პარასკევი, აპრილი 26, 2024
26 აპრილი, პარასკევი, 2024

მზაკვრული კითხვები

90-იან წლებში ქართულ ბაზარზე ფეხსაცმლის ახალი ბრენდი გამოჩნდა. მომხმარებელთა სურვილების და ინტერესების კლევა მარკეტინგულ კომპანიას მიანდეს. ინტერვიუერმა წინასწარი შერჩევითა და ბიჯის დაცვით თბილისის გარეუბანში მაღალსართულიანი კორპუსის ერთ-ერთ კარზე დააკაკუნა, დიასახლისს კვლევის მიზანი გააცნო და თანხმობაც მიიღო. ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდიოდა, სანამ არ გაისმა შეკითხვა – „ბოლოს როდის შეიძინეთ ფეხსაცმელი?“ რესპონდენტმა, პასუხის ნაცვლად, პირი სამზარეულოსკენ იბრუნა და  ქმარს გასძახა –  კაცო, გესმის? უკვე ხალხი  მოდის და მეკითხება, ახალი ფეხსაცმელი როდის ვიყიდე და შენ კიდევ ეს საერთოდ არ გაღელვებსო. ატყდა ერთი აყალ-მაყალი, მადარდებს-არ გადარდებს, ძველებია-ახლებია, ზამთრისაა-ზაფხულისაა და ინტერვიუ ნაადრევად დასრულდა. მხოლოდ წარმოსახვას თუ მივანდობთ იმასაც, რას უპასუხებდა წყვილი მაქს ფრიშის შეკითხვას – „თქვენი ნება რომ ყოფილიყო, ცოლქმრობას გამოიგონებდით?“ – ან თუ დაემთხვეოდა მათი პასუხები ერთმანეთს.

„კითხვარი“ შვეიცარიელი მწერლის უპასუხო კითხვების კრებულია, რომელიც  აღმოსავლეთ ბერლინის გამომცემლობამ, „ფოლკ უნდ ველტმა“, პირველად ავტორის სიცოცხლეშივე დაბეჭდა. მართალია, მთელი ტირაჟი საახალწლო საჩუქრებად იყო გათვალისწინებული, მაგრამ რამდენიმე ეგზემპლარი მაინც გაიყიდა. 1974 წელს, როდესაც ერთ-ერთი ინტერვიუს დროს ფრიშს საკუთარი კითხვები დაუსვეს, ასე უპასუხა:  „ეს კითხვები, რომელთაც ახლა თქვენ მისვამთ, რასაკვირველია, მზაკვრული კითხვებია, კითხვები, რომლებსაც მე ვერ ვპასუხობდი და არც სხვა მინდა ვაიძულო, მათ უპასუხოს. მე მხოლოდ მინდოდა, ყურადღება გამემახვილებინა ამ კითხვებზე.“

მიუხედავად ამისა, „კითხვარის“ გაცნობის შემდეგ ბევრ მკითხველს უჩნდებოდა სურვილი, საყვარელ მწერალს შეხმიანებოდა და მისთვის პასუხები გაეგზავნა, ჟურნალ-გაზეთები კი გამზადებულ კითხვებს ინტერვიუებისთვის იყენებდნენ. კრებულის განსაკუთრებული პოპულარობა მაინც გამომცემლობა „ზურკამპს“ უკავშირდება, რომელმაც 1992 წელს, მწერლის გარდაცვალების შემდეგ, 11-ის ნაცვლად 14-კითხვარიანი კრებული გამოსცა და ტირაჟი არაერთხელ გაიმეორა.

იმედი, მორალი, ალკოჰოლი, ქალები, ცოლქმრობა, ტექნიკა, ფული – თითოეული თემატური კითხვარი 25-მდე კითხვას აერთიანებს. შესაძლოა, ზოგი შეკითხვა ჩემსავით შეუსაბამოდ მიიჩნიოთ, ზოგიერთი რიტორიკულად მოგეჩვენოთ, ზოგმა კი ისე გაგაღიზიანოთ, რომ ერთ კითხვარს თავიდან ბოლომდე ვერც მიჰყვეთ, მაგრამ მათი ნაკრებიც არანაკლებ საინტერესო საღამოს გაგატარებინებთ.

 

  1. შეგიძლიათ ადამიანის არსებობის (ანუ პირველი სამყაროს) წარმოდგენა უკომპიუტეროდ?

არა, გულს ხომ ვეღარ გამოვაცლით სამყაროს, რომელიც ასე იწერება: < და 3 ერთად.

  1. მორალისტურ სიზმრებს ხედავთ?

მხოლოდ ცხადში.

  1. გეშინიათ სიკვდილის? რა ასაკიდან?

არ მახსოვს თავი ამ ფიქრის გარეშე. თავი 3-4 წლიდან მახსოვს.

  1. რას უპირისპირებთ შიშს?

მაცოცხლებელ შეცდომებს იმის შიშით, რომ მათ ჩადენას ვეღარ მოვასწრებ.

  1. გიყვართ ღობეები?

მხოლოდ ტრიფოლიატის და იმგვარად გაკრეჭილი, შარა-გზაზე მიმავალი ადამიანი რომ არ დაფაროს – მიესალმო, მოგესალმოს.

  1. რატომ გსიამოვნებთ სხვისი დასაჩუქრება?

სიყვარული უფრო ხელშესახები რომ ხდება, იმიტომ.

  1. რა მოგწონთ ახალ აღთქმაში?

ახალი აღთქმის წიგნის ყდა ძაღლმა შემიჭამა, სხვა რა დაეწუნება.

  1. თქვენთვის სამშობლოს აქვს დროშა?

მუქი მწვანე, ნარინჯისფერი ყვავილებით, დედაჩემის ძველი კაბისგან შეკერილი.

  1. აღიქვამთ დედამიწას მშობლიურად?

პანდემიისგან ამაზე უკეთესს რას უნდა ველოდოთ?!

  1. გიფიქრიათ ემიგრაციაზე?

მხოლოდ იმიტომ, რომ გაზაფხულზე რიგის ქუჩის წაბლების ყვავილობისას მეტი სიხარული ვიგრძნო.

  1. გინდათ, იყოთ უკვდავი?

არა და საამისოდ არც არავის გავიმეტებდი.

  1. როგორ იხსენიებთ დაკარგულ მეგობრებს?

როგორც ძველ მეგობრებს.

  1. დავუშვათ, გწამთ ღმერთის: იცით რაიმე იმის მანიშნებელი, რომ მას იუმორის გრძნობა აქვს?

ჰომო ერექტუსი ხანდახან ისევე სასაცილოდ მეჩვენება, როგორც უკანა თათებზე მოსიარულე ძაღლი.

  1. მიგაჩნიათ, რომ კარგი მეგობარი ხართ?

დიახ, რადგან ყოველდღიურად არავის ვეხმიანები.

  1. რამდენი ფული გინდათ, რომ გქონდეთ?

უკვე შეგვიძლია, იმ თანხას ნიგვზით შეკმაზული დიყისა და ქაცვის კომპოტის საფასური გამოვაკლოთ.

  1. გიცხოვრიათ ნაღდი ფულის გარეშე?

დიახ, მაშინაც კი, როდესაც პლასტიკური ბარათები არ არსებობდა.

  1. გაქვთ საიქიოს იმედი?

უიმედოდ არ ვუყურებ, მაგრამ არ ვიცი, რა საჭიროა ასე შეწუხება.

  1. რის იმედით მოგზაურობთ?

იმის იმედით, რომ ერთხელაც მუზეუმში გულშეწუხებული არ გავიშხლართები და მოფერიანებულს ჩემი ქმარი არ მეტყვის, ბილეთების ჯიხურთან გამოფენის დათვალიერების კი არა, „კოიკის“ ფასი უნდა გვეკითხაო.

  1. ხელოვნების ნიმუშებს აგროვებთ?

დიახ, მუზეუმებში წასასვლელად გული რომ გავიმაგრო.

  1. შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ ცოლქმრული ცხოვრება უიუმოროდ?

წეღან სწორედ ამას მოგახსენებდით.

  1. როგორ ხვდებით, რომ გიყვართ?

მაქს, მაქს…

  1. გინდათ, რომ აბსოლუტური მეხსიერება გქონდეთ?

რა თქმა უნდა, არა. ეს იმას ნიშნავს, რომ შენი აღარავის სჯერა.

  1. რის გამო ხართ მადლიერი?

თუნდაც იმის გამო, რომ მეგობარმა თითებით სტვენა მასწავლა.

  1. რა გირჩევნიათ, მკვდარი იყოთ, თუ კიდევ ცოტა ხანს იცოცხლოთ, როგორც ჯანმრთელმა ცხოველმა? რომელი ცხოველი იქნებოდით?

ვაკის პარკის ციყვი.

  1. რატომ არასოდეს ტირიან მომაკვდავები?

ალბათ იმიტომ, რომ არაფერი მთავრდება ისე, როგორც იწყება.

P.S. ბოლოს ახალი ფეხსაცმელი მაისში შევიძინე. ასე სრულდება ხოლმე ჩემი ყოველი მცდელობა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით თავი მოვიწონო. სახლში მისვლამდე მაღაზიაში შევივლი, ქალამნებს მოვირგებ და გზას ისე ვაგრძელებ. ბატონო? კიდევ მკითხეთ რამე?

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი