პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

ოსკარ რომეროს თავგანწირვა

საქართველოში ძალიან ცოტა რამ ვიცით ლათინური ამერიკის ქვეყნების შესახებ. მთელი ჩვენი ყურადღება მხოლოდ გლობალური ჩრდილოეთისკენ არის მიმართული და აქედან გამომდინარე, იშვიათად გვაინტერესებს, რა გზა გამოიარეს შედარებით ღარიბმა და განვითარებადმა სახელმწიფოებმა ოცდამეერთე საუკუნის ოციან წლებამდე. მათი გამოცდილების გათვალისწინება ქართულ საზოგადოებას ნამდვილად არ აწყენდა, ეჭვი არ მეპარება, რომ ცენტრალური ამერიკის ისტორიაში ბევრი სოციალურ ჯგუფი, ინსტიტუტი საკუთარი განახლების რესურსებსაც აღმოაჩენდა.

ჩემი თანატოლებისათვის ეკლესია ფუფუნებასა და ელიტებთან თანამშრომლობასთან ასოცირდება. ისინი ფიქრობენ, რომ ხელისუფლებასთან დაახლოებულ ინსტიტუტს არ შეუძლია სამართლიანობისთვის ბრძოლა, გაჭირვებულთა გამხნევება, მჩაგვრელი სისტემისთვის წინააღმდეგობის გაწევა. დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული არაერთი ახალგაზრდა ეკლესიაში მხოლოდ ძვირფასეულობით სავსე მდუმარე მუზეუმს ხედავს, სადაც ღვთის სიტყვის მომაკვდინებელი მოწყენილობის გარეშე ქადაგება თითქმის არავის შეუძლია; სადაც სიმდიდრესა და ძალაუფლებას ეთაყვანებიან. ცხადია, მსოფლიოს ყველა კუთხეში ამგვარი ვითარება არ არის შექმნილი. ბევრგან მღვდლები ხალხის მხარდამხარ იბრძვიან და ადამიანებთან საერთო ენის გამონახვა არ უჭირთ. ისინი ავტორიტეტის მოხვეჭას თავგანწირვით ცდილობენ. დასავლეთ ნახევარსფეროში ყველა მებრძოლი სასულიერო პირისთვის მისაბაძი მაგალითი და მთავარი სიმბოლო ოსკარ რომერო გახლავთ.

ვინ იყო ოსკარ რომერო?

2018 წელს პაპმა ფრანცისკემ ოსკარ რომერო წმინდანად შერაცხა. კათოლიკე მოძღვარი 1977 წლიდან სიცოცხლის უკანასკნელ წუთამდე სათავეში ედგა ლათინური ამერიკის პატარა ქვეყნის, სალვადორის ეპარქიას. მთავარეპისკოპოსის მოღვაწეობის წლები სალვადორის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე მძიმე ეპოქას დაემთხვა. 70-80-იან წლებში ქვეყანას მუდმივი არეულობის პირობებში უწევდა ცხოვრება, დაძაბულობა რამდენჯერმე ისე გამწვავდა, რომ ხალხი სამოქალაქო ომის მორევში გადაეშვა. ლათინური ამერიკის სხვა რესპუბლიკების მსგავსად,  სალვადორის კონფლიქტშიც ორი ძირითადი მხარე მონაწილეობდა. ერთ მხარეს იდგნენ მსხვილი კაპიტალის წარმომადგენლები, ოლიგარქები, უცხოეთის ქვეყნებთან დაკავშირებული კულტურულ-ინტელექტუალური წრეები, რომელთაც ზურგს კარგად შეიარაღებული სამხედრო და საპოლიციო ძალები უმაგრებდნენ. მეორე ბანაკში კი ძირითადად სოფელსა და ქალაქში მცხოვრები ღარიბი, უმიწაწყლო, მიზერული ანაზღაურების ფასად მომუშავე მოქალაქეები ერთიანდებოდნენ. ოლიგარქებისა და გენერალიტეტის თანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბებული ხუნტა საზოგადოების ყველა პროტესტს სისხლში ახშობდა, ხალხის ყველა გამოსვლას საბჭოეთის დაფინანსებულ ღონისძიებად აცხადებდა და ოპოზიციური ბანაკის წარმომადგენლებს გაზეთების გამოცემას, არჩევნებში მონაწილეობას უკრძალავდა. სამხედრო-ოლიგარქიული დიქტატურის სრული კონსოლიდაციისა და საზოგადოებაში მასობრივი შიშის გავრცელების მიზნით, მალე სალვადორის დასახლებებში, ე.წ., „სიკვდილის ესკადრონებიც“ გამოჩნდნენ.

არქიეპისკოპოსის თანამდებობაზე ახლად დანიშნული ოსკარ რომერო ორ ცეცხლს შუა აღმოჩნდა. მას არ სურდა პარტიულ ბრძოლებში ჩართვა, სამოქალაქო დაპირისპირების გამწვავების ხელშეწყობა. თუმცა, არც ის შეეძლო, რომ ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებზე, მოქალაქეთა სიცოცხლის ხელყოფასა და მასობრივ სიღატაკეზე თვალი დაეხუჭა. არქიეპისკოპოსმა მიზნად დაისახა, რომ ეკლესიას საზოგადოებისთვის მაგალითი მიეცა, პატიოსანი სამღვდელოება კი პოლიტიკოსებისათვის შთაგონების წყარო გამხდარიყო.

დიდი ხნის განმავლობაში კონსერვატიული შეხედულებების მქონე არქიეპისკოპოსი დანის პირზე გავლას ცდილობდა, ღიად არ ესხმოდა თავს დიქტატორს. ყველაფერი მას შემდეგ შეიცვალა, რაც ღარიბთა რჩეული მღვდელი, თეოლოგიურ დისკუსიებში ოსკარ რომეროს ოპონენტი – მამა რუტილიო გრანდე მოკლეს. რუტილიო გრანდე სოფლად ცხოვრობდა და სახარების საფუძველზე ღარიბი გლეხების სამოქალაქო თვითგამორკვევასა თუ ორგანიზებაზე ზრუნავდა. ცხადია, უპოვარი ფერმერების მოძღვარი ხშირად უპირისპირდებოდა მსხვილი მიწათმფლობელების პოზიციებს, აპროტესტებდა პლანტაციებში მომუშავე ადამიანების ღირსების შემლახავ ანაზღაურებას. მღვდელმა თავისი მოღვაწეობის შედეგად დიდი ავტორიტეტი მოიხვეჭა, ის რეალურ საფრთხედ იქცა ოლიგარქიისთვის. ერთ-ერთ სოფელში საღამოს მესაზე მიმავალი რუტილიო გრანდე ცეცხლსასროლი იარაღით ჩაცხრილეს.

შემზარავმა ფაქტმა არქიეპისკოპოს რომეროს გადამწყვეტი ნაბიჯების გადადგმისკენ უბიძგა. თავდაპირველად, სასულიერო იერარქმა უარი განაცხადა ოფიციალურ ღონისძიებებში მთავრობის წევრებთან ერთად მონაწილეობაზე. შემდეგ კი ბრძანა, რომ მთელ ქვეყანაში პატარა ეკლესიებში შეეჩერებინათ წირვა-ლოცვა. მან ყველა მოქმედი მღვდელი დედაქალაქის საკათედრო ტაძარში მოიხმო და მათთან ერთად აღავლინა საპროტესტო ლიტურგია. ღვთისმსახურებას ასი ათასამდე ადამიანი დაესწრო, ქადაგებაში მომავალში წმინდანად შერაცხილმა რელიგიურმა ლიდერმა რუტილიო გრანდეს გარდაცვალების დაუყოვნებლივ გამოძიება მოითხოვა.

რეჟიმი წლიდან წლამდე უფრო რეპრესიული და სასტიკი ხდებოდა. ნელ-ნელა ყველა ლეგალური და ნამდვილი ოპოზიციური ორგანიზაცია ბოლომდე გაანადგურეს. ხელისუფლების მოწინააღმდეგეებმა იატაკქვეშეთში გადაინაცვლეს და პარტიზანულ ბრძოლას მიჰყვეს ხელი. ერთადერთი ადგილი, საიდანაც ოლიგარქებისა და სამხედროების ანტიჰუმანურ, სისხლიან მმართველობას ღიად აკრიტიკებდნენ, სალვადორის მთავარი ეკლესიის საკურთხეველი გახლდათ. ოსკარ რომეროს ქადაგებები რადიოთი გადაიცემოდა, იგი ყველა გამოსვლაში ითხოვდა სისხლისღვრის შეწყვეტას, ავტორიტარიზმის დემოკრატიით ჩანაცვლებას, სიმდიდრის უფრო სამართლიანად გადანაწილებას, ასევე თანადგომას უცხადებდა დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახებს.

ოსკარ რომეროს ხმის ჩასახშობად ხელისუფლებამ ქრისტიანული რადიოსადგურები მიწასთან მოასწორა. პროტესტის ნიშნად ადამიანებმა მასობრივად დაიწყეს საკვირაო მესაზე შეკრება. 1979 წელს არქიეპისკოპოსმა მორიგი გაბედული გადაწყვეტილება მიიღო, მან პირადად მიმართა ჯიმი კარტერს, აშშ-ის იმჟამინდელ პრეზიდენტს და სალვადორისათვის სამხედრო დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდა. მოძღვარი კარტერს ქვეყანაში შექმნილ უმძიმეს ვითარებასაც აცნობდა და „სიკვდილის ესკადრონების“ ალაგმვაში დახმარებას სთხოვდა.

ხუნტის მოთმინების ფიალა მაშინ აივსო, როდესაც ოსკარ რომერომ 1980 წელს ახალგაზრდებს უკანონო ბრძანებების დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა: „მივმართავ ეროვნულ გვარდიასა და პოლიციას. ძმებო, თქვენ ჩვენი ხალხის ნაწილი ხართ და თქვენსავე ძმებს, გლეხებს ხოცავთ ბოროტმოქმედთა ბრძანებით, რაც  ღვთის კანონის – „არა კაც კლა” ღალატია… არცერთი ჯარისკაცი არ არის ვალდებული, დაემორჩილოს ბრძანებას, რომელიც ღვთის კანონს ეწინააღმდეგება… ზნეობის საწინააღმდეგო კანონი არ უნდა შეასრულოთ! უკვე დროა, აღიდგინოთ სინდისი და უპირველეს ყოვლისა, მას დაემორჩილოთ, ვიდრე ცოდვის ბრძანებას.. “.

მეორე დღეს, საეკლესიო საავადმყოფოს სამლოცველოში, ქადაგების დროს არქიეპისკოპოს რომეროს ფანჯრიდან ტყვია ესროლეს და ზუსტად გულში მოარტყეს. მესაზე შეკრებილმა მრევლმა თავისი თვალით იხილა საკურთხეველზე, სისხლის გუბეში წაქცეული რელიგიური ლიდერი.

სამართლიანობისთვის მებრძოლი ავტორიტეტის გარდაცვალებამ ორ მნიშვნელოვან პროცესს მისცა ბიძგი.

რომეროს დაკრძალვა რეჟიმის საწინააღმდეგო გრანდიოზულ დემონსტრაციად გადაიქცა. დაკრძალვის ცერემონიალის ჩასაშლელად ხელისუფლებამ ტერორისტული აქტი განახორციელა და მგლოვიარე ხალხს ყუმბარები დაუშინა. არქიეპისკოპოსის სიკვდილმა რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლას ახალი ენერგია, შეუპოვრობა შესძინა. მიუხედავად ოპოზიციის თავგანწირული წინააღმდეგობისა, სამწუხაროდ, სამოქალაქო კონფლიქტში კვლავ ოლიგარქიამ და სამხედრო ელიტამ მოიპოვა გამარჯვება.

თანამედროვეობის ერთ-ერთი უდიდესი მეცნიერი, ნოამ ჩომსკი თავის წიგნში „თანხმობის წარმოება“ დაწვრილებით აღწერს ოსკარ რომეროს საქმის გამოძიების მიმდინარეობას. ცხადია, ხუნტამ უარი თქვა სიმართლის გარკვევაზე. მუქარისა და თავდასხმის შემდეგ მოსამართლე ატილიო რამირესი ქვეყნიდან გაიქცა. დამოუკიდებელი გამოძიების შედეგად სალვადორში დემოკრატიის მომხრე იურისტებმა და ჟურნალისტებმა მალევე გამოიძიეს და დაასაბუთეს, რომ არქიეპისკოპოსის მკვლელობის მთავარი შემკვეთი სპეცსამსახურების მაღალჩინოსანი რობერტო დ’ობიუზონი გახლდათ. დ’ობიუზონის ოდიოზურობაზე ყველაზე უკეთ მიანიშნებს მის მიერ ერთ-ერთი გერმანული გამოცემისათვის მიცემული ინტერვიუ, სადაც „სამართალდამცველმა“ განაცხადა: „გერმანელები მაგარი ჭკვიანი ხალხი ხართ! მიხვდით, რომ კომუნიზმს ებრაელები ავრცელებდნენ და გაწყვიტეთ ისინი!“. ოსკარ რომეროს მკვლელობისთვის რობერტო დ’ობიუზონი არასდროს დაუსჯიათ. პირიქით, 1980-იანი წლების დასაწყისში ჯალათი დამფუძნებელი კრების თავმჯდომარედ აირჩიეს, მას ცოტა დააკლდა რესპუბლიკის პრეზიდენტის პოსტის მოპოვებამდე. არჩევნების მხოლოდ მეორე ტურში მოხერხდა მისი დამარცხება. მკვლელის ტრიუმფალურმა წინსვლამ მთელი მსოფლიოს წინაშე კიდევ ერთხელ ამხილა სალვადორის მმართველი ელიტის სისასტიკე. რომეროს მკვლელის დაუსჯელობამ გააორკეცა სალვადორის დემოკრატიული ძალების საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც გარდატეხისთვის, საუბედუროდ, არ აღმოჩნდა საკმარისი.

ნაცისტების მიერ წამებული მღვდელი, დიტრიჰ ბიონჰოფერი ამბობდა: „თუ ეკლესია ხედავს, რომ სახელმწიფო ან აკლებს, ან აჭარბებს თავის უფლებასა და დისციპლინას, მაშინ მან არა მხოლოდ უნდა აკრიფოს სახელმწიფო მანქანის ბორბლებქვეშ მოყოლილი მსხვერპლნი, არამედ თვითონ უნდა ჩაუვარდეს ბორბლებქვეშ მანქანას“. ოსკარ რომერო თავად ჩაუვარდა ბორბლებში დიქტატურის მანქანას, მისმა მსხვერპლშეწირვამ კი სიცოცხლე შესძინა ეკლესიას, სამუზეუმო სივრციდან ადამიანთა სულისა და ხორცისთვის მებრძოლ საკრებულოდ აქცია ის.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი