ოთხშაბათი, აპრილი 24, 2024
24 აპრილი, ოთხშაბათი, 2024

კალის ჭირი

მე იმ თაობას ვეკუთვნი, რომელიც მუშურ-გლეხურ სახელმწიფოში დაიბადა და მაშინ მოევლინა სამყაროს, როცა სულ ცოტაღა გვაკლდა მიწიერი სამოთხის აშენებამდე. რკინის ფარდის მიღმა ამბებს ძილისპირულის დროს გვიკითხავდნენ და დიდი და ნათელი მომავლის იმედით ვათენებდით და ვაღამებდით. ჩვენი მშობლებისგან განსხვავებით, ომ- და შიმშილგამოუვლელი თაობა ვიყავით. ჩვენი მშობლების თაობა არ მოსწრებია ომს, მაგრამ ახალნაომარი ქვეყნის კვალობაზე ბევრი შიმშილი და გაჭირვება ჰქონდა ნანახი. მათმა მშობლებმა კი დიდი ომის ქარტეხილი გამოიარეს… ჰოდა, ჩვენს ბავშვობაში იმ თაობად ვითვლებოდით, რომელსაც არ ომი ენახა და არც შიმშილ-სიშიშვლე…

მერე ყველაფერი აირია. ჩვენი მშობლების თაობის ბელადებმა ვერ შეძლეს ამქვეყნიური სამოთხის აშენება. სულ ტყუილად დასცინოდნენ ანრი სენ სიმონს. მათაც თავზე ჩამოემხოთ სამოთხის ციხესიმაგრის კედლები და ყველა ერთად მოგვიყოლა ნანგრევებში… და ვიქეცით ჩვენც „ომგამოვლილ თაობად“. არაერთ ომგამოვლილად… ის, რაც პაპებისგან გაგვეგონა ომების შესახებ, თვითონაც ვნახეთ. აი, ჭირის, ქოლერისა და ისპანკის შესახებ კი მათაც ჩვენსავით არაფერი იცოდნენ. ამ ყველაფერზე მათ თავიანთი ბებიები და პაპები უყვებოდნენ, ისევე როგორც ისინი გვიყვებოდნენ ჩვენ გადახდილი ომების შესახებ… და ყველას გვჯეროდა, რომ ეს წარსულის მძიმე კოშმარი იყო და ასეთადვე დარჩებოდა მარადჟამიერ… ახლა კი სამივე თაობამ ვიცით, რა არის ომი.

უკვე წელიწადზე მეტი გავიდა და ამ სენს ჯერ კიდევ არ უჩანს დასასრული. ყოველ დილით შიშით ვაპარებთ თვალს სტატისტიკისკენ. მსოფლიო რუკაზე გავრცელების არეალი იმდენად დიდია, რომ მხოლოდ ფართოდ გახელილი თვალებით თუ ჩაატევ შენს მზერაში. ვკითხულობთ, ვეძებთ, ვსწავლობთ ყველაფერს ვირუსებისა და ეპიდემიების შესახებ. ისტორიასაც ხშირად ვიშველიებთ და ძველ პანდემიებს ვიხსენებთ. თითქმის ყველა მათგანი გავიხსენეთ, ჩამოვთვალეთ, მათემატიკურ თუ სტატისტიკურ ფორმულებს მოვარგეთ, იქნებ ამ კვლევა-ძიებაში რაიმე იმედის მომცემს გადავეყაროთ, მაგრამ იმედი ჯერჯერობით ბუნდოვანია და დაახლოებით ასე ჟღერს: „თუ იუსტინიანეს ჭირმა, შავმა ჭირმა, ქოლერამ, ესპანურმა გრიპმა, მუცლის ტიფმა, ყვავილმა, ქათმის გრიპმა, ებოლამ და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენმა დოზანამ ჩაგვიარა და წავიდა, ეს კოვიდიც მათ გზას დაადგებაო“.

მაგრამ არსებობს კიდევ ერთი ჭირი, რომელზეც არც ამდენს საუბრობენ და არც ამდენს წერენ. მის შესახებ ცოტამ თუ იცის. ეს კალის ჭირია. თეთრი, ბზინვარე, რბილი, ყველასთვის კარგად ნაცნობი მეტალის ჭირი. კალა ერთადერთი მეტალია, რომელსაც თურმე შეიძლება ჭირი შეეყაროს.

ცხადია, კალის ჭირი მუხანათობით სხვა პანდემიებთან ვერ მოვა, მაგრამ მის სინდისზეა მამაცი მკვლევარის რობერტ სკოტის და მთელი მისი ექსპედიციის დაღუპვა 1912 წელს.

მაინც რა არის კალის ჭირი?

აღმოჩნდა, რომ ტემპერატურის შემცირებისას კალის მოცულობა იმატებს. იგივე მოსდის წყალსაც და ბევრ სხვა ნივთიერებასაც, მაგრამ კალას ამ მხრივ ბადალი არ ჰყავს. მისი მოცულობა თითქმის 26%-ით შეიძლება გაიზარდოს და შესაბამისად შეიცვალოს ფაზური მდგომარეობაც. ამასთანავე, რაც უფრო მეტად ვაცივებთ, მით უფრო სწრაფად იცვლის კალა ფაზურ ფორმაციას. 33°C-ზე გარდაქმნა შეიძლება მყისიერად მოხდეს და რბილი, ჭედადი მეტალის ნაცვლად ნაცრისფერი ფხვნილი შეგვრჩეს ხელში.

ამ ფაზურ გარდაქმნას, კალის ჭირად მონათლულ ფენომენს, ემსხვერპლა სწორად სკოტის ექსპედიცია. სამხრეთ პოლუსისკენ ფეხით მიმავლებს, საწვავი ლითონის ჭურჭლით მიჰქონდათ. დაბალ ტემპერატურაზე ბიდონები შედუღების ადგილას გაიხსნა, საწვავი დაიღვარა და ექსპედიცია ენერგიის წყაროს გარეშე დარჩა.

ამ ამბავს მომდევნო ექსპედიციამ მოჰფინა ნათელი. მერე კი, როგორც ხდება ხოლმე, ჭორ-მართალი ერთმანეთში აირია. ზოგმა ნაპოლეონის არმიის დამარცხებაც კი კალის ჭირს მიაწერა – მოსკოვის მისადგომებთან ჯარისკაცებს ფარაჯის ღილები დაეშალათ და გაიყინნენო… არავინ უწყის, ამ ისტორიებში რამდენია სიმართლის წილი, მაგრამ დანამდვილებით ვიცით, რომ კალის ჭირი არსებობს და მისგან თავის დაღწევა „ვაქცინაციით“ შეიძლება – საკმარისია, კალას ცოტაოდენი ბისმუტი შევურიოთ, რომ ის ყინვაგამძლე გახდება.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი