსაც შესაძლებელია კომპლექსური ვუწოდოთ, ან უბრალოდ დავალება დავარქვათ, სწორედ საპონს და ხელის სანიტაიზერს ეხება.

საგანი: ქიმია და ბიოლოგია

საფეხური: საშუალო

საკითხი: საპონი და სპირტები  (ორგანული ნაერთები);

ვირუსები

სამიზნე ცნებები:

ჯანმრთელობა და დაავადება

სტრუქტურა, ფუნქცია

ბიოლ. საშ. 1 მეცნიერების მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით  ცოცხალი სისტემების  სტრუქტურისა და ფუნქციის აღწერა  შედარებითი დახასიათებისათვის.

ბიოლ. საშ. 5 მეცნიერების მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენებით ადამიანის ჯანმრთელობაზე გარემო ფაქტორების ზემოქმედების შესწავლა ჯანსაღი ცხოვრების წესის მნიშვნელობის გასააზრებლად.

ქიმიური ბმა

ქიმ.საშ. 1  მეცნიერული მიღწევებისა და კვლევითი უნარ-ჩვევების გამოყენება ნივთიერებების შედგენილობაში შემავალ ატომებსა და ატომთა ჯგუფებს შორის არსებული ქიმიური ბმების  შესასწავლად.

დავალების პირობა: შენი მიზანია შექმნა კომერციული ხასიათის მაქსიმუმ 3 წუთიანი ვიდეო, ან დაამზადო პოსტერი, სადაც ახსნი საპნით ხელების დაბანის სარგებელს, საპნის მუშაობის პრინციპსა და მის მადეზინფიცირებელ ეფექტს. შეადარე საპნის და ხელის სანიტაიზერის ბრძოლის პროცესი, ვირუსებთან და ბაქტერიებთან ბრძოლაში.  ვიდეოში ხაზგასმით წარმოაჩინე:

·         როგორ შეესაბამება ნივთიერების თვისებები მასში არსებული ქიმიური ბმისა და მოლეკულათშორისი ურთიერთქმედების ტიპს;

·         როგორ ახსნი ვირუსთან ბრძოლის ხერხის შესაბამისობას ვირუსის აგებულებასთან;

 

რეკომენდაციები კომპლექსური დავალების შესრულებისას:

·         გაეცანი ვიდეოს და მის ქართულ შესატყვისს;

·         პოსტერი დაამზადე შენთვის მისაღებ კომპიუტერულ პროგრამაში ან ფორმატისა და სახატავი საშუალებების გამოყენებით;

·         იმუშავე სიმულაციაში;

·         https://www.youtube.com/watch?v=wTuRmwSkuzQ

·         https://www.youtube.com/watch?v=s2EVlqql_f8

 

კომპლექსური დავალების დამუშავების ეტაპები:

  1. მოსწავლეებს გააცანით კომპლექსური დავალების პირობა;
  2. მოსწავლეებს შეახსენეთ რა არის ქიმიური ბმა და რა განასხვავებს მას მოლეკულათშორისი ურთიერთქმედებისგან. რატომ ეწოდება წყალბადურ ბმას ,,ბმა“, თუ ის რეალურად მოლეკულათშორისი ურთიერთქმედების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. შეგიძლიათ გამოიყენოთ სიმულაცია. მასში წარმოდგენილი სამი სხვადასხვა ნივთიერება, ქლოროფორმი, ჰექსანი და წყალ. სიმულაციაში მუშაობით მოსწავლე თავად მიხვდება მოლეკულათშორის ურთიერთქმედების რომელი ტიპი უფრო ძლიერია;
  3. მოსწავლეებს გააცანით სპირტების აგებულება და ქიმიური ბმის ტიპთან კავშირში შეახსენეთ რა განსხვავებაა პოლარულ და არაპოლარულ მოლეკულებს შორის.
  4. მოსწავლეებს გააცანით საპნის აგებულება და მისი მუშაობის პრინციპი, შეგიძლიათ გამოიყენოთ ვიდეო;
  5. მოსწავლეების მონაწილეობით დაფაზე (ელექტრონულად) ჩამოწერეთ მათი სანიტაიზერის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებები. მათ უნდა დაინახონ, რომ სანიტაიზერი შეიცავს სპირტს და მისი კონცენტრაცია გარკვეულ ზღვარზე დაბალი არ უნდა იყოს. ამის შემდეგ შეავსონ სამუშაო ფურცელზე N 3 წარმოდგენილი ცხრილი და ერთ-ერთი მოსწავლის ნამუშევარი წარადგინონ კლასში;
  6. მოსწავლეებს სთხოვეთ იმუშაონ სამუშაო ფურცელზე N1 და ინსტრუქციის შესაბამისად შეავსონ მისი პირველი სვეტი. ამის შემდეგ ნახონ ვიდეო და დაამუშაონ ვიდეოს შესაბამისი ქართული ტექსტი. ბოლოს დაუბრუნდნენ სამუშაო ფურცელ N1-ს და შეავსონ მისი მეორე სვეტი. რამდენიმე მოსწავლეს სთხოვეთ ნამუშევრის წარდგენა;
  7. მოსწავლეებს დაურიგეთ ან Teams-ის ჯგუფში საქაღალდეში ატვირთეთ სამუშაო ფურცელი N2. კლასის საჭიროებიდან გამომდინარე გამოიყენეთ ან წერილობითი ან ზეპირი პასუხები. სამუშაო ფურცელში წარმოდგენილი კითხვების პასუხები წარმოდგენილია დანართის სახით (რომელიც მხოლოდ მასწავლებელს ეკუთვნის);
  8. მიეცით გარკვეული დრო კომპლექსური დავალების შესასრულებლად. წარდგენის ფორმაც მოსწავლეებთან ერთად შეგიძლიათ შეარჩიოთ;

დავალების შეფასების კრიტერიუმები სასურველია შექმნათ მოსწავლეებთან ერთად დავალების პირობის წარდგენის დროს.

სამუშაო ფურცელი N 1

ინფორმაციის მოძიებამდე პირველ სვეტში სახელწოდებით ,,მე მიმაჩნია“  ჩაწერე  ,,+ “ თუ ეთანხმები მოსაზრებას და ,,- “ თუ არ ეთანხმები მას.  ინფორმაციის დამუშავების შემდეგ მეორე სვეტში ჩაწერე  დასაბუთება ვიდეოდან და დააფიქსირე, გამართლდა თუ არა შენი ვარაუდი.

მე მიმაჩნია ვიდეო მოსაზრება
სანიტაიზერი უფრო კარგად მუშაობს ვირუსების წინააღმდეგ, ვიდრე საპონი;
ექიმებს მიაჩნდათ, რომ ხელების დაბანა აუცილებელი იყო, ვიდრე მიკრობების ბუნებას შეისწავლიდნენ;
SARS-CoV-2 ვირუსი წყალში იხსნება;
საპნისა და სპირტების მოლეკულებს აქვთ პოლარული და არაპოლარული უბნები;
წყალბადის ზეჟანგი შედის სანიტაიზერის შედგენილობაში და კლავს ვირუსებს;
სანიტაიზერს უმატებენ ჟელეს, რათა შეამციროს სპირტის (ალკოჰოლის) აორთქლების სიჩქარე;
სანიტაიზერი არეფექტურია, თუ არ შეიცავს სპირტს;
ლიპიდების ფრაგმენტების მოშორება შესაძლებელია საპნითა და წყლით. ეს სანიტაიზერით შეუძლებელია;
სანიტიზერი მოქმედებს ნოროვირუსებზე, რომლებიც მუცლის ტკივილს იწვევენ.

 

 

სამუშაო ფურცელი N 2

ინფორმაციის დამუშავების შემდეგ უპასუხე შეკითხვებს:

  1. განმარტე ,,COVID_19“ -ის ცალკეული ნაწილი:

CO –

VI –

D –

19 –

  1. რატომ იყენებენ სანიტაიზერში სპირტს (ალკოჰოლს)?
  2. დაასახელე ორი პროდუქტი, რომელსაც სანიტაიზერი შეიცავს გარდა ეთანოლისა და იზოპროპანოლისა. ახსენი თითოეულის ფუნქცია.
  3. რამდენიმე სიტყვით ახსენი რა განსხვავებაა პოლარულ და არაპოლარულ მოლეკულებს შორის?
  4. ახსენი, რატომ არის წყალი და საპონი უფრო ეფექტური, ვიდრე სანიტაიზერი, ზოგიერთი ვირუსისა და ბაქტერიის წინააღმდეგ საბრძოლველად?
  5. წარმოიდგინე, რომ მოიარე ყველა აფთიაქი და მაღაზია, თუმცა ვერ იშოვე სანიტაიზერი. იძულებული ხარ დაამზადო სანიტაიზერი. რომელ ნივთიერებებს გამოიყენებ? რატომ?
  6. ბოლო წლებში პირბადე ძალიან მნიშვნელოვანი და პოპულარული აქსესუარია. მარტივი ექსპერიმენტით ახსენი რა მნიშვნელობა აქვს მას.
  7. ზედაპირების სადეზინფექციოდ გამოიყენება მათეთრებელი საშუალება. რომელი ნივთიერებაა მისი ძირითადი ინგრედიენტი? როგორ ებრძვის ის ვირუსებს?
  8. დახატე საპნის ქიმიური სტრუქტურა და მიუთითე მისი პოლარული და არაპოლარული ნაწილები. რამდენიმე წინადადებით ახსენი რატომ არის საპონი ეფექტური ზედაპირების გასაწმენდად და დეზინფექციისთვის. მიუთითე საპნის კონკრეტული ნაწილი, რომელიც ამ ფუნქციას ასრულებს.
  9. სამწუხარო რეალობაა, თუმცა მომავალი პანდემია არც ისე შორს არის. ვთქვათ შენი ვალია მოამზადო პირველადი ნივთების ჩანთა (პანდემიის კიტი). საკუთარ გამოცდილებაზე დაყრდნობით დაასახელე ნივთები, რომელსაც პირველადი ნივთების ჩანთაში მოათავსებ. დაასაბუთე თითოეული ნივთის მნიშვნელობა.

სამუშაო ფურცელი N 3

სანიტაიზერის კომპონენტები

ინგრედიენტი ფორმულა გამოყენების მიზეზი
ეთანოლი
იზოპროპანოლი
წყალბადის პეროქსიდი
წყალი
გლიცერინი
პოლიაკრილატი (ფორმულა არ არის სავალდებულო)

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი