ხუთშაბათი, აპრილი 18, 2024
18 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

კვლავ ბებია

წუხელ მესიზმრა ის დილა, რომლის მოყოლაც თქვენთვის გამომრჩა. ეს დილა უჩემოდაც გეცოდინებათ, თუ ოცდაათის მაინც ხართ და დასავლეთ საქართველოში დაიბადეთ. დაიბადეთ და გახსოვთ ზამთრის შეთენება და წამოდგომის საზარელი დაზარება. ტანსაცმელი აწყვია თავთან, სკამზე. მაგრამ ტანსაცმელი ძალიან ცივია და ცოტა სისველე დაკრავს ან განცდა სისველის. ბებიაჩემი იღებს, თბილ ლოგინში იდებს, ათბობს და მაწვდის. განა არსებობს რამე ამაზე უფრო უცნაურად ადამიანური? მგონი არაფერი. ვერაფერი.

 

დღეს ბებიაჩემის, მედიკოს დაბადების დღეა.

ექვსი წლის წინ, მამაჩემის პანაშვიდზე მოვიდა და უთხრა, ახალ წლამდე წამიყვანეო. მანამდე მეზობლებისთვის დაუბარებია, ზურიკელას რამე რომ მუუვიდეს, ვერ გადევიტანო. ჰოდა, მოვიდა და წაყვანა სთხოვა. იქვე გარდაიცვალა. დედაჩემის დედა იყო მედიკო. ზურიკოს სიკვდილიდან მესამე დღეს მოხდა ეს ამბავი. საღამოს ჩამეხუტა. „ახლა შენ ხარო“, -მხოლოდ ეს მითხრა, თითქოს ბუნდოვანი, მაგრამ ძალიან ზუსტი სიტყვები. საერთოდაც ძალიან ზუსტი ქალი იყო. ნატანებში ცხოვრობდა. სანამ ოზურგეთში წამოვიდოდა მამაჩემის დასატირებლად, სახლი დაულაგებია. რომ მივასვენეთ, ყველაფერი დაგვხვდა. სასტიკი, მაგრამ აუცილებელი დეტალებით: „ყბის ასაკონი“ ნაჭრით, გასაპატიოსნებელი ხელთათმანებით, გამპატიოსნებელთა გვარ-სახელებით, გადასაფარებლით, საწვიმარი ბრეზენტით, საკუბოე ტანსაცმლით. ყველაფერი საწოლზე ეწყო. ლამაზად. სკამზე თავისი საუკეთესო ხალათი გადაეფინა საგანგებოდ და ზედ „პორტმანით“ „დასასაფლავებელი“ ფული მიემაგრებინა.

მარტო ცხოვრობდა და ამ მარტოობაში გაჯიუტებული იყო. ქმარი ძალიან ადრე გარდაეცვალა. კი ეხვეწებოდნენ შვილები, წამოდიო, მაგრამ ფუძე გაამაგრა. განა მხოლოდ ფუძე. იქ, სოფელში, შემთხვევათა თავიქალი გახლდათ, დღემდე დიდი მოწიწებით მოსაგონარი. ბევრს არ ლაპარაკობდა. უფრო მოქმედებდა. სულ მინდოდა მიმებაძა, მაგრამ ახლა ჩამოვრჩი. ჩემი ბავშვობის მნიშვნელოვანი ნაწილი მორცხვი და მცირედმოსაუბრე ადამიანი მეთქმოდა. ჩემი დანარჩენი ცხოვრება ამ ყველაფერზე შურისძიება გამოდგა. ავად თუ კარგად, ასე იყო. მივაღწიე იმას, რასაც მივაღწიე და ვხვდები, რომ ეს მე არ ვარ. ვიღაც სხვაა, რომელსაც სარკეში ვხედავ. და ეს სხვა ძალიან ბევრს ლაპარაკობს. და რაც უფრო მეტს ლაპარაკობს, მით უფრო ყალბი და უსაგნოა მისი ნათქვამი. ზოგადად, მგონია, რომ არ შეიძლება, ადამიანმა ბევრი ილაპარაკოს და ასე არ მოუვიდეს. ამ დილით საკმარისად ვიფიქრე ამაზე. ამიტომ ბებიაჩემის, მედიკოს დაბადების დღეს ამ აზრით შემობრუნების დღედაც ვაქცევ. უფრო მეტი საქმის და ნაკლები ტელეკეკლუცობის დღედ. ასე მივულოცავ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი