შაბათი, აპრილი 20, 2024
20 აპრილი, შაბათი, 2024

მოსწავლის დამოუკიდებლობა

იმ ამოცანებს შორის, რომლებსაც მასწავლებელი სასწავლო პროცესში სახავს, უმნიშვნელოვანესია მოსწავლის დამოუკიდებლობის განვითარება. ეს საუკეთესოდ მაშინ მიიღწევა, როცა მოსწავლე ითვალისწინებს მასწავლებლის რჩევებს, რომლებსაც დავალების შესრულებისას იღებს. ე. წ. უკუკავშირი უნდა იყოს არა ფორმალური, არამედ არსებითი, რაც მასწავლებლისგან დროს, დაკვირვებასა და ანალიზს, ერთი სიტყვით, ძალისხმევას მოითხოვს. მოსწავლეები ხშირად მხოლოდ ქების ან კარგი ნიშნის მისაღებად ასრულებენ დავალებას. ამას აკეთებენ ვალდებულების, პასუხისმგებლობის კარნახით, რაც უთუოდ მნიშვნელოვანია სასკოლო ფასეულობათა სისტემის სიმტკიცისთვის, მაგრამ საკმარისი არ არის. მოსწავლის მიერ იმის გაცნობიერება, რისთვის სწავლობს, უმნიშვნელოვანესია მისი პიროვნული განვითარებისთვის. მასწავლებლის გამოძახილი დავალებაზე, რეფლექსია უფრო ეფექტური აღმოჩნდება, თუ მოსწავლე თვითონ იქნება ამის ინიციატორი, ე.ი. დაინტერესდება თავისი შეცდომებით და გააცნობიერებს მათი გამოსწორების აუცილებლობას, რათა შემდგომში დამოუკიდებლად შეძლოს ხარვეზების დანახვა. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მთავარი დასაყრდენი მოსწავლის მიერ მიღწეული შედეგები და მისი ძლიერი მხარეები უნდა იყოს. საკუთარ სასწავლო პროცესზე დაკვირვება მას თვითშეფასების უნარს გამოუმუშავებს.

თვითშეფასების პროცესში უმნიშვნელოვანესია, რომ მასწავლებელმა გამოიჩინოს მეტი შემოქმედებითობა და სტანდარტული თვითშეფასების რუბრიკები ხანდახან შეცვალოს, გაამრავალფეროვნოს, სტერეოტიპული კითხვები კონკრეტულ კლასსა თუ მოსწავლეს მიმდინარე ამოცანების შესაბამისად მიუსადაგოს. მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ მოსწავლემ შეძლოს ორი რამის გამოკვეთა:

  1. დასახოს შეცდომათა გამოსწორების უახლოესი გზა;
  2. დასახოს შეცდომათა გამოსწორების გრძელვადიანი გზა.

ეს იმას ნიშნავს, რომ მასწავლებელმა გააცნობიეროს, რა ცოდნა და უნარები აქვს ამჟამად ისეთი, რომელთა საფუძველზეც შეიძლება კონკრეტული ხარვეზები დაძლიოს. ამავე დროს, იმასაც მიხვდეს, რომ სხვადასხვა ნაკლოვანების გამოსასწორებლად მას ბევრი შრომა და დრო დასჭირდება.

მოსწავლეს კი კიდევ ორ მნიშვნელოვან საკითხზე უნდა შეეძლოს დაფიქრება:

  1. დამოუკიდებლად რისი გაკეთება შეუძლია უკეთესი შედეგის მისაღწევად;
  2. რომელია ის ხარვეზები, რომელთა გამოსწორებაშიც მასწავლებელი უნდა დაეხმაროს.

პირისპირ თუ დისტანციური სწავლებისას მასწავლებლის უკუკავშირი მხოლოდ მაშინ იქნება ეფექტური, თუ სასწავლო პროცესის განმავლობაში მოსწავლეს ამგვარი თვითშეფასების უნარი ჩამოუყალიბდება. ამ გზაზე კი მნიშვნელოვანია, მოსწავლემ დაინახოს საკუთარი მიღწევები, რაც მასწავლებლის მიერ ყოველი წინ გადადმული ნაბიჯის შემჩნევას და დაფასებას გულისხმობს. პედაგოგმა უნდა აღიაროს მოსწავლის წინსვლა არა საერთო საკლასო სივრცისა თუ საკუთარი მიზნების კონტექსტში, არამედ, უპირველესად, მოსწავლის ცოდნისა და უნარების გათვალისწინებით. ამგვარი აღიარება იქცევა სტიმულად დამოუკიდებელი განვითარებისთვის.

მასწავლებელმა ყურადღება უნდა მიაქციოს იმას, რომ რეფლექსიის დროს მოსწავლემ გამოიყენოს დამოუკიდებლობის განვითარებისკენ მიმართული იმგვარი სიტყვიერი თვითშეფასებები, რომლებშიც წინსვლის იმედი გამოჩნდება. მაგალითად, შესრულებული დავალების რეფლექსიისას მოსწავლემ უნდა დაწეროს (თუ აღნიშნოს) არა ის, რომ „არ შეუძლია“, არამედ „ჯერ არ შეუძლია“, ან „ჯერ კიდევ არ შეუძლია“. ამგვარად, ჩნდება პერსპექტივა რომ ეს „ჯერ“ თუ „ჯერჯერობით“ მხოლოდ მცირე დაბრკოლებაა, რომელიც აუცილებლად გადაილახება. ამასთანავე, გამოკვეთილი უნდა იყოს, წინა თვითშეფასებასთან შედარებით, უკვე რა შეუძლია, რა ხარვეზი გამოასწორა, რომელი დაბრკოლება გადალახა, რას მიაღწია დამოუკიდებლად თუ მასწავლებლის დახმარებით.

დამოუკიდებლობის გზაზე შეცდომების დაშვება ბუნებრივი და მისაღებია. ამ შემთხვევაშიც მასწავლებელმა უნდა მიაჩვიოს მოსწავლე, რომ მან შეცდომა გაიაზროს იმგვარი რაკურსით, რომელიც აჩვენებს: სწორედ შეცდომა დაეხმარება ახლის შესწავლასა და გააზრებაში.

მსოფლიო ისტორიასა და მეცნიერებაში უამრავი მაგალითია, როდესაც შეცდომით გადადგმულმა ნაბიჯმა სრულიად ახალი გზა გამოაჩინა, გეგმიდან გადახვევამ მეტი შემოქმედებითი იმპულსი დაბადა და გონებას განსხვავებული ამოცანების გადაწყვეტისკენ უბიძგა. ამგვარად, მოსწავლეებისთვის კარგი იქნება თანამედროვე ცნობილი, წარმატებული ადამიანების გამოცდილების გაცნობა, მათი გამონათქვამების ციტირება. მაგალითად, მსოფლიოში ცნობილი ინოვატორის, ელექტრომობილებისა (Tesla) და კოსმოსური ხომალდების (SpaceX) მწარმოებელი კომპანიის დამფუძნებელი ილონ მასკი ამბობს: „შეცდომის დაშვება საშიში არ არის. მთავარია, ყველა შეცდომა ახალი იყოს და არასდროს გაიმეოროთ ძველი“; „ყველაზე რთული საკუთარ თავთან გულწრფელობა, საჭირო კითხვების მოძიება და პასუხის გაცემაა. თუ საკუთარ თავთან გულახდილად საუბარს შეძლებთ, დარწმუნებული იყავით, რომ ცხოვრებაში ყველაფერი გამოგივათ“.

„სტენფორდის „ცხოვრების მოწყობის“ ლაბორატორიაში გამოკრულია პოსტერი, რომელზეც წერია: „თქვენ აქ ხართ“. მოსწავლეებმა უნდა მიმოიხედონ გარშემო, დააკვირდნენ საკუთარ თავს და სიტყვიერად გამოხატონ, როგორ აქვთ გაცნობიერებული „აქ ყოფნა“, მერე კი სამი უმნიშვნელოვანესი კითხვა დასვან:

  1. საით მივდივარ?
  2. როგორ მივაღწევ იქამდე?
  3. შემდეგ სად წავალ?

სწორედ ეს სიტყვები უნდა გამოაკრას ყველა მასწავლებელმა თვალსაჩინოდ საკლასო დაფაზე და ელექტრონულადაც განათავსოს, როგორც ყოველდღიურად გასათვალისწინებელი „რესურსი“ საკუთარ თავზე ფიქრისთვის, შესაძლებლობათა გამუდმებული ანალიზისთვის. უკუკავშირი უნდა დაიწყოს და დაამთავროს მოსწავლემ. „როდესაც სწავლების საჭესთან მოსწავლე ჯდება, ის თვითონ განსაზღვრავს ადგილმდებარეობას, მოძრაობის მარშრუტს და დანიშნულების ადგილს, აგრეთვე იმასაც, საითკენ გაემგზავროს შემდეგ“, – ვკითხულობთ ამერიკელი მასწავლებლის კარა დაუმას წერილში „მოსწავლის დამოუკიდებლობის განვითარების მეთოდი“.

ამერიკელი მასწავლებელი ტომ გიბსონი კი ძალიან საინტერესო წერილში „ექვსი უდიდესი შეცდომა, რომლებსაც მასწავლებლები უშვებენ“ გამოკვეთს, რა უშლის ხელს პედაგოგს, მოსწავლეს მეტი დამოუკიდებლობა მისცეს. მისი აზრით, პირველი შეცდომაა ის, რომ მასწავლებელს სურს, გამუდმებით ყველაფერს აკონტროლებდეს. გიბსონი უდიდეს ძალისხმევას ახარჯავდა იმას, რომ მოსწავლეებს სცოდნოდათ, რა უნდა შეესრულებინათ და თუ არ დაუჯერებდნენ, წარმოედგინათ, რა მოჰყვებოდა ამას. კონტროლის დაკარგვის შეგრძნება ხშირად უჩნდებოდა და აღიზიანებდა. მაგალითად, თუ მოსწავლე დაიგვიანებდა, იცელქებდა, დავალებას არ შეასრულებდა. მას მოსწონდა შეგრძნება, რომ ყველაფერს აკონტროლებდა, ყველაფერზე გავლენას ახდენდა. ფიქრობდა, რომ ამგვარი ტოტალური ზედამხედველობა მისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც ხარისხიან სასწავლო პროცესს უზრუნველყოფდა. თუმცა მალე მიხვდა, რომ მეტი თავისუფლება უნდა მიეცა მათთვის და ამან უკეთესი შედეგი გამოიღო. იმავე დავალებებს, რომლებსაც ადრე უხალისოდ ხვდებოდნენ, მოსწავლეები ახლა მეტი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ.

ტომ გიბსონი იმასაც ურჩევს მასწავლებლებს, მეტისმეტად სერიოზულ, უკმაყოფილო, მოქუფრულ და დაძაბულ სახეს ნუ მიიღებენ, როდესაც ყველაფერი ისე არ არის, როგორც დაგეგმეს. მაგალითად, გაკვეთილზე მოსწავლემ უადგილოდ გაიცინა, ან მოულოდნელად უკბილოდ იხუმრა. ამ დროს მათთან ერთად გაცინება საუკეთესო გამოსავალი იქნება. მასწავლებელმა არც იმაზე უნდა იტეხოს თავი, როგორ მოიქცეს, რომ რომ მოსწავლეებს სულ მოსწონდეთ და მისით აღტაცებულნი იყვნენ. მთავარია, პატივისცემა ჰქონდეთ და არა მეგობრული მოწონება. მათ უნდა იგრძნონ, რომ პედაგოგიც აღიარებს მოსწავლეებს, უყვარს და პატივს სცემს.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ მასწავლებლისთვის ერთადერთი სწორი პასუხი კი არ იყოს მთავარი, არამედ ამ პასუხამდე მისასვლელი, შეცდომებით სავსე გზები. მან მეტი დამოუკიდებლობა უნდა მისცეს მოსწავლეებს და ზიანი არ მიაყენოს სწავლების პროცესს. ხანდახან მოსწავლეები პრობლემის გადაწყვეტის ისეთ ორიგინალურ გზას აგნებენ, რომელზეც მასწავლებელს არც უფიქრია. არც ის არის საჭირო, მასწავლებელმა მაშინვე შეაფასოს, სწორი გზით მიდის თუ არა მოსწავლე, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება ამ უკანასკნელმა ჰკითხოს კიდეც ამის შესახებ. თუ მასწავლებელი თავიდანვე მიანიშნებს, რომ ამოცანის ამოხსნის სწორ ხერხს მიაგნო, მოსწავლე ფიქრს შეწყვეტს. დაე, მან ბოლომდე არ იცოდეს ამის შესახებ და სხვადასხვა გზა მოსინჯოს, რათა მისი აზროვნების პროცესი უფრო მრავალფეროვანი და მასწავლებლისგან მაქსიმალურად დამოუკიდებელი გახდეს.

უკუკავშირი სასარგებლო ინფორმაციას უნდა შეიცავდეს. ეს მნიშვნელოვანია დასწავლის პროცესის დასაჩქარებლად. ექსპერტთა აზრით და კვლევების მიხედვით, დასწავლის ფუნქცია ნაკლებადაა სრულიად ახალი ცოდნისა თუ უნარის შეძენა; ეს ჩვენს ტვინში არსებული საინფორმაციო მარაგის გამდიდრების, განმტკიცებისა და გადამუშავების პროცესია. არაერთი მეცნიერული კვლევა არსებობს იმის შესახებ, თუ რა გავლენას ახდენს უკუკავშირი არა მხოლოდ მოზარდ, არამედ ზრდასრულ ადამიანებზეც. ადამიანის ტვინი უნიკალურია და შეუძლია, გარკვეულ მონაცემებზე დაყრდნობით თვითონვე განსაზღვროს, რა სჭირდება განსავითარებლად, ოღონდ სხვისი შეფასება მეტად მნიშვნელოვანია საკუთარი გადაწყვეტილების ფორმირებისა და მიღებისთვის.

ეს კარგად იცოდა ადამიანის ფსიქოლოგიის ღრმა მცოდნემ – შოთა რუსთაველმა, ამიტომ იმ რთულ ვითარებაში, როცა ტარიელს ძალიან უჭირდა ფიქრი, ავთანდილის რჩევაზე მაინც ასე აპასუხებინა: „ჰკითხე ასთა, ქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს“ (ეს იყო პასუხი რჩევაზე: „რაცა არ გწადდეს, იგი ჰქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა“). „გული“ ამ შემთხვევაში ინდივიდუალურობას გულისხმობს, თუმცა გულს სჭირდება სხვათა შეფასებები, რათა მათზე დაყრდნობით საბოლოოდ მაინც საკუთარი გზა აირჩიოს.

საინტერესოა ამ თვალსაზრისით ასეთი ექსპერიმენტი: „მეცნიერებმა სტუდენტები ორ ჯგუფად დაყვეს. ერთ ჯგუფს დაევალა, თავის ოცნებებსა და მათი ასრულების გზებზე ეფიქრა, ხოლო მეორე ჯგუფს – მხოლოდ საშინაო დავალების შეცდომებზე კონცენტრირება. მეცნიერები თითოეულ სტუდენტს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით (MRI) აკვირდებოდნენ, რომ დაენახათ, ტვინის რომელი ნაწილი აქტიურდებოდა ფიქრის პროცესში. მეორე ჯგუფის შემთხვევაში სიმპათიკური (დაძაბული მდგომარეობის მომგვარებელი) ნერვული სისტემა გააქტიურდა. ის საფრთხის ან სტრესის დროს ტვინს „ბრძოლისათვის“ ამზადებს. აქ ყალიბდება „შეებრძოლე ან გაიქეცი“ რეაქცია, რომელიც ტვინის სხვა ნაწილებს აჩუმებს. იმაზე ფოკუსირება, რაც ადამიანებმა არ იციან, დასწავლის სურვილს არ ზრდის, პირიქით, აზიანებს მას. იმ სტუდენტების ტვინში კი, რომლებიც თავიანთ ოცნებებზე ფოკუსირდნენ, აინთო პარასიმპათიკური ნერვული სისტემა, რომელიც ნერვული უჯრედების განვითარებას, კეთილდღეობის შეგრძნებას, იმუნური სისტემის უკეთეს ფუნქციონირებას უწყობს ხელს. ექსპერიმენტმა დაადასტურა, რომ ადამიანი „კომფორტის ზონაში“ უფრო შემოქმედებითია და უფრო მეტს სწავლობს.

საქართველოში, ისევე როგორც მთელ მსოფლიოში, პანდემიამ ჰიბრიდული სწავლების მოდელის დანერგვის აუცილებლობა წარმოშვა. ეს სიახლეა მასწავლებლებისთვისაც და მოსწავლეებისთვისაც. მოსწავლეთა ნაწილი სკოლაში დადის, ნაწილს კი დისტანციურად უტარდება გაკვეთილები. რა თქმა უნდა, მასწავლებელს დროის განაწილების პრობლემა უჩნდება, მაგრამ ნებისმიერ ვითარებაში მან უნდა მიაგნოს სწავლების იმგვარ ფორმებს, რომლებიც მეტ მნიშვნელობას შესძენს უკუკავშირის ფუნქციას, დამოუკიდებლობისკენ უბიძგებს მოსწავლეს, დაანახვებს სწავლის თუნდაც ძალიან მცირე შედეგს. ეს მას ერთგვარ „კომფორტის ზონას“ შეუქმნის და მეტის მიღწევის იმედს ჩაუსახავს. ეს აუცილებელია, რათა მან საკუთარი თავისა ირწმუნოს და ნებისმიერი დაბრკოლება სამომავლოდ მოგვარების პერსპექტივით განიხილოს.

 

 

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი