ოთხშაბათი, ნოემბერი 30, 2022
30 ნოემბერი, ოთხშაბათი, 2022

ქართული ლიბერალიზმი 90-იან წლებში

1990-იანი წლები საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე რთული, ქაოსითა და ურთიერთდაპირისპირებებით, გაურკვევლობითა და ომებით აღსავსე პერიოდი გახლდათ. საბჭოთა კავშირის ნანგრევებმა გაანადგურეს ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური და სოციალ-ეკონომიკური სისტემები. ავტორიტარული მმართველობიდან დემოკრატიის რელსებზე გადასვლის დროს ბევრი დაიბნა, ბევრმა ხალხისა და სამოქალაქო საზოგადოების გამოუცდელობით ბოროტად ისარგებლა, ბევრს ძალა არ აღმოაჩნდა, წინააღმდეგობა გაეწია კრიმინალური სამყაროსა და კორუმპირებული ბიუროკრატიისათვის. მხოლოდ ერთეულები შეეცადნენ, რომ წესრიგის უსუსტესი ელემენტები შეეტანათ სახელმწიფოს მშენებლობის დაგვიანებულ საქმეში. ერთეულებს შორის აუცილებლად უნდა მოვიხსენიოთ ბ-ნი ზურაბ ჟვანია.

შემოდგომის მიწურულს საქართველოს პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის წიგნი „ჩვენი თაობის პრივილეგია“ ჩამივარდა ხელში. მოულოდნელი აღსასრულის გამო ზურაბ ჟვანიას სხვა საზოგადოებრივ-პოლიტიკური ნაშრომი არ დაუწერია, მისი არც მემუარები და არც მრავალრიცხოვანი პუბლიცისტური ტექსტები შემორჩენილი არ არის. „ჩვენი თაობის პრივილეგიაც“ მის მიერ ჩატარებული ლექციების ჩანაწერებს, კონსპექტებს აერთიანებს. ცხადია, შეუძლებელია სახელდახელოდ შეკოწიწებული ტრანსკრიპტების საფუძველზე სახელმწიფო მოღვაწის იდეოლოგიური შეხედულებების შეფასება, მაგრამ გამოცემა ზოგად წარმოდგენას მაინც გვიქმნის ახალი ეპოქის ქართული ლიბერალიზმის ერთ-ერთი მესაძირკვლის პოლიტიკური რწმენა-წარმოდგენების შესახებ.

წიგნი გაკვირვებულმა და გაოცებულმა დავხურე. ბ-ნმა ზურაბმა ბიოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა, უნივერსიტეტში სწავლისა და კვლევის წლებიდანვე აქტიურად ჩაერთო რუსთაველის საზოგადოების ეკოლოგიური ასოციაციის, მწვანეთა მოძრაობისა და პარტიის საქმიანობაში. იგი ერთ-ერთი ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატი იყო საქართველოს მესამე მოწვევის საკანონმდებლო ორგანოში, რის შემდეგადაც მალევე დაიწყო კარიერულ კიბეზე აღმასვლა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებიდან პირდაპირ პოლიტიკაში გადანაცვლებულ, უკიდურესად გადატვირთული გრაფიკის მქონე ადამიანს, წესით, არ უნდა ჰქონოდა პოლიტიკის ისტორიისა და საერთაშორისო ურთიერთობების დაწვრილებით შესწავლის დრო. კრებულში ავტორი თავისუფლად მსჯელობს პოლიტიკასთან დაკავშირებულ ისეთ თეორიულ საკითხებზე, რომელთა გააზრებისთვის ტრეინინგებსა და ფორუმებში მონაწილეობა არ არის საკმარისი. როგორც ჩანს, ახალგაზრდა ბიოლოგი ღრმა ბავშვობიდან ცდილობდა უნივერსალური განათლების მიღებას, ინტერესდებოდა ევროპის  განვლილი გზით, „ბებერი კონტინენტის“ მიღწევებით სახელმწიფოთა მშენებლობის საქმეში.

გამოცემის საწყის ნაწილში საქართველოს მომავალი პრემიერ-მინისტრი 90-იანი წლების ქართული ლიბერალიზმის უმთავრეს მიზნებს გვაცნობს. ნაშრომში გარდამავალი ეპოქის ქვეყნის უპირველეს ამოცანად მიჩნეულია კონსტიტუციონალიზმისა და სამართლის უზენაესობის პრინციპების დამყარება, რაც კანონის წინაშე ნებისმიერი მოქალაქის თანასწორობას გულისხმობს. დღეს აღნიშნული თეზისი ჩვენი ყოველდღიურობის განუყოფელ ნაწილად არის ქცეული, მას კამათის გარეშე იზიარებს თითქმის ყველა ჩვენი თანამოქალაქე. თუმცა, კანონის უზენაესობის იდეას აღიარების (და არა მხოლოდ აღსრულების) პრობლემა ნამდვილად ჰქონდა კრიმინალური ფორმირებებით სავსე გახლეჩილ საზოგადოებაში.

ახალი ქართული სახელმწიფოს ლიბერალური დემოკრატიის მეორე საყრდენად ზურაბ ჟვანია პარლამენტარიზმისა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპებს აცხადებს. მას სწამს, რომ საქართველოს განვითარება შეუძლებელია თავისუფალი არჩევნების შედეგად დაკომპლექტებული მრავალპარტიული პარლამენტის გარეშე, რომელიც გააკონტროლებს ძალაუფლების სხვა შტოებს, აირჩევს თანამდებობის პირებს, შეიმუშავებს კანონებს და დაამტკიცებს ქვეყნის ბიუჯეტს. წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო ხელისუფლებათა ურთიერთკონტროლისა და ურთიერთდაბალანსების საწყისებზე გადაწყობა იმ ქვეყანაში, რომელშიც 70 წლის განმავლობაში ყველაფერს ერთი პარტია აკონტროლებდა.

ზურაბ ჟვანია ფიქრობს, რომ ხელისუფლების მხოლოდ ცენტრალურ დონეზე დაყოფა და გადანაწილება სრულყოფილი დემოკრატიის შექმნის წინაპირობა ვერ გახდება. თავისი ლექციების მიმდინარეობისას სახელმწიფო მოღვაწე ცდილობს, რომ სტუდენტები ადგილობრივი თვითმმართველობების განსაკუთრებულ მნიშვნელობაში დაარწმუნოს. მისი მტკიცებით, ადგილობრივი ხელისუფლების ეფექტიანი ორგანიზების გარეშე ადამიანები კავშირს კარგავენ სახელმწიფოსთან, აღარ სჯერათ გადაწყვეტილებების მიღების პროცესზე ზემოქმედების, ვერ ახერხებენ თავიანთი მოთხოვნების სახელმწიფო უწყებებისთვის მიწოდებას. თვითმმართველობის არარსებობა დემოკრატიისგან გაუცხოებისა და გამანძილების საწინდარია.

ავტორი დაუნდობლად ებრძვის იმ მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც დემოკრატია „უმრავლესობის დიქტატურაა“. ის ცდილობს, გააგებინოს სტუდენტებს, რომ უმრავლესობის ნების შეზღუდვა აუცილებელია ყველაზე დაუცველი, უუფლებო და მცირერიცხოვანი ჯგუფების, მათი ფუნდამენტური უფლებების დასაცავად.  ზურაბ ჟვანია უმრავლესობის მაკონტროლებლად სამოქალაქო საზოგადოების ორი ინსტიტუტის – მასმედიისა და თავისუფალი ასოციაციების, კავშირების განვითარებას გვთავაზობს.

წიგნი მხოლოდ დემოკრატიის პრობლემაზე არ სვამს აქცენტს. საერთაშორისო ურთიერთობებისა და მსოფლიოში გაბატონებული მეტაიდეოლოგიების მიმოხილვის შემდეგ, 90-იანი წლების ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული პოლიტიკური ფიგურა ყურადღებას საქართველოს ბედის, მდგომარეობის წინააღმდეგობრივ ხასიათზე ამახვილებს. ჩემი აზრით, პუბლიკაციის ყველაზე მნიშვნელოვან თავს „საქართველო და კავკასია“ ჰქვია, რომელშიც ავტორი საქართველოს სამი ნიშნით გამოარჩევს. უპირველეს ყოვლისა, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებულ მახასიათებლად მისი შიდამრავალფეროვნებაა აღიარებული. საქართველოში ათობით ურთიერთგანსხვავებული ეთნიკური და რელიგიური ჯგუფი ცხოვრობს. მრავალფეროვნება ერთდროულად ძლიერების წყაროც არის და სისუსტისაც. თუ აღნიშნული ჯგუფები დემოკრატიის ჩამოთვლილი პრინციპების საფუძველზე ერთმანეთთან თანაცხოვრებას ვერ შეძლებენ, მრავალფეროვნება სისუსტედ და საზოგადოების ფრაგმენტაციის განმაპირობებელ ფაქტორად იქცევა. დემოკრატიის საფუძველზე კონსოლიდაცია კი მრავალსეგმენტიან საზოგადოებას გარესამყაროს უამრავ წერტილთან, უამრავ კუთხესთან ინტენსიური კავშირების დამყარების შესაძლებლობას უქმნის.

ჩვენ ხშირად გვავიწყდება, რომ როგორი მრავალფეროვანიც არის ქართული საზოგადოება, ისეთივე მრავალგვარი და წინააღმდეგობებით აღსავსეა ჩვენი გარემომცველი რეგიონი – კავკასია. რამდენიც არ უნდა ვცადოთ მისგან გაქცევა, მისგან თავის დაღწევა სივრცე ბედისწერაა! შესაბამისად, ბ-ნი ზურაბი გვისახავს მიზანს, რომ რთულ რეგიონში ცხოვრება უმძიმესი პრობლემების გადაწყვეტისთვის აუცილებელი ცოდნისა და გამოცდილების დაგროვების, დაგროვილი ცოდნის საფუძველზე მთელ მსოფლიოში ჩვენ მიმართ ინტერესის გაღვივების მიზეზად ვაქციოთ.

საქართველოს მესამე განსაკუთრებულ ნიშნად კი ავტორი ქვეყნის დასავლეთისკენ მისწრაფებას ასახელებს: „ქართული ეროვნული თვითშეგნება ყოველთვის ყალიბდებოდა და ვითარდებოდა, აი, იმ ერთობაში, რომელსაც პირობითად ჰქვია დასავლური ერთობა… ქართული საზოგადოება ყოველთვის მიილტვოდა ამ სამყაროსთან ინტეგრაციისკენ… თითოეულ ისტორიულ მომენტში, როდესაც ქართველებს ეძლეოდათ იმის შანსი და შესაძლებლობა, რომ თავად განესაზღვრათ საკუთარი ბედი, მიკუთვნება მსოფლიოს ამა თუ იმ პოლიტიკური თუ კულტურული ოჯახისათვის, ყოველთვის იყო ერთმნიშვნელოვანი არჩევანი დასავლეთის სასარგებლოდ“. ბ-ნ ზურაბს მიაჩნდა, რომ სახელმწიფოს ამგვარი შესაძლებლობის გაჩენისთვის უნდა ემუშავა.

ცხადია, პუბლიკაციაზე მუშაობის პროცესს იმედგაცრუების გარეშე არ ჩაუვლია. ზურაბ ჟვანია საქართველოს მწვანეთა პარტიის დამფუძნებელი იყო. მწვანეთა პარტიები მთელ მსოფლიოში სოციალური და ეკოლოგიური სამართლიანობისთვის იბრძვიან. შესაბამისად, მქონდა მოლოდინი, რომ გარემოსდამცველთა წრეებიდან წამოსული პოლიტიკოსი თავისუფალი ბაზრის მიერ გამოწვეული სიღარიბისა და ბუნების გაჩანაგების წინააღმდეგ ერთ სიტყვას მაინც დაასველებდა. მაგრამ მთელი სალექციო კურსის განმავლობაში ავტორი დუმდა, მეტიც მილტონ ფრიდმანისა და ადამ სმითის მიმართ დაუფარავად ამჟღავნებდა სიმპათიებს. სამწუხაროდ, კიდევ ერთხელ გამართლდა ჩემი ეჭვი. 90-იან წლებში მწვანე იდეები პოლიტიკოსებმა მხოლოდ ტრამპლინისთვის გამოიყენეს, შემდეგ კი სამუდამოდ დაივიწყეს მათი არსებობა.

შეიძლება დაგრჩეთ შთაბეჭდილება, რომ 90-იანი წლების ქართული ლიბერალიზმის მთავარი ქურუმი განსაკუთრებულს არაფერს გვეუბნება, განსაკუთრებულსა და ახალს არაფერს გვთავაზობს. უბრალოდ, სანამ ასეთ ზედაპირულ დასკვნას გააკეთებდეთ, დაფიქრდით როდის და როგორ გარემოცვაში საუბრობდა ავტორი ელემენტარულზე. ეს იყო ეპოქა, როდესაც დემოკრატიის მინიმალური სტანდარტების გადმოცემა, ჩამოყალიბება და მისი მტრულ გარემოში დაცვა მხოლოდ ერთ-ორ ადამიანს შეეძლო და სურდა.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ორი გაფრენა

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი