ხუთშაბათი, მარტი 28, 2024
28 მარტი, ხუთშაბათი, 2024

კომპლექსური დავალება  გზა – სახლიდან სკოლამდე

პროექტ „ახალი სკოლის მოდელში“ ჩართული სკოლების მოსწავლეებისთვის ძალიან საინტერესო და სახალისო რომ გახდა სასკოლო ცხოვრება, დღეს ამის შესახებ უკვე არავინ დავობს.

ბავშვებს მოსწონთ მრავალფეროვანი აქტივობები. კომპლექსური დავალების შესრულების პროცესში მასწავლებელი იყენებს დიფერენცირებული მიდგომის სტრატეგიებს. ყველა მოსწავლეს შეუძლია ახლად შესწავლილი მასალა დაუკავშიროს ყოველდღიურობას, რეალურ ცხოვრებაში აღმოაჩინოს პრაქტიკული მაგალითები და შექმნას ორიგინალური შემოქმედებითი პროდუქტი.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროექტში აქტიურად არიან ჩართულნი სპეციალური მასწავლებლები, რომლებიც საჭირო რჩევა-რეკომენდაციებს აძლევენ საგნობრივი მიმართულების მასწავლებლებს, როგორც კომპლექსური დავალების შექმნის, ასევე მისი განხორციელების პროცესში.

მინდა, გაგიზიაროთ სსიპ თბილისის მე-18 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებლის, ანი ბაბუნაშვილისა და სპეციალური მასწავლებლის, ნინო გომურაშვილის მიერ პირველი კლასის მოსწავლეებისთვის ერთობლივად შექმნილი საინტერესო და სახალისო კომპლექსური დავალება, რომელმაც მოსწავლეობა მანატრებინა.

ძირითადი რესურსი: ბუნება I. ბაკურ სულაკაურის გამომც. გ კვანტალიანი, ლ. მიქიაშვილი, თ. კვანტალიანი. გვ. 11.

მიმართულება: დედამიწა და გარესამყარო.

თემა: გზა სახლიდან სკოლამდე.

სამიზნე ცნება და მასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენები:

გეოგრაფიული ობიექტი (მიმართულება, მდებარეობა).

  • გეოგრაფიული ობიექტის (მთა, ტყე, ხეობა, ვაკე, მდინარე, ტბა, ზღვა, ოკეანე) მდებარეობის განსაზღვრა საჭიროა სივრცეში სწორად და მიზანმიმართულად გადაადგილებისთვის;
  • გლობუსის, რუკის, ადგილის გეგმის მეშვეობით შეგვიძლია ურთიერთმიმართება დავადგინოთ სხვადასხვა გეოგრაფიულ ობიექტს შორის.

შედეგების ინდექსი: 4

საკითხი/საკითხები/ქვეცნებები

  • სივრცეში ორიენტირება და სხვადასხვა გეოგრაფიულ ობიექტს შორის ურთიერთმიმართების დადგენა სხვადასხვა გეოგრაფიული ინფორმაციის წყაროს მეშვეობით (მაგალითად; გლობუსი, რუკა, GPS) საშუალებით.

 

 

საკვანძო შეკითხვა:

  • როგორ გამოვიყენო ინფორმაციის სხვადასხვა წყარო სივრცეში ორიენტაციის დროს?

კომპლექსური დავალების პირობა:

დილას, სახლიდან გამოსვლისას კარგად დააკვირდი გარემოს. რას ხედავ? ყურადღებით იარე სკოლამდე და დაიმახსოვრე გზა სახლიდან სკოლამდე. რა გეხმარება გზის დამახსოვრებაში? რომელ მინიშნებებს მიაქციე ყურადღება? გზაზე დაკვირვების შემდეგ შექმენი „რუკა“, რომელიც გამოხატავს შენს გზას სახლიდან სკოლამდე.

 

რუკაზე აუცილებლად უნდა იყოს:

  • სკოლის გზაზე არსებული შენობები.

ნაშრომის პრეზენტაციისას ისაუბრე:

  • რომელი აქტივობა დაგეხმარა რუკის შედგენაში?
  • რაში და როგორ გეხმარება შენ მიერ შექმნილი რუკა?

პრაქტიკული რჩევები, რეკომენდაციები მასწავლებლისათვის/მოსწავლისათვის:

  • კომპლექსური დავალების კეთების პროცესში დამხმარე ვიდეო, რომელიც რუკის ობიექტების თვალსაჩინოებისთვის გამოდგება.

  • რუკა შეიძლება ჩაანაცვლოთ გასასვლელი გზის მაკეტით ან დიორამით.

 

კომპლექსური დავალების პირობა სსსმ მოსწავლისთვის:

სკოლის გზაზე დააკვირდი, რას ხედავ გარშემო? სახლიდან გამოსვლისას რა დაინახე პირველი? მეორე? რომელია ყველაზე დიდი შენობა სკოლის გზაზე? შეადგინე „რუკა,“ რომელზეც ჩანს შენი გზა სკოლისაკენ.

რუკაზე აუცილებლად უნდა იყოს: 

  • სკოლის გზაზე არსებული შენობები.

ნაშრომის პრეზენტაციისას ისაუბრე: 

  • ვინ დაგეხმარა „რუკის“ შედგენაში?
  • რამდენი შენობაა შენს რუკაზე?
  • რომელ შენობაში მიდიხარ ხოლმე საყიდლებზე?
  • აჩვენე რუკა შენს კლასელს და ასწავლე გზა შენს სახლამდე.

 

განხორციელებული აქტივობები:


ეტაპი 1. კომპლექსური დავალების პირობის არსის გაცნობა

(მათ შორის რა ფორმით მოხდება კომპლექსური დავალების პრეზენტაცია –   სკოლამდე, გზაში დაკარგული მასწავლებლის როლის გათამაშება).
აქტივობა 1. წინარე ცოდნის გააქტიურება​ – გავიხსენეთ, როგორ მოვდივართ სკოლამდე.
აქტივობა 2. კომპლექსურ დავალებაზე მუშაობა – სამიზნე ცნებასთან დაკავშირებული მკვიდრი წარმოდგენების დამუშავება.
აქტივობა 3. დასამუშავებელი ცნებების (რუკა) განხილვა-დამუშავება და ნიმუშების ჩვენება.
აქტივობა 4. ჩვენებით სწავლება – ჯერ მასწავლებელმა ისაუბრა თავის გზაზე სკოლამდე, შემდეგ- ყველა მოსწავლემ.
აქტივობა 5. პრაქტიკული დავალება – „რუკის“ შექმნა გზა-სახლიდან სკოლამდე. (საჭირო შენობების დახატვა, გამოჭრა, „რუკის“ ფონის შექმნა, შენობების განლაგება, გზის მოხაზვა).

ეტაპი 2. კომპლექსური დავალების პრეზენტაცია

 
 შექმნილი „რუკების“ წარდგენა.

 

განხორციელებული აქტივობები სსსმ მოსწავლესთან:

ეტაპი 1. უცხო ცნებების გაცნობა

აქტივობა 1. ცნება „შენობის“ იდენტიფიკაცია აღმნიშვნელ ობიექტთან.

მაჩვენე, რომელ ნახატზეა გამოსახული შენობა?

აქტივობა 2. ცნება „შენობის“ განზოგადება.

შეხედე, არსებობს სხვადასხვანაირი შენობები.

 

აქტივობა 3. ცნების „რუკა“ იდენტიფიკაცია აღმნიშვნელ ობიექტთან.

რუკა არის ქაღალდი, სადაც ხატია დაპატარავებული გზა და შენობები, ზუსტად ისე, როგორც შენ ხედავ სახლიდან სკოლამდე. შეხედე, ეს არის რუკა.

 

აქტივობა 4. პრაქტიკული სწავლება. მასწავლებელი მოსწავლეს აჩვენებს რუკას, სადაც პირობითად, ასახულია გზა სახლიდან სკოლამდე და ეკითხება, რამდენი შენობაა მის რუკაზე? შენობების გარდა, კიდევ რას ხედავს? (მანქანებს, ავტობუსის გაჩერებას) რუკის აღწერის შემდეგ მოსწავლეს ევალება, გაიხსენოს, ხედავს თუ არა შენობებს, როდესაც მოდის სკოლაში. ბევრ შენობას ხედავს თუ ცოტას. შენობები დიდია თუ პატარა? რომელი შენობაა უფრო მაღალი – სკოლა თუ მისი სახლი?

 

აქტივობა 5. პრაქტიკული დავალება – „რუკის“ შექმნა გზა – სახლიდან სკოლამდე.

ჩვენ შევქმნით შენს რუკას, ამისთვის საჭიროა გავაფერადოთ შენობები, რომლებსაც შენს რუკაზე დავაკრავთ. (გაფერადების დროს აღვწერთ თითოეულ შენობას და ვასახელებთ რა შეიძლება იყოს ამ შენობაში. (მაღაზია, სახლი, რესტორანი და ა.შ.).

 

ეტაპი 2. კომპლექსური დავალების პრეზენტაცია. ​
აქტივობა 1. შექმნილი „რუკების“ წარდგენა.

მასწავლებელი იყენებს წინასწარ მომზადებულ კითხვებს:

  • ვინ დაგეხმარა „რუკის“ შედგენაში?
  • რამდენი შენობაა შენს რუკაზე?
  • მაჩვენე, რომელ შენობაში მიდიხარ ხოლმე საყიდლებზე?
  • სად გიყვარს ყველაზე მეტად სიარული – მაღაზიაში, რესტორანში თუ საცხობში?

                       

 მოსწავლეთა ნამუშევრებში ჩანს, რამდენად კარგად იყო გაწერილი კომპლექსური დავალების შესრულებისთვის საჭირო თითოეული აქტივობა.

რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოიკვეთა მშობლების ჩართულობა, რომლებიც კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ „ახალი სკოლის მოდელის“ პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები მოსწავლეთა მრავალნაირი შემოქმედებითი უნარის განვითარებას უწყობს ხელს და იმდენად სახალისოა, რომ ისინიც სიამოვნებით ჩაერთნენ დავალების შესრულების პროცესში, თუმცა მოტივირებულმა ბავშვებმა არ „დათმეს პოზიციები“ და დიდი მონდომებით შეეცადნენ, დამოუკიდებლად შეექმნათ ორიგინალური პროდუქტი – „რუკა“.

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი