პარასკევი, მარტი 29, 2024
29 მარტი, პარასკევი, 2024

მე, გენდერი და საქართველო

ალბათ მაშინაც ასე ცხელოდა. სიმართლე გითხრათ, კარგად არ მახსოვს. თუმცა არა – ალბათ უფრო მეტად. 2003 წლის ზაფხული იდგა, ყველაზე რთული ზაფხული ჩემს ცხოვრებაში. მართლაც, რა შეიძლება იყოს უფრო მნიშვნელოვანი 16 წლის ხუთოსანი გოგოსთვის, ვიდრე უნივერსიტეტში ჩაბარება!

 

პირველი გამოცდა მომავალ ჟურნალისტებს 16 ივლისს გვიტარდებოდა, 5 ივლისს კი თბილისში აშშ-ის ყოფილი სახელმწიფო მდივანი ჯეიმს ბეიკერი ჩამოვიდა, რომელმაც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარების მნიშვნელობა კიდევ ერთხელ შეახსენა სრულიად საქართველოს. ალბათ თქვენც გახსოვთ – იმხანად მოსალოდნელი არჩევნები სიცხეზე ნაკლებად როდი აწუხებდა ქვეყანას. შფოთავდნენ პოლიტიკოსები, შფოთავდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, შფოთავდა ცენტრალური საარჩევნო კომისია, შფოთავდა მისაღები გამოცდების კომისია, შფოთავდნენ უნივერსიტეტის მაღლივი კორპუსის წინ თავმოყრილი მშობლები და, რა თქმა უნდა, ვშფოთავდით ჩვენც, 2003 წელს ყველაზე რეიტინგულ, ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე ჩაბარების მსურველი აბიტურიენტები.

„ბეიკერმა დაგვიბარა” – ასე ერქვა პირველი გამოცდის ერთ-ერთ თავისუფალ თემას. ოთხ თემას შორის უნდა გაგვეკეთებინა არჩევანი და სულაც არ მიკვირს, რომ უმეტესობამ ბეიკერსა და არჩევნებზე წერა ამჯობინა ვაჟას გმირების ზნეობაზე წერას. პოლიტიკა ხომ ჩემს თაობას დაბადებიდანვე დაებედა, ჩვენ ხომ არაფერი გამოგვდის გართულებების გარეშე, ჩვენ ხომ სკოლაში სიარული ტყვიების ზუზუნში დავიწყეთ, სტუდენტობის პირველი თვეები კი ქუჩებგადაკეტილ ქალაქში შემოვლითი გზების ძებნაში გავატარეთ.

მას შემდეგ ათი წელი გავიდა, თვალის დახამხამებასავით ათი წელი, რომელმაც ჩემი სტუდენტური თავგადასავლებიც დაიტია, რამდენიმე უნივერსიტესა და სამუშაო ადგილზე საკუთარი თავის ძიებაც და უამრავი გაცილებით მასშტაბური ცვლილებაც, მაგალითად, რამდენიმე არჩევნები ბეიკერის „დაბარებულისა” თუ „დაბარულის” შემდეგ, ბევრი ნებით თუ ძალით დაშლილი საპროტესტო და არასაპროტესტო აქცია, ჩვენდა საბედნიეროდ, მენტალური გადატრიალებებიც, რომლებსაც ზოგჯერ შეუიარაღებელი თვალით ვერც კი ვამჩნევთ.

წელს, 2013-ში, აბიტურიენტები მისაღებ გამოცდებზე გენდერულ პრობლემებზე წერენ. არადა, კარგად მახსოვს, სულ რაღაც ათი წლის წინ როგორ შევყურებდით პირველკურსელები საინფორმაციო დაფას უნივერსიტეტის მეექვსე კორპუსში და ერთმანეთში ვარკვევდით, რა საგანი უნდა ყოფილიყო „გენდერი, კონფლიქტები და მშვიდობის მშენებლობა”, რომელიც ასარჩევად შემოგვთავაზეს. ათი წელი ხომ არაფერია ისტორიისთვის, მაგრამ ერთი ადამიანისთვის, ერთი თაობისთვის საკმაოდ ბევრია და მიხარია, რომ საქართველომ ბოლო ათი წელი გამოიყენა, გამოიყენა, რათა გაყალბებული არჩევნებიდან გენდერულ პრობლემებამდე მისულიყო, გამოიყენა წინ წასასვლელად, შეცდომების დასაშვებად და მერე ამ შეცდომებზე ხმამაღლა სალაპარაკოდ, პრიორიტეტების დასალაგებლად და გადასალაგებლად. მიხარია, რომ ჩვენ ნელ-ნელა საკუთარი უფლებების დაცვას ვსწავლობთ და ბევრი უცხო სიტყვის მნიშვნელობაც უკეთესად ვიცით, ვიდრე მანამდე.

ბოლო ათი წელი მეც ჩემებურად გამოვიყენე. პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, ბევრი ვიხეტიალე და ნუ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ დაახლოებით იგივე გზები გავიარე, რაც ჩემმა ქვეყანამ. უცნაურია, როგორ არის დაკავშირებული ჩვენი ბედი მშობლიურ მიწასთან, მაშინაც კი, როცა მისგან გაქცევას ვცდილობთ, როგორ მივყვებით მის მიერ ნაჩვენებ მიმართულებას და ხანდახან როგორ დაგვყავს ის ჩვენს ჭკუაზე.

დღეს, პირველი მისაღები გამოცდის ჩაბარებიდან ზუსტად 10 წლის შემდეგ, ამ პოსტის წერას ქალთა საინფორმაციო ცენტრის ოფისში ვამთავრებ. მიხარია, რომ როცა ჩემი სამსახურის შესახებ გაიგებენ, გაოცებით არავინ მეკითხება, რას ნიშნავს გენდერი, რა საჭიროა ქალთა გააქტიურება, მათი პრობლემების წინ წამოწევა და პოტენციალის სწორად დაბანდება. ახლა, როცა ჩემი ძველი გატაცება ყოველდღიურ საქმიანობად ვაქციე, ხშირად ვუსმენ ქალებს, ვწერ მათზე და ვხვდები, რომ ჩვენ, ყველანი, ჩვენს ქვეყანასთან ერთად დიდი და მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადასადგმელად ვართ მზად.

არ ვიცი, როგორ გაიხსენებენ 2013 წლის მისაღებ გამოცდებს წლევანდელი აბიტურიენტები ათი წლის შემდეგ, რა იქნება მათთვის ყველაზე მნიშვნელოვანი მოგონება, რა დაბრკოლებებს გადალახავენ საკუთარი თავის საპოვნელად. რაც უნდა იყოს, ფაქტია, რომ მათი ცხოვრება ჩვენისგან ბევრად განსხვავებული იქნება და იმედი მაქვს, უკეთესი. აი, მე კი დღეს ჩემს ბოლო ათწლეულს ვაჯამებ და ვფიქრობ, რომ მე და საქართველოს ამაოდ არ გვივლია ხელიხელჩაკიდებულებს ჩვენს რთულ და უცნაურ გზებზე – ორივე საგრძნობლად გავიზარდეთ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი