შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

ენით დაკოდილი

“ენით დაკოდილი” – ამ სიტყვებმა ალბათ უმალვე სულხან-საბა ორბელიანის იგავი გაგახსენათ, რომელშიც ადამიანისა და დათვის ამბავია მოთხრობილი. სიტყვა “დაკოდილი” ქართულად დაჭრილს ნიშნავს, თუმცა ჩვენს დროში ამ სიტყვამ ახალი მნიშვნელობა შეიძინა, ხოლო მომავალი თაობისთვის ის შესაძლოა სულ სხვა მნიშვნელობის შემცველი გახდეს.

კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარებასთან ერთად უამრავი ახალი სიტყვა დამკვიდრდა ჩვენს ენაში, ძველმა კი მნიშვნელობა იცვალა. ინგლისური სიტყვა კოდინგ (CODING) პროგრამულ კოდთან მუშაობას გულისხმობს, ასე რომ, მომავალში “დაკოდილი” შესაძლოა კომპიუტერული კოდებით შექმნილ პროგრამას აღნიშნავდეს.
პროგრამული ენები ხელოვნურად შექმნილი ენებია. ჩვეულებრივი მოკვდავისთვის სიტყვა “ენა” სხეულის ნაწილს აღნიშნავს, ლინგვისტებისთვის კი ენა, უპირველესად, საკომუნიკაციო საშუალებაა.
რობოტებიდან ბოტებამდე

ადამიანი დიდი ხანია მიისწრაფის, საკუთარი თავის ასლი შექმნას. ჯერ კიდევ ბერძნულ მითებში ვხვდებით ამ მისწრაფების ანარეკლს. მაგალითად, ჰეფესტო, ცეცხლისა და მჭედლობის ღვთაება, ლითონისგან ადამიანისმაგვარ არსებებს ქმნიდა, რომლებიც მას მუშაობაში ეხმარებოდნენ. მანვე გამოჭედა სპილენძის გოლიათი ტალოსი, რომელიც ერთ-ერთ კუნძულს იცავდა და მოახლოებულ გემებს უზარმაზარ ლოდებს უშენდა.

ანტიკური ხანიდან მოყოლებული, ადამიანის ან სხვა ცოცხალი არსების მსგავსი მოწყობილობების შესახებ ინფორმაციას სხვადასხვა კულტურაში ვაწყდებით. ისტორიული წყაროების მიხედვით, ძველმა ჩინელმა ფილოსოფოსმა, ინჟინერმა, გამომგონებელმა, სამხედრო სტრატეგმა ლუ ბანმა (魯班) რომელიც ჩვენს წელთაღრიცხვამდე მეექვსე-მეხუთე საუკუნეებში ცხოვრობდა, ხის ჩიტი გააკეთა. ჩიტს შეეძლო, სამი დღე დამოუკიდებლად ეფრინა.

ძველ არაბ მათემატიკოსს, ასტრონომს, გამომგონებელს, ხელოვანს ალ-ჯაზის (بديع الزمان أَبُو اَلْعِزِ بْنُ إسْماعِيلِ بْنُ الرِّزاز الجزري‎) ოთხი მექანიკური მუსიკოსის შექმნას მიაწერენ, რომლებიც ნავში ისხდნენ და მუსიკალურ ინსტრუმენტებზე უკრავდნენ. სასახლის კარის წვეულებებზე ნავს ტბაში უშვებდნენ და მექნიკური მუსიკოსები სტუმრებს ართობდნენ.

 რობოტი მუსიკოსები

ზოგიერთი მოწყობილობის ნახაზებმაც მოაღწია ჩვენამდე. მაგალითად, ლეონარდო და ვინჩის (Leonardo di ser Piero da Vinci) ჩანაწერებში, რომლებიც მე-15 საუკუნის მიწურულით თარიღდება, ისეთი მოწყობილობის ნახაზები აღმოაჩინეს, რომელსაც დღეს თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ რობოტი. 1950 წელს ლეონარდოს ნახაზებისა და ჩანაწერების მიხედვით ამ მოწყობილობის პროტოტიპი დამზადდა. იგი მართლაც იმეორებდა ადამიანის ზოგიერთ მოძრაობას.

ლეონარდო და ვინჩის ნახაზების მიხედვით შექმნილი რობოტი

არც ისე შორეული წარსულიდან თავად ასეთი მოწყობილობებიც შემოგვრჩა. შვეიცარიელი მესაათე პიერ ჟაკე-დროზი (Pierre Jaquet-Droz) მეთვრამეტე საუკუნეში ცხოვრობდა (1721-1790). პიერ დროზის მარკის საათები დღესაც იწარმოება და საკმაოდ ძვირად ფასობს. დღემდე შემორჩა პიერ ჟაკე-დროზისა და მისი შვილის მიერ შექმნილი სამი მექანიკური ადამიანი: მუსიკოსი, კალიგრაფი და მხატვარი. სამივე ავტომატონი უნიკალურია. მაგალითად, მხატვარი რომელიც 1773 წელს შეიქმნა, 2000 დეტალისაგან შედგება. მას სამი სურათის დახატვა შეუძლია:

. ლუდოვიკ XV-ისა და მისი ძაღლისა. ძაღლს ფრანგული წარწერა ამშვენებს: “ჩემი ძაღლი” (Mon toutou).

. მარია ანტუანეტასა და ლუდოვიკ XVI-ისა;

. სცენისა, რომელზეც გამოსახულია ეტლი; ეტლს კუპიდონი მართავს, შიგ კი ცხენების ნაცვლად პეპლებია შებმული.
ბევრი, ამგვარი მოწყობილობით ხალხის გაოცების მოსურნე, აშკარა ტყუილსაც არ ერიდებოდა. 1769 წელს ვენაში უნგრული წარმოშობის ავსტრიელმა გამომგონებელმა ვოლფგანგ კემპელენმა (Johann Wolfgang Ritter von Kempelen de Pázmánd) ჭადრაკის მოთამაშე მანქანა წარუდგინა საზოგადოებას. ეს მანქანა “თურქის” სახელით არის ცნობილი. 70 წლის განმავლობაში მან რამდენიმე პატრონი შეიცვალა. საერთო ჯამში, “თურქმა” მოჭადრაკემ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 300-ზე მეტი პარტია ითამაშა და მხოლოდ 6 წააგო. ცნობილია, რომ მისი მეტოქე ნაპოლეონ ბონაპარტეც კი ყოფილა. ამ მოწყობილობის საიდუმლო კი ის გახლდათ, რომ სინამდვილეში მას გამოცდილი მოჭადრაკეები მართავდენ. “თურქი” ისე იყო მოწყობილი, რომ მასში ადამიანს შეეძლო დამალვა. ამ მოწყობილობამ დღემდე ვერ მოაღწია – 1854 წელს მუზეუმში გაჩენილ ხანძარს შეეწირა.

1921 წელს ჩეხმა მწერალმა კარლ ჩაპეკმა (Karel Čapek) ახალი ტერმინი – “რობოტი” – შემოიღო, რომელიც სიტყვისგან “რობოტა” (სლავურად – მუშაობა) არის ნაწარმოები.
მოგვიანებით, როდესაც კომპიუტერული ტექნიკა განვითარდა, “რობოტისგან” კიდევ ერთი ახალი სიტყვა წარმოიშვა – “ბოტი”. “ბოტი” “რობოტის” შემოკლებული ვარიანტია და ისეთ კომპიუტერულ პროგრამას აღნიშნავს, რომელიც სხვადასხვა ამოცანის დამოუკიდებლად შესრულება შეუძლია. მაგალითად, იმ კომპიუტერულ პროგრამებს, რომლებიც ინტერნეტში განთავსებულ ვებგვერდებს აანალიზებენ და საძიებო სისტემებს, მათ შორის გუგლს, ძიებაში ეხმარებიან, ბოტებს უწოდებენ.
ბოტები უხილავი რობოტები არიან. მათ არ გააჩნიათ მატერიალური გარსი, ისინი მხოლოდ პროგრამული კოდისგან შედგებიან.
ჩატბოტი

რამდენიმე დღის წინ ფეისბუქზე ახალი გვერდი გაჩნდა – “კიბერ გალაკტიონი” (https://www.facebook.com/pages/კიბერ-გალაკტიონი/280189168779287). ეს გვერდი იმ პროექტის ნაწილია, რომლის ფარგლებშიც გალაკტიონის ე.წ. “ჩატბოტი” უნდა შეიქმნას. უბრალო ბოტებისგან განსხვავებით, ჩატბოტებს “საუბარი” შეუძლიათ. უკეთ, მომხმარებელს შეუძლია, სურვილის შემთხვევაში ასეთ კომპიუტერულ პროგრამას ესაუბროს. შეიძლება ითქვას, რომ ჩატბოტები სასაუბრო რობოტები არიან.

ჩატბოტების ისტორია რობოტების ისტორიაზე არანაკლებ საინტერესოა. ცნობილია, რომ ერთ-ერთი პირველი იყო ჩატბოტი-ფსიქოთერაპევტი,  რომელიც მოსაუბრის შეკითხვებიდან გამომდინარე აგენერირებდა პასუხებს. მოგვიანებით შეიქმნა “ფსიქოპათი” ჩატბოტი და ექსპერიმენტის სახით ამ ორი ბოტის დიალოგიც კი გაიმართა.

მომავალ სტატიაში ჩატბოტებისა და ხელოვნური ინტელექტის განვითარების ისტორიას გიამბობთ. უფრო ვრცლად მოგიყვებით კიბერგალაკტიონის პროექტის შესახებაც, რომლის ერთ-ერთი მონაწილე თავადაც გახლავართ.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი