პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

საქართველოს ხსნის იდეები კონსტანტინე გამსახურდიას პირველ რომანში

„წიგნებს თავისი ბედი აქვთო“, – იმოწმებდა კონსტანტინე გამსახურდია უძველეს ლათინურ გამოთქმას და თავისი პირველი რომანის შემოქმედებით ისტორიასაც უყვებოდა მკითხველს. ალბათ მსოფლიო ლიტერატურაშიც იშვიათია რომანი, რომელსაც ისეთივე უცნაური და საინტერესო თავგადასავალი ჰქონდეს, როგორიც „დიონისოს ღიმილს“ აქვს. მისი ბედიც ამავე რომანის მთავარი გმირის გოლგოთასავით რთულ გზა-სავალს ჩამოჰგავს. რომანის პირველი ნაწილი მწერალს 1915 წელს მიუნხენში დაუწერია, 1916 წელს კი ბერლინში გაუგრძელებია წერა. 1916 წლის შემოდგომით ჟენევიდან პარიზის გავლით საქართველოში მომავალი მწერლისთვის საფრანგეთის საზღვარზე ხელნაწერები არ გამოუტანებიათ და მას იგი ჟენევაში შეუნახავს. ორიოდე წლის შემდეგ ის კვლავ ჩასულა ჟენევაში, მაგრამ ხელნაწერი ვერ უპოვია. 1919 წელს ხელმეორედ დაუწყია ბერლინში. 1922 წელს ეს ხელნაწერი თბილისში დაუკარგავთ. 1924 წელს ავტორს ზეპირად მოუგონებია რომანის პატარა ნაწყვეტი – „ტელეფონში“ და მოუთავსებია ნოველების კრებულში „ქვეყანა, რომელსაც ვხედავ“…

„ძლიერ მინდოდა მესამეჯერ მეცადა ბედი, მაგრამ ამაოდ, – იგონებს მწერალი, – სულ სხვა სათაურით გამოვაცხადე კიდევაც, რომ ამგვარად ჩემი მკითხველებისთვის მიცემულ პირობას ძალა დაეტანებინა ჩემთვის, გულისწუხილით ვამჩნევდი, არც ამ საშუალებიდან გამოდიოდა რაიმე… ამ წიგნის დარდი მიმყვებოდა იმ სოფელს. და იმ ღამეს პირობა მივეცი ჩემს თავს: თუ ამაღამ სუნთქვა არ წამერთო, იმ წიგნს მესამეჯერ დავწერ-მეთქი და ის იყო… ცხრა თვე – დღისით და ღამით ისე ვებრძოდი ქართულ სიტყვას, როგორც იაკობი თავის მრისხანე ღმერთს… ჩემი დაბადების დღეს დავასრულე მესამეჯერ გადაწერა“…

1925 წელს „დიონისოს ღიმილი“ დასრულებული სახით გამოიცა. ამ მოდერნისტულმა რომანმა, გასაოცარი ოსტატობის რიტმული პროზით მოთხრობილმა, ასახა მეოცე საუკუნის დასაწყისის საქართველოსა და ევროპის რეალობა და შემოქმედებითი სულის ახალგაზრდა პროტაგონისტის უაღრესად საინტერესო სულიერი სამყარო, მისი ვნებანი და ძიებანი.

მოდერნისტული რომანი რეალურისა და ირეალურის მიჯნაზე იქმნება. აქ ეფემერული და მიწიერი ერთმანეთს ენაცვლება. მეოცე საუკუნის 10-იან-20-იანი წლების მთელი შფოთი და აპოკალიფსური სინამდვილე კონსტანტინე სავარსამიძის სულს, გულსა და გონებას მთლიანად იპყრობს. ის სენტიმენტალური, ექსცენტრული, ღრმა სულიერებით გამორჩეული, მაძიებელი ადამიანია. მისი სულიერი მარტვილობის უმთავრესი მიზეზი სამშობლოდან მოწყვეტაა. პარიზი – უსამშობლოთა სამშობლო, ეს ახალი დროის სოდომი და გომორა მშობლიურ ძირებს მოწყვეტას კიდევ უფრო მძაფრად განგაცდევინებს. აქ გადმოხვეწილი ადამიანები საშინელი სენით – „ნოსტალჟით“ ავადდებიან. ნოსტალჟის სიმპტომები ადამიანს წონასწორობას უკარგავს. უსამშობლოდ ყოფნა ძნელია. როცა ქართულ მზესთან განშორებით დატანჯული ჯენეტი კონსტანტინეს ეკითხება, ალბათ იცით, რა ცუდი სენია ნოსტალჟიო, სავარსამიძე ასე პასუხობს: „ნოსტალჟი“ ქართველებს არ ესმით, რადგან ქართველი გაჭირვებას იშვიათად მიჰყავს უცხოეთში, ჩვენ სიტყვაც არ მოგვეძევა ამ სენის გამოსახატავად“. – „მართლა, როგორაა ქართულად ნოსტალჟი?“ – კითხულობს ჯენეტი და კონსტანტინე თარგმნის ასე – სევდა მამულისადმი. ჯენეტი ამბობს, რომ ეს სენი ევროპელებსაც აწუხებთ. მისი მეგობარი ნორვეგიელი პიანისტი ქალი თურმე შეზლონგზე დაემხობოდა და ბავშვივით ღრიალებდა, როცა ნოსტალგია შემოუტევდა. ჯენეტს ის ყვითელთვალებიანი არსების სახით ჰყავს წარმოდგენილი, რომელიც გრძელ და წვეტიან ჭანგებს ჩაგასობს და არ მოგეშვება…

სავარსამიძის ტრაგედია სამშობლოს მონატრება და მასზე დარდია. მისი ფიქრები მუდამ საქართველოს დასტრიალებს თავზე, სამეგრელოს ნესტიან, ჭაობიან ლანდშაფტებსა და ნასახლარებად ქცეულ სამხრეთ საქართველოს, სიზმარში ნანახ თბილისს, რომელიც მსოფლიოს მეგაპოლისებს დამსგავსებია… გმირი ოცნებობს: „საქართველოსკენ იმავე გზით, როგორც ირაკლი… არა დიდების მომხვეჭელი, არამედ როგორც უსახელო, უბირი, მწირი. მოვძებნი ეზოს პაპისეულს და დავსახლდები… ვიცი, მიმიღებს საქართველოს მხურვალე მიწა, არ დაიშურებს ის ჩემთვისაც კალთას კურთხეულს?..“. სამშობლოდან წასვლა ხომ მის დავიწყებას არ ნიშნავს. ჯეიმს ჯოისი სულ ახალგაზრდა წავიდა დუბლინიდან და შემდეგ არასდროს დაბრუნებულა იქ, მაგრამ მისი ტექსტების მთავარი ქრონოტოპი ყოველთვის ირლანდია და მისი დედაქალაქია და როცა უკვე ჭარმაგ მწერალს ჰკითხეს, თუკი დუბლინი ასე ძლიერად გიყვართ, იქ რატომ არ დაბრუნდებითო? მწერალმა უპასუხა: „განა ოდესმე კი დამიტოვებიაო იგი?“

რუსული ოკუპაციისა და ექსპანსიის პირობებში ქართველ ნიჭიერ ახალგაზრდას საქართველოში სრულფასოვანი განათლების მიღება არ შეეძლო. მართალია, სავარსამიძე სულით ვაგაბუნდია, მოხეტიალე ნატურა მის სულში ისედაც ზის, მაგრამ ევროპაში დიდი ხნით გადახვეწის მიზეზი განათლების მიღების სურვილი იყო. შემდეგ კი მისი და სამშობლოს გზები გაიყარა. გასაბჭოებულ საქართველოში ჩასვლა გმირს უძნელდება. ის ცდილობს თბილისში დაბრუნებას და საზოგადოებასთან დაახლოებას, მაგრამ აღმოაჩენს, რომ იქ სრულიად გაუცხოებულია. ევროპაში კი უკვირთ, როგორ არ იყენებენ სამშობლოში ასეთ ადამიანებს? სავარსამიძემ ბევრი რამ შეიძინა ევროპაში, მაგრამ სამშობლოდან მოწყვეტა სულიერად წრეტდა და აუძლურებდა მას, როგორც ბერძნული მითოსის გმირს, ანტეოსს, რომელიც მხოლოდ დედასთან, გეასთან, უწყვეტი კავშირის დროს იყო უძლეველი. ანტეოსის არქეტიპი სულ უფრო და უფრო მძლავრობს კონსტანტინეს სულში, ის ძალებისგან იცლება და უნაყოფო ხდება. ჰერაკლემ ხომ დედამიწიდან მოწყვეტით სძლია ანტეოსს? კონსტანტინეს ფიქრი და გონება სულ სამშობლოსთან არის: „მე რაღად მინდა ვიყიალო ამ ქვეყანაზე, თუ ჩემს სულს გათოშავს ჩრდილოეთის ნისლი? საქართველოში კი ბევრია მზე და ცის ნაჭერი სმარაგდისფერი?“ – კითხულობს გმირი. მისი ოცნებაა, რომ საფლავი მაინც ეღირსოს მცხეთაში, ქართლოსის საფლავის ახლოს. სამართლიანად იწონებს თავს ევროპელთა წინაშე საქართველოს ისტორიით. როცა იტალიელი გამომძიებელი წარმართებად და ბარბაროსებად მოიხსენიებს ქართველ ხალხს, სავარსამიძე ასე მიმართავს: „თქვენ ჯერ პირი გამოირეცხეთ, ვიდრე ჯვრით მოქადულ ქართველ ხალხს ახსენებდეთ! როცა თქვენ ტიბრის ნაპირებზე შიშისაგან კანკალებდით, ჩვენ მცირე აზიაში ვებრძოდით მუსლიმანებს და ბაგრატიონების გაშლილი დროშები შეგვქონდა იერუსალიმში!“. სავარსამიძე ევროპელებს უხსნის, რომ საქართველოს სულიერი მისია ქრისტიანობისთვის ბრძოლა იყო, „წელში გაწყვიტა ქრისტეს ჯვრის ზიდვამ, ქრისტეს ჯვარს შეეწირა დიდი საქართველო“…

ამის შეგნებამ გმირის სულში ქრისტესადმი გაორება, შემდეგ კი სიძულვილი გააჩინა და ასიზი-პერუჯიას გზაზე ჯვარცმის დალეწვის ცოდვას არც კი ინანიებდა პატიმრობისას: „ჯვრის დანახვაზე ჩემი განადგურებული ქვეყანა მომაგონდა, დავლეწე ჯვარცმა და ვგმე ქრისტე, ჩვენი დამქცეველი… ახლაც არ მესმის. რათ დაღუპეს საქართველო ჩემმა წინაპრებმა ამ უდაბნოს ღმერთის სახელით!“.

ის მოხიბლული იყო ფრანჩესკო ასიზელით და ეს ქრისტესადმი მოჩვენებითი სიძულვილიც მისი იმპულსების დროებითი ამოფრქვევა იყო, თუმცა ევროპასთან ბევრი ჰქონდა სასაყვედურო სავარსამიძეს: „ჩვენ გეძახოდით, შველასა გთხოვდით… თქვენი პაპები და მეფეები ფარისევლური ეპისტოლეებით გვანუგეშებდნენ“… კონსტანტინემ ამ სიტყვებით ამოანთხია ბოღმა: „ხვალ რომ მარტორქაზე შემჯდარი მონღოლი შეესიოს თქვენს ქვეყანას, ჩვენ ხელს არ გავანძრევთ ისე, როგორც თქვენ გიქნიათ ჩვენთვის მრავალგზის“…

როცა სავარსამიძე ევროპაში მოგზაურობდა, 20-იანი წლების დასაწყისში, ამ დროს საქართველოში ქვეყნის ბედი წყდებოდა, რუსული ოკუპაცია და ანექსია თავისი ბასრი ჭანგებით ახრჩობდა დამოუკიდებელ საქართველოს. კონსტანტინეს სურდა სამშობლოში დაბრუნება, საკუთარი წვლილის შეტანა მის ხსნაში და პეტერბურგიდან მომავალ ილიასავით ეკითხებოდა საკუთარ თავს: „რა გავაკეთო, კიდეც რომ წავიდე?.. მას ჩემი არ ესმის. კიდევაც რომ დავბრუნდე უძღები შვილივით, მიმიღებს?“. სავარსამიძემ კარგად იცის საქართველოს სახელოვანი ისტორიული წარსული, მაგრამ თანამედროვე ყოფა უნუგეშოა. ქვეყანა პროვინციად არის ქცეული, კულტურა საშინელ დეკადანსს განიცდის, ხალხი დამონებულია, ქართულ ენას ასიმილაციის აშკარა საფრთხე ემუქრება. ამ რეალობის მეტაფორად მწერალმა ასეთი მხატვრული სახე შექმნა – თამარის ალმასწართმეული ქვეყანა… თამარის ალმასი იყო გრაალივით მაგიური თილისმა, რომელიც დაკარგა საქართველომ და ახლა საჭიროა მისი გამოხსნა. ვინ არის თამარის ალმასის ქურდი და საქართველოს ძლიერების დამამხობელი? – სლანსკი! – ვინ არის სლანსკი? – რუსი ოფიცერი, რომლის ამაზრზენი პორტრეტი ასე გამოიყურება: ცხვირჩაჭყლეტილი, ღაწვმაღალი, ყვითელეპოლეტებიანი, ფართე, განზე გამდგარი ყვითელი ყურებით, ყურებიდან თელგამი გამოსდიოდა, ღორის ტყავის ფარივით ფართო და რგვალი, უჯიათი, მაჯლაჯუნა, ცივი, საზიზღარი, ლოპინარისფერი თვალებით, ლორწოიანი პირიდან არყის, ნივრისა და დამპალი კომბოსტოს სუნი ამოსდიოდა და ერთიანად ყარდა… აი, რეალისტური სახე რუსი ოფიცრისა. რუსი ოფიცრები ხომ მრავალ მხატვრულ ნაწარმოებში არიან წარმოდგენილნი უხიაგ, უკულტურო, საზიზღარ ტიპაჟებად? ასეთები არიან ილიას „მგზავრის წერილების“, თომას მანის „ჯადოსნური მთის“, დოსტოევსკის რომანების პერსონაჟი ოფიცრები, გარშემო საყოველთაო ანტიპათიასა და სიძულვილს იმსახურებენ…

სლანსკი რუსეთის იმპერიის ალეგორიული სახე-სიმბოლოა, მისთვის ყველა ბარბაროსია, შოვინიზმის გამო ქართული ენის გაგონებაც კი ზარავს. პარიზის რესტორანში მეგრული სიმღერის მოსმენა გააცოფებს და თადა ლანდიასა და სავარსამიძეს უყვირის: „ასტავტე ვაში დიკიე ვოპლი“… და აი, სავარსამიძის არსებაში სლანსკის სახით დაიბადა საძულველი სახე-ხატი, დამპყრობელი იმპერიის სიმბოლო.

მოგეხსენებათ, მოდერნისტულ რომანში შემთხვევითი არ არის არცერთი ფრაზა, არცერთი ანთროპონიმი. ყველაფერი შიფრ-კოდია. სლანსკის გვარში კოდირებულია სლავური რასის ფუძე –  სლავიანსკი. გამსახურდიას გმირს სძულს მონღოლური სისხლის შერევის შედეგად გადაგვარებული „ღაწვმაღალი და ცხვირჩაჭყლეტილი“ სლავური რასა. ამბობს, რომ მეგრელები „რისებს“ ეძახიან მათ. „რისალი“ მეგრულად დაღრეჯილს ნიშნავს და ამ სიტყვაში რუსოფობიული განწყობა იკითხება. თომას მანის „ჯადოსნურ მთაშიც“ იტალიელი ლიტერატორი სეტემბრინი აღშფოთებულია გერმანელი ყმაწვილის რუსი ქალისადმი ტრფიალით და ზიზღით ამბობს: „საითაც არ უნდა გაიხედო, თათრულ სახეებს დაინახავ… ჩინგისხანი, ტრამალის მგლის ანთებული თვალები, თოვლი, არაყი, მათრახი, შლიუსელბურგი და ქრისტიანობა“… მსგავსი ასოციაციები ებადება სავარსამიძესაც სლავურ რასაზე ფიქრისას. პირველად მსგავსი რამ გაიელვებს რომანის მეორე ქების მეხუთე ნოველაში „ჩინგის-ხანის შემოსევა“, სადაც მოთხრობილია პარიზულ სალონში ხალილ ბეის მიერ გამოფენილი ამავე სახელწოდების ტილოს შესახებ. კავკასიელმა მხატვარმა თავის ტილოზე დახატა „შუბლპრტყელი, დიდთავა, ღაწვმაღალი და ჩხვირჩაჭყლეტილი“ რასის ქროლვა, რაშიც კავკასიისადმი მიმართული რუსული ექსპანსია იგულისხმება და ამ აპოკალიფსურ მხედრებს წინ მოუძღვის მწვანე ცხენზე (სიკვდილის სიმბოლო იოანეს გამოცხადებაში) ამხედრებული წითელჩაბალახიანი და თმაწითური მონღოლი. წითელი ჩაბალახი, რასაკვირველია, საბჭოური წითელი დროშის ალეგორიაა, ხოლო წარწერა მონღოლთა დროშებზე „მანგუ თენგრი ქუჩუნდურ“ („უკვდავისა ღვთისა ძალითა“) ზუსტად გამოხატავს ქრისტეს სახელით შეფუთულ რუსულ აგრესიას. რუსეთმა საქართველო ხომ სწორედ ერთმორწმუნეობის სახელით დაიპყრო. სავარსამიძეს „წმინდა სიძულვილი“ ამოძრავებს სლანსკისა და მონღოლური წარმომავლობის ჰამიდისადმი, რომელიც გარდა იმისა, რომ ულაზათო და მახინჯია და სილამაზის ტრფიალ გმირს ამიტომაც არ მოსდის თვალში, ამავე დროს „სულზე უტკბეს დიონისოს“ – ფარვიზს ეცილება კონსტანტინეს.

გამსახურდია 1922 წელს თეოდორ დოსტოევსკისადმი მიძღვნილ წერილში აღნიშნავდა, რომ პანქართველიზმი და პანსლავიზმი შეუთავსებელი ცნებებია. ამიტომაც ამოძრავებს მას „საკრალური სიძულვილი“ ყოველივე რუსულისადმი, ხოლო სიძულვილის არსი მას ასე ესმის: „სიძულვილიც ისეთივე წმინდა და მაღალი გრძნობაა, როგორიც სიყვარული, გააჩნია შემთხვევას“… ყველგან და ყოველთვის გამსახურდიასაც და მის გმირებსაც ამოძრავებთ დამპყრობლისადმი წინააღმდეგობის, პროტესტის გრძნობა. სავარსამიძის ძიძის მიერ წარმოთქმულ შელოცვაშიც კი ვხვდებით ასეთ სიტყვებს: „ქარბორია, ქარბორია… საით მოსულხარ, იქითკენ წადი. ლეკო – ლეკეთში, რუსო – რუსეთში და შენც, უჟმურო, შენს სახლში წადი“…

1920-იან წლებში, როცა ანექსირებული საქართველო სოვიეტიზებული საბჭოთა იმპერიის მონობას ეგუებოდა, სავარსამიძე ევროპაში მძაფრ ანტირუსულ კამპანიას ატარებდა. „მონამ ხელიდან უნდა გამოჰგლიჯოს თავის ბატონს შოლტი, რადგან მონობა სირცხვილია ადამიანისთვის“, – მოუწოდებდა ის ქართველობას. კონსტანტინე რუსულ ენაზე არ ელაპარაკება არავის. იტალიაში პატიმრობისას კონსტანტინე არ დაელაპარაკა საკანში შემოგდებულ რუსს და მის მიერ მიწოდებულ სიგარეტსაც არ გაეკარა, თუმცა კი მოწევა ძალიან ენატრებოდა… პარიზის სამოგზაურო სააგენტოშიც რუსს არ ელაპარაკება და ატყუებს, ეგვიპტელი ებრაელი ვარო. ის გერმანიაში საქართველოს განთავისუფლების კომიტეტს ქმნის და ომს უცხადებს „რისების ხელმწიფეს“. ომის გამოცხადების დონ-კიხოტური ჩანაფიქრის გამართლებას სავარსამიძე გერმანულ-კავკასიური ალიანსის შექმნაში ხედავდა. გერმანიის მეფესთან მოლაპარაკების ამბებს ის ასე უამბობს თავის მორდუს: „ჩვენ, რამდენიმე ქართველმა, ომი გამოვუცხადეთ რისების ხელმწიფეს და მერე ჩვენ ლემენცების ხელმწიფესთან პირობა შევკარით, ჩვენ უნდა მოვხმარებოდით ლემენცების ხელმწიფეს და თუ ის გაიმარჯვებდა, ჩვენი საქართველო ჩვენთვის უნდა დაებრუნებინა“…

სავარსამიძე ცდილობს მიძინებული ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძებას და ქართველობას მოუწოდებს: „გვიშველეთ, ძმებო, და გავრეკოთ რისების ხენწიფის ჯარები ჩვენი საზღვრებიდან. ავაფეთქოთ ხიდები, ყაჩაღებივით დავუხვდეთ თემშარებზე, ცეცხლში გავხვიოთ მთელი საქართველო, რადგან ჩვენი საქართველო ან ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს, ანდა – არავის“…

იტალიაში სავარსამიძე საიდუმლო მოლაპარაკებაზე მიდის კარდინალთან „რომელიღაც პატარა ერის გაკათოლიკების“ თემაზე. ის იმეორებს სამი საუკუნის წინ სულხან-საბას მცდელობას და, მართალია, ორივე ეს მცდელობა სრულიად უნაყოფო აღმოჩნდა, მაგრამ უმოქმედობას და შემგუებლობას ბრძოლა ყოველთვის სჯობს. 1916 წლის ნოემბერში კონსტანტინეს გერმანელებთან და ჩერქეზებთან ერთად საქართველოში იარაღის გადმოტანა უცდია და წყალქვეშა ნავით ანაკლიას მოსდგომიან, მაგრამ ყაზახ-რუსებს სროლა აუტეხავთ, კონსტანტინეს ერთ ჩერქეზთან ერთად ეკლიანი მავთულხლართები ბომბებით დაუგლეჯია და იარაღი აუყრიათ რუსებისთვის. ამავე წელს მას 12 ქართველთან ერთად ომი გამოუცხადებია რუსის ჯარისკაცებისთვის და თოვლში უმოწყალოდ დაუხვრეტიათ ისინი.

მტერთან ბრძოლის სურვილი გმირს მანიად ექცა, ირეალურსა და ეფემერულ სამყაროშიც კი იგი სულ ბრძოლის სურათებს ხედავს, ჯოჯოხეთად დაცემის ჟამს სავარსამიძე კვლავ ხვდება და  ებრძვის სლანსკის, აართმევს იარაღს და მიმართავს: „სლანსკი! შენ – ყინულეთი, მე – მზისგული, შენ – თოვლი, მე – ცეცხლი, შენ მურტალი, ღორის ტყავის ფარივით ფართო და რგვალი, მე – ქართულ სატევარსავით ბასრი და წვეტიანი, სლანსკი, მე და შენ ერთ სახლში ვერ დავეტევით!“.

გმირის მიზანია, რომ თამარის ალმასი წაართვას მტარვალს და ასეთ კოდურ ფრაზას შესძახებს: „სლანსკი, ას ჩვიდმეტი!“. პირსისხლიანი დათვი ჯიუტად პასუხობს: „კიდევ ამდენი!“. რომანში სუბლიმაცია ზეიმობს. სავარსამიძე ამარცხებს სლანსკის, რომელიც შეწყალებას ითხოვს და კონსტანტინეც თანხმობას ეტყვის, მაგრამ ბოლოს აცხადებს: „მეც ისევე ავუსრულე პირობა, როგორც მან ამისრულა ერთხელ – ყელი გამოვჭერი და სისხლი დავლიე“… ას ჩვიდმეტი! – ამ მოდერნისტულ შიფრ-კოდში უნდა იგულისხმებოდეს 1801 წლიდან 1918 წლამდე რუსული ოკუპაციის 117-წლიანი სისხლიანი ისტორია ეროვნული ჩაგვრისა.

კონსტანტინეს მიზანია, რომ ქართულ-გერმანულ-კავკასიური ალიანსით დაუპირისპირდეს რუსეთს და ამ „სამთა კავშირის“ ალეგორიული სახე-სიმბოლოები არიან: ჰერბერტ შტუდერსი, ხალილ ბეი და კონსტანტინე სავარსამიძე. ჰერბერტმა და ხალილმა უნდა დაამარცხონ სლანსკის ზურგის გამმაგრებელი ორი რაინდი, შავი და ენდროსფერი. შავი პოლიტიკური ტერორისა და სიბნელის სიმბოლოა, ხოლო ენდროსფერი – კომუნიზმისა. ცარისტული რუსეთის იმპერიის ისტორიის დასრულების შემდეგ იწყება ახალი ისტორია ბოლშევიკური რუსეთისა, რომელიც სათავეშივე ურცხვად არღვევს თავდაუსხმელობის პაქტს და 1921 წელს საქართველოს ანექსიას ახორციელებს.

სავარსამიძის ბრძოლები ირეალურ, ეფემერულ სამყაროშია გადატანილი და რეალურად გმირი აქაც მარცხდება ისევე, როგორც უფლის ძიების გზაზე. სასურველ საქართველოს გმირი მხოლოდ სიზმარში ხედავს და ის ასე გამოიყურება: „ლაზისტანი თავისი ნებით შემოერთებია თურმე საქართველოს. რუკაზე საქართველო ცალტოტმოხეულ ჩაბალახს აღარ ჰგავს, არამედ ხახადაღებულ ვეშაპს, რომელმაც შავი ზღვა უნდა შესვას. მეგრელები, აფხაზები, სვანები ჩრდილოეთისკენ მიისწრაფვიან. იმერლები, გურულები, რაჭველები და ქართლელები სამხრეთს აწვებიან. საქართველოს მთავრობას სამცხე-საათაბაგოში ხალხი გადმოუსახლებია დასავლეთ საქართველოდან. ტფილისში ორასი ყოველდღიური გაზეთი გამოდის, 365 სხვადასხვა საგამომცემლო ამხანაგობაა. მთელ საქართველოში 3500 ქარხანაა, 12 უნივერსიტეტი, მეზობლებთან ჩინებული განწყობილება. ქართულმა ფლოტმა ლესეპასე მიიღო ბოსფორში. ქართულ აკადემიას ყურადღებით უსმენს მთელი ქვეყანა. ქართული ლაშქრის ერიდებათ. ქართულ ენას პატივისცემით ექცევიან მეზობლები. ქართული წიგნის ტირაჟმა ერთ მილიონამდის მიაღწია. საქართველოს მთავრობამ მთელი საქართველოს ჭაობები ამოაშრო, არცერთ ქართველს აღარ აციებს. გამრავლდა, გაძლიერდა ქართლოსის კეთილშობილი ნათესავი“…

ასეთ საქართველოს დღესაც ინატრებდა ქართველი…

რომანის მთავარი გმირის პატრიოტული ვნებების გადმოცემით კონსტანტინე გამსახურდიამ საბჭოთა ცენზურას ოსტატურად შეაპარა ნაწარმოები, სადაც საქართველოს ეროვნული ხსნის მწყობრი კონცეფციაა გაცხადებული. შესაძლოა, ბევრი რამ უტოპიური იყოს, თუმცა თუ ისევ გამსახურდიას დავესესხებით, „არცერთი მარცვალი სიცარიელეში არ ჩავარდება…, ყველა ხმაურობა ამ ქვეყანაზე ადრე თუ გვიან გამოძახილს პოულობს“… რას იფიქრებდა მწერალი, რომ ამ ეპოქიდან დაახლოებით 70 წლის შემდეგ სწორედ მისი ვაჟი საქართველოს პრეზიდენტის მაღალი პოსტიდან საქართველოს დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა…

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი