ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

კვლევითი უნარების განვითარება დაწყებით კლასებში

ბოლო წლებში საბუნებისმეტყველო მეცნიერებებს საქართველოს ზოგადი განათლების სისტემაში პრიორიტეტული მნიშვნელობა ენიჭება, რადგან ეს მეცნიერებები მოსწავლეს აღჭურვავს იმ ცოდნითა და უნარ-ჩვევებით, რომლებიც მას საშუალებას მისცემს, არ ჩამორჩეს კაცობრიობის სწრაფ პროგრესს, გამოიყენოს თანამედროვე მეცნიერების მიღწევები, გახდეს საზოგადოების სრულფასოვანი წევრი, ჩამოყალიბდეს აქტიურ შემმეცნებლად. ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ასეთი ადამიანი შეძლებს მიღებული ცოდნის გამოყენებას როგორც პროფესიული წარმატებისთვის, ისე საზოგადოების სასიკეთოდ, რადგან საბუნებისმეტყველო მეცნიერებების შესწავლა ხელს უწყობს სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობის გაცნობიერებას, გარემომცველ სამყაროზე ზრუნვისა და ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრებას.

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სწავლებისას აუცილებელია ყურადღების გამახვილება განწყობა-დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაზე, კვლევა-ძიების უნარ-ჩვევების განვითარებასა და ცოდნის გამოყენებაზე. ეს არის როგორც თანამედროვე პედაგოგიკის, ისე ქართული კლასიკური დიდაქტიკის მოთხოვნა.

იაკობ გოგებაშვილის თანახმად, ბუნების შესწავლის უმთავრესი მიზანია, „გაუხსნას ყმაწვილს თანაგრძნობა ბუნებისა, შეაყვაროს მისი გამოძიება და მისი განხილვა“.

ბუნებისმეტყველების სწავლებისას არა მგონია, ამ შედეგებს საგნის ისეთი სწავლებით ვაღწევდეთ, როგორიცაა სახელმძღვანელოებში არსებული ინფორმაციის მშრალად მიწოდება, რაც მას უინტერესოს და არაფრისმომცემს ხდის მოსწავლისთვის. ხშირია იმ მასწავლებლების უკმაყოფილებაც, რომლებიც ზედა საფეხურებზე ასწავლიან საბუნებისმეტყველო საგნებს. ისინი მიიჩნევენ, რომ დაწყებითი კლასებიდან ბავშვები ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების გარეშე გადადიან. ამას წლებია ადასტურებს TIMSS-ის საერთაშორისო კვლევაც, რომელიც 2007, 2011, 2015, 2019 წლებში ჩატარდა საქართველოში.

2018-2024 წლებისთვის გაიწერა ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, სადაც I-VI კლასის სტანდარტში ეს მიმართულება ამგვარადაა ფორმულირებული:

„დაწყებით საფეხურზე მეცნიერული კვლევა-ძიების მიმართულების ფარგლებში მოსწავლე ეცნობა მეცნიერული კვლევა-ძიების საფუძვლებს. ის სწავლობს კვლევითი კითხვის დასმას, ვარაუდის გამოთქმას, მარტივი პრაქტიკული აქტივობების დაგეგმვას, ჩატარებას, დაკვირვებას, აღწერას, მოდელების შექმნა-გამოყენებას, მიღებული შედეგების ორგანიზებას, გაანალიზებას, დასკვნის გამოტანას, საკუთარ ვარაუდთან შედარებას და ნამუშევრის თანაკლასელებისთვის წარდგენას. ამ ყველაფერს მოსწავლე თავდაპირველად მასწავლებლის დახმარებით აკეთებს, ხოლო საფეხურის ბოლოს, ანუ მეექვსე კლასის დასრულებისას, მისი დამოუკიდებლად მუშაობის ხარისხი იზრდება და ცდილობს, კვლევა დაგეგმოს და ჩაატაროს მასწავლებლის აქტიური დახმარების გარეშე.

მიმართულება მეცნიერული კვლევაძიება გამჭოლია და ეფუძნება დანარჩენი სამი მიმართულების შინაარსს“.

საკითხავია როგორ განვუვითაროთ მესამე-მეოთხეკლასელ მოსწავლეებს ეს საბაზისო უნარ-ჩვევები, რათა მათ ადვილად აჩვენონ სტანდარტით განსაზღვრული დონე.

მაგალითისთვის განვიხილოთ ჰაერის ტემპერატურის და ამინდის ცვალებადობის ურთიერთდამოკიდებულების საკითხი და კვლევა-ძიების როლი ამ პროცესში.

 

გაკვეთილების ციკლის მიზანი შეიძლება იყოს შემდეგი:

მოსწავლემ სითბო და სიცივე დააკავშიროს ჰაერის ტემპერატურასთან, განახორციელოს დაკვირვება, რომლის დროსაც აწარმოებს გაზომვებს თერმომეტრის საშუალებით, მონაცემებს შეიტანს ცხრილში, დააკავშირებს დღის მონაკვეთებთან, ამინდის ცვალებადობასთან და გამოიტანს შესაბამის დასკვნებს, ანგარიშს კი მოამზადებს და წარმოადგენს ხუთდღიანი ამინდის პროგნოზის სახით პროფესია „ამინდის პროგნოზის გამომცხადებლის“ ამპლუიდან.

 

აქტივობა 1.

მოლოდინების განსაზღვრა-გამოწვევა

აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა ინტერესის აღძვრა, არსებული ცოდნის ახალ ცოდნასთან დაკავშრება

მასწავლებელი ერთ-ერთ მოსწავლეს სთხოვს, პანტომიმით, სხეულის ენით წარმოადგინოს, როგორც გრძნობს თავს, როცა: ა) ძალიან ცხელა და ბ) ძალიან ცივა. მოსწავლეებმა უნდა გამოიცნონ თანაკლასელის მიერ წარმოდგენილი მდგომარეობა.

ამის შემდეგ მასწავლებელი სვამს კითხვებს:

  • გამოთქვით ვარაუდი, რამ შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ეს მდგომარეობა?
  • როდის სცხელა ან როდის სცივა ადამიანს?
  • გამათბობლის ჩართვის შემდეგ ოთახში სითბო დაისადგურებს თუ არა?
  • რა თბება ასეთ დროს, რაც ოთახში დათბობას იწვევს?
  • ახლა გაიხსენეთ, რას აკეთებს ხოლმე დედა, როცა სურდო გაქვთ, გაციებთ.
  • გაიხსენეთ, რას ამბობს ხოლმე დედა, როცა სიცხე გაქვთ.
  • რა ხელსაწყოს იყენებს დედა სხეულის ტემპერატურის გასაზომავად?
  • ვის შეუძლია, ადამიანის სხეულის ტემპერატურა დაუკავშიროს ჰაერის ტემპერატურას და გამოიტანოს შესაბამისი დასკვნა?
  • შეიძლება თუ არა, ადამიანის, ჰაერის, წყლისა და ნიადაგის ტემპერატურა ერთი და იმავე ხელსაწყოთი გაიზომოს? რატომ?

მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ჰაერის, სხეულისა და წყლის ტემპერატურის საზომ თერმომეტრებს და სთხოვს, დაკვირვების შედეგად არა მარტო დააკავშირონ ისინი მათ სახელწოდებებთან, არამედ ახსნან ამ კლასიფიკაციის საფუძველი.

 

აქტივობა 2.

პრაქტიკული სამუშაო – ცდების ჩატარება

აქტივობის მიზანი: კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება, მოტივაციის ამაღლება

კლასი დაიყოფა 4-5-მოსწავლიან ჯგუფებად:

მუშაობის დაწყებამდე მოსწავლეებს აუცილებლად გააცანით თერმომეტრის მოხმარებასთან დაკავშირებული უსაფრთხოების ზომები.

I ჯგუფი: ჯგუფის წევრებმა უნდა გაზომონ ჰაერის ტემპერატურა ოთახში, შეადარონ ის გარეთ მოთავსებული თერმომეტრის მონაცემს და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნა, რომ ოთახში ტემპერატურა უფრო მაღალია, ვიდრე გარეთ, შესაბამისად, ოთახში უფრო თბილა, ვიდრე გარეთ.

რჩევა: უსაფრთხოების მიზნით უმჯობესია, თერმომეტრი ფანჯრის შუშას გარეთა მხრიდან მიამაგროთ წებოვანი ლენტით, რომ ბავშვებმა ფანჯრის გაღების გარეშე შეძლონ მაჩვენებლების ნახვა და ჩანიშვნა.

III ჯგუფი: ჯგუფის ორმა წევრმა უნდა გაიზომოს სხეულის ტემპერატურა და მონაცემები ფურცელზე ჩაინიშნოს. აღნიშნონ, რას გულისხმობს თერმომეტრზე 37 გრადუსის წითელი მაჩვენებელი, დაადგინონ, აქვთ თუ არა მომატებული ტემპერატურა.

რჩევა: აუცილებლად იქონიეთ თან სამედიცინო სპირტი და ბამბა, რათა აჩვენოთ ბავშვებს, რომ მნიშვნელოვანია, ხმარების შემდეგ თერმომეტრი დამუშავდეს ჰიგიენურად.

II ჯგუფი: ჯგუფის წევრებმა ჭიქებში უნდა ჩაასხან ცივი და თბილი წყალი. გაზომონ ჯერ ცივი წყლის ტემპერატურა, შემდეგ კი თბილი წყლისა. ჩაინიშნონ მონაცემები და გამოიტანონ შესაბამისი დასკვნა, რომ თბილი წყლის შემთხვევაში ტემპერატურა უფრო მაღალია, რაც სვეტის სიმაღლით დგინდება.

რჩევა: კარგი იქნება, წინასწარ მოვამზადოთ ყინულის კუბები წყალში ჩასაყრელად და თბილი წყალი, რათა მოსწავლეებმა თვალნათლივ დაინახონ სვეტის სიმაღლეებს შორის მკვეთრი განსხვავება.

მონაცემების შესატანად შეგიძლიათ გამოიყენოთ ცდის სქემა.

ცდის ეტაპები შევსება +, –
კვლევის მიზნის განსაზღვრა    
საჭირო რესურსი    
კვლევის შედეგის ვარაუდი (ჰიპოთეზა)    
კვლევის მიმდინარეობის აღწერა    
მონაცემთა ანალიზი    
დასკვნა    
+ ჯამური რაოდენობა    

 

სამუშაოს დასრულების შემდეგ უნდა მოხდეს ცდების შედეგებისა და დასკვნების წარდგენა.

რჩევა: რადგან მოსწავლეები ამგვარი მუშაობის საწყის ეტაპზე იმყოფებიან, მასწავლებელს შეუძლია, მნიშვნელოვანი ფასილიტაცია გაუწიოს თითოეულ ჯგუფს.

 

აქტივობა 3.

შესწავლილი მასალის განმტკიცებისთვის მასწავლებელი მოსწავლეებს შესთავაზებს მუშაობას სხვადასხვა ტიპის აქტივობის ბარათებზე, რომლებიც უხვად მოიძებნება ინტერნეტსივრცეში.

 

აქტივობა 4.

გაკვეთილის შეფასება

აქტივობის მიზანი: მოსწავლეთა თვითშეფასების განვითარება, პრობლემების აღმოჩენა/აღმოფხვრა

მასწავლებელი მოსწავლეებს სთხოვს, თერმომეტრზე აჩვენონ, თუ როგორ გაიგეს გაკვეთილის თემა. საუკეთესო შემთხვევაში – +5, მცირე გაუგებრობით – 0, საკითხის გაურკვევლობის შემთხვევაში – -5.

მოსწავლეები მთელი საგაკვეთილო პროცესის განმავლობაში ფასდებიან განმავითარებელი კომენტარით. ხოლო აქტივობების ბოლოს მასწავლებელი შეფასებისთვის იყენებს შემდეგ რუბრიკას:

 

აქტივობა 5.

საკითხის უკეთ გაგებისა და განმტკიცების მიზნით მოსწავლეებს შეგვიძლია მივცეთ კომპლექსური ტიპის დავალებაც.

აქტივობის მიზანი: დამოუკიდებლად მუშაობის, პასუხისმგებლობისა და კვლევითი უნარ-ჩვევების განვითარება, პრეზენტაციის უნარის განვითარების ხელშეწყობა.

დავალების პირობა:

„წარმოიდგინე, რომ ერთ-ერთ პრესტიჟულ არხზე ხარ ამინდის პროგნოზის წამყვანი. ჰაერის ტემპერატურასა და ბუნებრივ მოვლენებზე დაკვირვების შედეგად ცხრილის, საპრეზენტაციო მასალის ან ვიდეოს სახით წარმოადგინე ამინდისა და ტემპერატურის ხუთდღიანი ცვალებადობა შესაბამისი დასკვნით“.

როგორ ვაწარმოოთ დაკვირვება?

  • ოჯახის წევრებს სთხოვეთ, თერმომეტრი, რომლითაც იზომება ჰაერის ტემპერატურა, მიამაგრონ ფანჯრის შუშაზე გარედან, ისევე როგორც მოვიქეცით საკლასო ოთახში. გაითვალისწინეთ, რომ ჰაერის ტემპერატურა ჩრდილში იზომება.
  • ხუთი დღის განმავლობაში დილით, შუადღისას და საღამოს (სასურველია ერთსა და იმავე დროს) შეამოწმე მაჩვენებელი და შეიტანე ცხრილში.
  • დააკვირდი ამ პერიოდში მზის მდებარეობას და ამინდს, შექმენი რაიმე სიმბოლო მათ აღსანიშნავად და მიუთითე ტემპერატურის მაჩვენებლის გასწვრივ.

დაკვირვების ფორმა:

დრო (სთ) დილით – 09:00 სთ ამინდი შუადღით – 14:00 სთ ამინდი ღამით -22:00 სთ ამინდი
დღე 1            
დღე 2            
დღე 3            
დღე 4            
დღე 5            

 

უყურე ამინდის პროგნოზს და პრეზენტაციისას გამოიყენე საკვანძო სიტყვები: დილით, შუადღისას, ღამით, … გრადუსი სითბო, … გრადუსი ყინვა, წვიმა, ელჭექი, მზე, სუსტი ქარი, მცირე მოღრუბლულობა და ასე შემდეგ.

უპასუხე კითხვებს:

  • როდის იყო ჰაერის ტემპერატურა ყველაზე მაღალი? დაბალი?
  • შეიცვალა თუ არა ჰაერის ტემპერატურა ამინდის შესაბამისად?
  • რამდენი გრადუსია სხვაობა ყველაზე მაღალ და ყველაზე დაბალ ტემპერატურებს შორის?
  • როგორ ფიქრობ, რამ გამოიწვია ეს სხვაობა?
  • როგორ იცვლება ჰაერის ტემპერატურა დღე-ღამის განმავლობაში?

გაკვეთილი ხელს უწყობს იმგვარი შედეგების მიღწევას, როგორიცაა:

ბუნ.III.1. მოსწავლემ უნდა შეძლოს პრაქტიკულ აქტივობებში მონაწილეობა და ელემენტარული კვლევითი უნარ-ჩვევების დემონსტრირება;

  • სვამს შესაბამის კითხვებს და იყენებს კვლევის სხვადასხვა ხერხს მათზე პასუხის მისაღებად;
  • ატარებს მარტივ კვლევით/პრაქტიკულ აქტივობას უსაფრთხოების წესების დაცვით;
  • ატარებს გაზომვებს თერმომეტრის საშუალებით, იყენებს სტანდარტულ ერთეულებს;
  • წარუდგენს მიღებულ შედეგებსა და დასკვნებს თანაკლასელებს სხვადასხვა ფორმით (ზეპირად, წერილობით).

ბუნ.III.7. მოსწავლემ უნდა შეძლოს ამინდის განმსაზღვრელი ბუნებრივი მოვლენების დახასიათება.

  • განასხვავებს და აღწერს ტემპერატურას როგორც ამინდის კომპონენტს;
  • აკვირდება და აღრიცხავს ჰაერის ტემპერატურას გარკვეული პერიოდის (მაგ., ხუთი დღის) განმავლობაში, მონაცემებს წარმოადგენს ცხრილის სახით და აანალიზებს მიღებულ შედეგს.

 

გამოყენებული ლიტერატურა:

  1. ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა (დაწყებითი საფეხური), 2018-2024
  2. ბლიაძე მ., ახვლედიანი რ., ბუნება, მესამე კლასი, მოსწავლის წიგნი, ნაწილი II, თბილისი, 2018
  3. ბლიაძე მ., ახვლედიანი რ., ბუნება, მესამე კლასი, მასწავლებლის წიგნი, თბილისი, 2018

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი