სამშაბათი, აპრილი 23, 2024
23 აპრილი, სამშაბათი, 2024

უცნაური კანდიდატები

ოცდამეერთე საუკუნის თითქმის ყველა სახელმწიფოში იმართება საერთო სახალხო კენჭისყრა. თანამედროვე საზოგადოება, ფაქტობრივად, წარმოუდგენელია არჩევნების გარეშე. თანამდებობის პირთა შერჩევა ათასგვარი მეთოდითა და ხმის მიცემის პროცედურათა განსხვავებული კომბინაციებით ხდება. მრავალფეროვანია კანდიდატთა შემადგენლობაც. ტრადიციული იდეოლოგიების წარმომადგენელთა გვერდით წარმატებას ხანდახან ლუდის მსმელთა, სექსის მოყვარულთა და სხვა ასეთი შინაარსის პარტიებიც ესწრაფიან. თითქოს ძნელი საპოვნელია ფაქტი, რომელიც ახალი ეპოქის ინფორმირებულ მოქალაქეს გააოცებს. თუმცა გამორიცხული არ არის, განსაკუთრებულ შემთხვევებსაც გადავაწყდეთ.

ალბათ, ბევრს გაუგონია ბედაურ ინციტატუსის ამბავი – ეს ის ცხენია, იმპერატორმა კალიგულამ რომის სენატორად   რომ დანიშნა. შესაძლოა იფიქროთ, რომ ანტიკური ხანის სასტიკი ერთმმართველის გარდა ასეთი ექსცენტრიკული იდეა არავის მოსვლია თავში. პოლიტიკის მეცნიერების ისტორიაში კი ამ აზრის საწინააღმდეგო არაერთი მაგალითის მოძიებაა შესაძლებელი.

1960-იან წლებში მთელ მსოფლიოში უკიდურესად გაძლიერდნენ ახალგაზრდული და სტუდენტური მოძრაობები, რომლებიც საყოველთაო მშვიდობას, სოციალურ თანასწორობასა და ელიტის გავლენათა შეზღუდვას მოითხოვდნენ. ამერიკელმა პაციფისტებმა ჩამოაყალიბეს “ახალგაზრდული საერთაშორისო პარტია”, რომელმაც 1968 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაც განიზრახა. გაერთიანებამ ვიეტნამის ომის ორიგინალური ხერხით გაპროტესტება გადაწყვიტა და პრეზიდენტობის კანდიდატად ღორი, სახელად პეგასი წარადგინა. პეგასმა სავსებით დააკმაყოფილა ნომინირებისთვის აუცილებელი მოთხოვნები, მაგრამ საბოლოოდ დარეგისტრირებაზე უარი ეთქვა.

აშშ-ის მოქალაქეებმა ასეთ ღონისძიებას კიდევ რამდენჯერმე მიმართეს. 1988 და 1992 წლებში ჯორჯ ბუშ უფროსის წინააღმდეგ, დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელთა გარდა, ჯიუტად იბრძოდა კატა მორისიც, 2008 წელს კი ამომრჩეველთა ბიულეტენში წარუმატებლად სცადეს ტაქსას ჯიშის ძაღლის, მოლის, სახელის ჩაწერა.

უფრო ადრე უკეთესი პრეცედენტები შექმნეს ბრაზილიელებმა. 1958 წელს უზარმაზარ ქალაქ სან-პაულოში პოლიტიკური კორუფციის მასშტაბური შემთხვევა გამოვლინდა, რომელში მონაწილეობაც ყველა გავლენიან პარტიას ბრალდებოდა. მოახლოებულ ადგილობრივ არჩევნებზე აქტივისტთა მცირე ჯგუფმა ანტიკორუფციული კამპანიის ჩატარება გადაწყვიტა. მათ ერთ-ერთ ოლქში ქალაქის საბჭოს დეპუტატობის კანდიდატად ზოოლოგიის ინსტიტუტში დამწყვდეული მარტორქა კაკარეკო წარადგინეს. ცხადია, ველური ბუნების წარმომადგენელმა საარჩევნო ადმინისტრაციის მოთხოვნათა დაკმაყოფილება ვერ მოახერხა, მაგრამ მის მხარდასაჭერად 100 000 ხელმოწერის მოგროვება მოხერხდა, ანუ იმდენი ხმისა, რამდენიც არჩევნების გზით არც ერთ რეგისტრირებულ კანდიდატს არ ჰქონდა მოპოვებული. გაბრაზებულმა მოქალაქეებმა ნომინალურ გამარჯვებულად მაინც კაკარეკო გამოაცხადეს.

20 წლის შემდეგ ქალაქის მერის არჩევნებზე ანალოგიურად მოიქცნენ რიო-დე-ჟანეიროს მკვიდრნიც. მათი რჩეული შიმპანზე აღმოჩნდა. რიოელებმა გამორჩეული პრეტენდენტის პოპულარიზაციის მიზნით დიდი სამოქალაქო მოძრაობა გააჩაღეს და რიგით ამომრჩევლებს მაიმუნისათვის ხმის მიცემის ნიშნად ბიულეტენზე სპეციფიკური სიმბოლოს გამოსახვისკენ მოუწოდებდნენ. საბოლოოდ აღმოჩნდა, რომ ცხოველს 400 000-მდე ბრაზილიელმა გამოუცხადა ნდობა.

ეს ისტორიები შეიძლება უაღრესად მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს ისეთი ახალგაზრდა, გამოუცდელი და დეფექტური პოსტსაბჭოთა დემოკრატიისთვის, როგორიც საქართველოა. თუ რომელიმე თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატები გაგვაღიზიანებენ, გვაქვს შანსი, უპირატესობა მივანიჭოთ თბილისის ზოოპარკის მრავალრიცხოვანთაგან ნებისმიერ ბინადარს.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი