ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

სიმშვიდის ადგილი უცვლელია

მე და ჩემი საყვარელი პერსონაჟი ბავშვობაში არ შევხვედრივართ ერთმანეთს. ჯოან როულინგს ჰერმიონ გრეინჯერი ოთხმოცდაათიანებში რომ შეექმნა, ადრევე დავიჯერებდი, რომ ხუთოსანი, წიგნების გროვაში ჩაკარგული გოგოც შეიძლება წიგნის გმირი იყოს. არადა, ბევრი ვიარე და ვიკითხე, სანამ მას აღმოვაჩენდი და ის-ის იყო, შევეგუე აზრს, რომ ჩემისთანებზე არავინ წერს, რომ ჰერმიონიც გამოჩნდა იმის დასტურად, რომ კითხვა და თავგადასავლების ძიება ერთმანეთს ხელს არ უშლის და კარგად სწავლა სულაც არ გულისხმობს მოსაწყენ ცხოვრებას.

 

 

დეიდაჩემი ბიბლიოთეკაში მუშაობდა. ბავშვობის ბევრი კარგი დღე სწორედ იქ გავატარე. უზარმაზარ, ჭერს მიწვდენილ თაროებს შორის სეირნობა მიყვარდა. წიგნების გადმოლაგებას არავინ მიშლიდა. ვეძებდი, ვარჩევდი და ვკითხულობდი. წიგნების მტვრისა და სუნის ხსენებაზე დღემდე იქაურობა მახსენდება, ნახევრად ჩაბნელებული, უზარმაზარი საცავი, რომელიც უამრავ საიდუმლოსა და თავგადასავალს იტევდა.
ახლა ბიბლიოთეკებზე მეტად წიგნის მაღაზიები მიყვარს. არ ვიცი, ამას ჩემი მესაკუთრე ბუნება განაპირობებს თუ რაიმე სხვა, მაგრამ ფაქტია – თავს ვერსად ვგრძნობ ისე მშვიდად, როგორც წიგნის მაღაზიაში და ქალაქს, სადაც წიგნის კარგ მაღაზიას ვერ ვიპოვი, მგონია, რაღაც აკლია, სწორედ ის რაღაც, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩემთვის.
ჰოდა, დღეს ჩემს მეხსიერებაში ვიქექები და ფრაგმენტებს წინ გილაგებთ. მათ წიგნების სუნი აქვთ, მე კი ეს სუნი ისევე მიყვარს, როგორც საკუთარი ბავშვობა.
ბოსტონი. თებერვალი ნამდვილად არ არის საუკეთესო თვე ამ ქალაქის მოსანახულებლად, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები ბოსტონში სწორედ თებერვალში აღმოვჩნდით, ჰარვარდის უნივერსიტეტის ორგანიზებულ კონფერენციაზე. რა თქმა უნდა, ციოდა, ოკეანიდან მონაბერი ქარი ქურთუკებშიც ატანდა და კანშიც, დღისით საშინლად გვეძინებოდა და ცხოვრების ხალისს შუაღამისას ვიბრუნებდით, მაგრამ მაინც მოვახერხეთ ბოსტონის ქუჩებში გასეირნება – ბოლო დღეს, ჩემი დაჟინებული მოთხოვნით, გზამკვლევში აღმოჩენილი პატარა გალერეის სანახავად წავედით, სადაც, ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, პიკასოს რამდენიმე ნახატის ორიგინალი იყო გამოფენილი. მითითებულ მისამართზე გალერეა არ დაგვხვდა, სამაგიეროდ, ორიოდე ქუჩა გავიარეთ და წიგნის მაღაზიას მივადექით. ასეთი მაღაზია მანამდე მხოლოდ ფილმებში მენახა: უზარმაზარი, რამდენიმესართულიანი, ნათელი, უამრავი წიგნით, მოღიმარი ადამიანებით, ყავის სუნით, შექსპირით, ბიტნიკებით, სულის შეხუთვამდე მაგარი პოეტური კრებულებით. მოკლედ, მაშინ მივხვდი, როგორი შეიძლება იყოს სამოთხე ჩემისთანა ადამიანისთვის. უკან დაბრუნებულმა აღმოვაჩინე, რომ ჩემს მეგობარს ბენაზირ ბჰუტოს ავტობიოგრაფიული წიგნი უყიდია, მე კი არა. ჯერ ვითავხედე და მაჩუქე-მეთქი, ვთხოვე. უარი რომ მივიღე, შედარებით ძვირად მოყიდვაც შევთავაზე. ბოლოს უკან დავიხიე და მათხოვა. მას შემდეგ ექვსი წელი გავიდა და ბჰუტო დღესაც ჩემს თაროს ამშვენებს. დარწმუნებული ვარ, ჩემი მეგობარი ბედნიერია, რომ მისთვის „წართმეულმა” წიგნმა ჩემს მშვენიერ კოლექციას ჩაუყარა საფუძველი – იქიდან მოყოლებული, ცნობილი ქალების ავტობიოგრაფიულ და ბიოგრაფიულ წიგნებს ვაგროვებ.

თესალონიკი. ბერძნული გაზაფხული მიყვარს, ფორთოხლების სუნით გაჟღენთილი გაზაფხული. მიუყვები თესალონიკის ვიწრო ქუჩებს, გვერდით ფორთოხლის ხეების მწკრივი მიგყვება. აქ ყველა გზა ზღვისკენ მიდის და მაშინაც კი, როცა გგონია, რომ მზიანი, ხმაურიანი თესალონიკი, სადაც ყველაზე მეტად ცეკვა, სიმღერა და შუადღის მშვიდი ძილი უყვართ და თვეში ერთხელ აუცილებლად იფიცებიან, შენი ქალაქი სულაც არ არის, რომელიმე პატარა ქუჩაზე შეიძლება, იპოვო წიგნის მაღაზია, სადაც ნებისმიერ დროს გაიქცევი. გაქცევის მიზეზი კი ყოველთვის მოიძებნება: სახლიდან შორს ყოფნა, მონატრება, ბევრი სამეცადინო, მასპინძელი ერის ხასიათთან შეუგუებლობა, სრულიად გაუგებარი სიყვარული… ჰოდა, თუ გაქცევაა, წიგნის მაღაზიაში გაქცევა იყოს, მით უმეტეს, თუ მაღაზიის მეპატრონე სასწაულებს ახდენს შენი ხათრით, სპეციალურად შენთვის იწერს წიგნებს, აუცილებლად გადანახული აქვს წიგნები, რომლებიც მოგეწონება და არასოდეს ეზარება, შენ გამო საწყობი გადაატრიალოს. იქნებ ვინმემ თქვას, რომ ამაში არაფერია გასაოცარი – როცა ფულს იხდი, შესაბამისი პროდუქტიც უნდა მიიღო, მაგრამ დამიჯერეთ, ყველას არ შეუძლია წიგნის გაყიდვა, ყველას არა აქვს წიგნებსა და ადამიანებთან ერთდროულად ურთიერთობის ნიჭი.
ბრიუსელი. ბრიუსელი იმ ქალაქთაგანია, რომელთა ქუჩებსაც იშვიათად ვიხსენებ. თითქმის არასდროს მენატრება. ზოგჯერ მგონია, რომ არც გამიჩნდებოდა ბრიუსელში დაბრუნების სურვილი, რომ არა ორი რამ: შოკოლადიანი მარწყვი და სრულიად შემთხვევით აღმოჩენილი წიგნის მაღაზია. ზემოთ უკვე ვთქვი ორიოდე სიტყვა ჩემი ბავშვობის შესახებ. ბიბლიოთეკის თაროებს შორის თავგადასავლების მაძიებელ პატარა გოგოდ ყოფნის ის არაჩვეულებრივი შეგრძნება სწორედ ბრიუსელში დამიბრუნდა. იატაკზე ვიჯექი, წიგნებს ადგილს ვუცვლიდი, ჩემ გარშემო ვალაგებდი, არავინ არაფერს მიშლიდა. ცხადია, წიგნის კითხვა უდიდეს თავისუფლებასა და სიამოვნებას ანიჭებს ადამიანს და მგონი, წიგნის არჩევაც არ არის ნაკლები. ბრიუსელის წყალობით ჩემს ბიბლიოთეკას არაჩვეულებრივი წიგნები შეემატა და კიდევ ერთი რამ: ჩემი უძილო ღამეების ერთგული თანამგზავრი, ჩემი ნაწერების თანაავტორი – ჭიქა, რომელსაც ინგლისურად აწერია: ვირჯინია ვულფი, „საკუთარი ოთახი”.

თბილისურ მაღაზიებზე ბევრს არ ვილაპარაკებ. დარწმუნებული ვარ, თავადაც მშვენივრად იცით, სად გირჩევნიათ წიგნების შეძენა. უბრალოდ, ვიტყვი, რომ ყველაზე ხშირად „დიოგენეს” და „სანტა ესპერანსას” ვსტუმრობ. მიზეზი მარტივია – მიყვარს, როცა კონსულტანტები მართლა კონსულტანტები არიან და თავიანთი დამოკიდებულება აქვთ ავტორებისა და წიგნების მიმართ.
რადგან ქალაქებზე მოვყევი და თან ზაფხული მოდის, ბათუმს ვერ გამოვტოვებ. ბათუმი ჩემი სიმშვიდის ქალაქია, წელიწადის ყველა დროისთვის საუკეთესო ქალაქი, სადაც დანარჩენ სამყაროზე არ ვფიქრობ. მალე ბათუმს ისეთი მაღაზია ექნება, როგორსაც ნამდვილად იმსახურებს – „წიგნები ბათუმში”, მე კი – კიდევ ერთი მიზეზი აჭარაში ხშირად ჩასასვლელად.
რაზე შეიძლება ოცნებობდეს ჰერმიონ გრეინჯერი მას შემდეგ, რაც ბოროტება დამარცხდება და ჯიუტი რონ უისლიც დაყრის ფარ-ხმალს მის წინაშე? მგონი, საკუთარ წიგნის მაღაზიაზე, სადაც ჯადოსნური წიგნებით სავსე თაროები ჭერს მისწვდება, სადაც ადამიანები ყოველთვის იპოვიან თავშესაფარს მოსაწყენი ყოველდღიურობისგან გასაქცევად, სადაც სხვადასხვა თაობის ჰერმიონები ურთულეს კითხვებზე პასუხს იპოვიან მაშინ, როცა ეს ყველაზე მეტად დასჭირდებათ მათ, მათ მეგობრებს და საზოგადოებას.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი