ხუთშაბათი, აპრილი 25, 2024
25 აპრილი, ხუთშაბათი, 2024

რა გაამდიდრებს თანამედროვე ქართულ ხელოვნებას?

ვინ ახდენს ყველაზე დიდ გავლენას ინტელექტუალის სულიერებაზე? – მწერალი!

ვინ დახატა უფლის მიერ უთვალავი ფერით შექმნილი სამყარო ახალი ფერებით? – მწერალმა!

ვის ეთაყვანება საზოგადოება მომეტებულად? – მწერალს!

ვისი ხილვა და მოსმენა უხარიათ ადამიანებს განსაკუთრებულად? – მწერლის!

ვისით ამაყობენ ერები გამორჩეულად? – მწერლით!

რად ვერ იქცევა ადამიანი ზეგარდმო ნიჭის გარეშე? – მწერლად!

წოდებითი ბრუნვაღა დამრჩა და ვინაიდან წოდებითში დასმულ სახელს მიმართვა ჰქვია, გავკადნიერდები და მივმართავ მას, ვინც ყველაზე მეტად ახერხებს ჩემს აღელვებას და გაკეთილშობილებას: მწერალო, შენი სიტყვა ის არის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ადამიანებს და ისინიც იქნებ შეუძლებელს ითხოვენ შენგან? სულებში ალმასების მთესველს არასდროს პატიობენ ამ ალმასების ნაკლებად ძვირფას თვლებზე გაცვლას. შენ მაგი ხარ და ლოგოსის მაგიით გვიპყრობ, გვახელებ… მერე უძლეველ ტორეადორად იქცევი და სამწერლო კორიდის მაყურებლები არაფერს შეგარჩენთ! ხარი უნდა დასცე, დაიმორჩილო, მერე მოგვიყვე საგმირო ამბებს… თუკი ვერ შეძელი, თუკი ხარმა დაგიბრიყვა, გაგრიყავენ, უარგყოფენ, დაგივიწყებენ… უმძიმესია შენი ხვედრი, გზაა ციცაბო, მაგრამ ხომ შენი არჩევანია?

ჩვენი სამწერლო საგანძურის პატრონს „სხვისი შესაშური რა მჭირს, თვარა კი!“ მაგრამ რაც მუდამ მშურდა, როცა დასავლურ მწერლობას ვეცნობოდი, ეს იყო თერგივით მღელვარე სალიტერატურო პროცესი. სამი რამ მშურდა მათი: 1. მწერალი, რომელსაც სხვა საზრუნავი არ გააჩნია, ჩაკეტილია თავის სამყაროში და ქმნადობის პროცესით (დიდოსტატ კონსტანტინეს თქმით, „შემოქმედებითი ორსულობით“) იწვის; 2. შემართული გამომცემლები, რომლებიც მზად არიან, კალმის აწრიპინებამდე (ამჯერად უკვე მაუსის აწკაპუნებამდე) გამოსტაცონ მწერალს ტექსტი ნებისმიერ ფასად; 3. კრიტიკოსთა არმია, რომელიც პაპარაცული ჟინით ჩასაფრებია ახალ ტექსტს. და რა არის შედეგი ამ მრავალფეროვანი დუღილისა? – არნახულად გამდიდრებული კლასიკა და ბედნიერი მკითხველი.

რა ხდებოდა ამ მხრივ ჯერ საბჭოეთში და მერე თავისუფალ საქართველოში? 1. მწერალი, რომლისგანაც ლამის ეროვნული მოძრაობის ლიდერობას ან პოლიტიკოსად ქცევას ითხოვდა საზოგადოება; 2. გამომცემლები: საბჭოეთში – აღჭურვილნი ილიას სისხლის გამაშრობელი ლუკა ისარლოვისეული ცენზურული ფუნქციებით, ხოლო თავისუფალ საქართველოში – გამწარებულნი წამგებიანი საგამომცემლო ბიზნესით; 3. კრიტიკოსები: საბჭოთა ეპოქაში – ძირითადად უნიჭოთა უაზრო დითირამბებით დაკავებულნი, თავისუფალ საქართველოში კი მკითხველის აპათიის გამო დადუმებულნი და ხელმოცარულნი. შედეგი? – სალიტერატურო პროცესი სრულ წყვდიადში, უაღრესად საინტერესო ლიტერატურული დისკურსების იგნორი! ლიტერატურული საიტები, კონკურსები და დაჯგუფებები, სადაც კლანურობა, შეფასებათა არაობიექტურობა და უნიჭოთა აღზევება ჩვეულებრივ მოვლენად ქცეულა.

იქნებ ვამუქებ, მაგრამ „თუ კაცმა ვერ სცნო ჩვენი გული, ხომ იცის ღმერთმა, რომ წმინდა არის განზრახვა და სურვილი ჩვენი“… გულწრფელად მხოლოდ ერთი რამ მეოცნებება: თანამედროვე ქართული სალიტერატურო პროცესის გაჯანსაღება, რისი სიმპტომებიც უკანასკნელ პერიოდში ნამდვილად შეინიშნება. წიგნის მაღაზიათა თაროები ახალი გამოცემებით იტვირთება (ფუი, ეშმაკს, იმედია საგამომცემლო საქმე მომგებიანი გახდა!) და ჩემს პედაგოგიურ სარბიელზე ახალ თაობაში შემჩნეული კითხვისადმი მზარდი ინტერესიც მახარებს.

აღიარებული ჭეშმარიტებაა, რომ ხელოვნების პოლიტიზება უმალ ანტიხელოვნებად იქცევა, მაგრამ, ვფიქრობ, ქართულ ლიტერატურაზე საუბარი წარმოუდგენელია ეპოქალური კონტექსტებისა და კონიუნქტურის გაუთვალისწინებლად. ალბათ არცერთი ლიტერატურათმცოდნე არ შემედავება, რომ ქართული მწერლობა საუკუნეთა განმავლობაში თვითგადარჩენისთვის მებრძოლი ერის მწერლობაა და ჩვენში, დავით გურამიშვილიდან მოყოლებული, დამკვიდრებული სტანდარტია მწერლის ეროვნულ ლიდერად ქცევა, რისი აპოგეაც იყო ილიას სიტყვები: „მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, მიწიერი ზეციერსა, ღმერთთან მისთვის ვლაპარაკობ, რომ წარვუძღვე წინა ერსა“…

ამასწინათ ორი ახალგაზრდა მწერალი ამტკიცებდა, რომ კრიზისები მისწრებაა ხელოვნებისთვის, რადგან ქაოსი გვაწვდის შემოქმედებით ინსპირაციებს… პირადად ჩემთვის კრეატივი იმდენად მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი კრიზისები თუ მწერლებს იმპულსებით ამარაგებს, მზად ვარ, სული ეშმაკს მივყიდო და ვთქვა: დაე, იყოს კრიზისები! მაგრამ ასე არ არის… ბევრს საუბრობენ შემოქმედებაში ავტორის პიროვნული ტრაგიზმის სიკეთეებზე და უამრავი მაგალითიც არსებობს იმისა, რომ ტრაგიზმით სულშეძრული ხელოვანის გამომსახველობა იზრდება… თანამედროვეობა სხვა რეალიებს გვთავაზობს: სულაც არ არის აუცილებელი, კარგი რომანის დასაწერად ავტორმა გოლგოთაზე იაროს. როცა ფეისბუქზე დავსვი კითხვა: საიდან მოდის ინსპირაცია კრეატივისთვის? – მენიშნა ორი ხელოვანის პასუხი. ფილოსოფიაში განსწავლულმა ნიჭიერმა მხატვარმა და რეჟისორმა მიპასუხა: „ყოველდღიური შრომიდან“, – ხოლო ნიჭიერმა პოეტმა ქალმა მიპასუხა: „…და თავგადასავლიდან“.

მეოცე საუკუნის დასაწყისში ლიტმცოდნეებს შორის გაჩნდა სკეფსისი ქართული რომანის მიმართ. ამტკიცებდნენ, რომ ვინაიდან მეცხრამეტე საუკუნის ქართულმა მწერლობამ ვერ შვა რომანი, ის ვერც მომავალში შეიქმნებოდა. მცირე ერის ასპარეზი არ იძლეოდა მასალას სქელტანიანი რომანის ფაქტურის ასაგებად. შემოქმედი ვერ ხედავდა ისეთ კოლიზიებს, რომლებიც მას დიდი მოცულობის ტექსტს შთააგონებდა. მაგრამ ეს სკეფსისი მალევე გაიფანტა: ვასილ ბარნოვმა, კონსტანტინე გამსახურდიამ, გრიგოლ რობაქიძემ, მიხეილ ჯავახიშვილმა, დემნა შენგელაიამ, ნიკო ლორთქიფანიძემ, ლეო ქიაჩელმა და სხვებმა ზედიზედ შექმნეს რომანები, რომლებსაც მსოფლიო მწერლობის საგანძურიც ვერ დაიწუნებდა.

რაზე ვოცნებობ? ქართველი რომანისტი ქმნიდეს ისე, რომ მოგვიანებით მასზე ენციკლოპედიაში დაიწეროს რამე ისეთი, რაც ჯოისის რომანზე დაიწერა: „ულისე“, რომლის 600 გვერდი ეთმობა დუბლინელი ებრაელის ლეოპოლდ ბლუმის ერთი დღეს (1904 წლის 16 ივნისს), ისე ფართოდ განიხილავს დუბლინს, რომ, თავად ავტორის მტკიცებით, დუბლინის დანგრევის შემთხვევაში წიგნზე დაყრდნობით შესაძლებელი იქნებოდა მისი აღდგენა. 16 ივნისი მთელ მსოფლიოში ჯოისის თაყვანისმცემელთა მიერ აღინიშნება როგორც ბლუმის ღე (Bloomsday).“

მე კი ამ დროს ოთარ ჭილაძის „აველუმზე“ ვფიქრობ და ისევ ირლანდიელი მკითხველისადმი შური მხრავს. შავბნელ 90-იან წლებში დაწერილი ეს რომანი ასახავს ქვეყანაში მიმდინარე საზოგადოებრივ-პოლიტიკურ პროცესებს, სამოქალაქო ომის ქარცეცხლში გახვეულ თბილისს, რომელსაც მწერლის ორეული – მთავარი გმირი აველუმი (შუამდინარულად – „თავისუფალი მოქალაქე“) აკვირდება. დიდი მწერლის ოსტატობა ამ წიგნში მთელი ძალით საცნაურდება, მაგრამ ის მაინც ვერ გახდა ქართველი მკითხველის რომანი. „ბლუმსდეისგან“ განსხვავებით, თბილისში არასდროს აღინიშნება „აველუმსდეი“. ვოცნებობ: ქართველმა რომანისტმა შექმნას გმირი, რომელიც არასდროს დამავიწყდება, რომელიც ახალ ჰოლდენ კოლფილდად მოევლინება ახალ თაობას.

თუ მეოცე საუკუნის დასაწყისში მოახერხეს ქართველმა პროზაიკოსებმა მოახერხეს მოდერნიზმის ენით (კონსტანტინე გამსახურდია ერთგან წერს, რომ იმპრესიონიზმი, ექსპრესიონიზმი და სიმბოლიზმი მათთვის ერთგვარი ახალგაზრდული სახადი იყო) ქართველი მკითხველისთვის ახლობელი სიტყვის თქმა, რაღა დაემართა ქართულ მწერლობას ასი წლის შემდეგ?

თანამედროვე ქართული პროზა, სტილური თავისებურებების გათვალისწინებით, ჩემთვის სამ ნაწილად იყოფა. ერთია აღიარებულ მწერალთა გონგორიზმის იდეებივით ღვლარჭნილი სტილი, რომელიც ხშირად გემოვნებიანი მკითხველისთვისაც გაუგებარია. მეორე – ბულვარული, ყვითელი, საგაზეთო სტილი, რომელსაც შუა თაობის გაწაფული ავტორები მისდევენ. ისინი ზოგჯერ ტელეეთერით ახდენენ ყველაზე ინტიმური შემოქმედებითი პროცესის დემონსტრირებას, პროდუქტიულები არიან, მაგრამ ვერასდროს დაიმკვიდრებენ ადგილს კლასიკაში. მესამეა უკიდურესად სკაბრეზული სტილი. პირველს უკვდავების მაძიებლის სტილი დავარქვი, მეორეს – სტილი წარმატებული მარკეტინგისთვის, მესამე კი – ეპატაჟი იაფფასიანი პოპულარობისთვის.

ფილოსოფიური ცოდნით აღჭურვილმა ხელოვანმა მირჩია: სავალალო ყოფაშია თანამედროვე ქართული პროზა; უნდა დაიწყოს დისკუსია და ამ ჯანსაღი პროცესის წიაღში იქნებ იშვას რამე ახალი და ღირებული, როგორც ნეორეალიზმი იშვა გასული საუკუნის 40-50-იანი წლების ევროპულ ხელოვნებაში პრესაში გაჩაღებული ცხარე დებატების შედეგადო. ძალიან მდიდარია ჩვენი მინიატურული პროზა, რასაც ვერ ვიტყვით თანამედროვე ქართულ რომანზე. მან ახალი ასპარეზი, ახალი კოლიზიები, ახალი სახეები და ახალი სტილი უნდა ეძიოს…

გამოსავალი სად მეგულება? იმდენი საინტერესო მოვლენა, გმირი, საზოგადო მოღვაწე გვყავს გასაცოცხლებელი მწერლობასა და კინოში, ამ საქმეს უფრო მონდომებით რომ მოჰკიდონ ხელი ჩვენმა მწერლებმა, რეჟისორებმა, სცენარისტებმა, არნახულად გამდიდრდება თანამედროვე ქართული ხელოვნება. როგორ? არ უნდა გვქონდეს ერთი რომანი ან ტელესერიალი ილია ჭავჭავაძის საარაკო ცხოვრებაზე?! ან ნიკოლოზ ბარათაშვილზე?! ალექსანდრე ყაზბეგზე?! რომელი ერთი გავიხსენოთ? იმედი მაქვს, საამაყო სახელების ტექსტებსა და ფილმებში გაცოცხლებისა და უკვდავყოფის კულტურა ჩვენშიც აღორძინდება. ეს განსაკუთრებით სჭირდებათ ახალ თაობებს ღირებულებათა ამ უღმერთო დევალვაციის ეპოქაში.

კომენტარები

მსგავსი სიახლეები

ბოლო სიახლეები

ვიდეობლოგი

ბიბლიოთეკა

ჟურნალი „მასწავლებელი“

შრიფტის ზომა
კონტრასტი