ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

მარტო უხარისხო ციფრული კონტენტის პირისპირ 

ცნობილი ამბავია: სიმსუქნე განვითარებად და ღარიბ ქვეყნებში პრობლემაა არა იმიტომ, რომ ადამიანები იმაზე მეტს ჭამენ, ვიდრე განვითარებულ და მდიდარ ქვეყნებში, იმიტომ რომ რაც უფრო აშკარაა გაჭირვება, მით უფრო მწირია კვების რაციონი და საეჭვო საკვების ხარისხი. უფრო მარტივადაც შეიძლება ამის თქმა: ის, ვინც ბევრ პურს ჭამს, ხშირად იძულებულია ასე იკვებოს, იმიტომ რომ არ აქვს ფული ხორცისთვის, ზღვის და რძის პროდუქტებისთვის, ქორფა ხილისა და სეზონური ბოსტნეულისთვის.

ჭარბი პურის მოხმარება და მისგან გამოწვეული წონის და შესაბამისად, ჯანმრთელობის პრობლემები თავისი შინაარსით ჰგავს ბავშვების მიერ ადრეული ასაკიდან იუთუბზე, ტიკტოკსა და სხვა პლატფორმებზე მდარე კონტენტის ჭარბ მოხმარებას. შესაბამისი აკადემიური კვლევები ზურგს არ უმაგრებს ამ თეორიას, თუმცა მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, მოზარდებსა და ოჯახებზე დაკვირვების შედეგად, რომ ბავშვები საათობით საეჭვო ხარისხის და ღირებულების ციფრულ კონტენტს მაშინ მოიხმარენ, როცა მათთვის უფროსებს არ სცალიათ, როცა უკეთესი გასართობის შეთავაზება ვერ ხერხდება, როცა ეკრანზე უფრო საინტერესო რამეები ხდება ვიდრე ეზოში, სკოლაში, პარკში, სამეზობლოში თუ მეგობრებთან. თუ არსებობს უკეთესი არჩევანი, არავინ არის ისეთი სულელი, უარესი აირჩიოს.

როცა მოწყენილი ბავშვები მარტო რჩებიან ციფრულ ლაბირინთებში ნავიგატორების გარეშე, მათ იქ  ყველაზე ხელმისაწვდომი “ჯანქფუდის” მსგავსად დასპონსორებული კონტენტი ან ალგორითმის მიერ შემოთავაზებული “სისულელეები” ხვდებათ და რაღაც დროის შემდეგ ფიქრობენ, რომ სულ ესაა ინტერნეტი, ესაა გართობა და ესაა თავგადასავალი, როცა ვიღაცის თამაშს ან საჩუქრის გახსნას უყურებ. ეს პროცესი  ჭაობს ჰგავს, რაც მეტ მდარე კონტენტს მოიხმარ, მით მეტს გთავაზობენ ქსელები და ალგორითმები.

ეკრანის მოწინააღმდეგედ ვერ გამოვდგები: ინტერნეტის და გაჯეტების გარეშე ბავშვებს ვერ გავზრდით, მაგრამ არც მათი უკონტროლო გამოყენება უნდა მივიჩნიოთ ნორმალურად. სანამ ბავშვები პატარები არიან და სამყაროს ჩვენი დახმარებით შეიცნობენ, უფროსები უნდა იყვნენ მათი მეგზურები და თანამგზავრები ციფრულ სამყაროში. როგორც რეალურ ცხოვრებაში ვერ დაიცავ ბავშვს ცუდი ამბების, ბოროტი ადამიანების და უსიამოვნო ინციდენტებისგან, ისე ვერ დაიცავ სრულად ინტერნეტში არსებული “სისულელეებისგანაც”. მშობლებმა ბავშვებს რეალურ ცხოვრებაშიც და ინტერნეტშიც ცუდის კარგისგან გარჩევა, საფრთხეების შეფასება და გამოწვევებთან გამკლავება უნდა ვასწავლოთ, ცხოვრებისთვის მოვამზადოთ.  როცა ჩემი შვილები ეკრანთან არიან, ვცდილობ ვიცოდე რას უყურებენ და თუ დრო მაქვს ამაზე ვილაპარაკოთ, კარგზეც და ცუდზეც.

მშობლობა ჩვეულებრივი სამუშაოა.  ბუნებრივიი ინსტინქტების გარდა კონკრეტული ცოდნებიც გჭირდება  მათ შორის იმაზე, როგორ დავიცვათ ბავშვები ინტერნეტში მათი ასაკისთვის შეუფერებელი კონტენტისგან, ძალადობისა და ცრუ ინფორმაციებისგან, როგორ ვასწავლოთ მათ ინფორმაციულ ნაკადში მათთვის საჭირო კუნძულების პოვნა და სხვა ადამიანებთან უსაფრთხო კომუნიკაცია და თუ ამ უნარებს არ ვფლობთ, მაშინ ბავშვი ინტერნეტით და გაჯეტით დაახლოებით იგივეა, რაც მყიფე ფსიქიკის ადამიანი ასანთით ხელში დენთის კასრთან. ბავშვებისთვის ციფრული კონტენტის გააზრებულად და დაგეგმილად მიწოდება და მოხმარება დროსთან და ცოდნასთან ერთად სპეციფიურ გაჯეტებსაც საჭიროებს, რომლებიც ეკრანთან გატარებულ დროს შეამცირებენ – ეს კი ფინანსურ რესურსებთან არის დაკავშირებული. მოკლედ, მარტივი ამბავი არ არის – შეერთებულ შტატებში, სადაც დისკუსია დიდი ხნის წინ დაიწყო იმაზე, რა გავლენას ახდენს სოციალური ქსელები და ეკრანთან გატარებული დრო მოზარდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე და შესაბამისი კვლევებიც არსებობს, მშობლების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ბავშვის გაზრდა ახლა გაცილებით რთულია იმის გამო, რომ მოზარდების ცხოვრებაში გაჩნდა ეკრანი და ინტერნეტი, ვიდრე ოცი წლის წინ იყო. მკვლევრრები საუბრობენ იმაზეც, რომ არსებობს კავშირი მშობლების განათლების დონესა და ბავშვების სოციალურ მედიაში აქტიურობას შორის.  თუკი დაახლოებით 10 წლის წინ იკვლევდნენ იმას, როგორ შეიძლებოდა მშობლების ანგარიშებით სოციალურ მედიაში წინასწარმეტყველება, რა დამოკიდებულება ექნებოდათ ბავშვებს ტექნოლოგიებთან, დღეს მეცნიერები იმაზე წერენ, როგორ უნდა იყოს მშობელი  მედიატორი ბავშვსა და გაჯეტებს, ციფრულ კონტენტს შორის. უთანასწორობა განათლების საკითხებში თუ ადრე გეოგრაფიულ მახასიათებლებთან, ეკონომიკურ მდგომარეობასთან და საცხოვრებელ გარემოსთან კავშირში იზომებოდა, შორს არ არის დრო, როცა მშობლების ციფრული უნარები და ჩართულობა ბავშვის მიერ ტექნოლოგიების გამოყენებაში შეიძლება იქცეს უთანასწორობის განმაპირობებელ ერთ-ერთ ინდიკატორად. უთანასწორობას შესაბამის გაჯეტებსა და ფასიან, უფრო ხარისხიან კონტენტზე წვდომის შესაძლებლობაც გააღრმავებს.

პანდემიამ მხოლოდ დააჩქარა ამ საკითხებზე მსჯელობის საჭიროება, ჩაკეტილობამ გაზარდა ეკრანებთან გატარებული დრო და უფროსების ყოველდღიური ვალდებულებების სია.

თუკი ვინმესთვის ჩემი, როგორც მშობლის გამოცდილება საინტერესოა, მოკლედ აღვწერ:

ეკრანისგან დასაცავად, ჩვენი მთავარი მეგობრები აუდიო წიგნებია, რომელსაც ტელეფონთან დაკავშირებული ხმის გამაძლიერებლით უსმენენ ბავშვები სპეციალური აპლიკაციებით, რომელიც მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოგადგებათ, თუკი ბავშვს ინგლისურად, გერმანულად ან რომელიმე ისეთ ენაზე შეუძლია მოსმენა და შინაარსის გაგება, რა ენაზეც ხარისხიანი საბავშვო კონტენტი საკმარისად მოიძებნება – აუდიო წიგნები მე ზრდასრულ ასაკში აღმოვაჩინე და მათი მოხმარება ყოველდღიურ პრაქტიკაში სათანადოდ ვერ დავნერგე, კონცენტრაცია მიჭირს. პატარა ასაკში აუდიო წიგნები ერთდროულად კონცენტრაციის და წარმოსახვის სავარჯიშოებიც არის და ენის მასწავლებელიც. თუ მხოლოდ ქართულ ენაზე ისმენს ბავშვი, ქართული რესურსებიც შემიძლია გირჩიოთ, შედარებით მწირია, მაგრამ დასაწყისისთვის გამოდგება.

ჩვენთან ასევე  მოქმედებს პირობა, დღის განმავლობაში ბევრი სხვადასხვა და უკონტროლო ვიდეოს ყურების ნაცვლად დღის კონკრეტულ მონაკვეთში არდადეგების დროს, დასვენების ან უამინდო დღეებში ერთი ფილმის ყურების შესახებ. ყველაფერი გარკვეული და მკაფიოა – ფილმებს ერთად ვარჩევთ და ძილის წინ განვიხილავთ ხოლმე, შესაძლოა მეგობარიც დაპატიჟო და კინოთეატრად აქციო სახლი.

ასევე გვაქვს ინტერნეტში ძიების და მოპოვებული ინფორმაციის დახარისხება – გაფილტვრის პრაქტიკა – გეოგრაფიული სახელები, უცხო სიტყვები, სიმღერები, ახალი პერსონები, ყველაფერი რაც სხვა სივრცეში, წიგნებში, ფილმებში, ქუჩებში, პირად საუბრებში ხვდებათ, ინიშნავენ და მერე ინტერნეტში ეძებენ მეტს ამის შესახებ. ეს პრაქტიკა ხან გუგლის რუკით მსოფლიოს გარშემო მოგზაურობას გულისხმობს, ხან მუზეუმებში ონლაინ ტურის გავლას, ხან იუთუბერების მოსმენას და ხანაც სიმღერების ლირიკების გაქართულებას.

პრობლემა, რასაც ქართველი ბავშვები ინტერნეტში “სერფინგისას” აწყდებიან მშობლიურ ენაზე ყველანაირი რესურსის სიმწირეა – თუ არც მშობელს არ ცალია შენთვის და არც ქართულის გარდა რომელიმე სხვა ენა იცი სათანადოდ, ფაქტობრივად განწირული ხარ მდარე კონტენტისა და მოწყენილობისთვის. ეს კი პრობლემაა არა მხოლოდ ბავშვებისთვის, თავად ენისთვის, მისი განვითარებისა და ქართული განათლების სისტემისთვის.  არ შეიძლება ფიცრული მოქალაქეების “სახელმწიფო ენა” არამშობლიური ენა იყოს, არც ის შეიძლება, ენის სიცოცხლისუნარიანობის იმედი გვქონდეს მისი საყოველთაობის გარეშე. შესაბამისად, როცა ბავშვების მიერ ინტერნეტში გატარებულ დროზე საუბარს დავიწყებთ, ამ დისკუსიის ნაწილი ყოველთვის უნდა იყოს სასწავლო და საბავშვო რესურსების ხელმისაწვდომობა, ქართული ენის სახელმწიფო ენად ქცევის აუცილებლობა “ციფრული მოქალაქეებისთვის” და უფროსებში ციფრული კომპეტენციების საკითხი – ამის გარეშე ვიტივტივებთ ზედაპირზე და ვიძახებთ, რომ ცუდი დროა, ბავშვები მთელ დღეს ინტერნეტში ატარებენ, ჩვენ პრობლემებს პატარებს გადავაბრალებთ, რაც არაერთხელ გაგვიკეთებია და რასაც კარგი შედეგი არასოდეს არავისთვის მოუტანია.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

გმირი თუ დამნაშავე

ენა, რიტუალი, კერძი

 ესკიზები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი