პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

„მგორავი ქვები“ და მათი დაბრუნება

„Rolling Stone Gathers No Moss” – ეს ინგლისური გამოთქმა
ქართულად დაახლოებით ამგვარად ითარგმნება: აგორებულ ქვას ხავსი არ მოეკიდებაო. ილია
ჭავჭავაძის „მგზავრის წერილებიც” გეხსომებათ – მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობაა, ჩემო
თერგო, ქვეყნის ღონისა და სიცოცხლის მიმცემიო… ქვეყნისა არ ვიცი, ჩემთვის კი ნამდვილად
ასეა. ჯერ ერთი, ძალიან ბევრს დავდივარ, მეორე – ვცდილობ, ერთ დონეზე არ გავჩერდე და
განვითარების გზა ვეძებო ყველგან, სამუშაო იქნება ეს, სწავლა, მუსიკა თუ აქ, ამ ბლოგზე
წერა.

ცოტა ხნის წინ, როცა სტამბოლის აეროპორტის გავლით შვედეთიდან
ვბრუნდებოდი, ერთ-ერთ მაღაზიაში მუსიკალური ჟურნალების დიდ კოლექციას წავაწყდი. სწორედ
იქ შევიძინე ჟურნალი „The Rolling Stone”, რომელიც ყველა დროის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან
გამოცემად ითვლება მსოფლიო მუსიკის ისტორიაში. 23 მაისით დათარიღებული ნომრის პირველ
გვერდზე ამ ჟურნალის სეხნია ჯგუფი, 60-70-იანი წლების როკენროლის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი,
„The Rolling Stones”-ი იყო აღბეჭდილი. ამ ლეგენდარულმა ჯგუფმა და ჟურნალმა შთამაგონეს
ეს პოსტიც.

Rolling Stone-ს, „აგორებულ ქვას”, ისეთ ადამიანს უწოდებენ,
რომელსაც ერთ ადგილას გაჩერება არ შეუძლია და მუდამ ახლის ძიებაშია. მიკ ჯაგერი, კიტ
რიჩარდსი, ჩარლზ უოტსი და რონი ვუდი სწორედ ასეთი ადამიანები აღმოჩნდნენ და, როგორც
ჩანს, მუდმივი სიახლის ძიებით მოახერხეს ჯგუფის ასე დიდხანს შენარჩუნება. დიახ, თუ
მცირე ცვლილებებს არ ჩავთვლით (რომლებიც ზოგჯერ ტრაგიკულიც გახლდათ), „The Rolling
Stones” უკვე 51 წელია დგას სცენაზე. ეს უდავო რეკორდია როკჯგუფებს შორის.


„როლინგების” (როგორც ჩვენთან უყვართ ხოლმე თქმა) ისტორია
1962 წელს იწყება. მაშინ ბენდში ბრაიან ჯონსი, მიკ ჯაგერი, კიტ რიჩარდსი, იან სტიუარტი,
ბილი უილმანი და ჩარლი უოტსი ირიცხებოდნენ. პირველი წარმატება ჯგუფს სამოციანი წლების
შუაში ეწვია – პირველმა სამმა ალბომმა „როლინგებს” არნახული პოპულარობა მოუტანა. შემდეგ
იყო დიდი ტრაგედია – 1969 წელს გარდაიცვალა ბენდის 27 წლის ლიდერი, ბრაიან ჯონსი (მიზეზი,
როგორც ჩანს, ნარკოდამოკიდებულება იყო). სწორედ ბრაიან ჯონსმა დაუდო სათავე მითს „27-ელთა
კლუბის” შესახებ. ამ ვირტუალურ კლუბში აერთიანებენ მუსიკოსებს, რომლებიც 27 წლის ასაკში
დაიღუპნენ: ჯიმი ჰენდრიქსს, ჯენის ჯოპლინს, ჯიმ მორისონს, ოდნავ მოგვიანებით – კურტ
კობეინს…

ჯონსის გარდაცვალებას ჯაგერისა და რიჩარდსის დუეტის
„გალიდერება” მოჰყვა. სწორედ ამ ორმა, ჩარლი უოტსა და რონი ვუდთან ერთად, მოიყვანა
ბენდი დღემდე. დღეს მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა ვუდია – 66 წლის. კიტი და მიკი
69-სა არიან. ჩარლი ყველაზე ხანდაზმულია – 72 წლისაც კი არ ანებებს დასარტყამ ინსტრუმენტებს.
თანაც არცთუ ურიგოდ გამოსდის.

კიტ რიჩარდსი ჟურნალ „Rolling Stone”-ისთვის მიცემულ
ინტერვიუში ამბობს: „ზოგჯერ ვფიქრობ, რომ ეს ჯგუფი გატყდა, მაგრამ მისი შეკეთება შესაძლებელია”.
რა თქმა უნდა, ურთულესია დაუკრა ცოცხლად 70 წლისამ (სავარაუდოდ, სწორედ ამას გულისხმობს
რიჩარდსი ბენდის „გატეხვაზე” ლაპარაკისას). მიუხედავად ამისა, „როლინგები” დღესაც აგრძელებენ
წარმატებულ ტურნეს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.


2012-ში, როდესაც ბენდს 50 წელი შეუსრულდა, მან საკუთარი
კომპოზიციების ახალი ნაკრები გამოუშვა, სათაურით: „GRRR”. ალბომში რამდენიმე ათეული
ძველი და ორი ახალი სიმღერა – „Doom and Gloom” და „One More Shot” – შევიდა. მიუხედავად
ასაკისა, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, რომ ის განწყობა და სული, რომელიც მრავალი ათეული
წელია მოსდევთ, ბენდის წევრებს ჯერ კიდევ არ დაუკარგავთ.

ჩემთვის „როლინგები” ისტორიაა, რომელიც დროდადრო მეორდება.
კარგი ალბომები, შემდეგ – პაუზა, რომლის დროსაც ბენდის წევრები სოლო ალბომების კეთებით
არიან დაკავებული, უთანხმოებები, ბევრი ნარკოტიკი, შერიგება, დაბრუნება, ახალი ალბომი,
მეტი წარმატება, კიდევ ერთი პაუზა… და შემდეგ ყველაფერი თავიდან… კიტ რიჩარდსი
და მიკ ჯაგერი დღესაც აღიარებენ, რომ ერთმანეთთან ადრინდელი ურთიერთობა აღარ აქვთ (ისინი
ბავშვობის მეგობრები არიან). ბოლო გაერთიანების შემდეგ, ჟურნალისტის კითხვაზე, იყვნენ
თუ არა მიკი და კიტ რიჩარდსი „უწინდებურად ძმები”, ჯაგერმა უპასუხა: „მე ძმა მყავს;
კიტი და მე უბრალოდ ერთად ვმუშაობთ”.

როგორც ხედავთ, საკმაოდ ნაყოფიერად მუშაობენ 🙂 თანაც,
ასაკის კვალობაზე, სცენაზე იდეალურად დგანან და უკრავენ. გასაკვირია, რომ წარსულში
სერიოზული ნარკოდამოკიდებულების, ალკოჰოლის ზემოქმედების, გადატვირთული გრაფიკის, ათეულობით
წლის მუშაობისა და, ბოლოს, ასაკის მიუხედავად, „The Rolling Stones” დღემდე ძალიან
კარგ ფორმაშია და დაუვიწყარ კონცერტებს მართაფვს მსმენელისთვის. მსმენელი კი, ვფიქრობ,
ამ ჯგუფს არასდროს მოაკლდება.

უსმინეთ „Rolling Stones”-ს, მათ შექმნეს როკენროლის
ისტორია.



კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი