პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

პირველი გაკვეთილი

ჩემი პირველი გაკვეთილი მეცხრე კლასთან უნდა ჩავატარო, ოთხშაბათს, თორმეტ საათზე. ამაზე რომ ძალიან ვნერვიულობ, არაფერს ვიტყვი, თუმცა ნანა მასწავლებელი, ჩვენი სკოლის დირექტორი მამშვიდებს. კლასში სამი ბავშვია: ნოდარი, ნოდიკო და ნათია. ამბობენ რამდენიმე ბავშვი შეიძლება კიდევ დაემატოსო მანგლისის სკოლიდან.

მე და ნათია ერთად ვუკითხავდით პატარებს ზღაპრებს ბიბლიოთეკაში. ჩვენი ოთახი ისევ რემონტდებოდა. ჩვენც სოფლის გამგებლის კაბინეტში ვიყავით შეხიზნული. ერთად ვებრძოდით ჭიანჭველებს, ერთად ვწმენდით წიგნებიდან მტვერს და დღის დასასრულ ერთად ვჭამდით ნაყინს. მოკლედ მანამდეც მეგობრები ვიყავით.

ნოდარი მანქანებზე გიჟდება, გამოცდილი მძღოლია უკვე. შეკეთებაც შეუძლია იმათზე უკეთ, ვისაც მისი ასაკის მანქანის მართვის სტაჟი აქვს. ლამაზი ბიჭია ქათქათა კბილებითა და შავი თმით.

ჩვენ საღამოობით სოფლის ბოლოში ჩინარებთან ერთად ველოდებით ხოლმე საქონელს. ის და მისი ძმა ნიკოლოზი ერთად არიან. ნიკოლოზი – ველოსიპედით, ნოდარი – ფეხით. ჩვენ სახრეებზე ჩამოყრდნობილი ვლაპარაკობთ. ვლაპარაკობთ შემოდგომაზე, რომ შეშისა და თივის დაბინავების დროა და სულ რაღაც ერთ თვეში ცა თოვლს ჩამოჰყრის. ნოდარი მერამდენედ მეტყვის, რომ ჯობია მამამისივით ძველი „ნივა“ ვიყიდო. ძველი იმიტომ, თუ გაფუჭდება ან გაიკაწრება, გული არ დამწყდება. მეტყვის, რომ ნივით მოიტანს საკმარის თივასა და შეშას, რომ ზამთრის შიში აღარ მექნება. ნოდარს გული შესტკივა ჩემზე, ნათელმირონები ვართ, მე ხომ მისი პატარა ძმა, დათუნა მყავს მონათლული.

აი ნოდიკოს კი ნადირობა მოსწონს. პაპამისის მორბედი და თვალია. გოგოებს ძალიან უყვართ თავაზიანი და კეთილი გულის გამო. მას კარგად არ ვიცნობ, თონეთი კი პატარაა, მაგრამ მისი სახლი ამ პატარა სოფლის კიდეშია, ჩემი კი – სოფლის ბოლოში. ნოდიკოს ცხონებული ბიძა ჩემი მეგობარი იყო, ერთი წლით ჩემზე უმცროსი. რაც ჩვენ სკოლის დერეფანში გვირბენია და გვიჭიდავია, გვიომია დაფის საწმენდი ცარციანი ბალიშებით… იმ ამბების მოსაგონრად ნაიარევი დამრჩა ტუჩზე. ნოდიკოს დედა კი ჩემზე ბევრად უფროსია, თითქმის ათი წლით. როგორ მახსოვს მისი ჩახუტება და მსხლები, ჩემთვის რომ მოჰქონდა სახლიდან.

თიმსი არ მაქვს, გაკვეთილი ონლაინაა. ნათიამ მესენჯერში კლასის ჯგუფი გააკეთა და თორმეტზე ოთხივე უნდა შევიდეთ. მაგრამ ისე მოხდა, რომ ჩემს პირველ გაკვეთილზე მარტო ნათია შემოვიდა.

მე და ნათიამ ჯერ ჩვენი თავგადასავლები გავიხსენეთ. შემდეგ ვილაპარაკეთ საყვარელ თამრიკო მასწავლებელზე, რომელიც ჩემამდე მათ სამოქალაქო განათლებას ასწავლიდა.

ჩემი პირველი გაკვეთილი დისკრიმინაციაზე იყო. მოვუყევი წიგნიდან, რა ვიცოდი დისკრიმინაციაზე. მანაც მომიყვა ისეთები, რაც თავისი თვალით უნახავს. ერთმანეთს ვგავართ – ვერ ვიტანთ ჩაგვრასა და მჩაგვრელებს. როცა გაკვეთილი მორჩა თავი მისკდებოდა უფრო ნერვიულობის, ვიდრე საქმის სირთულის გამო. აღმოვაჩინე, რომ ნათიას წყალობით გამომივიდა და ფრთაშესხმული ვიყავი.

საღამოს ახლა უკვე ვაშლის ბაღებში დავხვდებით მე და ნოდარი საქონელს. ვილაპარაკებთ ათას რამეზე. ვეტყვი, რომ გული დამწყდა, ჩემს პირველ გაკვეთილზე დასწრება რომ ვერ შეძლო.

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი